ფონდ “ნატახტარის” ბავშვები (ნაწილი II)

მახსოვს, მე-2 კურსზე ინგლისურის ლექციაზე თავისუფალი თემა დავწერე “მე – ქუჩაში აღზრდილი”. მაშინ გულისამაჩუყებელი სიტყვებით ვეცადე გადმომეცა რეალობა, რომელიც, საბედნიეროდ, არც მენახა და არც გამომეცადა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რეალობა მაინც არსებობს და იგი გაცილებით უფრო მძაფრი და დაუნდობელია, ვიდრე მეორეკურსელის “ჭკუით” აღწერილი სიყალბე. დღეს წინა პოსტში დაწყებული ამბავი უნდა გავაგრძელო. საქმე ეხება მზურნველობასმოკლებულ ბავშვებსა და ცვლილებებს მათს ცხოვრებაში.

მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგებს გავესაუბრეთ და “ნატახტარის” ბავშვებზე ზოგადი ინფორმაცია მივიღეთ, მე და გაბო მათს მოსანახულებლად წავედით.  გეზი ჯერ თელავისკენ ავიღეთ. აქ, ვარდისუბანში, ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლია, რომელშიც 6 ბავშვი ცხოვრობს. აქედან ორზე ფონდი “ნატახტარი” ზრუნავს.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2012/08/Mairi-Campbell-And-Dave-Francis-Auld-Lang-Syne.mp3|titles=Mairi Campbell And Dave Francis – Auld Lang Syne]

კარი მორიდებით გაგვიღეს და სასუმრო ოთახში შევედით. ბავშვები გავიცანით. ყველა რაღაცნაირი ღიმილით და კიდევ უფრო რაღაცნაირი ინტერესით გვიყურებდა. ერთ მომენტში დავიბენი კიდეც, მეთქი ახლა რა ვქნა, მაგრამ მალევე მოვეგე გონს და ბავშვების უფრო ახლოს გაცნობას შევუდექი. მათაც, როცა ნახეს, რომ დასაკითხად არ მივსულვართ, უფრო გაგვიშინაურდნენ. ფოტოების გადაღება მაინც არ უყვართ. არ მოსწონთ, როცა რაღაც ნიშნით გამოარჩევენ, ამიტომ მათ სახეებსა და სახელებს ინკოგნიტოდ დავტოვებ.

17 წლის თეა (სახელი შეცვლილია), პირველ რიგში, იმაზე წუხს, რომ რამდენიმე თვეში ბავშვთა სახლის დატოვება მოუწევს და გული დაწყდება. 11 წელია, იგი სხვადასხვა ბავშვთა სახლში იზრდება. იქ დედამ მიიყვანა ისე, რომ მამამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

წყნეთის ბავშვთა სახლში, სადაც თეა აქამდე ცხოვრობდა, რეჟიმი იყო. 110 ბავშვი 2 აღმზრდელს ებარა, თელავში კი ამდენივე აღმზრდელი 6 ბავშვს უვლის. “პირველივე დღიდან, როცა შემოვედი ამ სახლში სითბო ვიგრძენი. მართლა ოჯახია, რასაც ჰქვია”. თეა ორი წელია, რაც ახალ ბავშვთა სახლში ცხოვრობს. გოგონებს შორის იგი ყველაზე უფროსია და აღმზრდელებსაც უფრო მეტად ეხმარება საოჯახო საქმიანობაში.

გოგონების საძინებელი

დედის შესახებ არაფერი იცის. გამომიტყდა, რომ არც არფრის გაგება სურს. მამა მეცხვარეა და მთაში ცხოვრობს. როცა საშუალება აქვს, შვილის სანახავად მოდის და, განცხადების საფუძველზე, რამდენიმე დღით თავისთან მიჰყავს. იქიდან თეა მარტო ბრუნდება.

“ვეფხისტყაოსანი” თეას მამამ აჩუქა და მის ნაწყვეტებს ხშირად კითხულობს

“ნატახტარის” ფონდის შესახებ სამი თვის წინ გაიგო. მაშინ ფონდიდან დარეკეს და იკითხეს, იყო თუ არა თანახმა, რომ “ნატახტარს” ეზრუნა მასზე. თეას დასაკარგი არაფერი ჰქონდა. დღეს იგი ფონდს მზრუნველობის ქვეშაა და საშუალება აქვს, თავისი სურვილები უკვე მიზნებად აქციოს. მასთან ერთად, ფონდი ბავშვთა სახლის კიდევ ერთ აღსაზრდელს მფარველობს, რომელსაც სურვილი აქვს, სწავლა კადეტთა კორპუსში განაგრძოს. ფონდი მას ჭიდაობის კურსებს უფინანსებს.

“ძალიან მიყვარს კულინარია, სხვადასხვა სადილის მომზადება და გაფრომება. მსიამოვნებს ამის კეთება” – მითხრა მან. დღეს იგი პროფესიულ კოლეჯში კულინარიას ეუფლება. პრაქტიკას თეა რესტორან “ალაზნისველში” ქართული კერძების მომზადებაზე გადის. ყველაფერ ამით კმაყოფილია. თეას ქარგვაც იტაცებს, სურს ისწავლოს გერმანულიც, რადგან შანსი აქვს, კულინარიის კურსები გერმანიაში გაიაროს. ამასთან დაკავშირებით ფონდ “ნატახტარს” აცნობა და პასუხს ელოდება.

მიუხედავად ამისა, თეას ცხოვრებაში პრობლემებიც ბევრია. ფონდიდან გამოყოფილი მისი დღიური სახარჯო ფული ორ ლარს შეადგენს, რომელიც ტრანსპორტზე და პირად სახარჯავად უნდა იმყოფინოს. არ აქვს კულინარიის წიგნები, რომელთა დახმარებითაც სახლშიც შეძლებდა კერძების მომზადებას.

აღმზრდელი მაია ნადირაშვილი: “ბავშვებს მეზობლებთან და თანატოლებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. მათი მარგინალიზაცია არ ხდება. მაგრამ ხანდახან, როცა სადმე ერთად მივდივართ, თეა მაინც ცოტა მოშორებით მოდის ხოლმე. ამათზე დიდია და არ უნდა, ვინმემ იფიქროს, რომ ბავშვთა სახლიდანაა”

თეაზე განსაკუთრებულად ზრუნავს მისი აღმზრდელი მაია ნადირაშვილი. იგი, მეუღლესთან ერთად უძღვება ბავშვთა სახლს და უკვე ყველა მათგანის თავისებურება იციან. ერთად აკეთებენ საოჯახო საქმეებს და აღნიშნავენ დაბადების დღეებს. ასეთი შინაურული დამოკიდებულება ეხმარება მათ, ინდივიდუალურად მიუდგნენ და ყველას თავის ენაზე გაესაუბრონ. საამისოდ ორივენი შესაბამისი ტრეინინგის კურსებს გადიან. სწორედ მათ უწევთ ყველა იმ პრობლემის გადალახვა, რასაც, სხვა ოჯახებში, ბიოლოგიური მშობლები აწყდებიან. “ზოგს კბილი ატკივდება, ზოგი ავად გახდება, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის კი ფული არა გვაქვს და ისევ ჩემი ხელფასიდან მიმიცია ხოლმე ექიმისთვის” – ამბობს მაია ნადირაშვილი. ასე იმიტომ ხდება, რომ ბავშვების დაზღვევის თანხის გადმორიცხვა გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული და გადაუდებელი შემთხვევების დროს, შესაძლოა, ფული ხელზე არ ჰქონდეთ.

თუმცა, წინა წელთან შედარებით, დადებითიც მოხდა. იანვარში სრულად გარემონტდა სახლი, ხოლო თეას და კიდევ ერთ ბავშვს, “ნატახტარი” ეხმარება. “ის ახლა რთულ ასაკშია და მეტი ყურადღება სჭირდება ტანსაცმელზეც, ისეც ქუჩაში გასვლის დროს. თან ვცდილობ, ისეთი რამე ვუყიდო, რომ წავა, ცოტა ხანს კიდევ გაჰყვეს” – ამბობს მაია ნადირაშვილი თეაზე.

ბავშვთა სახლის დატოვება თვითონ თეასაც აღელვებს, რადგან ახალი ცხოვრების დაწყება მოუწევს: “მინდა, ჩემებთან ვიყო… და ვიქნები კიდეც. მაგრამ აქედან რომ გავალ და აქაურ ფუფუნებას  რომ ვარ მიჩვეული, ძაან ძნელია.”

შემდეგ და დასკვნით პოსტში გორის ბავშვთა სახლში მცხოვრებ ბიჭზე გიამბობთ, რომელსაც მოდელობა სურს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »