ფონდ “ნატახტარის” ბავშვები (ნაწილი I)

ღმერთო, რამდენი ხანია, არ დამიწერია. არადა ცოცხალი ვარ და პოსტვაზე მოშიებული. დავიწყოთ თავიდან. რა ხდება: დღესდღეობით დიდი ბავშვთა სახლები (საბჭოურ გადმონაშთს – “პრიუტს” რომ ეძახიან ხოლმე) იხურება და მათ ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლები ცვლის. თითო ასეთი სახლი გათვლილია 10 ბავშვზე, რომელთაც ოთხი აღმზრდელი უვლის. ასეთი საცხოვრებლები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მიახლოებულია ოჯახურ ატმოსფეროსთან, რაც ყველაზე მეტად აკლიათ ბავშვებს.

“ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველოს” ფსიქოლოგებმა აგვიხსნეს ზოგადი სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში და გვესაუბრნენ იმ ბავშვებზე, რომლებსაც ფონდი “ნატახტარი” უწევს მფარველობას

როცა მე და გაბო ფსიქოლოგებს შევხვდით, ერთ-ერთ პირველ კითხვად ბავშვების შერჩევის პრინციპი დავუსვით. როგორც გაირკვა, “ნატახტარის” საქველმოქმედო ფონდის მიერ დაგზავნილი კითხვარი ბავშვებმა ნებაყოფლობით შეავსეს, რამაც, საბოლოო ჯამში, 68 მსურველი შეადგინა. მომდევნო ღონისძიებები სწორედ მათთვის ტარდება.

ფონდი “ნატახტარის” სამიზნე სეგმენტს 16-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენს, რომლებსაც მალე მოუწევთ ბავშვთა სახლის დატოვება (სრულწლოვნად გახდომის თანავე). აქედან გამომდინარე, ფონდის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამომავლო ცხოვრების არჩევაში, რათა ჰქონდეთ მათ განათლების ან სამუშაოს შოვნის საშუალება და, რაც მთავარია, არ დაუბრუნდნენ ქუჩას.

ფსიქოლოგებმა ისიც გვითხრეს, რომ პირველ ეტაპზე ბავშვებთან ამ თემასთან დაკავშირებით დიალოგი საერთოდ არ შედგა. განმეორებით შეხვედრაზე ისინი მხოლოდ მივიდნენ და სახეები ხელისგულებში ჰქონდათ ჩამალული, თუმცა ფსიქოლოგები ამ ჟესტს პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ. ბავშვთა სახლებში ვიზიტის შემდეგ შეხვედრაზე უკვე მოსმენა და სხვების მოყვანა დაიწყეს და, საბოლოოდ, ნელ-ნელა მომზადდა ნიადაგი ახალი შეთავაზების გასაკეთებლად. ფსიქოლოგებმა ყველა მსურველს გაუწიეს კონსულტაცია და მათი სურვილებისა და შესაძლებლობების მიხედვით დააკვალიანეს. ყოფილან ზედმეტად მაღალი ან ზედმეტად დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებიც, რომელთა სურვილების შეჯერებაზე ფსიქოლოგებს შედარებით მეტი მუშაობა მოუხდათ.

შედეგად, დღეს ფონდ “ნატახტარის” ბავშვები ეუფლებიან პროფესიულ ხელობას, ემზადებიან რეპეტიტორებთან, აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ან მუშაობენ წარმოებაში. ასეთები კი მთელი ქვეყნის მასტაბით არიან. მაგალითად, საუნივერსიტეტოდ კახეთში სამი ახალგაზრდა ემზადება, ერთი გოგონა კულინარიის კურსებს გადის და სწავლის გაგრძელებას გერმანიაში აპირებს. ერთ ბიჭს ზესტაფონის ბავშვთა სახლში სადურგლო საქმიანობა იზიდავს, ხოლო ზუდგიდში ოთხი უკვე დასაქმებულია კომპანია “ნატახტარის” დისტრიბუციაში. მათი ხელფასი შეადგენს 300 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).

ფონდ “ნატახტარის” მფარველობის ქვეშ მოხვდნენ ისნიც, რომელთაც უნდათ ვიზაჟისტობა, დალაქობა, ტყავის დამუშავება, ფეხბურთელობა, მოდელობა. მათ გადაწყვეტილებებს ფსიქოლოგები საორიენტაციო შეხვედრებზე განიხილავენ და იმსჯელებენ, რამდენად რეალური და განხორციელებადია ბავშვების სურვილები.

ჩვენ კი, ამის შემდეგ ისღა დაგვრჩენოდა, საკუთარი თვალით გვენახა რამდენიმე ბავშვთა სახლი მაინც და მათი ბინადრებისგან უფრო მეტი რამ გაგვეგო…

გაგრძელება იხილეთ მომავალ პოსტში.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “ფონდ “ნატახტარის” ბავშვები (ნაწილი I)

  1. Pingback: ფონდ “ნატახტარის” ბავშვები (ნაწილი II) | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »