მონანიება

DSCN5637ბათუმის კინოფესტივალს ყოველთვის ახლავს მასტერკლასები და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა. მახსენდება ნური ბილგე ჯეილანის სემინარი 2012 წელს, რომელზეც ეს რეჟისორი აღმოვიჩინე და საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი, რომ მის ფილმზე “ერთხელ ანატოლიაში” ჩამეძინა. შარშან ჯო ბოიდი “პინკ ფლოიდის” მოღვაწეობის პირველ წლებზე გვესაუბრა. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი სემინარი თენგიზ აბულაძის შემოქმედებას ეხებოდა. ძალიან დავაგვიანე. უფრო სწორად, წინა პოსტში ნახსენებ ფილმზე ვიყავი და დასრულებისთანავე იქ გავიქეცი. 

monanieba

“მონანიების” პოსტერის შემხედვარეს ალან პარკერის მიერ პინკ ფლოიდის მიხედვით გადაღებული “კედელის” მხატვრობა მახსენდება.

DSCN5683ავთანდილ მახარაძე მაგიდის განაპირა მარჯვენა მხარეს იჯდა. მეგონა, ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე უკვე ესაუბრათ, მაგრამ შევცდი: რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, მაშინ დაიწყო.

“მონანიებას” საფუძვლად რეალური ამბავი უდევს, რომლის შესახებაც რეჟისორ თენგიზ აბულაძეს “ნატვრის ხის” დასრულების შემდეგ უამბეს. საბჭოთა რეპრესიების დროს დასავლეთ საქართველოში ერთმა ჩეკისტმა სხვისი ცოლის დასაკუთრება გადაწყვიტა, ქმარი დააპატიმრებინა , ხოლო ქალი თავისთვის დაიტოვა. საბოლოოდ ცოლმა თავი მოიკლა. გავიდა წლები და რეპრესირებული ოჯახის მემკვიდრე ვაჟმა უკვე გარდაცვლილი ჩეკისტი მიწიდან ამოთხარა.

ეს ფაბულა საკმარისი აღმოჩნდა რეჟისროისთვის, რომ ახალი ფილმის იდეაზე დაეწყო მუშაობა. გაუმართლათ, მაშინდელი კომპარტიის პირველი მდივნისგან, ედუარდ შევარდნაძისგან, ნებართვა და მხარდაჭერა მიიღეს. ავთო მახარაძეს თავდაპირველად მხოლოდ აბელის როლი უნდა ეთამაშა, მას კი ვარლამ არავიძის განსახიერება სურდა. რეჟისორს სთხოვა, 1-2 სინჯს ამაზეც ვცდიო. ზუსტად ამდენი დრო აღმოჩნდა საკმარისი, რომ მსახიობს ორივე როლი მიეღო.

თუმცა მახარაძისთვის ასეთი გამოწვევა პირველი არ ყოფილა. 1978 წელს მან სამი როლი შეასრულა რობერტ სტურუას “რიჩარდ III-ში”. მახსოვს, რა მემართებოდა, როცა ყოველ მოქმედებაში ვხედავდი ერთსა და იმავე მსახიობს სრულიად განსხვავებული სახით. თან ვცნობდი, თან – ვერა. ასეთი გარდასახვის შემდეგ “მონანიებაზე” მომუშავე ჯგუფს მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობის ოსტატობისა რა გაუკვირდებოდა. ჰიტლერის ულვაში, ბერიას პენსნე და მუსოლინის სასიმღერო ნიჭი საკმარისი აღმოჩნდა იდეალური დიქტატორის სახის გამოსაძერწად.

ვინაიდან კინოს არ სჭირდება თეატრალური ხმა, ავთო მახარაძის მჭექარე ტემბრი “ადამიანურ” სიხშირეებს დაუბრუნდა და ცინიზმით აივსო. ხმაში ცინიზმის ობერტონებს საოპერო სამყაროში ტიტო გობიზე უკეთ ვერავინ აჟღერებდა, როცა “ტოსკაში” სკარპიას პარტიას მღეროდა. ასეთივე ბუნებრივი – ტემბრალური ცინიზმი გაჩნდა ვარლამ არავიძის ხმაშიც.

სემინარიდან გამოსული დავრწმუნდი, რომ თუ ადამიანს ნიჭი, გემოვნება და ზომიერების გრძნობა გააჩნია, ვიღაცისა და რაღაცის ჯიბრზე გაკეთებული საქმეც კი კარგი გამოუვა. “მონანიებამ” საბჭოთა კავშირის დასასრული საზოგადოებას ხელოვნების მეშვეობით ამცნო. ეს იყო ლენინ-სტალინის იმპერიის სისასტიკის ჯიბრზე გადადგმული გმირული ნაბიჯი, რომელზეც ბევრს გამბედაობა არ ეყო. პარადოქსია, რომ ანტისაბჭოური ფილმის შექმნისთვის რეჟისორი ლენინის პრემიით დააჯილდოვეს.

პ.ს. “მონანიების” ვიდეოკასეტა ბავშვობაში სულ თავში და თვალწინ მიტრიალებდა: წითელ ლენტზე თეთრად ეწერა ფილმის სახელი. რატომღაც უფროსები ამ ფილმის ნახვას მიშლიდნენ, თუმცა კასეტაზე სხვა რამის გადაწერაც მეკრძალებოდა. ერთხელაც ტელევიზორში რაღაც ფილმი გადიოდა, რომლის შემონახვაც ძალიან მინდოდა. ავდექი და, ბევრი ყოყმანის გარეშე, “მონანიებას” გადავაწერე. ისე, რომ იქიდან არც ერთი კადრი არ მინახავს. ამიტომ მსურს, ჩემი ეს პოსტი იყოს ჩემი მონანიება რეისორის, მსახიობებისა და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის წინაშე, რომელთა გმირობა წლების შემდეგ სრულიად გავაცნობიერე.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »