“მითრიდატე, პონტოს მეფე” – პრემიერა რუსთაველში

რას საქმიანობს ტიპური 14 წლის ბიჭი თუნდაც მე-18 საუკუნეში? სწავლობს ან არ სწავლობს, მასტურბირებს, “სხვა თვალით” უყურებს გოგონებს, ცელქობს, მშობლებთან უაზრო კამათს იწყებს… რას აკეთებს 14 წლის გენიოსი? წერს ოპერას. 19 თებერვალს რუსთაველის თეატრში მოცარტის ვირტუოზული ოპერის “მითრიდატე, პონტოს მეფე” პრემიერა შედგა.

14 წლის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

თეატრის შესასვლელი გადაჭედილი იყო პოლიციელებით. პრემიერას პრეზიდენტი უნდა დასწრებოდა. მე ვერ დავინახე, მაგრამ მითხრეს, რომ მეორე მოქმედებისკენ მოსულა. დარბაზში შეღწევა ძალიან ჭირდა და მოსაწვევებით მისულ რამდენიმე ცნობილ სახეს პრობლემაც კი შეექმნა. საბოლოო ჯამში ყველამ თავისი ადგილი (მო)ნახა და თეატრმაც ყველანი დაიტია.

სივრცის სიმცირის გამო, ორკესტრს მაყურებლისაგან გამყოფი ბარიერი არ მიჯნავდა, რაც მუსიკოსების "მოცარტისდროინდელი" განლაგების შთაბეჭდილებას ქმნიდა

სანამ შთაბეჭდილებებზე გადავიდოდე, ესეც მონაწილეთა სია:

მითრიდატე — იანგ იანგი (ტენორი)/Mitridate — Yang Yang (tenor)
ასპაზია — თეონა დვალი (სოპრანო), ნინო კასრაძე (დრამის მსახიობი)/Aspasia — Teona Dvali (soprano), Nino Kasradze (drama actor)
ქსიფარე — ირინე თაბორიძე (სოპრანო), დავით დარჩია (დრამის მსახიობი)/Sifare — Irine Taboridze (soprano), David Darchia (drama actor)
ფარნაქსე — სოფიო ჯანელიძე (მეცო-სოპრანო), თემიკო ჭიჭინაძე (დრამის მსახიობი)/Farnace — Sofio Janelidze (mezzo-Soprano), Temiko Tchitchinadze (drama actor)
ისმენე — სოფიო გორდელაძე (სოპრანო), ნინო თარხან-მოურავი (დრამის მსახიობი)/Ismene — Sophie Gordeladze (soprano), Nino Tarkhan-Mouravi (drama actor)
მარციუსი — ირაკლი მურჯიკნელი (ტენორი)/Marzio — Irakli Murjikneli (tenor)
არბატე — ნინო ჩაჩუა (სოპრანო), დავით უფლისაშვილი (დრამის მსახიობი)/Arbate — Nino Chachua (soprano), David Uplisashvili (drama actor)

დირიჟორი – ჯანლუკა მარჩანო/Conductor – Gianluca Marciano
რეჟისორი – დავით საყვარელიძე/Director – David Sakvarelidze
მხატვარი – ნინა კობიაშვილი/Designer – Nina Kobiashvili

სპექტაკლი 2 თვეში დაიდგა და მაში, ოპერის მომღერლებთან ერთად, რუსთაველის თეატრის მსახიობებიც მონაწილეობდნენ. რეჟისორის გადაწყვეტით, ზოგიერთ პერსონაჟს მსახიობი განასახიერებდა, მომღერალი კი ახმოვანებდა. ეს, ნაწილობრივ, იმით იყო განპირობებული, რომ ოპერის მოქმედი თითქმის ყველა მამაკაც მომღერალს სოპრანოს ან ალტის პარტია აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ მოცარტის დროს ასეთი როლები კასტრატი მომღერლებისთვის იწერებოდა, დღეს კი, ბუნებრივია, მათი შესრულება მამაკაცებს არ შეუძლიათ.

ოპერის მომღერლები თეატრის მსახიობებთან ერთად

“მითრიდატე, პონტოს მეფე” მოცარტმა მამასთან ერთად იტალიაში მოგზაურობისას დაწერა. ნაწარმოები 1770 წლის 26 დეკემბერს მილანის კარნავალზე დაიდგა. მას დიდი წარმატება ხვდა წილად და პრემიერის შემდეგ კიდევ 20-ჯერ  შესრულდა, რაც იმ დროისათვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. იმის შემდეგ, მე-20 საუკუნემდე, ოპერა პრაქტიკულად არ დადგმულა. მისი ჩანაწერებიც ძალიან ცოტაა. აქედან გამომდინარე, ქართველების წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იდგა, რომელსაც, ასე თუ ისე, წარმატებით გაართვეს თავი.

ოპერის სცენიური გადაწყვეტის თაობაზე დავფიქრდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი და რა უფრო გაამართლებდა.  თუმცა მალევე გამახსენდა, რომ იგი არასაოპერო თეატრში დაიდგა მცირე ბიუჯეტით და მიწაზე დავეშვი. საყვარელიძის მიხედვით, მომღერლები თითქოს ერთ მთლიან პერსონაჟებს განასახიერებდნენ, მაგრამ მათ აკლდათ დამუშავება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომღერალზე გაცილებით მეტი აქცენტი იყო, ვიდრე მსახიობზე. ამ უკანასკნელთ, რამდენიმე მარტივი ჟესტის გარდა, პრატიკულად არანაირი ფუნქცია არ გააჩნდათ. მომენტებში საერთოდ იკარგებოდა იმის განცდა, რომ ესა თუ ის პერსონაჟი რეალურად მამაკაცია და არა მისი დუბლიორი სოპრანო.

როდესაც მსგავსი “განსხეულება” ხდება, ორი სახის უკიდურესობის საფრთხეს ვაწყდებით: ერთი, რომ მომღერალი გახდეს დომინანტი და მსახიობი მისი მარიონეტი (ანუ პლასტიკით იმეორებდეს არიის ტექსტს), მეორე – მსახიობებს მიეცეთ მოქმედების თავისუფალი შესაძლებლობა, რის შემთხვევაშიც მომღერლები წყდებიან ორკესტრს და ვერ ამყარებენ კონტაქტს დირიჟორთან. პირველ შემთხვევაში ზარალდება აზრობრივ-ვიზუალური მხარე, მეორეში – მუსიკა. ამასთან ერთად, მე-18 საუკუნის ეპოქის ოპერებში რეჩიტატივები და არიები მკაცრადაა გამიჯნული თვით პარტიტურაშიც კი, რაც რეჟისორს მანევრირების ნაკლებ საშუალებას უტოვებს. პრობლემას წარმოადგენს ადგილიცა და დროის სიმცირეც, როცა წარმოდგენა, საოპერო თეატრის ნაცვლად, მოქმედ დრამატულ თეატრში იდგმება. ყოველივე აქედან გამომდინარე, თვითონ ფაქტი, რომ გუშინდელი პრემიერა შედგა, უკვე დასაფასებელია.

ჩინელი მომღერალი იანგ იანგი მითრიდატეს როლში

დირიჟორის ნამდვილი დამსახურებაა, რომ ორკესტრი უწინდელზე გაცილებით უკეთ უკრავდა. მიუხედავად რამდენიმე პატარა შეცდომისა, მსმენელზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოები დაძლეულია. სხვა საქმეა ვოკალური მხარე. პირველ მოქმედებაში, შესაძლოა, ნერვიულობის გამო, სოპრანოები ნაკლებად კონცენტრირებულნი ჩანდნენ, რაც მეორე მოქმედებაში სავსებით გამოსწორდა. ჩემი სიმპათია ისმენეს პარტიის შემსრულებელს, სოფო გორდელაძეს ერგო. მისი ტემბრითა და შესრულებით ძალიან ვისიამოვნე. ასევე ძალიან მომეწონა იანგ იანგი, რომელიც მითრიდატეს პარტიას მღეროდა და განასახიერებდა. მისმა ვირტუოზულმა შესრულებამ, გათანაბრებულმა დიაპაზონმა, რეჩიტატივებმა და თავისუფალი ჟღერადობის მაღალმა ნოტებმა გამაოცა.

ყველაზე ძალიან რაც არ მომეწონა, აპარატურის ტექნიკური გაუმართაობა იყო. ხარვეზმა მე-2 მოქმედების შუა ნაწილში იჩინა თავი და თითქმის ნაწარმოების ბოლომდე შოკავდა მაყურებელს. თავდაპირველად რამდენჯერმე გაისმა წუილი, რომლის ხმამაც ორკესტრის ჟღერადობა გადაფარა და უკმაყოფილება გამოიწვია. შემდეგ აშლილი როიალის ხმა შემოგვესმა, რომელიც მოცარტისეული ჰარმონიის სრული ანტიპოდი იყო. ურყევ ტრადიციას კვლავ მობილურის რინგტონი წარმოადგენდა, როცა ერთ-ერთი პიანოს დროს ბიზეს “კარმენის” მარში გაისმა. კიდევ კარგი, რომ ხმამაღალი არ ყოფილა და დიდხანს არ გაგრძელებულა.

ასე თუ ისე, “მითრიდატეც” გადავაგორეთ და მას ბევრი “ბრავო” ხვდა წილად. დღეს პრემიერის მეორე დღეა, რომელსაც უკვე კონსერვატორიის სტუდენტები იმღერებენ. თუ საშუალება მომეცა, დავესწრები და შევადარებ.

P.S. ვინაიდან ქართული ჩანაწერი არ გამაჩნია, კოვენტ გარდენისეულ ვერსიას წარმოგიდგენთ, რათა მოისმინოთ 14 წლის მოცარტის ფანტაზია.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on ““მითრიდატე, პონტოს მეფე” – პრემიერა რუსთაველში

  1. Pingback: Tweets that mention “მითრიდატე, პონტოს მეფე” – პრემიერა რუსთაველში » Zurriuss.Ge -- Topsy.com

  2. მარი

    ოჰ, რანაირად ყვები, აპარატურის და ტექნიკური გაუმართაობების დასათვალიერებლად იყავი იქ?
    “ზოგიერთ პერსონაჟს მსახიობი განასახიერებდა, მომღერალი კი ახმოვანებდა” – ესე იგი ქალი მომღერალი მოფარებულში იდგა და მღეროდა, მსახიობი კი სცენაზე იდგა და პირს აღებდა? ლოლ :d :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »