Milk Floyd

pink milk

მას ფლოიდა ჰქვია, მუდამ სახემოღუშული გოგონაა და Pink Floyd-ით ცხოვრობს.

ერთმანეთი Jado-მ გაგვაცნო. მას და ფლოიდას დღისით ერთმანეთი არასდროს უნახავთ. მხოლოდ მთვარის ბნელ მხარეს ხვდებიან. მე კი ფლოიდა მზის სხივებზეც მინდახავს და დღისით უფრო ლამაზია, ვიდრე ღამით. ხვეულ ფაფუკ თმას ჩამავალი მზის სინათლე ფოტოშოფში დამუშავებული სურათივით უხასხასებს. კანი პრიალა და ნაზი აქვს. ძალიან მომწონს მისი ფეხები, მას კი ძალიან არ მოსწონს თავისი ლოყები. მე ისინიც მომწონს. აქ შეიძლებოდა, დამეწერა, საერთოდაც, ფლოიდა მომწონს-თქო, მაგრამ არ იქნებოდა მართალი. მე და ფლოიდა მეგობრები ვართ. ისევე, როგორც ფლოიდა და Jado.

მათი მეგობრობის არ მჯეროდა, სანამ თვითონ არ გავიცნობდი. Jado-ს მორიგი ფანი მეგონა, მაგრამ ვცდებოდი. ფლოიდა სევდიანია. ამასვე ამბობს Jado-ც. უამრავ დიდ თუ პატარა პრობლემასთან გამკლავება უწევს. წესით, უნდა მშურდეს მისი ამტანობის, მაგრამ შურიანი არასდროს ვყოფილვარ. არც ისეთი ოჯახური პრობლემები მქონია, როგორც ფლოიდას. დარწმუნებული ვარ, ვერ გავუძლებდი და ერთ მშვენიერ დღესაც ავაფრენდი. პროტესტის ნიშნად მაინც.

ფლოიდა მარტომ პირველად სრულიად შემთხვევით ვნახე, როცა სახლისკენ მივსეირნობდი და “კოდას” მაღაზიასთან Gillette-ის საპარსი პირის საყიდლად მივბრუნდი. ის სკვერში იჯდა და მიცინოდა. ზოლიანი შარვალი ეცვა და “ზებრას ფეხები” ძალიან უხდებოდა. გამოვშტერდი. ვიცოდი, სადღაც მახლობლად ცხოვრობდა და გულის სიღრმეშიმისი ნახვა მინდოდა. ახლა კი წინ მიზის. მაშინ გადავწყვიტე, რაიმე ორიგინალური დაგველია. გავიქეცი მაღაზიაში და ლუდის ერთჯერადი კათხები და პასტერიზებული რძე ვიყიდე (კუჭი რომ არ აგვშლოდა). ახლა ის გამოშტერდა. სკვერში, სადაც, რძის გარდა, ყველაფრით უკიშკავიათ, ფლოიდა, მისი დაქალი და მე ლუდის კათხისთვის შეუფერებელ სითხეს ვწრუპავდით და სხვების აზრი ფეხებზე გვეკიდა.

მას შემდეგ რძეც უფრო შემიყვარდა და უიმისოდ ფლოიდასაც არ ვნახულობ. რძეს მხოლოდ მასთან ერთად ვსვამ და ეს მომწონს. მინდა, მისგან ბევრი რამ ვისწავლო და შეძლებისდაგვარად დავეხმარო. ისე დამაჯერებლად და კარგი ლექსიკით მეტყველებს, რომ, თუ საკუთარ თავზე მუშაობას გააგრძელებს, მწერალიც გამოვა. ეს რომ ვუთხარი, ცოტა შეიშმუშნა – თითქოს ფარულ ზრახვას მივუხვდი… არ ვიცი. დღეს ბეთხოვენის მე-7 სიმფონიის მე-2 ნაწილი ჩავურთე და ვუდირიჟორე. მგონი, მოეწონა. არ ვიცი, ხელების მოძრაობის დროს თვალები დახუჭული მქონდა.

მინდა, უფრო მეტი რძე ვსვა. სასურველია, ყოველდღე. ფლოიდას შევპირდი, Radiohead-ს საფუძვლიანად რომ შევისწავლი Pink Floyd-ზე გადმოვალ-თქო და მინდა, ეს დროც მალე დადგეს. ძალიან მინდა, ფლოიდას ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდეს და ხშირად გაიცინოს – მის თვალებს სიცილი ძალიან ასასაცილოებს :) დაბოლოს, მინდა, Jado-ც შემოგვიერთდეს რძის სმაში. რძე ხმას ძალიან უხდება. ვარდისფერი რძე – მით უმეტეს :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “Milk Floyd

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »