მარიამ სტიუარტი რუსთაველის თეატრში

მარინა კახიანი მარიამ სტიუარტის როლში

დიდი ბრიტანეთის ისტორია, ალბათ, მომაბეზრებელი მეცნიერული ნაშრომების დამტვერილი გროვა იქნებოდა, რომ არა ტიუდორების დინასტია. ამ გვარის წარმომადგენელთა ცხოვრება, თავგადასავლები და, რაც მთავარია, მათი ნამოქმედარი, დღესაც ასაზრდოებს, როგორც დიდი ბრიტანეთის ისტორიას, ისე ხელოვნებას, რომელიც მას უკავშირდება. დონიცეტიმ ტიუდორებს სამი გენიალური ოპერა მიუძღვნა, შილერმა კი “მარიამ სტიუარტი” დაწერა. სწორედ ამ სპექტაკლის აღდგენილი ვერსიის პრემიერას დავესწარი გუშინ რუსთაველის თეატრში.

რეჟისორი: გოჩა კაპანაძე

მარიამ სტიუარტი: მარინა კახიძე

დედოფალი ელისაბედი: მარინა ჯანაშია, ნანუკა ხუსკივაძე

საერთო შთაბეჭდილებით თუ ვიმსჯელებ, სპექტაკლი მომეწონა და ორივე მოქმედების განმავლობაში ინტერესი არ გამნელებია. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეული იყო ტიუდორთა დინასტიისადმი ჩემი დიდი სიყვარულით, მეორე მხრივ კი სპექტაკლის ინტერპრეტაციით. აქვე ვიტყვი, რომ სპექტაკლის ბოლომდე აღსაქმელად თეატრში არაერთხელ მივალ.

მარიამ სტიუარტი სცენაზე პირველად ვნახე და მან ძალიან მომხიბლა. მარინა კახიანმა, რომელიც შოტლანდიელთა დედოფალს ასახიერებდა, ნამდვილად ბოლომდე გაართვა თავი. მან ეს მოახერხა იმდენად, რამდენადაც მისი ფიზიკური მონაცემები – ხმა – და რეჟისორის ჩანაფიქრი საშუალებას აძლევდა. პირველთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, მსახიობს პრობლემა აქვს, რადგან მის მძიმე და ბოხ ხმას აკლია მოქნილობა. მიუხედავად დრამატული ეფექტისა, შედარებით რბილი და ჩუმი პასაჟები დარბაზში თითქმის არ ისმოდა. ამას კი სამსახიობო პლასტიკით აბალანსებდა და რეჟისორის ფუნქციაც სწორედ აქ ერთვება: თუკი წამყვან მსახიობად მარინა კახიანი აირჩია, რომელსაც ერთ-ერთი ურთულესი როლი უნდა შეესრულებინა, ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, მისი სუსტი მხარეების გადაფარვა მსახიობის პლუსების გამოყენებით მოეხდინა; კახიანის პლასტიკურობა გრძელი მონოლოგებისათვის შეეზავებინა და ამით სათქმელის შინაარსი ნაკლებად მოსაწყენი ფორმით მოეწოდებინა.

ნანუკა ხუსკივაძე დედოფალ ელისაბედის როლში

ნანუკა ხუსკივაძემ ახალგაზრდა დედოფალი ელისაბედი შეასრულა (სპექტაკლი მოხუცი ელიზაბეთის მოგონებაზეა აგებული და დედოფალს ორი მსახიობი თამაშობს). ხუსკივაძის ინტერპრეტაციამ, პირდაპირ ვიტყვი, კიდევ ერთხელ გამაოცა. მისი ხმაც, არტისტიზმიც, პლასტიკაც და სცენიურობაც თითმის ასი პროცენტით შეესაბამებოდა, როგორც, ზოგადად, დედოფალი ელისაბედის “იმიჯს”, ისე რეჟისორის გადაწყვეტას. აქედან გამომდინარე, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ელისაბედის სცენები უფრო  კარგად იყო “გაშალაშინებული”, ვიდრე მარიამ სტიუარტისა. ძალიან შთამბეჭდავი იყო ეფექტი, როდესაც ინგლისის დედოფალი აივანზე გადმომდგარი ხალხს მიმართავს შეკითხვით, დასაჯოს თუ არა შოტლანდიელი და – ჩემი აზრით ეს იყო მთელი სპექტაკლის კულმინაცია, რადგან ყველა კითხვას პასუხი დარბაზში უეცრად ანთებულმა შუქმა და მაყურებელთა (როგორც ლონდონის მოქალაქეთა) ტაშმა გასცა!

დარბაზის სცენა

ე.წ. მხცოვანი ელისაბედის როლი მარინა ჯანაშიამ შეასრულა, რომელიც სცენაზე დროდადრო გამოჩნდებოდა, რაც სპექტაკლის დრამატულ ეფექტს აძლიერებდა. წარმოდგენის დაწყებისას მისი გმირის მიერ წარმოთქმული ფრაზა, რომ მარიამ სტიუარტის მოკვლით მან ქალს ახალგაზრდობა შეუნარჩუნა, მოხუცი ელისაბედის გამოჩენისთანავე თავში მიტივტივდებოდა და ამ პარალელის გავლება რეჟისორის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავ ნაბიჯად მიმაჩნია.

მარინა ჯანაშია და ნანუკა ხუსკივაძე: დედოფალი ელისაბედი ხელს აწერს მარიამ სტიუარტის სიკვდილით დასჯის ბრძანებას

მამაკაც მსახიობებზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას: ლევან ხურციამ, რომელიც დედოფალ ელისაბედის ფავორიტს თამაშობს, დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ეს, ალბათ, როგორც რეჟისორის, ისე მსახიობის ბრალიცაა, რადგან ამ როლით ხურციამ ახალი ნამდვილად არაფერი თქვა… ისევე, როგორც წინა რამდენიმე როლით. ახალი არც მურმან ჯინორიას უთქვამს, მაგრამ დიდი სამსახიობო გამოცდილება თავისას შვება, თან მსგავსი როლი ძალიან უხდება ფიზიკურადაც და თამაშის მისეულ სტილსაც.

სპექტაკლი, როგორც რეჟისორული ნამუშევარი, ძალიან საინტერესოა, თუმცა ზოგიერთი სცენა შეუსაბამოდ მეჩვენა. მაგალითად, მარიამ სტიუარტი თავდაპირველად კომიკურ ტანისამოსში ჩნდება და ელისაბედის პაროდიას აკეთებს. სცენა პოსტმოდერნისტული ელემენტებითაა სავსე და ორიგინალის თანამედროვე ინტერპრეტაციას ისახავს მიზნად. თუმცა სპექტაკლის მსვლელობისას მსგავსი სცენები არ გვხვდება და, შესაბამისად, ის სცენაც კონტექსტიდან ამოვარდნილი რჩება.

მეორე საკითხია მუსიკა, რომელიც, თუ არ ვცდები, თითქმის მთლიანად გორან ბრეგოვიჩის ნაწარმოებებითაა გაფორმებული. არადა, თუ სცენებს შევხედავთ, ზოგიერთ სცენაში არც კოსტუმები, არც მიზანსცენები და არც მსახიობთა რეპლიკები არ ითხოვს თანამედროვე ჟღერადობის მუსიკას. აქედან გამომდინარე, ბრეგოვიჩის გამოყენებით, მგონია, რომ რეჟისორი კლასიკურ დადგმას მოდერნისკენ ძალით ექაჩება.

ასევე, ვფიქრობ, დედოფლის მასხარა-მსახურის როლითაც ახალი ვერაფერი ითქვა, რადგან ეს თემა მოძველებული მეჩვენა. ხოლო მიზანსცენას ავიღებთ, სადაც ნანული სარაჯიშვილის გმირი (ჯუჯა მასხარა) დედოფლის გვირვინს იდგამს თავზე და, ტითქოს ამით ელისაბედს ასახიერებს (მე ასე დავინახე, რადგან მსგავსი კოსტიუმი ეცვა), მას აშკარად აკლია წინაპირობა, რითაც გამართლებული იქნებოდა ამ სცენით დასრულება; თანაც მას უძღვის სცენა, სადაც მხცოვანი ელისაბედი და მარიამ სტიუარტი ერთად შედიან ჯოჯოხეთში.

მოკლედ, ეს არის, რაც მინდოდა, მეთქვა. კიდევ ბევრის დამატება შეიძლება, რადგან ზოგიერთი სცენა ძალიან ლამაზია, მაგრამ დანარჩენი თქვენ თვითონ ნახეთ. მე კი მარიამ სტიუარტის უკანასკნელი არიით დაგემშვიდობებით, რომელიც გაეტანო დონიცეტიმ ამავე სახელწოდების ოპერაისათვის დაწერა. ასრულებს  მარიელა დევია :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “მარიამ სტიუარტი რუსთაველის თეატრში

  1. თორნიკე

    საინტერესო წერილია.ცვაიგის,,მარიამ სტიუარტის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად დავინტერესდი მარიამ სტიურტით.ამ სპექტაკლს სიამოვნებით ვნახავ.

    1. zurriuss Post author

      არა მხოლოდ სტიუარტი, ზოგადად, ტიუდორებია მოვლენა, ისევე, როგორც მედიჩები და ბორჯიები :)

      1. sopo

        ძალიან გთხოვთ იქნებ მითხრათ სპექტაკლს აფორმებდა ინგისურენოვანი სიმღერა, იქნებ იცოდეთ ვინ ასრულებს ან რა სიმღერაა, მიხვდებით რომელიც ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ ერთი ინგლისურენოვანი მუსიკა იყო.

  2. ხათ

    თემა არის ძალიან საინტერესო და რომ გავიგე რომ რეჟისორი გოჩა კაპანაძე იყო ორმაგად დიდი მოლოდინი მქონდა.
    ვერ ვიტყვი რომ იმედი გამიცრუვდა მაგრამ შენგან განსხვავებით ცოტა მოვეშვი. პირველი პრობლემა, როგორც თქვი, ხმა იყო. მგონი ეგ მცირე სცენის ბრალია, ჟღერადობა არ ჰქონდა საერთოდ.
    რამდენიმე სცენა მგონი მართლა ზედმეტი იყო.
    ის მართლა შთამბეჭდავი სცენაა, მაგრამ მოველოდი რომ კულმინაცია სწორედ მარიამ სტუარტი დასჯა უნდა ყოფილიყო. ძალიან ლამაზი იყო როცა კახიანი წითელ კაბაში მოდიოდა, შესავალიც კარგი ჰქონდა მაგრამ ჩემი აზრით ღიმილი არ იყო საჭირო ამ მომენტში.
    კიდევ უფრო ძლიერ ემოციას ველოდი ამ ეპიზოდიდან მაგრამ…

    ხომ, ძალიან ბევრი ვილაპარაკე, ბოდიშით და გმადლობთ ვისაც წაკითხვა არ დაეზარა.
    ისე პოსტი მომეწონა და ბევრ რამეში გეთანხმები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »