გადაშენებული საბჭოეთის ნაკვალევი

როცა რომელიმე ცივილიზაციას იკვლევ, დაბეჯითებით ვერც თქმულებებს ენდობი და ვერც საისტორიო ცნობებს. ყველაზე მეტ სიმართლეს სწორედ იმდროინდელი ნახატები გეტყვიან, რადგან მათში დროა გაჩერებული. ისინი შექმნეს იმისთვის, რომ იცხოვრონ იმ დროით. უძველესმა ადამიანებმა თავიანთი ნაკვალევი გამოქვაბულთა კედლებზე შემოგვინახეს, კაცობრიობის უდიდესმა იმპერიამ კი – ფასადებზე.

საბჭოეთური მოზაიკა, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ გადმოსცემს იმ მასობრივ ყოველდღიურობას, სამყაროსა და ფერების იმ აღქმას, რომელიც დიდ იმპერიას ახასიათებდა. როცა კედლებზე აკრულ ვეებერთელა ფერად ფიგურებს ვუყურებ, ვცდილობ, გამოვიცნო, რისი თქმა სურდათ ამით დამპროექტებლებს. უეჭველია, საბჭოური პოპკულტურის ეს სახეობაც აგიტაციით იყო გაჯერებული, თუმცა თითქმის ყველაფერი, ყველა დეტალი რეალობას ასახავს და იმდროინდელ ცხოვრებას გადმოსცემს.

ქუთაისის ტრიკოტაჟის ქარხანა

აი, ასეთ პომპეზურ ფიგურებს უცქერდნენ ჩვენი წინაპრები. მათში გაშლილი ფერადი სივრცე და ფიგურათა სიმშვიდე დიდი იმპერიის მთავარი და უკვდავყოფილი სააგიტაციო იარაღი იყო. ეკლესიას მოვკარი თვალი. მას აქ მხოლოდ არქიტექტურული და “ბუნების დამამშვენებელის” დატვირთვა აქვს.

ტრიკოტაჟის ქარხნის მერე ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის ეზოში შევიარე. მამაჩემი მუშაობდა აქ თავის დროზე. მანვე გამახსენა ეს ადგილი – შადრევანის კედლებს ჯერ კიდევ შერჩა ზღვის ცხოველები.

ესეც ელექტრომექანიკური ქარხნის ნავთობსაქაჩი ტუმბოების ცეხი. უკვე, აღარ მუშაობს. კედელზე გამოსახული ვეებერთელა მოზაიკური კომპოზიცია მახსოვს ბავშვობიდან. ყოველთვის, როცა მანქანით ამ ადგილს ჩავუვლიდი, სულ თვალს ვაყოლებდი. მაინტერესებდა, რას ნიშნავდა ეს ფიგურები.

ნაწილი I, ნავთობი – ოქრო, მზე, ენერგია ადამიანის ხელში. შუაში ხედავთ ჭაბურღილს.

ნაწილი II, მომპოვებლები. მუშები, რომლებიც დედამიწის გულს “იმკიან” და პირველ გადამუშავებას უკეთებენ.

ნაწილი III – მომხმარებლები. საწარმოები და მუშები, რომლებიც ქმნიან და მოიხმარენ ნავთობპროდუქტებს. რავი, მე ასე გავშიფრე :)

ჭავჭავაძეზე, რამდენადაც მეხსიერებაში შემომრჩა, ორ საერთო ბინას ჰქონდა ასეთი გაფორმება: ფასადის ერთი კედელი ვეებერთელა მოზაიკური კომპოზიციით იყო გავსებული. დღეს ერთი შემორჩა. მეორე, რომელზეც ხე იყო გამოსახული, ჩამოიშალა და მერე სულ ჩამოხსნეს, როცა კორპუსების შეღებვა დაიწყო.

მოზაიკა რომ არამხოლოდ დიდი მონუმენტების გამოსაყვანი მასალა იყო, ამას ეს ორნამენტიც ამტკიცებს. გაფორმების ეს ხერხი, როგორც ვხედავ, ძალიან პოპულარული, ხელსაყრელი და, შეიძლება, იაფიც იყო. არ ვიცი.

აი, კიდევ საბჭოთა არქიტექტურული გემოვნების მოზაიკური სახე. პრაქტიკული და თან “ხელოვნების” მარცვალიც დევს შიგ. მაგრამ ასეთი შემოქმედება აწი თუ დაფასდება, როცა ეს შენობებიც ნგრევას დაიწყებენ და ბევრი ასეთი ორნამენტული მოზაიკა გაქრება. ჯერ ადრეა, მაგრამ მაგათი დროც მოვა. ჩვენთან ხომ ის ფასობს, რაც ყველაზე ცოტაა.

ამ გამოსახულებას ჭავჭავაძეზე, “სტეკლოტარასთან” შეხვდებით. რატომღაც, ბავშვობაში “რვაფეხა პირიმზე” მეგონა. არც ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, გარა იმისა, რომ შუშის ნამსხვრევებისგანაა გაკეთებული. ალბათ, იმიტომ, რომ მინისტარის ქარხანა იყო. თუმცა, რატომ ეს ქმნილება, ვერ გეტყვით. ისე, ფორმით მედუზა გორგონასაც კი წააგავს, მაგრამ საამისოდ ძალიან სიმპათიურია :)

ვისაც “ავანგარდი” გაგიგიათ, ანუ მშენებლის დასახლება, ეს მოზაიკა იქითკენ მიმავალ გზაზე შეგხვდებათ. მინიქუთაისია გამოსახული, თავისი ბაგრატის ტაძრით. ისე კი მიკვირს, კომუნისტებმა ეს როგორ ქნეს, მაგრამ მაშინვე მახსენდება, რომ იმ დროს ყველა სასულიერო ნაგებობა არქიტექტურულ ძეგლად განიხილებოდა ი ტოჩკა. ჰო, სადაც “არაჩვეულებრივ გამოფენაში” მთელი სცენაა გადაღებული სწორედ ბაგრატის ტაძარში, რა გასაკვირია, ქალაქის ყველაზე ძველი ღირსშესანიშნაობა მოზაიკაზეც გამოესახათ.

საბჭოური მშვიდობის მტრედი – ესეც ამავე დასახლებაში

ეს ბინაც იქვეა, შორიახლოს. ასე აღნიშნეს კომუნისტური რევოლუციის 70 წლის იუბილე. რაც თავი მახსოვს, ამ გამოსახულებას მამიდაჩემის აივნიდან ვაკვირდებოდი ხოლმე და კარგა ხანს მეგონა, რომ თეთრ თავსაბურავში გახვეული ქალის სახე იყო გამოსახული.

ეს მოზაიკური მოთხრობა ჭავჭავაძის ბოლოსკენაა აკრული. როგორც კი შევამჩნიე (არადა, ადრე სულ თვალში მეჩხირებოდა), მარშუტკის მძღოლს ეგრევე გავაჩერებინე.

ვინმემ რომ მკითხოს, როგორი იყო საბჭოური ცხოვრებაო, ამას ვაჩვენებდი. აქ ლაკონიურადაა გადმოცემული ყველაფერი, რაც საბჭოთა ქუთაისში ხდებოდა. ხოლო, ვინაიდან ქალაქებს შორის დიდი განსხვავება არ ყოფილა, ეს მოზაიკა, შეგვიძლია, მთელს საბჭოეთზე განვაზოგადოთ. კარგად რომ დავაკვირდი, ზოგიერთი დეტალი ისე ნათლად გამოიკვეთა, გამაოცა კიდეც. ნეტა, საბჭოეთში ამათაც ისე აღიქვამდნენ, როგორც ჩვენ – ტაბლოიდებს?

დაბოლოს, ლითოფონის ქარხნის ვეებერთელა მოზაიკა. ეს ყველაზე იდეალიზებული ნამუშევარია და თან თავს უყრის ყველაფერს, რაც საბჭოთა კავშირთან ასოცირდება: შრომა, სიყვარული, ამხანაგობა, ხელოვნება, დიდი გამარჯვება და ა.შ. თვითონ მოზაიკა საშინელ დღეშია, რადგან ნაგებობას დიდი დღე არ უწერია. კაციშვილი არაა ამის პატრონი და თუ ასე გაგრძელდა, ერთ მშვენიერ დღესაც ახლომახლო მაცხოვრებლები გრუხუნის ხმას გაიგონებენ. ასე განადგურდება საბჭოური მოგონება და დიდი იმპერიის უკანასკნელი გადმონაშთები.

ავტოქარხანაშიც უნდა წავსულიყავი იქაური მოზაიკის გადასაღებად, მაგრამ მამაჩემმა მითხრა, რომ უკვე ჩამოხსნეს. საბჭოთა კავშირის დაშლიდან კი 20 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში უბრალო ტაბურეტი იძენს ისტორიული ნივთის სტატუსს, ამ მოზაიკებზე რომ არაფერი ვთქვათ. დღეს ქალაქს მათთვის ნამდვილად არ სცალია. დარწმუნებული ვარ, მათ არც არავინ ამჩნევს. გადაშენებული ცივილიზაციის ნაკვალევი უპატრონოდ ხმება ძველ კედლებზე და ჩამოშლის წამს ელოდება. სწორედ ამაზე ფიქრით გადავიღე პირველი სურათი, რათა შემდეგში სანანებლად არ დამრჩენოდა მათი გაქრობა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on “გადაშენებული საბჭოეთის ნაკვალევი

    1. Zura Balanchivadze

      ამ, ეგ არ მახსოვს. ისე, კარგი იქნება, თბილისშიც ეგეთ რამეებს ვინმე ფოტოებს თუ გადაუღებს. რატომ უნდა დაიკარგოს :)

    1. zurriuss Post author

      ზოგი ნაწილობრივ მუშაობს. ზოგი საერთოდ გაჩერებულია წლებია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.