დაგვიანებული პოსტი დაგვიანებული პრემიერმინისტრის კონცერტზე

DSCN6099

ეს ამბავი ოქტომბრის თვრამეტს, თელავში მოხდა. როგორც იქნა, საშველი დავაყენე და “თელავის მუსიკის ფესტივალზე” მეგობართან ერთად დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლად, ელისო ვირსალაძის ცოცხლად მოსასმენად გავეშურე. ოქტომბრის გომბორი ზღაპარია. ფოთლებისფერ სიყვითლეში მიქრიხარ მიხვეულ-მოხვეული გზით და შემოდგომის თავბრუს ეხვევინები. ასე ჩავედით თელავში.

ნადიკვარის ხედზე გაწეწილი ღრუბლების დათვალიერებისა და ჩაით გაღუღუნების შემდეგ თელავის თეატრთან მივბრუნდით. წითელ ხალიჩასთან ხალხი იკრიბებოდა. გვითხრეს, პრემიერმინისტრი დაესწრებაო და თუ ახლა შეხვალთ, კონცერტის დასრულებამდე ვეღარ გამოხვალთო (ჩეხოვის თოფი). ცოტა ხანს მოვიცადეთ და შევედით. შევედით, რა, დაცვასთან მივედით.

დაიწყო ჩხრეკა: ამომალაგებინეს ჯიბეები, გამახსნევინეს ჩანთა, ამომაღებინეს ლეპტოპი, ჩამართვევინეს. როცა ნახეს, რომ არც გაისროლა და არც თეატრი აწია ჰაერში, დაანებეს თავი. მერე ფოტოაპარატს მისდგნენ და ფოტო გადამაღებინეს. როცა არც მან გაუშვა მომწამლავი აირი, დამრთეს დარბაზში შესვლის ნება. მივდიოდი და ვიხსენებდი, რამდენ სააკაშვილიან ღონისძიებას დავსწრებივარ და რომელიმეში მაინც თუ შემამოწმეს ასე. ან კი რომელი ჯორჯ ბუში ელისო ვირსალაძეა, ასეთი მკაცრი დაცვა რომ მოეთხოვა?…

ძალიან არ მინდოდა ხასიათის გაფუჭება, ამიტომ ეგრევე დავივიწყე ყოველივე და გულანთებული შევედი დარბაზში. კონცერტის დაწყებას რატომღაც აგვიანდებოდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ჯიუტად, თითქოს ჩვენს ჯინაზე არ გამოდიოდა ორკესტრი სცენაზე. არა და რა მშვენიერი დარბაზი ყოფილა. არ მეგონა, თელავის თეატრი ასე თუ მომხიბლავდა. ამასობაში ერთი საათიც გავიდა. თურმე პრემიერი იგვიანებდა. მოვიდა თუ არა, დაიწყო.

DSCN6138

კონცერტის პირველი ნაწილის დასრულებისას შესვენებაზე ჰოლში ჩავედი. ხალხი კახურ გემრიელობებს შესეოდა. დორბლები ვყარე, მაგრამ მათთან ჭიდაობის თავი არ მქონდა. გასასვლელისკენ მივიხედე და დაცვაა გაჭიმული: არც გარეთ დარჩენილ ხალხს (მათ შორის ბილეთიანებს) უშვებენ და არც შიგნით მყოფებს ატარებენ. ზუსტად აქ გაისროლა ჩეხოვის თოფმა.

DSCN6150

ფინალური ნაწარმოების შესასრულებლად ელისო ვირსალაძე გამოვიდა. ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტის პირველი ნაწილს მორჩა თუ არა, იქუხა მთავრობის მტევნებმა. დანარჩენი მაყურებელი დუმს და ალაგ-ალაგ ეცინება…

მორჩა კონცერტი, დაინგრა დარბაზი აპლოდისმენტის, ბრავოსა და ბისის ხმებით, მაგრამ პიანისტს არც ერთი საათით დაგვიანებული კონცერტი დავიწყებოდა და არც შუა ნაწარმოების დროს დაკრული უაზრო ტაში. ბევრი გვახვეწნინა და წავიდა. მე კი შიშზე დავფიქრდი, რომელსაც შეუძლია, ადამიანი პანიკამდე მიიყვანოს, ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდოს, ოღონდაც თვითონ საფრთხე არ შეექმნას. მერე რა, თუ საერთოდ არ ემუქრება. კონცერტი მაშინ დაიწყება, როცა მივა და მორჩება, როცა ტაშს დაუკრავს. მე მოვრჩი ამ პოსტს. ტაში.

პ.ს. ბონუსად ის მშვენიერი ნაწარმოები, რის ჩაწერც იმ დღეს მოვახერხე. :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »