ბოჰემა – მერე რა, რომ ზამთარია

წინამდებარე პოსტი შეიცავს საუბრებს ოპერაზე, საოპერო მუსიკასა და მსგავს უცენზურო თემებზე. ადმინისტრაცია გირჩევთ: თუკი აღნიშნული კონტენტის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოძრავებთ, პირველივე დაწკაპუნებით გაეცალეთ აქაურობას. ხოლო თქუენ, არწივებო, მომყევით.

ი ტაკ, ბაგემმა. ოპერა, რომელსაც მუდამ დაჰყვება ზამთრის ყრუ სუსხი, მრუმე ფიფქები. ძველი სახლის გაყინულ სხვენს მობობოქრე ახალგაზრდული სული, შეუპოვრობა, მეგობრების მხიარულება და იაფი ლუდი ათბობს. რისკისათვის ჩადენილი სისულელეები, გასათბობად დამწვარი შემოქმედება და არავითარი სინანული. ეს ბოჰემაა, ყოველთვის ახალგაზრდა, ყოველთვის ოპტიმისტი.

რუდოლფოსათვის საჭიროა ახალგაზრდა, ქორფა ტენორის ხმა. მიმისთვის – ლირიკული, იისფერი ტემბრის სოპრანო. ტყუილია, ვერც ერთი მომღერალი ვერ მოაფრინდება რუდოლფის პირველ სიტყვებს ისე მკვიცხლად, ისე ენერგიულად და მელოდიურად, როგორც ლუჩანო. რომ ამბობენ, პავაროტის თამაში არ ეხერხებოდაო, მთლად ეგრეც არ არის. უბრალოდ, იგი არ იყო მსახიობი და ვერაფრით განასახიერებდა იმ პერსონაჟს, ვისი ხასიათიც მის ბუნებაში არ იჯდა. უბადლოდ მღეროდა, მაგამ ვერ თამაშობდა. სამაგიეროდ, როდოლფოს საოცრად ბუნებრივად ასახიერებს. იმიტომ, რომ თვითონაა ზუსტად ასეთი: მხიარული, კეთილი და მარად ახალგაზრდა შეყვარებული ხელოვანი.

"ბოჰემას" ორიგინალური აფიშა (1896 წ)

“ბოჰემა”, პირველ რიგში, ოპერის სიცოცხლის გახანგრძლივებაა. როგორც ჩანს, ეს საკითხი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს დაისვა. ოპერამ, რომელიც მაღალ მატერიებზე, უკიდეგანო სიყვარულსა და გმირობაზე მღეროდა, თითქოს ამოწურა თავისი თავი. მას ქარგავდა ჰენდელიც, მოცარტიც, დონიცეტიც, ვერდიც და ყველამ იგი ერთ დიდ ამაღლებულ გრძნობათა მავზოლეუმად აქცია. პუჩინი ის კაცი არ იყო, ეს ტენდენცია რომ გაეგრძელებინა. მან ერთი ღრმად ჩაისუნთა და ოპერას სხვა სული შთაბერა. ლიბრეტო ყოფითი სცენებით სავსე მოითხოვა, პერსონაჟებიც უფრო რეალისტურები და ინტიმურები, მუსიკა კი “მარტივი”, “ზედმეტი” მარცვლებისა და ფიორიტურების გარეშე. პუჩინის ოპერები სიმღერით გადმოცემული რეალური ცხოვრებაა. ესაა “ბოჰემაც”, რომლის პრემიერაც ტურინში, 1896 წლის 1 თებერვალს შედგა. წარმოდგენას თვით არტურო ტოსკანინი დირიჟორობდა.

Atto I

პარიზი, სახლის სხვენი

ი ტაკ, აკტ პერვი: წარმოდგენა პირდაპირ, ყოველგვარი შესავლისა და უვერტიურის გარეშე იწყება. ორკესტრის პირველივე ფორტეებიდან სამ წამში ფარდა იხსნება. ახალგაზრდა მეგობრები: რუდოლფო (პოეტი), მარჩელო (მხატვარი), შონარი (მუსიკოსი) და კოლენი (ფილოსოფოსი) ნაქირავებ სხვენს ძლივს ათბობენ. ამისათვის პოეტი თავის ძველ კრებულებს ღუმელში უკეთებს. ქირა კვლავ გადასახდელია და მალე სახლის პატრონიც მოადგებათ. თუმცა ამასობაში შონარი საკვებითა და სიგარებით ხელდამშვენებული შემოდის და მეგობრებს ეუბნება, რომ დღეს ყველანი ლათინურ კვარტალში, კაფე “მომუსში” ისადილებენ. რა თქმა უნდა, ბინის ქირით. ყველას უხარია და სხვენს ტოვებს. მხოლოდ რუდოლფო რჩება რამდენიმე წუთით, რომ სტატია დაასრულოს. კარზე სუსტი კაკუნი ისმის. ეს მიმია, მეზობელ ოთახში მცხოვრები მკერავი გოგონა, რომელსაც სანთელი ჩაუქრა და ასანის სათხოვნელად შემოვიდა. რუდოლფს მიმი მოეწონა და ცდილობს, არ გაუშვას. მიმი ასანთით ხელში გადის, მაგრამ მალევე ბრუნდება და ამბობს, რომ გასაღები აქ დარჩა (სინამდვილეში რუდოლფომ დაუმალა, რომ კვლავ დაებრუნებია).  მიმი გასაღებს ეძებს და, ამ დროს, რუდოლფო ხელს შეახებს.

(“Che gelida manina?” – რატომ გაქვს ცივი ხელები, ეუბნება რუდოლფო მიმის და საკუთარ თავს აცნობს. ბოჰემურ ტექსტზე აგებული არია გვირგვინდება ტენორის ძლიერი დო-თი. პუჩინიმ ეს ნოტი სიტყვა “იმედზე” (la speranza) დასვა, რათა ეჩვენებინა, რომ იგი ყოველგვარ მატერიალურ სიღარიბეზე მაღლა დგას. სწორედ ამ როლით დაიწყო დიდი ლუჩანო პავაროტის ეპოქა, ვის მღერასაც ახლა ისმენთ).

რუდოლფოს ამბის შემდეგ მიმი თავის თავზე ყვება, რომ, სინამდვილეში, ლუჩია ჰქვია. რომ სიყვარულსა და ჰარმონიაზეა შეყვარებული. (“Si, mi chiamano Mimi” – დიახ, მე მიმის მეძახიან – არიას მონსერატ კაბალიე ასრულებს. მისი ვეებერთელა სუნთქვა და საოცარი ტექნიკა ზუსტად ესადაგება ოპერის ამ გმირს).

ახალგაზრდა წყვილში დიდი სიყვარული იბადება. როდოლფო გადაწყვეტს, მიმი კაფეში თან წაიყვანოს და მეგობრებს გააცნოს. დუეტის ბოლოს ამჯერადაც მაღალი დო ჟღერს, რომელის სცენის კულისებიდან მოისმის. (ასრულებენ განუმეორებელი რენატა ტებალდი და იუსი ბროლინგი).

Atto II

ლათინური კვარტალი, კაფე "მომუსი"

მეორე მოქმედება ოპერის ყველაზე ხალხმრავალი ნაწილია. ქუჩაში მოსიარულეები, კაფეში მსხდომთ და ქუჩის მოვაჭრეებს, მყიდველთა და გამყიდველთ, მდიდრებსა და ღარიბებს, ყველას აქ მოუყრია თავი. არლეკინები ბავშვებს ართობენ, სხვები თავიანთ სხვები თავიანთ საქმეზე მიიჩქარიან. მეგობრებიც გამოჩნდნენ. აქვეა მუზეტაც, მომღერალი და მარჩელოს ყოფილი საყვარელი. ახლა მას სხვა თაყვანისმცემელი, მდიდარი ალსინდორი ახლავს, თუმცა მომღერალს იგი არ აინტერესებს. მარჩელოს  დანახვისას, მის გასაგონად გასაგონად, ვითომ თავისთვის, მღერას იწყებს (ანა ნეტრებკო ბრწყინვალედ უხდება ამ როლს. როგორც რამდენიმე დოკუმენტურ ფილმში ჩანს, “მუზეტას ვალსი” მისი ცხოვრებისეული კრედოა).

http://www.youtube.com/watch?v=GhyY1H8tLM0&feature=related

მარჩელო ეჭვიანობს, მუზეტასაც მეტი რა უნდა. თავის კავალერს მეწაღესთან აგზავნის და ახალგაზრდა მეგობრების სუფრას უერთდება. აღმოჩნდება, რომ შონარის ფული მათ სადილს არ ყოფნის. მუზეტას ეს არ ანაღვლებს და მოსამსახურეს ეტყვის, რომ ანგარიშს მდიდარი ალსინდორი გადაიხდის, თავად კი ბოჰემიელ მეგობრებთან ერთად მიდის. დაბრუნებული ალსინდორი აღმოაჩენს, რომ გააწბილეს.

Atto III

პარიზის შესასვლელ ჭიშკართან

მიმი მძიმედ ახველებს. ქალაქის ბოლოში იგი მარჩელოს სანახავად მოვიდა, რათა აუხსნას, რა მძიმე ყოფა აქვთ მასსა და რუდოლფოს. აღმოჩნდა, რომ მან მიმი შუაღამით მიატოვა. მხატვარი, რომელიც ახალ შეკვეთაზე მუშაობს, გაუმხელს, რომ რუდოლფოს ახლა მის საცხოვრებელში სძინავს. ამასობაში ისიც იღვიძებს და გარეთ გამოდის. მიმი დამალვას ასწრებს. მარჩელოს აინტერესებს, რატომ მიატოვა საყვარელი ადამიანი ამ შუაღამით. თავიდან რუდოლფო ცდილობს, იცრუოს, ვითომ მიმი ზედმეტად კეკლუცია, რომ მან ეს აიტანოს. ცოტა ხნის მერე კი ნაღვლიანი ეუბნება ნამდვილ მიზეზს. მიმი ძლიერ ავადაა, მას ტუბერკულოზი სჭირს. რუდოლფო ღარიბია და ვერაფრით ეხმარება, სწორედ ეს უკლავს გულს. იგი ფიქრობს, თუ ამ სიყვარულს მსხვერპლად შეწირავს და მიატოვებს, მიმი ვინმე მდიდარ თაყვანისმცემელს იშოვის, რომელიც დაეხმარება. მიმიმ ყველაფერი გაიგონა და რუდოლფოს დაენახა. მას სურს, მშვიდობით დაშორდნენ (არია, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ (Donde lieta uscì – აქედან იგი მშვიდად წავიდა), სავსეა სევდიანი გრძნობით, მაგრამ იმდენად მატერიალისტურია, იმდენად რეალურ საგნებზეა ყურადღება გამახვილებული, დღევანდელი დრო გეგონებათ. არიას საოცარი სილამაზით ასრულებს ქართველი სოპრანო თამარ ივერი (ჯავახიშვილი).

მიმის სიტყვებით გულმოკლული რუდოლფო გადაწყვეტს, შერიგდეს და გაზაფხულამდე ერთად დარჩნენ. კვლავ განახლებული სიყვარულის პარალელურად ურთიერთობა ეძაბებათ მარჩელოსა და მუზეტას. როცა ერთნი რიგდებიან, მეორენი ჩხუბს იწყებენ.

Atto IV

ისევ ბოჰემიელი მეგობრების სხვენი

რუდოლფო წერს, მარსელო ხატავს, თუმცა ვერც ერთი მათგანი საქმეს გულს ვერ უდებს. ორივეს თავიანთ სატრფოსთან არეული ურთიერთობა არ ასევენებს (ჩანაწერს, რომელსაც ახლა გთავაზობთ, თამამად შეიძლება, ეწოდოს უნიკალური, რადგან მას ორი ყველაზე ცნობილი ტენორი მღერის: ლუჩანო პავაროტი და პლასიდო დომინგო. საკითხავი სწორედ დომინგოს პარტიაა, სადაც იგი მარჩელოს, ანუ ბარიტონის ხმას მღერის. ეს გალა კონცერტი წლების წინ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში გაიმართა).

შემოდიან შონარი და კოლინი, რომელთაც საჭმელი მოაქვთ. კიდევ ერთ დღეს გადააგორებენ შიმშილსა და სიცივის გარეშე. მიუხედავად ცხადად შემოტეული რეალობისა, ახალგაზრდა ბოჰემიელები მაინც ხარობენ. მათთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. მხიარულებას შემოსული მუზეტა არღვევს, რომელმაც ცუდი ამბავი მოიტანა: მიმი, რომელიც გაზაფხულის დადგომის თანავე რუდოლფოს დაშორდა და ვიკონტი თაყვანისმცემელი გაიჩინა, მიტოვებული აღმოჩნდა. ახლა იგი ძალიან მძიმედაა. მუზეტამ ქუჩაში მოხეტიალე იპოვა და აქეთ წამოიყვანა. დაუძლურებულ მიმის საწოლში აწვენენ. სასწრაფოდ რამე უნდა იღონონ, თორემ ხელში ჩააკვდებათ. მუზეტა და მარჩელო მუზეტას საყურეების გასაყიდად წავიდნენ, რათა წამალი უყიდონ. კოლინი თავისი პალტოს დასალომბარდებლად მიდის. რუდოლფო და მიმი მარტონი რჩებიან, ისევე, როგორც ოდესღაც, იმ ბედნიერ დღეს. მათი სიყვარული სამუდამოა, დაშორება კი დროებითი თავის მოჩვენება. მუზეტა და მარჩელო წამლით ბრუნდებიან. ექიმიც მალე მოვა. მუზეტა მიმის გათოშილ ხელებს თავის მუფთაში აწყობს და ისიც იძინებს. რუდოლფოს იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მუზეტა ლოცულობს. თითქოს, ყველაფერი მიწყნარდა. უეცრად შონარი მიმის საწოლზე უსულოდ დაკიდულ ხელს აღმოაჩენს. ახლა უკვე გვიანია, აღარაფერს აქვს აზრი. მიმი მოკვდა.

ეძღვნება ყველა უჩინარი, უქონელი და კეთილ ადამიანი ხსოვნას, რომელთც ასე დაელიათ სული.

მერე რა, რომ ზამთარია.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “ბოჰემა – მერე რა, რომ ზამთარია

  1. Sophie שרה Golden

    მიყვარს “ბოჰემაც” და ბოჰემაც, საერთოდ. არაფერი ჯობია ოპერას, კლასიკურ მუსიკას. გუშინდელის მერე, მეტი აღარაფერი მახსოვს.
    კარგი პოსტია, ზურიუს, ძალიან კარგი.

    1. zurriuss Post author

      აი, შენი კომენტარი ყველაზე მეტად მიხარია ასეთ პოსტებზე. იცი, რატომაც :* :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.