კორონაცია

მოქმედების ადგილი: სამეფო, დედაქალაქი, ტაძარი

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2012/06/Handel-Zadok-the-Priest-coronation-anthem-No.-1HQ.mp3|titles=Handel Zadok the Priest coronation anthem No. 1(HQ)]

ხალხი: დიდება მეფეს! დიდება მეფეს!…

გენერალი: ბატონო… უკაცრავად… თქვენო უდიდებულესობავ, ერი გიხმობთ. მიესალმეთ, მიულოცეთ.

მეფე: რა მივულოცო, ჩემი თავი?

გენერალი: დიახ, თქვენი თავი.

კარდინალი: თქვენ მათ სჭირდებით. ისინი ჩვენ გვჭირდებიან. ჩვენ კი ერთმანეთს ვჭირდებით, რომ  მათ სამუდამოდ ვჭირდებოდეთ.

მეფე: კარგი ნათქვამია, მაგრამ საკმაოდ კატეგორიული.

პრემიერმინისტრი: თქვენც ასეთივე კატეგორიული იქნებით, ოღონდ ცოტაც მოითმინეთ.

მეფე: რას გულისხმობთ?

კარდინალი: პრემიერმინისტრი უთუოდ იმას გულისხმობს, რასაც მე.

გენერალი: რაღა დაგიმალოთ და მეც.

მეფე: და თქვენც ამასვე გულისხმობთ, ბატონო უმაღლესო მოსამართლევ?

უზენაესი მოსამართლე: მეტიც, თქვენო უდიდებულესობავ. სწორედ ამიტომ ვარ ჩემს თანამდებობაზე აგერ უკვე მერამდენე წელია.

მეფე: თქვენ მე მაბნევთ, ბატონებო…

უზენაესი მოსამართლე: თქვენ ჩვენ კი არა, პასუხი გაბნევთ.

მეფე: რა პასუხი?

კარდინალი: პასუხი კითხვაზე, რომელიც ამ დღემდე, ამ წამამდე გაწვალებდათ.

გენერალი: და პასუხი არის “დიახ”!

პრემიერმინისტრი: დიახ, მეფეები ადრე ბერდებიან! დიახ, მათ ბევრი აქვთ სანერვიულო! დიახ, სახელმწიფოზე ზრუნვა ყოველთვის არ ნიშნავს აკეთო სიკეთე!

გენერალი: დიახ, თქვენი ძმა, საბრალო მონარქი, ჩვენ გავისტუმრეთ საიქიოს, რადგან მან თავის რეალობას უღალატა!

კარდინალი: როგორ არ გესმით, რომ მეფობა, ეს, უპირველეს ყოვლისა, ფიცია არა ერთგულებაზე, არამედ ენაზე კბილის დაჭერაზე. სხვანაირად არაფერი დაგრჩებათ, სახელმწიფოს თითოეულ ნაწილს სხვა პრეტენდენტი გამოუჩნდება და ყველა ერთად ისე შემოგახევთ სამეფოს, როგორც ხახვის ფურცლებს.

უზენაესი მოსამერთლე: … და არ დაიწყოთ ტირილი, რომ ყველაფერი ეს უსამართლობაა. ამის ცოდნაში მე მაინც ვერ მაჯობებთ. სწორედ ამის წყალობითაა, რომ გადიდებენ თქვენ და სამართალს მთხოვენ მე.

პრემიერმინისტრი: ნუ გგონიათ, რომ თქვენმა წინამორბედმა, ან მისმა წინამორბედმა და ასე შემდეგ, ყველამ თქვენსავით არ მიიღო მსგავსი მამაშვილური რჩევა-დარიგება. ზოგიერთები ამას სახელმწიფო საიდუმლოებას უწოდებდნენ, სხვები კი სამეფოს შავ სისხლს. რაც უნდა იყოს, ეს სისხლი პირში მანამ უნდა იგუბოთ, სანამ ყბას სიკვდილი არ ჩამოგიგდებთ. ესეც პირველობის საფასური.

უზენაესი მოსამართლე: სხვათა შორის, დღეს მიხვდებით, რატომ აქვს აწ უკვე თქვენს ტახტს ლურსმანი ერთგან ამობურცული. იმიტომ, რომ მასზე ჯდომისას ყოველთვის გაგახსენდეთ, რა უნდა თქვათ და არა არა.

კარდინალი: გამომართვით, ეს ეკლესიის გასაღებია. ამით თქვენ, საიდუმლო გასასვლელის გავლით, ამ ტაძრის საკურთხეველში მოხვდებით. იქ მთელი სასულიერო განძი ინახება.

გენერალი: ესეც ატომური ჩემოდანი. მასში ერთადერთი ღილაკია ერთადერთი ბრძანებით – “ბირთვული ომი”.

მოსამართლე: ეს სახელმწიფოს მტრების ნუსხაა. მარჯვენა მხარეს მუდმივი მტრების სიაა, რომლებიც ჩვენი სამეფოს არსებობას აზრს უნარჩუნებს, მარცხენა მხარეს კი პირადად ჩემ მიერ მონიშნული მტრებია, რომლებიც სურვილისამებრ შეგიძლიათ, დაამატოთ, მოშლოთ ან დაამარცხოთ. გასხოვდეთ, ეხებით მხოლოდ მარცხენა სვეტს. მარჯვენა ხელუხლებელი რჩება თქვენი მეფობის ბოლომდე.

პრემიერმინისტრი: ესეც თქვენი საგვარეულო დაშნა. აქვე გაფრთხილებთ, რომ თქვენი ტახტის სიმყარე თქვენივე ენის სიმკვრივეზეა დამოკიდებული. სახელმწიფო საიდუმლოს ნებისმიერი სახით გათქმის შემთხვევაში თქვენი საგვარეულო დაშნა ისევე გაივლის თქვენს სხეულში, როგორც თქვენს წინამორბედს ხვდა წილად. ან, სულაც, შხამიანი მწერი გიკბენთ.

უზენაესი მოსამართლე: მაშ ასე, თქვენო უდიდებულესობავ, მზად ხართ, სამუდამო დუმილის ნაცვლად მოიპოვოთ თქვენი ერის სათაყვანებელი სამეფო გვირგვინი?

მეფე: …დდდ..დიახ…

კარდინალი: დიდება მეფეს!

ყველა: დიდება მეფეს!

კარდინალი: ახლა კი კორონაციას მივხედოთ. ტაძარში შემოსვლისას მე თქვენს სახელ-გვარს გამოვაცხადებ და თქვენ ამ დროს დაიჩოქებთ. მერე მე გკითხავთ, გსურთ თუ არა, გახდეთ მეფე და უერთგულოთ თქვენს ერს სიცოცხლის ბოლომდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაზეც მიპასუხებთ “დიახ” და სულ ეგ არის. მერე მე ლოცვებს წავიკითხავ და გვირგვინს დაგადგამთ. ძალია განიერია. გუშინ მოვიზომე და ვეებერთელაა. ასე რომ, თუ თავზე ძალიან ჩამოგამხვეთ, ჩაახველეთ და გაგისწოებთ…

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “კორონაცია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »