ჯოან საზერლენდი – ბელკანტომ კარი გაიხურა

და ამით დიდი ჯოან საზერლენდის ეპოქა დასრულდა. ოპერის უდიდესმა და უმნიშვნელოვანესმა სასიმღერო სტილმა “ბელკანტომ” ფარდა ჩამოიფარა. სოპრანომ, რომლის კოლორატურაზეც ორკესტრის ინსტრუმენტებიც კი ოცნებობდნენ, ოპერას ის არქივი დაუტოვა, რომელიც, მარია მალიბრანმა და ჯუდიტა პასტამ, გასაგები მიზეზების გამო, ვერ მოახერხეს.

ამ ქალის არსებობა ამ ფოტოდან გავიგე.

კალასი და საზერლენდი

შთაბეჭდილება #1. ვინაა ეს ქალი?

შთაბეჭდილება#2. ვაიმე, რას ჰგავს!

შთაბეჭდილება#3. სასწრაფოდ გადავრთო სხვა ფოტოზე.

და ასე გრძელდებოდა 4-5 წლის განმავლობაში მანამ, სანამ ერთხელაც YouTube-მ მისი ერთი ვიდეო არ ამომიგდო. ოი, სოპრანო ყოფილა. თან იმხელა ყბა აქვს, თეთრ ზვიგენს შეშურდება. მეთქი, ასეთი რა უნდა იყოს და ჩავრთე.

დაიკიდეთ ვიდეოს ბანძი ხარისხი და მომღერლის უნიჭო თამაში.

იმ ჩუქურთმების ამოქარგვას ნერვები ხომ უნდა?!?!?!

ჰოდა ამ არიის მერე, რბილად რომ ვთქვათ, გადამეკეტა საზერლენდზე. ჩემი გადაკეტვა კი, როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის საფუძვლიან შესწავლაში მდგომარეობს. პირადი გამოკვლევები აჩვენებს, რომ ასეთი არაამგალაქტიკური ხმის მფლობელი დაიბადა და ეს არის მის კარიერაში ყველაზე ბანძი მომენტი. ანუ, წარმოიდგინეთ, მთელი 4 საუკუნის ხმები შენს ყელში ერთად რომ ჟღერს და, უცებ რომ აღმოჩნდება, რომ შენც დაბადებითი გზით გაჩნდი ამ პლანეტაზე. :|

ვიცით, რომ უშნოა და აღარ გვინდა მაზოლზე წიხლის მირტყმა

1926-ში დაიბადა. 7 ნოემბერს 84 წელი უსრულდება და მაგრად მიხარია, რომ ცოცხალია. კიდევ ის მიხარია, რომ მე-20 საუკუნის თითქმის ყველა დიდ ტენორთან იმღერა (კარუზო მის დაბადებას ვერ მოესწრო, ჯილი კი ვარსკვლავად დაბადებას). დაიბადა სიდნეიში და, სავარაუდოდ, ხტუნავდა კენგურუებთან ერთად.  წარმოშობით შოტლანდიელია. დედა მეცო-სოპრანო ჰყავდა. პატარაობიდანვე იზიდავდა კლასიკური მუსიკა, ოპერა და მსგავსი ჟაბო-პეროიანი რამეები. მიუხედავად ამისა, 18 წლამდე ხმის დამუშავებაზე სერიოზულად არ უფიქრია.

1947-ში შედგა მისი საკონცერტო პრემიერა ჰენრი პერსელის ოპერით “დიდო და ანენასი“. მერე სიდნეიში იმღერა. მერე სად, სად და სულ მეორეხარისხოვან როლებს მღეროდა. “ჯადოსნურ ფლეიტაში” რომ პირველი მსახურის როლი გექნება და “ნორმაში” – კლოტილდასი, რა უნდა ქნა ადამიანმა? წესით და რიგით, უნდა ეცადო, რომ ერთ დღესაც ღამის დედოფალიც შენ გახდე და ნორმაც. მარა პადაჟდი… ვინ მიგასუნინებს ნორმამდე, როცა მაგ როლს თვით კალასი მღერის? არადა სულ 3 წლით უფროსია შენზე, 29 წლისაა და უკვე ქვეყნიერებას ანგრევს :)

შუაში კალასი, მარცხნივ, ბავშვებს შორის - საზერლენდი

დაახლოებით ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ საზერლენდი არ შეხვდა დირიჟორ რიჩარდ ბონინგს. 1954 წელს იქორწინეს და შეუდგნენ მისი ხმის დამუშავების, გაშალაშინების, გალაკვის, გაჭიმვის, გაზრდა-განვითარებისა და სასუქით გამდიდრების შრომატევად საქმეს. ნაყოფის გამოღებას კი 5 წელიწადში ვარაუდობდნენ.

საზერლენდი და ბონინგი - ალბათ, ერთადერთი შემთხვევა, როცა მეუღლეები ერთმანეთის წინაშე ასე ხშირად იდგნენ

დადგა 1959 წელიც!

ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი.

ოპერა “ლუჩია დი ლამერმური”.

დირიჟორი ტულიო სერაფინი.

რეჟისორი ფრანკო ძეფირელი.

მთავარ როლში ჯოან საზერლენდი

იმ ღამით მოხდა სასწაული. საზერლენდმა შეშლილი ლუჩიას პარტია ისე იმღერა, როგორც მანამდე არავის მოესმინა. რეპეტიციებს კალასიც ესწრებოდა, რომელსაც ხმასთან უკვე სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მოისმინა თუ არა, მაშინვე აღიარა, რომ სწორედ ასეთ ხმას შეეძლო უდიდესი საოპერო მემკვიდრეობის ჩაბარება.

ეს იყო სულ სხვა ხმა. სულ სხვა ჟღერადობა, ტექნიკა, სისწრაფე, გემოვნება და  სრულყოფილი მი ბემოლი… მეორეხარისხოვანი საოპერო მომღერალი, რომელიც 5 წელიწადში ხელახლა იშვა, იმ დღის შემდეგ წარმოდგენებს ასე ასრულებდა.

იმ დღიდან ჯოან საზერლენდის სახელი საოპერო სამყაროს მწვერვალზე მოექცა. მას კიდევ ერთხელ გაუმართლა, როცა ძეფირელიმ თანამშრომლობა გამოუცხადა და სპექტაკლებს მისი შესრულებით დგამდა. რეპერტუარში გაჩნდა “ტრავიატა“, “პურიტანელები“, “ლაკმე“, “ჰუგენოტები“, “ლუკრეცია ბორჯა“, “ესკლარმონდი“, “ნორმა“, “ტრუბადური“, “სონამბულა” და კიდევ ბევრი ზე-რთული როლი. 1962 წელს საზერლენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი, “პრიმადონას ხელოვნება” გამოიცა. ეს არის ეტალონი ყველა ვოკალისტისათვის, თუ როგორ უნდა შეასრულოს ურთულესზე ურთულესი არიები ულამაზესი ბგერით.

ძეფირელი გამაოგნებელ ხმებზე "ნადირობდა". ჯერ იყო კალასი, ახლა კი - საზერლენდი

ამასობაში გამოჩნდა ისიც. საზერლენდი ამბობდა, რომ ის იყო ერთადერთი ტენორი, რომელზე მაღალიც მე არ ვიყავიო. აბა, თუ იცნობთ :)

"ლუჩია დი ლამერმური" - გ. დონიცეტი

კარგი, ჰო. ეს პავაროტია. წვერით კი არ დაბადებულა. მერე მოუშვა, 70-იანებში. ლუჩანო აღმერთებდა საზერლენდს. მისი ტემპერამენტიანი და, ამასთან ერთად, საოცრად მრავალფეროვანი ხმა ჯოანისას ძალიან ჩამოჰგავდა. ორივე ჩუხჩუხა, რაკრაკა და საოცრად ტკბილი.

მათი პარტნიორობა 20 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ჩანაწერი-ეტალონი შექმნეს. საზერლენდი იყო ის, ვინც ახალგაზრდა პავაროტის სწორად სუნთქვის ტექნიკა ასწავლა. ერთხელაც ლუჩანომ იგი მე-20 საუკუნის საუკეთესო ხმად დაასახელა და არც არავის გაუპროტესტებია. ან რა იყო საორჭოფო, როდესაც გაოგნებული მელომანები უკვე La Stupenda-დ მოიხსენიებდნენ (“გასაოცარი” – იტალ.)?

ჰოდა შემდეგ იყო 1972 წელი და დონიცეტის პოლკის ქალიშვილი” ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში. სწორედ აქ დაიბადა პავაროტი, როგორც მაღალი დო-ების მეფე და საზერლენდი… მოკლედ, ეს იშვიათი ჩანაწერი ნახეთ, რა.

http://www.youtube.com/watch?v=B10sCYHWiBM&feature=related

70-იანი წლებში საზერლენდს “თავისებურ” დიქციაზე გაუხურეს. კრიტიკოსებმა აიჩემეს, თანხმოვნებს კარგად არ გამოთქვმსო. სოპრანოს მოუწია, მეტყველების დახვეწა და პრობლემა გამოასწორა. ამავე ათწლეულის მიწურულს აღმოჩნდა, რომ ხმა უკვე ისეთი აღარ არის და ნელ-ნელა “დნობას” იწყებს. მაგრამ ჯოანის კრისტალურად სუფთა ტემბრისა და ზე-არაბუნებრივი ტექნიკის წყალობით, ყველაფერი რიგზე იყო.

ვიდეოები რომ ნახოთ, შეამჩნევთ, რომ საზერლენდი თიქოს გაცინებული სახით იღებს მაღალ ნოტებს. ეს, ნაწილობრივ, ტექნიკის და, ნაწილობრივ, ყბის ფორმის დამსახურებაა. მთავარი კი მაინც მღერაა. მი-ბემოლი ფერიას კისკისივით ლაღად და თავისუფლად ჟღერდა.

კიდევ ერთი, რაც ამ ქალში მომწონს, არის ზე-პოზიტიური ხასიათი. მუდამ ღიმილი, დადებითი ემოცია და სიკეთის კეთების განცდა. ბევრჯერ დავიწყნია ტექსტი, ბევრჯერ არ უთამაშია კარგად, მაგრამ ყველაფერს გააჩნია. თუკი წარმატება თავში არ გაქვს ავარდნილი და საკუთარ თავს ღმერთად არ განიხილავ, მაშინ პუბლიკაც ამჩნევს ამას. შესაბამისად, “ბუუუ”-ს რეაქციას ტაში ცვლის.

ასე სიმღერ-სიმღით მოიარა ჯოან საზერლენდმა მსოფლიოს ყველა უდიდესი საოპერო თეატრი, მშობლიური სიდნეიდან ლონდონამდე. აჩვენა მსოფლიოს ნამდვილი პრიმადონას ხელოვნება. გამოსათხოვარი წარმოდგენები ალფრედო კრაუსთან, მისი თაობის ერთ-ერთ უძლიერეს ტენორთან ერთად გამართა. 1990 წელს 63 წლის ასაკში გამოემშვიდობა სცენას და საოპერო კონკურსების ჟიურიში გადაინაცვლა.

2008 წლის 3 ივლისს ბაღში საქმიანობისას 81 წლის საზერლენდმა ორივე ფეხი მოიტეხა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკეთდა, ასაკმა მაინც თავისი ქნა. 2009 წელს იგი კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინ. საოპერო სივრცეში კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ავტობიოგრაფიული წიგნი “პრიმადონას პროგრესი“.

ჯოან საზერლენდი, მე-20 საუკუნის ოპერის უბადლო ლეგენდა და ერთ-ერთი უკეთილშობილესი ადამიანი, სულ რამდენიმე დღის წინ, 10 ოქტომბერს გარდაიცვალა. პოსტის წერა მის სიცოცხლეშივე დავიწყე და ახლა მოვრჩი. გადავწყვიტე, არაფერი შემეცვალა. აქ ხომ ადამიანის ორი საწყისი, ჩემდა უნებურად, გაერთიანდა.

მშვიდად განისვენეთ, ქალბატონო ჯოან და მაპატიეთ, “ყბაჩოს” რომ გეძახდით. ძალიან მიყვარხართ და ვისურვებ, ბელკანტოს კარი თქვენსავით ვინმემ ოდესმე ეგებ კიდევ გააღოს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “ჯოან საზერლენდი – ბელკანტომ კარი გაიხურა

  1. მარი

    ახლა ვათვალიერებ გუგლში. სულაც არაა მახინჯი და არც ისე უშნო ყბა აქვს, უბრალოდ რაღაცნაირად იცინის. მე ეგრე მეჩვენება და რა ვიცი…

    1. zurriuss Post author

      მართალი ხარ. უბრალოდ, ბევრი ჩლუნგი იფიქრებდა იმავეს და ბარემ დავასწარი.

  2. სიყვარულოვნა

    სულაც არ მომეჩვენა მახინჯი. ნუ პირველ სურათზე მეც ეგეთი რეაქცია მქონდა, მაგრამ დანარცენებში ნორმალურია.
    ხო და რა მაგარი ხმა აქვს <3

  3. მარი

    ისა და, მი-ბემოლი რა შუაშია? როგორც ვიცი, სოპრანოები მეოთხე რეგისტრში, მესამე ოქტავის დოზე იქით ვეღარ მიდიან. ჰა?არა? :roll:

    1. zurriuss Post author

      მეოთხე რეგისტრი რა არის, ვერ ამიხსნი? არსებობს სამი რეგისტრი: მკერდის (დაბალი), შუა და თავის (მაღალი). და შენ რომ დო ახსენე, მაგას დრამატული სოპრანოებიც იღებენ. მაგაზე მაღლა ლირიკული სოპრანოები ადიან და კოლორატურულები კი ფა-ს იღებენ. საზერლენდი ფა-დიეზამდე ადიოდა :)

      1. მარი

        აჰა, გასაგებია. ესეც კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ სკოლაში მუსიკას ტყუილად ასწავლიან. :D ხოდა, მეოთხე რეგისტრი კიდე სოპრანოებს, მეცო-სოპრანოებს და ტენორებს აქვთ მარტო, თუ ეგეც ტყუილი არ გამოდგა :D

  4. Sophie SUNNY Golden

    მაგარი ქალია, როგორ ხმას უშვებს ფილტვებიდან, გავოცდი.

    ზურა, შენი ბლოგი რომ სწრაფად იტვირთებოდეს, არაფერი აჯობებდა ამას :(

    1. zurriuss Post author

      რას ამბობ, ძველი დიზაინიდან ყველაფერი ამოვყარე და უფრო აჩქარდა თიქოს :(
      მადლობ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.