Jessye Norman – ტრანსუალური სევდა

მიყვარს, როდესაც სიმღერის მოსმენისას სიტყვებს ემოციები და განცდები მაგებინებს

რატომღაც მგონია, რომ ყველაფერს, რაც ამქვეყნად ხდება, აქვს ორი მხარე – პაპსა და იდუმალი. პაპსა ან მდარე ხარისხის პროდუქტია ან მასებისათვის ადვილად გასაგები შედევრი. მაგალითად, “კარმენი”. ე.წ. იდუმალი ქმნილება არის “ტრისტან და იზოლდა“. ერთი იმიტომ, რომ ლეგენდაა და თავის თავში რამდენიმე ლეგენდას აერთიანებს. მეორეც, ვაგნერმა ეს ყველაფერი ისეთ ფსიქოლოგიურ ოპერად გარდაქმნა, რომლის “წასაკითხად” ბევრი რამის წაკითხვაა საჭირო. სწორედ იზოლდას ძიებაში ვიყავი, როცა ჯესი ნორმანი აღმოვაჩინე.

მუსიკა სველთბილ ბორდოსფერ სიბლანტედ მიედინება, როცა სოპრანოს sepia-სფერი ხმა მასში ლილის საღებავივით იხსნება. ფერწერული ემოცია ქვეცნობიერ თანაგრძნობად გარდაიქმნება. სევდიანი ტრანსი…

რთული მომღერალია, ძალიან თავისებური.  მიუხედავად უდიდესი მსახიობური ნიჭისა, ოპერებში თამაშს საკონცერტო გამოსვლები ურჩევნია, რადგან ასე უკეთ ხედავს მაყურებელთა თვალებს. ვოკალური მაგიის ხელოვანმა იცის, როგორ აიყოლიოს პუბლიკა, გაატაროს მუსიკალური პასაჟების თითოეულ გულმოდგინედ გაპრიალებულ საფეხურზე და ფინალის მომენტში გათიშოს მთელი დარბაზი. სიჩუმის ხმა, რომელსაც სუნთქავ, მუსიკის ფილოსოფიური ნისლია.

იშვიათია, როდესაც მომღერლის ვიზუალი და ხმა ისე ორგანულად იყოს ურთიერთშერწყმული, როგორც ამ სოპრანოს აქვს. თითოეულ სიტყვას მაქსიმალურად მკვეთრი არტიკულაციით გამოთქვამს. თითოეულ ბგერაში წარმოუდგენელი რაოდენობის ემოციას დებს. მისთვის არ არსებობს მსუბუქი რეპეტიცია. სცენაზე გასვლის ნებისმიერი მომენტი ჯესისთვის მუსიკალური ღვთისმსახურებაა, სადაც მოდუნება არ მოსულა. ამბობს, რომ მისი ხმა “საკუთარი სუნთქვის ფიზიკური, ემოციური, სულიერი და ინტელექტუალური გამოხატულებააა.”

მისი ხმა იმდენად ძლიერი, მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველია, რომ სცდება, როგორც ვოკალურ კლასიფიკაციას, ისე საოპერო თეატრებს. ჯესი ნორმანს მოიხსენიებენ დრამატულ სოპრანოდ, თუმცა თავად წინააღმდეგია ხმის ასე “ჩარჩოებში მოქცევისა”. მას სურს, იმღეროს ყველაფერი, რაც გულით უნდა, მთავარია, იმღეროს უმაღლეს დონეზე და სრულიად გულწრფელად. აქედან გამომდინარე, ნორმანის რეპერტუარში ხვდება უამრავი სხვადასხვა ტიპის ვოკალური ნაწარმოები. სცენაზე  35 პარტია აქვს ნამღერი. ერთ-ერთი პირველი იყო “აიდა”. თუმცა იგი არ გაჰყვა ტრადიციულ იტალიურ სკოლას და საკუთარი ხმის მელოდია გერმანულ მუსიკაში იპოვა.

ჯესი ნორმანს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამართულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონის ღონისძიებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. მისი სცენური გამომსახველობა, ინტერპრეტაციის გასაოცარი უნარი და უზარმაზარი ხმა დიდი ღონისძიებების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. ასე მოხდა 2001 წელსაც, როდესაც მომღერალმა მონაწილეობა მიიღო ნასას პროექტისადმი მიძღვნილ საგუნდო სიმფონიაში "Mythodea", რომელიც კომპოზიტორმა ვანგელისმა შექმნა.

დაიბადა 1945 წლის 15 სექტემბერს აუგუსტაში, ჯორჯიას შტატში. მუსიკოსთა ოჯახში. როგორც თავად ამბობს, ლაპარაკზე ადრე სიმღერა ისწავლა, ხოლო პიანინოზე დაკვრა კი – სიარულზე ადრე. ბავშვობისას, როცა ტელევიზორით მერიენ ანდერსონი მოისმინა, სცენაზე დგომის სურვილი გაუჩნდა. 16 წლის იყო, როცა ამ მომღერლის სახელობის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიმარჯვა, მიიღო ჰოვარდის უნივერსიტეტის სტიპენდია. შემდეგ სწავლა პიდბოდის უნივერსიტეტში განაგრძო, მიჩიგანის უნივერსიტეტში კი ხარისხი დაიცვა.

ნორმანის დებიუტი 1969 წელს ბერლინში შედგა რიჰარდ ვაგნერის ოპერით “ტანჰოიზერი”. იშვიათია, როდესაც სადებიუტო შესრულება ისეთი წარმატებული აღმოჩნდეს, როგორც მის შემთხვევაში მოხდა. იმ დღიდანვე ახალგაზრდა მომღერლის ხმას “უდიდესი” ეწოდა, რომელმაც შემდეგ წლებში მრავალი უმაღლესი ხარისხის ჯილდო მოუტანა. 1990 წელს იგი გაეროს კეთილი ნების ელჩად დაასახელეს, 1997 წელს კი Kennedy Center Honors-ის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. ეს ჯილდო მიენიჭება ყველა ცოცხალ ცნობილ პირს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამერიკის კულტურულ ისტორიაში. საერთო ჯამში კი მომღერლის ჯილდოები 33-ს ითვლის.

2009 წელს პრეზიდენტმა ობამამ ჯესი ნორმანი აშშ-ის ხელოვნების ეროვნული მედლით დააჯილდოვა

ჯესი ნორმანის მოსმენისას არ გახსენდება არაფერი სხვა, რადგან რეპერტუარით, ხმის ტემბრითა და ინტერპრეტაციით, იგი არავის ჰგავს. მიუხედავად ხმის პომპეზურობისა, ათასობით მსმენელისათვის გადმოღვრილი ვოკალი ყველასთვის ინდივიდუალურ ფერთა გამად იშლება. მასში ყველა საკუთარ, ინტიმურ ნეტარებას ჰპოვებს.

გერმანული მუსიკა და ვაგნერის ოპერები არასდროს ყოფილა ისე რთული, ისე სავსე და ისე ინდივიდუალური, როგორც ამ მუსიკალური მაგის შესრულებისას…

და არასდროს ყოფილა “იზოლდას დატირება”  ისეთი სევდიანად ტრანსუალური, როგორც  ჯესი ნორმანის მღერისას.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

11 thoughts on “Jessye Norman – ტრანსუალური სევდა

  1. wasp

    ის არის არა ჩვეულებრივი,არამედ არაჩვეულებრივი ხმის პატრონი …რამოდენიმე მისი შესრულება მოსმენილი მაქვს….

  2. მარი

    უი, დღეს დაბადების დღე ჰქონია და 65 წლის გამხდარა. ვულოცავ! :D
    ხო, კიდევ ვიტყოდი, რომ სულაც არ ეტყობა 65 წლის თუ არის და შენ კიდე დროზე დაწერე ახალი პოსტი, თორემ ხომ იცი, ასეთები არ ამართლებს ხოლმე შენს ბლოგზე (კომენტარების მხრივ) :green:

  3. ანი

    ვგიჟდები შენი ბლოგის კითხვაზე როცა მუსიკასაც დებ. და როცა მუსიკა მთავრდება მაშინ ვამთავრებ ხოლმე ზუსტად კითხვას. ძაან ამგარი იყო და მომეწონა როგორც მღერის და საერთოდაც მიყვარძარ :)

Leave a Reply to მარი Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.