ჯაზზი ოკეანის ფსკერზე

იყო ერთი ჯაზის მოყვარული ბუზი ზეზვა, რომელიც ლუი არმსტრონგის საყვირში ცხოვრობდა. ყოველდღე პატრონის კონცერტებს გულანთებული უსმენდა და თავისთვის ჯაზურ რიტმში ბზუოდა. ღამღამობით კი საყვირის ჩემოდანში ერთი პატარა ჭუჭრუტანიდან შებობღდებოდა და ინსტრუმენტში მოიკალათებდა. ზეზვამ იმდენი ქნა, რომ ბზუილით პატრონის ზუსტ პაროდიას აკეთებდა, ხოლო ვინაიდან ლუი არმსტრონგი დიდი მუსიკოსი იყო, ზეზვაც არანაკლები ბზუიკოსი შეიქნა. ერთხელაც, როცა ლუი ევროპული ტურნესათვის გემით ატლანტის ოკეანეს სერავდა, გემბანზე გამოფრენილი ზეზვა ქარმა წაიღო და წყალში მოისროლა. იქ მას ბევრი არ უწვალია: მშიერმა თევზმა ხახაში გადაისროლა და ზეზვას ცხოვრების პირველი ნაწილიც ასე დასრულდა.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/04/Louis-Armstrong-Solitude.mp3|titles=Louis Armstrong – Solitude]

უკუნეთი სიბნელისაკენ მიექანებოდა კმაყოფილი და მაძღარი სხმარტალა გველთევზა, როცა მუცელში რაღაცამ გაუბზუილა. შეჩერდა. ლაყუჩი უგდო. ზეზვა გამეტებით იბრძოდა და თავგამოდებით ბზუოდა. ეს ხომ ის რიტმია, ის პასაჟია, რომელსაც მისი ბენდი ამდენ ხანს ეძებდა. არა, ზეზვა დღეს არ მოკვდება, უნდა გადაარჩინოს! გველთევზამ წყლის ზედაპირზე ამოცურა, კუჭი ჰაერით გაივსო და ბზუილ-ბზუილით ჩაეშვა ძირს. ასე გაიმართა ჯაზზი ოკეანის ფსკერზე.

ბევრი იბზუა თუ ცოტა იბზუა, ზეზვას თითქოს ნაცნობი ხმები მოესმა. ეგონა, ვიღაც ღვთისნიერმა გველთევზა ბადეში გამოიმწყვდია და გემზე აიტანა. ახლა ისღა დარჩენოდა, დალოდებოდა, როდის გამოფატრავდნენ და მერე ისევ შეძლებდა უდარდელად ბზუილსა და ფრენას. ვერ მოგართვით, ბატონო ზეზვა. გველთევზამ ფსკერზე შეკრებილ უკუნეთში მოლივლივე მანათობელ ჩონჩებს თავისი მუსიკალური ნანადირევის შესახებ უამბო.

ბენდის წევრები:

 

აბრაჰამი - ტრომბონი

 

პოლიკარპე - კლავიში

ზიგფრიდი - დასარტყამები

 

სედრიკი - საქსოფონი

ლაფშა ჯეკი - პირველი საყვირი

 

ზიგმუნდი – მეორე საყვირი
ციალა ბობოყვათიდან – ვოკალი
ჟორა-კალატოზი – ბანი
ცქრიალა – ბექ ვოკალი
ბეცი ჟუჟუნა – ბექ ვოკალი

 

ქრომოსომა ქორიძე - გამნათებელი

ლიფსიტა კოწახურიძე - ელექტრიკი

სხმარტალა - დამლაგებელი

დავიტოვოთ, დავიტოვოთო – ერთხმად შესძახეს მუსიკოსებმა და გველთევზამაც შვებით ამოისუნთქა. ბუნებრივია, მას საბრალო ზეზვაც ამოჰყვა. ის-ის იყო, ხსნას ელოდა, რომ ოკეანის ფსკერზე მოადინა ზ$ღართანი და ხრჩობა დაიწყო. გველთევზამ ისევ პირში გადაისროლა ბენდის ახალი წევრი და სასწრაფოდ ოკეანის ზედაპირისაკენ გასრიალდა, ჰაერის ახალი ყლუპის ასაღებად. აი, მიასწრო თუ არა, ეს თქვენთვის მომინდია :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “ჯაზზი ოკეანის ფსკერზე

  1. Mari

    ლოლ, რამდენი ვიცინე :))) ჩემს დაქალს ჰყავს, წარმოსახვითი ტილი მეგობარი, რომელსაც ზეზვა ჰქვია და სიმბიოზურ თანაცხოვრებას ეწევიან :)))

  2. ნათიკო :)

    ვაიმე რა მაგარი იყოოო :d ყურებამდე გაღიმებული ვკითხულობდიიი :d :d :d :d მევასება ესეთი რაღაცეები ძაან :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.