ის მაინც მოვა

ახალ წელს იშვიათად მახარებს და მსიამოვნებს რამე, ოჯახთან გატარებული წუთების გარდა. ასე იყო შარშანაც, შარშანწინაც და 2014-შიც. თუმცა, სანამ დროა და როცა შეგიძლია, სხვადასხვა სიტუაციებშიც უნდა დატესტო თავი, რათა, პირველ რიგში, საკუთარ თავს ახლებურად შეხედო. ასე ავდექი 31 დეკემბრის დილას, ავიღე ზურგჩანთა და ახალი წლის შესახვედრად ქუთაისიდან ბათუმში წავედი. მშობლებს ეწყინათ, ცოტათი მეც გული მწყდებოდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, 2012 წელს, საერთოდ, სამხედრო სამსახურის პოსტზე შევხვდი და ეს განშორება მას ვერც შეედრებოდა. ახალ წელს თავისი “მე” აქვს, ასე რომ, ის მაინც მოვა.

ბოლო დროს სოციალურ თემატიკას მჭიდროდ ვარ მოდებული. “ჩაიხანაში” მუშაობამ ამ თემაში ბევრი საინტერესო რამ მაპოვნინა. ასე რომ, თუკი გინდათ, გაიგოთ ხალხის წინასაახალწლო განწყობა, გადით ბაზრობებზე, იკითხეთ ფასები, დღევანდელ ცხოვრებაზე ერთი-ორი ფრაზაც მიაყოლეთ და მიღებული პასუხებით ყველაფერს გაიგებთ.

ამ ფოტოებში ვეცადე, სწორედ ის ელემენტები დამეჭირა, რაც ახლავს ხოლმე ერთ-ერთი რიგითი ახალი წლის მოახლოებას ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურობაში. მიუხედავად ქვეყანაში არსებული ბევრნაირი კრიზისისა, ხალხის საუბრებში იმედი მესმოდა. გამყიდველებს ეჩქარებოდათ, ცოტ-ცოტას ყველაფერზე უკლებდნენ ფასს, რომ ახალი წლისთვის მომზადება თვითონაც მოესწროთ.

არაცენტრალური უბნებისგან განსხვავებით, ერას მოედანი ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი “უპრეცედენტო” და “პირველად საქართველოში” არ ყოფილა, იქაურობას რაც ნამდვილად არ აკლდა, სიხარული იყო. უფრო სწორად, რაც ვიზუალურად აკლდა, ხალხი ანაზღაურებდა. მივიხედ-მოვიხედე და ნეგატიური ემოციით არავინ დამინახავს – ეს ყველაზე მეტად მესიამოვნა, რადგან, ათას ფოიერვერკს, ერთი გულწრფელად გახარებული ადამიანი ყოველთვის მირჩევნია.

ჰო, მართლა, წელს გლინტვეინი, როგორც იქნა, იქცა საახალწლო ზეიმის ნაწილად და არ აკლდა იქაურობას.

 

მერე ახალი წელიც მოვიდა. ისევ ისე, როგორც ადრე: ხმაურით, ფოიერვერკებით, ცნობილი სახეებით და ჩემი მუსიკოსი მეგობრებით სცენაზე.

ის სიმშვიდე, რომელიც ამ ქალაქს ახლავს, ყველაზე გიჟურ სეზონებზეც კი იგრძნობა და განსხვავდება თბილისურისგან. მიუხედავად წვიმისა, ტალღებისა და სხვადასხვა სიბობოქრისა, რომელიც ბათუმს ახასიათებს, ეს ქალაქი ჩემთვის (და კიდევ ბევრისთვის) ყოველთვის დარჩება დამშვიდების, განტვირთვის, ძალების მოკრებისა და საკუთარ თავზე დაფიქრების ადგილად.

 

 

 

როცა მატარებელი დაიძრება და ქალაქის კონტური ჰორიზონტზე დამოჩნდება, რაზე ფიქრობთ ხოლმე ყველაზე ხშირად ბათუმიდან დაბრუნებისას?

პ.ს. გილოცავთ შობას, ახალ წელს და წინაზე ბევრად უკეთესი წელი გქონებოდეთ.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »