ინფორმაცია, როგორც შაბიამნის ახალი პარტია

Playing with the plane.

Playing with the plane.

ტიპური დილა: ახელ რომელიმე თვალს, იშვერ რომელიმე ხელს, იღებ ტელეფონს და ცალი თვალით იგებ, რომელი საათია. მერე WiFi-სთან მიერთების ღილაკს აწვები და მორიგ ნახევარ საათს გაუნძრევლად, ნოტიფიკაციების ნახვა-გაფილტვრაში ატარებ. შემდეგ, შარდის ბუშტის კრიტიკულ ზომებამდე გაწელვის გამოისობით, ტუალეტში მიდიხარ. იქიდან გამოსული კი ხსნი ლეპტოპს და ინფორმაციულ აუზში იკარგები. ეს შენი რეალობაა. დღე, რომელსაც შენ აღარ წყვეტ.

შენს ნაცვლად, დღეს შენი სმარტფონი, ფოსტა და, რა თქმა უნდა, ფეისბუკი აზროვნებს. თვალიც და “ხელიც” მათკენ გაგირბის. უკვე თავში წარმოსახვითი ხმოვანი შეტყობინების სიგნალი გირეკავს და ახალი შეტყობინების მოსვლას გაცნობებს. შენს დამოუკიდებელ ცხოვრებას წერტილი თავად დაუსვი და ამაში სოლიდური თანხაც გადაიხადე (ან ჯერ კიდევ იხდი, განვადებით).   სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის წყალობით, პრაქტიკულად ყველაფერი გვაქვს, რის შესახებაც მანამდე კითხვა-კითხვით, ტელევიზორით თუ ყურმოკვრით იცოდი. ახლა, თუკი დაგუგლვა არ გეზარება, პასუხს ყველაფერზე მიიღებ. ვიღაცას მაინც ექნება შენი საყვარელი ბენდის ახალი ალბომი, ფილმი ან სერიალის მომდევნო სერია პირატულად ჩამოტვირთული. შენც აღარ დაელოდები კარგი ხარისხით გამოსვლას და ჩამუქებულტონებიან გამოსახულებას აშტერდები. ხარისხი დრომ იმსხვერპლა.

ინფორმაცია, როგორც შაბიამნის ახალი პარტია.

არადა, 90-იან წლებში, როცა ნორმალურად არც შუქი გვქონდა და კომპიუტერზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო საუბარი, ამბებს ერთმანეთისგან და გაზეთებიდან ვიგებდით. ვჭრიდით საინტერესო ადგილებს, ერთ რვეულში ვაკრავდით, ჩვენს შენიშვნებსაც მივუწერდით და ასეთი პირადი ენციკლოპედიებით ვიკმაყოფილებდით ინფორმაციულ შიმშილს.   დღეს კი, ჩვენი იმ ნაწვალები, რუდუნებით შეგროვილი ამბებისგან დიზაინერს შეუძლია, ძალიან მაგარი ინფოგრაფიკა გააკეთოს, რომელიც მთელს ჩვენს ნაწვალებს ერთ გვერდზე დაიტევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელზეც აქამდე ნადირობდი, იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, რომ გაუფასრუდა.   ბავშვობაში ოცნება მქონდა, რაც შეიძლებოდა, მეტი კარგი ფილმისთვის მეყურებინა. სანამ ქუთაისში ვცხოვრობდი, ნორმალური ინტერნეტი არ მქონდა და მშურდა მათი, ვინც ლეგენარულ avoe.ge-ზე “ყველა ფილმს” უყურებდა. დღეს კი, როცა “ყველა ფილმი” მაუსის ერთ გაწვდენაზეა, მათი ყურება ან მეზარება, ან შინაგანად ვერ ვიცლი. ფილმები გაუფასურდა.

ყველაფერი უფრო და უფრო სწრაფად ხდება.

მოუსმინე ალბომს და რა? რა სიამოვნება მიიღე, როცა თავში 1000 საფიქრალი, გეგმა და დედლაინი გაქვს? შენ ფაქტობრივად არაფერი გაგიღია ამ ალბომის მოსასმენად, სულ რამდენიმე დაწკაპუნება კლავიატურასა და მაუსზე და უკვე ისმენ იმას, რაზეც შემქმნელებმა საათები, თვეები და წლები დახარჯეს. შენ კი ისევე მარტივად განსჯი ამ ყველაფერს, როგორც გალერეაში ჩაუვლი ნახტს, რომელზეც მხატვარმა მთელი თავისი ეგზისტენციალური მსოფლმხედველობა გადაიტანა. არადა, დიდი რუსი კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი ამბობდა, კარგი მუსიკა რომ აღიქვა ინტელექტუალურად დაძაბული და ემოციურად აღმქმელი უნდა იყოო…

რა ვქნათ? მოვუწყოთ საკუთარ თავებს ინფორმაციული დიეტა, ვაკუუმი? მაშინ თვითტირანიამდე და სიბნელემდე მივალთ.

ხელი არ ვახლოთ ინფორმაციულ ქაოსს? მაშინ იგი კიდევ უფრო გადაგვყლაპავს, გაგვაპასიურებს და შეფასება-დაფასების უნარს გაგვიქრობს. ისევ სიბნელე.

გამოდის, რომ არაფერი (ინფორმაციული სიცარიელე) და ყველაფერი (ინფორმაციული სისავსე) ერთი და იგივეა, ნოლია. არაფერია, თუკი პირადად შენ იქიდან არაფერს იხეირებ. ყველაფერში მთავარი ხარ შენ. შენ – შენთვის, მე – ჩემთვის. ზუსტად იმ პრინციპით, რის გამოც ჭამ საჭმელს. შენ ჭამ იმისთვის, რომ შენ გაძღე და არა იმიტომ, რომ სხვა გაძღეს.

მთავარია, არ დაგეზაროს და ყოველდღე (ფიზიკური ვარჯიშის მსგავსად) შეხვიდე რამდენიმე must see საიტზე, გაეცნო მინიმუმ 3-5 სტატიას/ბლოგპოსტს/ვიდეოს, რათა  მუდამ იცოდე, საით მივდივართ და რა ხდება ამ გზაზე. ყოველთვის სხვაზე წინ იქნები, თუკი მასზე რაღაცით მეტი იცი. ინფორმაციულ შიმშილსა და ინფორმაციულ ჰიპერტროფიას შორის ხარ შენ, რომელმაც ხელ-ფეხი ისეთნაირად უნდა ამოძრაო, რომ მუდამ მათ შუაში დარჩე.

 P.S. კუჭს ვნებს, როგორც უჭმელობა, ისევე ზედმეტი ჭამა, მაგრამ, რამდენიც უნდა ჭამო, თუ მონელების საქმე ცუდად გაქვს, არც მაშინ გეშველება.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »