იმ დღეს ანძიდან გადმოვიხედე

იმ დღეს ანძიდან გადმოვიხედე,

შორი ნისლების კრთბოდა ალი,

თბილისი თბილისს აღარა ჰგავდა,

თავი მეგონა უგონოდ მთვრალი.

ეს ამოძახილი გიორგი ლეონიძეს არც თავის დროზე დაუფასეს და ახლა ხომ საერთოდ აღარ ახსოვთ. ამასწინათ მეც (უკვე მეორედ) მომიწია თბილისის ტელეანძაზე ასვლა და, სანამ ფოლადის “საყრდენ ფეხში” დამონტაჟებული ლიფტი ცისკენ მიმასრიალებდა, ეს ლექსი გამახსენდა. ავაღწიე თუ არა დანიშნულების ადგილამდე (მრგვალ ნაწილში, 170 მეტრზე), ფანჯრებს ვეცი. მეგონა, სიმაღლიდან დანახული თბილისი მაინც გამაოცებდა, და იცით, როგორი განცდა დამეუფლა? დაახლოებით ისეთი, ნაგავსაყრელს რომ ზემოდან გადაუფრინო. წერტილიდან, რომელიც მტკრის დონიდან 570 მეტრზეა, 360°-ით ხედავ ყველა უბანს ხელს არაფერი გიშლის. მეც ავდექი, ტელეფონს ზუმ ლინზა გავუკეთე და ქალაქის თვალიერებას შევუდექი.

ყველაზე ახლოს ეშმაკის ბორბალი ჩანს. ქვემოდან გრანდიოზული, ზედხედში მიტოვებული და გადატყავებულ ბუნებაში ჩაკარგული მომეჩვენა.

 

გავიხედოთ სამხრეთ-აღმოსავლეთით, აბანოთუბან-ორთაჭალა-ავლაბრისკენ და კიდევ უფრო შორს. აბანოთუბნის (მარჯვენა ქვედა კუთხე) თიხისფერი სახლები და სახურავები ერთადერთია, რაც უბანს თავის იერსახეს აძლევს. დანარჩენი მაკულატურისფერია. ბერიას ინიციატივით კალაპოტში მოთავსებულმა მტკვარმა მთელი დღევანდელი რიყის პარკი და მიმდებარე ტერიტორია დაანგრია და წყალქვეშ მოაქცია.

გავიხედოთ აღმოსავლეთით – სამება და ცოტა ქვემოთ, პრეზიდენტის სასახლე. სამების ადგილას ერთ დროს სომეხთა პანთონი, ხოჯივანქი იყო, რომელიც მე-17 საუკუნიდან არსებობდა და კომუნისტებს შეეწირა. კანტიკუნტად შემორჩენილი ხეები კი, რასაკვირველია, ტყეები იყო.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ამაყად გაშლილი იუსტიციის სახლის ადგილას კორტები იყო, მე-19 საუკუნეში კი – მადათოვის კუნძული. დღეს რომ გზა ჩამოუდის, იქ მტკვარი მოედინებოდა და ე.წ. მშრალი ხიდის ქვეშ გადიოდა. თბილისის დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი ხიდიც ეგ არის, ჯოვანი სკუდიერის მიერ 1851 წელს აგებული ვორონცოვის ხიდი. 30-იან წლებში ბერიამ მტკვრის ეს კალაპოტი ჩააკეტინა და კუნძული მარჯვენა სანაპიროს შეუერთა. ხიდიც მაშინ “დაშრა”. სიმწვანე კი ეტაპობრივად, მიზანმიმართულად გაიკაფა.

ცოტა ქვემოთ დავიხედოთ. ეს მთაწმინდის ქუჩაა, მე-19 საუკუნის უბანი. თავის დროზე მის სიახლოვეს კათოლიკეთა სასაფლაო იყო, რომელიც კომუნისტებმა მოასწორეს, დღეს კი თანამედროვე კორპუსები ჭამენ.

რუსთაველსაც შევავლოთ თვალი. ოპერა ისევ ოპერობს, სამაგიეროდ, ყოფილი იუსტიციის სამინისტროსა და ყოფილი SONY-ის შენობა დღეს მხოლოდ ფასადური კედელია. სასტუმროს აშენებას აპირებენ მანდ. ქუჩა, რომელიც რუსთაველს უერთდება, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელს ატარებს, რადგან ის უბედური შემთხვევა 1846 წელს სწორედ  მათს გადაკვეთაზე მოხდა. ოპერის უკან, სადაც ახლა პოლიციის შემინული ოფისი დგას, მეფის რუსეთის დროს, არტილერისტების შენობა იყო. ბროსეზე მისი ერთი ნაწილი შემორჩენილია. ამ ნაწილში, პრაქტიკულად, ყველაფერი ძველია, მაგრამ ყველა შენობა მისახედია.

გავყვეთ რუსთაველს ბოლომდე. მელიქ აზარიანცის უაზრმაზარ სასახლეს 1930-იანებში აგებული კინოს სახლისა და მეცნიერებათა აკადემიის შენობა ეფარება. მის ეზოში რესტავრაციის მომლოდინე საბაგიროს შენობა დგას, მაგრამ საშველი ვერ დააყენეს. ვარდების ანუ ყოფილი რესპუბლიკის მოედანი კომუნისტების შექმნილია. მანამდე იქ დაღმართი და ეკალბარდები იყო. გალერის შენობა და კიდევ ერთიც ახვლედიანის დასაწყისში (პეროვზე) – რუსული ეკლესიები იყო. სადაც დღეს მრავალწლოვანი ზეთისხილის ხეა, იქ ლამაზი ნაგებობები იდგა.

ვერესთან მოახლოებას კომუნისტური და 2000-იანების ბუმი მატულობს. ძველი, ახალი, ურპოპორციო და უფორმო ბეტონის მასების გროვა.

საბურთალოსთან ერთდ, ქალაქი ოფიციალურად წყვეტს სუნთქვას. მარცხენა ქვედა მხარეს გამოჩენილი სიმწვანე ზოოპარკია. უფრო სწორედ, ის, რაც მისგან დარჩა.

ქინგ დევიდი და სიმწვანეში ჯერ კიდევ ჩაფლული ცირკი, რომელსაც ნელ-ნელა ხეები აკლდება. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ფერი პრაქტიკულად აღარ არსებობს.

დიდუბე არქიტექტურის ცოცხალი სასაფლაოა, რომელსაც მუშტაიდის ბაღისა და ქუჩებზე შემორჩენილი რამდენიმე ხე ვერაფერს უშველის.

ამ თავღია აკლდამას ვაკე ჰქვია, ხოლო მეორე მხარეს საბურთალო მოჩანს.

მერე უკვე სულ აუტანელი და უაზრო ხდება გახედვა, ამიტომ ტელეფონს ზუმ ლინზა მოვხსენი და აღარც გამიხედავს. მივხვდი, რომ, ვერაფრის შეცვლის განცდა გულს მირევდა, რადგან ამ ყველაფრის გამოსწორებას უნდა ძალიან დიდი დრო და ძალიან ბევრი ფული.

ძალიან ბევრი ფული აქვეა. აი, აქ, რომელსაც ხალხი ორჯერ ენდო, თუმცა მას, აღა-მაჰმად ხანის მიერ გადამწვარი ტყეების აღდგენაზე კი არა, თავისთან ახალი ნერგების დარგვაზეც არ უფიქრია.

პ.ს. ლექსი, რომელიც პოსტის თავში დავდე, გიორგი ლეონიძეს არასდროს დაუწერია. ასეთ თბილისს იგი არ მოსწრებია.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »