მე რომ ფული მოვიგო…

ადამანებს ჩვევიათ ფულიანი, ან სულაც, კარგი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ახლობლების გარშემო შემოკრება, ზუსტად ისე, როგორც ჭიანჭველებს – ჩემ მიერ ამასწინათ მისიკვდილებული კალიის გარშემო. ორივე ჯგუფის მთავარი საზრუნავი “საბადოდან”, რაც შეიძლება, მეტის გატანაა. 

სანამ “საბადო” თავის ფინანსურ პოზიციებზე მყარად დგას და სტაბილურად გამოიმუშავებს “რძეს”, სანათესავო-საახლობლო დიიიდი მზრუნველობით უვლის და ეფერება მას. ვინ აღარ აკითხავს სახლში, ვინ აღარ ურეკავს, ვინ აღარ ულოცავს, ვინ აღარ “აწუხებს” მორიდებული მზერითა და 50 ლარის სესხებით, ვინ აღარ ნიშნავს თამადად ქორწილებში, ნათლობებსა და ქელეხებში, ვინ ვის აღარ ანათლინებს. სანამ “საბადო” “რძეს” იწველის, მანამ თითქმის არ გჯერა, რომ ოქროს ძაფებით გადახლართული მეგობრობა, სიყვარული და გვერდში დგომა, სინამდვილეში, ერთმანეთზე აკოკოლავებული ფულის შეკვრებზეა დაფუძნებული. ღმერთმა ნუ ქნას და სა-ფუ(ლ)-ძველი შეირყას…

ვინაიდან “არაფერია მარადიული” ბუნების ერთ-ერთ ურყევ კანონზომიერებაგანია, “საბადოც” იწურება და “რძეც” შრება. იწყება აგონია. “საბადო”, როგორც მომაკვდავი ვარსკვლავი კოსმოსის თაღზე, ნელ-ნელა კარგავს ფინანსურ ძალას და იძულებულია, ისედაც შემცირებული “რძე” თავის თავს მოახმაროს. ეს კი საგონებელში აგდებს მეგობრებს, მეზობლებს, მეზობლის მეზობლებს, უახლოეს თუ უახლოესის უახლოეს ნათესავებს, რომელთაც “საბადოსთან” მრავალგზის შეფიცული ძმობა, მეგობრობა და ნათელმირონობა აკავშირებთ. “რძის” ჩუქება-თხოვება-სესხებაზე მიღებული უარის გამო კი იწყება საერთო გაოცება, რომელიც საერთო გაუცოხების ეტაპამდე საკმაოდ მალე და დამაჯერებლად გაივლის ბუზღუნის, უკმაყოფილებისა და სიძულვის საფეხურებს. შედეგად, ყოფილი “საბადო” ჭიანჭველების გამოხრული კალიასავით მარტო რჩება და, თუ გაუმართლებს, რამდენიმე ახლობელიც გვერდით ეყოლება, რომლებიც “რძის” გამო არ ეახლობლებოდნენ.

ერთხელაც მე რომ დიიიდი ფული მოვიგო, რაც უთუოდ გააჩენს ჭიანჭველების იმ კოჰორტას, ჩემს ოჯახს რომ გარს ეხვია, რა უნდა ვქნა: ვიყო ხელგაშლილი და ვთესო სიკეთე, მანამ, სანამ არ ამოვშრები და მარტო არ დავრჩები (არავინ შემომედავოს, რომ ადამიანს ფულის მოპოვების ინსტინქტი არა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ათასნაირად მობოზავე კაცობრიობა არ იარსებებდა), თუ შევინარჩუნო “ახლობელთა” სტატუს-კვო და ყველა დანარჩენის თვალში გაქსუებული ღორმუცელა გავხდე? როგორ ავუხსნა, როგორ დავაჯერო ადამიანთა ჯგროს, რომ “საბადოები” მხოლოდ რიგითი იღბლიანები არიან, რომლებიც სწორედ იღბლიანობის გამო ისჯებიან.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

7 thoughts on “მე რომ ფული მოვიგო…

  1. ნინო

    რა თქმა უნდა, ჯობია გაქსუებული ღორმუცელა გახდე, თუმდა ქართულად ამას უფრო ლაკონურად ‘ჟმოტობას’ დაარქმევენ :)

    1. zurriuss Post author

      აჰა, დავწერე წესიერი პოსტი და მარტო შენ მომაქციე ყურადღება. სპასიბო, ნინო :green:

  2. An Na

    მე ღორმუცელობას არ გირჩევდი :დ
    მე ვერ გავხდებოდი და მომიტევეთ …
    ეგ კიაარა ბავშვობაში ვოცნებობდი, ნეტავ მილიონერი ვიყო , საქართველოს ბიუჯეტს შევავსებდითქო :დდდდდდდდდდდდ

    1. zurriuss Post author

      მილიონერი რომ იყო, საქართველოს ბიუჯეტს ისედაც შეგავსებინებდნენ :green:

  3. მარი

    აი, ზუსტად ამიტომ მძულს ფული. ყველა აფერისტობისა და უბედურების მიზეზი :|

  4. Katiee.Ge

    მოდი, ჯერ მოიგე და მერე მოვიფიქროთ(!) რამე, როგორ შეინარჩუნო ;) აბა, რისთვის უართ ძმაუ ახლობლები? :D

    1. zurriuss Post author

      ჯერ უნდა დავაკონკრეტო, რაში მოვიგებ და რამდენს, თორე ისე რა აზრი აქვს :green: :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.