გაფართოებული თვალებითა და ბავშვური შიშით :)

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2009/12/home-alone-john-williams-theme.mp3|titles=home alone john williams – theme]

სერიოზულად აცივდა. თოვლი კი არა და არ ჩანს. მოსაღამოვდა თბილისში. როგორ მინდა, ისე არ გავიზარდო, რომ თავი ერთხელ მაინც არ ვიგრძნო დაკარგულად. დაკარგულად დიიიდ ქალაქში ;)

რა თქმა უნდა, ეს ოცნებაა, ვინაიდან უკვე 21–ისაც ვარ და არც თბილისია ნიუ იორკი, მაგრამ დღეს , ამ საღამოს, მე კევინ მაკალესტარი გავხდი, თბილისი კი, ბოდიში ამ გამოთქმაზე და, ნიუ იორკი :)

“მარტო სახლში”–ს ამ მუსიკას  ზედიზედ რამდენჯერმე მოვუსმინე. ვცდილობდი, კარგად მეგრძნო იგი, რადგან მისით მიღებული განწყობით მსურდა საშობაახალწლოდ გამზადებული ქალაქის დათვალიერება.

პატარა ვარ. დავიკარგე. მეშინია. წინ დიდი გზა მაქვს, რომელზეც უამრავი ხალხი მიდი–მოდის და ყურადღებას არავინ მაქცევს. სიცივისაგან გაქვავებული შენობები მანათობელი გირლიანდებით მოურთავთ. რა მოუვიდა ხალხს? რატომ არ უხარიათ? ახალი წელი ხომ ასე ახლოსაა? განა მათ არ სჯერათ იმ სითბოსა და სიყვარულის, რომელიც სანტა კლაუსს მოაქვს?

ეჰ, აბა რას იზამ. დიდებს ყველაფერი სხვანაირად ესმით. იმდენს ფიქრობენ, რომ ვეღარ არჩევენ, ჭეშმარიტი სიხარული სად და როდის ჩნდება. მათ აღარ ახსოვთ სიხარული, როდესაც პირველად ამოყვეს თავი დიიიიდ სათამაშოების მაღაზიაში, სადაც თითოეული მათი საშობაო ოცნება სანტა კლაუსს სათამაშოდ უქცევია და დახლებზე შემოუწყვია. ადამიანები, როცა იზრდებიან და ბავშვობას კარგავენ, უფრო საშიშები ხდებიან. ისეთივე საშიშები, როგორც ამ ღამის სიცივეში გაქვავებული შენობებია. უფროსებს მოურთავთ, ვითომ ამით მაინც გააცოცხლებენ და გააკეთილშობილებენ მათ. ამდენი მანათობელი ჭაღი და გირლიანდიც სწორედ ქალაქის გასამხიარულებლად ჩამოკიდეს, ალბათ. მაგრამ ამ ყველაფერს მანამ არ ეშველება, სანამ უფროსებს ერთმანეთისა არ ესმით.

როგორ მინდა, ახალ წლამდე მაინც ვიპოვო რაიმე ნიშანი, რომელიც ჩემს მშობლების შესახებ თუნდაც უმცირეს ინფორმაციას მომცემს. ნაკლებად შემეშინდებოდა ღამის გამყინავი ნიავის, რომელიც ფანჯრის ღრიჭოებში ატანს და  სისინით ძილს მიფრთხობს. საერთოდ, რატომ არსებობს ღამე? ღამით ხომ ყველა და ყველაფერი საშიშია: ლამაზი შენობებიც, ქანდაკებებიც, ადამიანებიც.

მაგრამ არა, ღამით ლამაზი ნაძვის ხე ყოველთვის მშვენიერია და, ალბათ, ამიტომაც ღირს დაღამების ლოდინი, რათა წვრილი წერტილაკებით დათოვლილი განათებით აციმციმებული ნაძვის ხის წინაშე სურვილები ჩაიფიქრო, შემდეგ იმედიანად გაიღიმო და მათს ასრულებას დაელოდო. მეც ასე მოვიქცევი. მთავარია, ნაძვის ხე იყოს ლამაზი ;)

აი, ის, როგორ ნაძვის ხეზეც ვოცნებობ. რა ფერებია, ნაფერებია ;)

მარტოობამ მართლაც გამახსენა ბავშვური შიში, თუ როგორ მეშინოდა უცხო ქალაქში დაკარგვისა. ალბათ, გაფართოებული, აცრემლებული თვალებით, მაგრამ თბილი იმედით დავათვალიერებდი ყველაფერს :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks