როდის? თუ როგორ? ანუ ისტორიის სწავლება სკოლებში

VI-klსკოლაში ყველაზე ძალიან ისტორია მიყვარდა. კლასგარეშედ სულ ენციკლოპედიური სტატიებისა და ჟურნალების კითხვა მერჩივნა, ვიდრე მხატვრული ლიტერატურის, რომელიც, იდეაში, სიყალბე იყო (დღემდე ასე ვთვლი). ვღიზიანდებოდი ცნობილ გამოთქმაზე, რომ “ისტორია ადვილია” – ზარმაცებს ჰგონიათ, ყველაფერი თარიღებისა და ომებში მოგება-წაგების დაზეპირებით იციან ყველაფერი. სკოლის დასრულებიდან კარგა ხნის მერე მივხვდი, რომ ისტორია ერთი დიდი კანონზომიერებაა და არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ქვეყანასა თუ ადგილს, ყველას ისტორია ერთი დიდი სცენარის ნაწილია. სცენარისა, რომლის შესახებაც სკოლაში პრაქტიკულად არაფერი იციან.

როგორც მახსოვს (ახლაც ასე ყოფილა მე-12 კლასამდე), სკოლაში ისტორიის სწავლება, ძირითადად, მე-5 კლასიდან იწყება საქართველოს ისტორიით, შემდეგ მსოფლიოს ისტორია ემატება. ჩემს დროს, ანუ 90-იანებისა და 2000-იანების მიჯნაზე, ორჯერ თუ სამჯერ დავიწყეთ საქართველოს ისტორია ქვის ხანიდან. მე-5 კლასში, მე-7-ში და მე-9-ში. მსოფლიოს ისტორიაზე კი ერთი “პრაგონი” გვეყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში სამ-სამჯერ ვისწავლეთ, ვინ იყო ქუჯი, რომელ წელს რა ბრძოლა გაიმართა, რამდენჯერ შემოგვესია მტერი და როგორ ივაჟკაცეს კოხტასთავის შეთქმულების წევრებმა. ჩვენ ასევე ვისწავლეთ, ვინ იყვნენ ნორმანები, ჯვაროსნები და ფრანგი განმანათლებლები. არც პირველ-მეორე მსოფლიო და ცივი ომები გამოგვიტოვებია. ყოველივე ამის საპირწონედ კი თითქმის არ ვიცოდით, რა კავშირში იყო ყოველივე ეს ერთმანეთთან.

საქართველოს ისტორია ისწავლებოდა ისე, თითქოს, მოქმედება სხვა პლანეტაზე ხდებოდა, ხოლო მსოფლიო ისტორია ყველაფერ დანარჩენის ამბავს ყვებოდა. თითქმის არ მახსოვს, ვინმე გაცდენოდა კითხვებს “ვინ?”, “რა?”, “სად?”, “როდის?”, “როგორ?” და დაესვა “რატომ?”. თითქოს “მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოზე” მომხდარ მოვლენებს არანაირი გავლენა არ ჰქონიათ “საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოზე” და პირიქით. ძნელი იყო საინტერესო პარალელების მოძებნა.

მაგალითად:

  • 466 წელს ვახტანგ გორგასალმა ზედეზედ აიღო ციხესიმაგრეები: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. ამავე წელს მოკლეს ვესტგოთების მეფე თეოდორიხ II  და დაიბადა ბრიტანეთის ლეგენდარული მეფე ართური.
  • 975 წელს ბაგრატ III გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე გახდა. ამავე წელს კაიროში ალ-აზჰარის უნივერსიტეტი დაარსდა, რომელიც მსოფლიოში სიძველით მეორეა.
  • 1097 წელს, როცა დავით აღმაშენებელმა ლიპარიტ ბაღვაში შეიპყრო, შოტლანდიის მეფემ მაკლოლმ III-მ ინგლისში შეჭრა სცადა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა. უილიამ II-მ იგი სასტიკად დაამარცხა.
  • 1187 წელს, როცა თამარი იური ბოგოლუბსკის (პირველ ქმარს) შერთეს, რომის პაპი ურბან III გულის შეტევით გარდაიცვალა, შეიტყო რა ჯვაროსნების მიერ დაარსებული იერუსალიმის სამეფოს დაცემის შესახებ.
  • 1247 წელს, როცა გუიუქ ყაენმა დავით ლაშა-გიორგის ძესა და დავით რუსუდანის ძეს ულუ და ნარინი უწოდა, თქმულების მიხედვით, გარდაიცვალა რობინ ჰუდი.
  • 1335 წელს, როცა გიორგი ბრწყინვალემ მონღოლებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა, ესპანეთში სარაგოსას ხელოვნების სკოლა დაარსდა. მე-16 საუკუნიდან მას სარაგოსას უნივერსიტეტად ვიცნობთ.
  • 1446 წელს, როცა გაერთიანებული საქართველოს სამეფო ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხე-საათაბაგოდ დაიშალა, პირველი გერმანულენოვანი დაბეჭდილი ბიბლია გამოიცა.
  • 1511 წელს, როცა კახეთის მეფემ გიორგი II-მ ვერაგულად მოკლა მამამისი ალექსანდრე I და უმცროს ძმა დიმიტრის თვალები დათხარა, ესპანელმა კონკისტადორებმა იუკატანზე შტურმი დაიწყეს.
  • 1600 წელს ქართლის მეფე სიმონ I ოსმალებმა დაატყვევეს და სტამბოლში, იედიყულეს ციხეში გამოკეტეს. ამავე წელს ინკვიზიციის მიერ ერეტიკოსად შერაცხული ჯორდანო ბრუნო კოცონზე დაწვეს.
  • 1609 წელს გაიმარტა ტაშისკარის ბრძოლა. ამავე წელს გალილეო გალილეიმ თავისი პირველი ტელესკოპი ვენეციის რესპუბლიკის მესვეურებს წარუდგინა და ვარშავა პოლონეთის დედაქალაქი გახდა.
  • 1724 წელს, როცა იმედგადაწურული ვახტანგ VI ამალითურთ რუსეთის იმპერიაში გაემგზავრა, პეტრე I-ის მეუღლის, ეკატერინე I-ის საყვარელი, უილიამ მონსი სიკვდილით დასაჯეს და მისი თავი ალკოლოჰლში შეინახეს. ამავე წელს შედგა ჰენდელის ოპერა “ჯულიო ჩეზარესა” და ბახის ორატორიის “იოანეს ვნებების” პრემიერები.
  • 1770 წელს, როცა ერეკლე II-მ შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი და აღადგინა საკუთრების ქალაქური წესი, ინგლისელმა ჯეიმზ კუკმა გაცურა ავსტრალიის გასწვრივ და შეადგინა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპიროს რუკა, რომელსაც ახალი სამხრეთი უელსი დაარქვა და დიდი ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა.
  • ინგლისის დედოფალ ელიზაბეთ I-ის მეუღლეობაზე პრეტენდენტთა სიაში ივანე მრისხანეც ერია და ა.შ.

ვფიქრობ, ეს უხეში და დილეტანტური მაგალითიც საკმარისია იმის დასაჯერებლად, რომ ისტორიაში პარალელების გავლება (თუნდაც ერთმანეთთან არანაირი კავშირის მქონეთა) აუცილებელია, რათა მოსწავლემ დაინახოს ის ზოგადი სურათი, რაც კონკრეტულ მომენტში მსოფლიოში სუფევდა. ჩემი აზრით, ისტორიის მთავარი არსი არა თარიღების დაზუთხვა, არამედ მომხდარის შეფასებაა. განათლების დღევანდელ სისტემას კი ამისთვის, ისევე, როგორც სხვა დანარჩენისთვის, არ სცალია.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “როდის? თუ როგორ? ანუ ისტორიის სწავლება სკოლებში

  1. Toma

    “რომელიც, იდეაში, სიყალბე იყო” – მე კიდე ისტორიაზე მქონდა/მაქვს ასეთი დამოკიდებულება. არასდროს მიყვარდა და ახლაც ასე ვარ.

    1. zurriuss Post author

      შენ ისტორია მიგაჩნია სიყალბედ? გარკვეულწილად, ის ადგილები, რომლებიც ვარაუდებზეა დამყარებული, ალბათ, ყალბია, მაგრამ, საერთო ჯამში, შენ რომ არსებობ, ხომ რეალურია. ჰოდა შენ რომ ისტორიის კუთვნილება გახდები, ესეც ხომ ცხადია :)

  2. Pingback: ნიღბები, რომლებიც სინამდვილეს აჩენს | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »