რა მოხდება, თუკი მართლა გავიტანთ გრენლანდიას?

 

_ გაიტანეთ გრენლანდია!

_ გაგვაქვს, ბატონო. გაგვაქვს გულმოდგინედ და მიზანმიმართულად(?)

12 ივლისს აშშ-ის სატელიტებმა ერთი შეხედვით, არაფრიტ გამორჩეული, მნიშვნელობიტ კი შემზარავი ფოტო გაავრცელეს:

Ice melt in Greenland.

გრენლანდიის ყინულის საფარი ზაფხულში, ჩვეულებრივ, 40-50%-ით მცირდება, წელს კი ყინულის 97% გალღვა!

სურათზე ნაჩვენებია კუნძული გრენლანდია, რომელსაც ყინულის საფარველი თითქმის მთლიანად შემოცლილი აქვს. გრენლანდია გალღვა. მეცნიერებს ასეთი რამ უკვე 30 წელია, არ უნახავთ.

რას უქადის ყოველივე ეს ჩვენს პლანეტას და ღირს თუ არა ამ პოსტის წაკითხვა საერთოდ?

არა, არ ღირს. ეს პოსტი გრენლანდიის ყინულოვან ბალანსს ნამდვილად ვერ აღადგენს. ყველაზე მეტი, რაც ამ პოსტმა შეიძლება, მოგცეთ, მოვლენების ყველაზე ცუდი განვითარების მოკლე სცენარია.

მომატებული ტემპერატურის გამო მყინვარის ზედაპირზე გამდნარი ყინულის წყალი ჩნდება, რომლის რაოდენობა მკვეთრად იზრდება. შედეგად წარმოქმნილი ტბა ნელ-ნელა ხვრეტს ყინულის სქელ ზედაპირს, რის გამოც მატერიკს მანჰეტენის ზომის აისბერგები წყდება.

უპირველეს ყოვლისა, დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე არსებული ყინულოვანი საფარველი ზღვის დონეს მთელს პლანეტაზე არეგულირებს. წესრიგდება და ბალანსდება ოკეანის თბილი და ცივი დინებები, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ ზღვების ფლორასა და ფაუნაზე და ეს ყველაფერი – ჩვენზე, ადამიანებზე.

აისბერგების წარმოქმნა პოლარული ყინულის დნობის თანმდევი მოვლენაა, თუმცა თუ პროცესი ძალიან გაფართოვდა, მაშინ აისბერგების რიცხვიცა და ზომაც გაიზრდება. ყოველივე ეს კი ზღვის დონეს აწევს.

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ზუსტად რა გავლენას იქონიებს ეს მოვლენა პლანეტის ეკოსისტემაზე. სამაგიეროდ, ნათელი გახდა, რომ ლღობა გრენლანდიის უმაღლეს მწვერვალსაც შეეხო (ზღვის დონიდან 3,2 კმ). მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან, არის თუ არა საგანგაშო ეს მაჩვენებლები, ვინაიდან მასობრივი დნობა გრენლანდიაზე 150 წელიწადში ერთხელ იჩენს ხოლმე თავს. თუმცა, თუ პლანეტის დღევანდელსა და 1889 წლის მდგომარეობას ერთმანეთს შევადარებთ, თვალნათელი გახდება, რომ დედამიწაზე ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ შეიცვალა.

რაც შეეხება ყველაზე ცუდ სცენარს: არქტიკული ყინულის ლღობით წარმოქმნილი ჭარბი წყალი ზღვის დონეს 7 მეტრით აწევს, რაც, ერთი მხრივ, ჩაძირავს ბევრ კუნძულსა და სანაპიროს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვნად შეცვლის ოკეანის დინებებს. გაიზრდება ნალექების რაოდენობა. ზამთარი უფრო ცივი იქნება, ზაფხული კი უფრო ცხელი.

პროცესის გაღრმავებასთან ერთად პლანეტიდან გაქრება გარდამავალი სეზონები – გაზაფხული და შემოდგომა, ეს კი ძირეულად შეცვლის ფლორასა და ფაუნას. გახშირდება ბუნებრივი კატაკლიზმები, წყალდიდობები, გვალვები, ჭარბი თოვლი, გრიგალი. ერთი სიტყვით, მექანიზმი, რომლითაც დედამიწა მილიონობით წლის განმავლობაში შეუცდომლად მუშაობდა, ადამიანის ხელით სულ რაღაც 100 წლის განმავლობაში შეუქცევადად დაირღვევა.

2009 წელს დედამიწისადმი მიძღვნილ ფილმ Home-ში, მეცნიერთა ვარაუდით, პლანეტის გლობალური დათბობისგან გადასარჩენად დარჩენილია დაახლოებით 10 წელი. აქედან 3 უკვე გავიდა და პროცესი, შეჩერების მაგიერ, უარესდება.

ასე რომ თუ გლობალურ დათბობასთან ბრძოლა უფრო ეფექტური და საყოველთაო არ გახდა, დედამიწა სამუდამოდ შეიცვლება და ამ ცვლილებას კაცობრიობა ვერ გადაიტანს.

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “რა მოხდება, თუკი მართლა გავიტანთ გრენლანდიას?

  1. mari

    ეს პოსტი რატომ ვერ ვნახე? მორჩა, გამოსავალი ვიპოვე! :d მთელი სანაპიროები ევკალიპტის ტყეებად უნდა ვაქციოთ და აღარ დავიტბორებით :ვაშა:
    ეგრე ადვილი არ არის, ხო? :roll: კაი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »