“საქართველოს ვარსკვლავი” ანუ ის, რაც ჟიურის ჯერ არ უთქვამს

ადამიანს, რამდენიმე სხვა უნიკალურ თვისებასთან ერთად, აქვს კიდევ ერთი – განვითარების უნარი. მას შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია, სათავისოდ გარდაქმნას და განვითარების შემდეგ საფეხურზე გადადის. სწორედ ასეთი მიდგომით მსურს, მოვყვე “საქართველოს ვარსკვლავის” კონკურსანტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჟიური სერიოზულ კრიტიკაზე ჯერ კიდევ არ გადასულა (არადა დროა უკვე!), კონკურსანტები საერთო ჯამში მაინც კარგად ვითარდებიან. თუმცა ჟიურის საქმიანი და ტექნიკური ხასიათის რჩევები მაინც რომ მიეცა (არ მაინტერსებს, რას ეუბნებიან რეპეტიციებზე – ეს ხალხმაც უნდა დაინახოს), ყველა მოგებული დარჩებოდა.

რაც შეეხება კონკურსანტებს, არიან ისეთებიც, რომლებიც შედარებით ნელ ტემპში ვითარდებიან და ვინაიდან ეს შეჯიბრია, ასეთების წასვლა უფრო ნაკლებად დამწყვეტდა გულს, ვიდრე სხვების. სწორედ ამ პრინციპიდან გამომიდინარე, სამართლიანად შევაფასე ოთო ბერიშვილის პროექტიდან ოთო ბერიშვილის გამოთიშვა. იმიტომ, რომ მის მიერ შესრულებული ყველა ჟანრის მუსიკა (რაც პროექტში მოვისმინე) თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ერთიმეორისგან. ამასთან ერთად, არც მისი ვოკალური მონაცემებით აღვფრთოვანებულვარ, რაც, ალბათ, შემდეგ ტურებში უფრო გაურთულებდა საქმეს. ნაწილობრივ იგივე შეიძლება ითქვას გიორგი ნადიბაიძეზეც, რომელიც ოთოზე გაცილებით უფრო დაიხვეწა, თუმცა მასაც აქვს გარკვეული ხარვეზები, რაც პირველ რიგში, ნერვიულობითაა გამოწვეული. ნერვიულობა კი გასასამართლებელი საბუთი არ არის. ყველა ნერვიულობს და ამის დაფარვასაც სწავლა უნდა, რაც კარგად მოახერხა ლუკა ზაქარიაძემ (ამაზე ქვემოთ). ნახეთ ვიდეო და მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ:

ფრაზებს შორის ინტერვალის დროს მომღერალი ეთიშება იმ მუხტს, იმ აურას, რასაც მღერის მომენტში ქმნის. ეს “როლიდან გამოსვლა” გარკვეულწილად არღვევს მუსიკის ერთიან ხაზს და, საბოლოო ჯამში, ნაკლებად სასიამოვნო სანახაობა გამოდის. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ემა პოღოსოვაზე, რომლის ვოკალიც, თავის მხრივ, ბევრად აღემატება გიორგისას (გიორგის მაღალი ნოტები ყვირილში გადადის), მაგრამ ანალოგიური ლაფსუსები აქვს. ანუ იწყებს მღერას და თავისი ძლიერი და ჟღერადი ხმით მოაქვს საჭირო ემოცია, რაც აუდიო ეფექტისათვის საკმარისია, მაგრამ შოუს ეს არ ყოფნის. აქ ნამღერი ვიზუალურადაც უნდა გაამართლო, მაყურებელი უნდა დააჯერო. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, მომღერალი ბოლომდე დარჩეს იმ განცდებში, რომელსაც იგი მღერის მომენტში გადმოსცემს.

ნელნელა მივედით სამსახიობო ოსტატობამდეც, რაზეც, ბუნებრივია, სალომე ცუხიშვილი მახსენდება, რომელმაც მაყურებლებს ძალიან შეაყვარა თავი. ამ მომენტში მას არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხში რაიმე პრობლემა არა აქვს, კარგად უჭირავს თავი სცენაზე, ხმასაც მშვენივრად ფლობს, არტისტულიცაა და ნერვიულობაც არ ემჩნევა. ერთია მხოლოდ, რამდენად მოახერხებს იგი უფრო დრამატული ჟანრის სიმღერების შესრულებას. იქნება თუ არა ისეთივე გულწრფელი და შთამბეჭდავი, როგორიც იგი ახლაა. იმედი მაქვს, მისგან მალე მოვისმენ რომელიმე სევდიან სიმღერას, რაც მას, როგორც მომღერალს, ზრდაში უდაოდ დაეხმარება. ამ მხრივ, ვფიქრობ, ყველაზე წინ მაინც ანი გოზალიშვილი და თაკო ვადაჭკორია არიან. თაკოს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ანი კი ახლა სწავლობს და ყოველ ლაივში უფრო იხვეწება. თანაც ბითლზის ლაივზე თაკომ, სანამ სოლოს იმღერებდა, ჯერ ბექ ვოკალში იმღერა, რამაც პირველი დაძაბულობა მოუხსნა. ანი კი კარგად გაიხსნა და მისგან პროფესიონალ მომღერლად დადგომა, ჩემი მოკრძალებული აზრით, დამოკიდებულია ერთ რამეზე: რაც შეიძლება მეტი უნდა იმღეროს, რომ ყოველივე ეს გამოცდილებად დაუგროვდეს.

გადავიდეთ დუეტ “The W”-ზე. ახლახან ვნახე გეგა ფალავანდიშვილის შეფასება კონკურსანტებზე და ჩვენი აზრი ყველაზე მეტად აქ დაემთხვა: ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ ძალიან ერთნაირები. უფრო სწორედ, სტატიკურები. არადა დღეს სცენაზე საჭიროა მეტი ემოცია, მეტი ვიზუალური ეფექტი და არა მხოლოდ კარგი და ორიგინალური მუსიკა.

არ მეგონა, “ბითლზთან” დამოკიდებულების გამხელის შემდეგ ლუკა ზაქარიაძე თუ იმდენს მოახერხებდა, რომ მის მიმართ შექმნილ იმედგაცრუებასა და ცუდ დამოკიდებულებას ისევ პოზიტივად გარდაქმნიდა. დარბაზში მესმოდა მსგავსი ტიპის ფრაზები: “რაც არ უნდა ილაპარაკოს, მაგარია”, “შეუძლია და მოკალი თუ გინდა”… მას მართლა შეუძლია. იგი მართლა დიდი მომღერალია, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა. არ ვიცი, ის გამოხდომა თავში ავარდნას მივაწერო, უარყოფითი იმიჯის შექმნით პიარის გაკეთებას თუ, უბრალოდ, გულწრფელობას, მაგრამ ის, რომ ლუკა ამ უარყოფით ფონს ასეთნაირად გაუმკლავდა, ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. იმიტომ, რომ მომღერლის ცხოვრება რთულია და ნებისმიერი დაუფიქრებელი სიტყვა კარიერისათვის ზიანისმომტანი შეიძლება, აღმოჩნდეს. ლუკამ პირველი ასეთი გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ამ პოსტს მანანა ვეკუათი დავასრულებ და დავუბრუნდები სულ პირველ აბზაცს. ჩემი აზრით, ადამიანის, როგორც მომღერლის განვითარება მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ მანანას მაგალითზე ჩანს. როცა მის შესარჩევ ვიდეოს ვუყურებ, მახსენდება, რომ სკეპტიკურად ვუყურებდი და არ მეგონა, თუ მოახერხებდა ხმისა და სასცენო მანერების დახვეწას. მაგრამ ვცდებოდი. მანანას ყოველი გამოსვლა წინას სჯობს. ყოველ შემდეგ ნამღერში უფრო გაზრდილია და ინტონაციებსაც სწორად სვამს – ანუ ძალიან კარგად სწავლობს. ამასთან ერთად, მას არ ეტყობა ნერვიულობა და, რაც მთავარია, ყოველთვის ისე გულწრფელად და პოზიტიური ემოციით მღერის, თითქოს, ეს მისი ბოლო სიმღერა იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ თუ ამ ტემპებით გააგრძელებს და კონკურსშიც ბოლომდე იქნება, მანანა ვეკუა გახდება ის აღმოჩენა, რომელიც ამ პროექტმა 0-დან ვარსკვლავად აქცია. ესეც ამის დადასტურება:

ყველა კონკურსანტს წარმაებებს ვუსურვებ. წავედი მე :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on ““საქართველოს ვარსკვლავი” ანუ ის, რაც ჟიურის ჯერ არ უთქვამს

  1. ლუკას ლუკინიო

    ლუკა უმაგრესია, ის არის პატარა საქართველოს დიიდიი ვარსკვლავიი <3 მთელი გრძნობით მღერის და არც აქვს თავში ავარდნილი, უბრალოდ ისეთია როგორიც არის !! მიყვარს უკვე ))

  2. მარი

    ლუკა არაფერს აკეთებს პიარისთვის, ამბობს რასაც ფიქრობს და სულ ფეხებზე კიდია რას იტყვიან მასზე :D :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.