ქართული სასაფლაო: ტრადიცია, მოდა და დრო

ქუთაისში ეს ყველაფერი ალმოდოვარის “დაბრუნების” დასაწყისს ჰგავს რაღაცით (წინადადებაც სინტაქსურად ასე დავაწყვე). საიქიოს საელჩოში, სადაც დრო გაჩერებულია, წარმავალთა კვალი ჩნდება. დაჟანგულ, ჩუქურთმებიან ღობეებს ხეხვის ჟღრიალი გაუდით, ერთი წლის გაუღებელ პაწაწინა კარებს კი – ჭრიალი. საფლავთა ქვებს შორის ამოჩრილი სარეველები, რომლებიც თვეობით ხარობდნენ და პოზიციების გამაგრებაზე ფიქრობდნენ, ახლა ერთ კუთხეში საცოდავად მიუყრიათ. ქვაზე ამოკაწრული გარდაცვლილთა პორტრეტები, რომელთა დაბნეულ-გამოლეული გამოხედვაც ბუნებას მტვრის სქელი ფენით დაუფარავს, ახლა ისეა გაკრიალებული, როგორც იმ უბედურ დღეს. საიქიოს საელჩო, დემოგრაფიული მუზეუმი თუ ქვაზე მხატვრობის გალერეა მალე ყოველწლიურ დღესასწაულს უმასპინძლებს.

აქ არაფერი იწვის გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვინმეს თავისი მიცვალებულები გაახსენდება.

მივლენ, ილაქლაქებენ, ღვინოს ზრდილობიანად (მაგრამ დანანებით) დააქცევენ ტრადიციისამებრ, თითო კვერცხსაც გადააგორებენ და გაისამდე აღარ გამოჩნდებიან. გვინდა-არ გვინდა, ქუთაისში სასაფლაოზე კვლავ აღდგომა დღეს გავდივართ. მეც მივეჩვიე ამას და აღარ ვაპროტესტებ. მე, როგორც ქუთაისელს, რომ მკითხოთ, რატომ ორშაბათს არ გავდივარ სასაფლაოზე, დავფიქრდები და გიპასუხებთ: “აბა, აღდგომა დღეს, როცა ყველა გადის, სახლში რა ვაკეთო, ვჭამო?” ჩვეულება ჯერჯერობით კვლავ რჯულზე უმტკიცესია.

"მაჩვენე შენი საფლავი და გეტყვი, როგორი პატრონი გყავს შენ"

ქართველებს რომ გარდაცვლილთა სულებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი გვიყვარს, ამას სასაფლაოებიც მოწმობენ.  99,9%-ს გარდაცვლილის სურათ(ებ)ი ამშვენებს, დაახლოებით ამდენივეს გააჩნია პატარა მაგიდა (სკამიც) მცირე სააღდგომო პურმარილის გასაშლელად და ასევე, თითქმის, ყველა მათგანი შემოღობილია დაბალი, (ქვის ან ლითონის) დეკორატიული გალავნით. ეს სტანდარტია. ჩვენ, დაახლოებით, ნახევარი წლის საყოფს ვხარჯავთ იმ სახლებში, რომელთაც, უკეთეს შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ თუ მივაკითხავთ. მაგრამ სასაფლაო ჩვენი ტრადიციაა ისევე, როგორც ესპანელებისა ან, თუნდაც, ეგვიპტელების.

ზოგიერთ საფლავზე ერთი გარდაცვლილის ათამდე ასეთი პორტრეტია. ვერ გავარკვიე, ეს დიდი მწუხარების, დიდი ფულის თუ დიდი მატრაკვეცობის შედეგია. მით უმეტეს, რომ ვერც ერთ მათგანს ვერ დაწამებდით ხელოვნების ნიმუშობას.

თუმცა ყველაფერი განიცდის მოდერნიზაციას. ბოლოს და ბოლოს, ეგვიპტეში მუმიფიცირების ათასწლოვანმა ტრადიციამ პტოლემეოსთა ხანაში თუ იცვალა იერსახე, სასაფლაოს მხატვრობამ რაღა უნდა თქვას. ქუთაისში, იმ სასაფლაოზე, რომელიც ჩემი ბავშვობის განუყრელი მოგონებაა, მინახავს ძველისძველი საფლავის სადა ქვები, რომლებიც მე-20 საუკუნის შუახანებში უკვე სტანდარტებს აღარ შეესაბამებოდა და ისინი ბიუსტებმა შეცვალეს. ახლო წარსულშიც დაიდგა რამდენიმე, რასაც დღეს ქაჯობად და გოიმობად მოიხსენიებენ. 60-იანი წლებიდან წამოვიდა და აქამდე მედგრად მოაბიჯებს ქვაზე მხატვრობა, რომლის პარალელურადაც ვითარდებოდა აკვარელის საღებავით სრული ზომის პორტრეტების ხატვა. ამ უკანასკნელთ რკინის შემინულ ყუთებში ათავსებდნენ. რა თქმა უნდა, დღეს ეს უკვე გადაჭარბებული და გრძნობებზე მოთამაშე “პაკაზუხობაა”, ისევე, როგორც სასაფლაოს გადახურვა (თავისი წვიმის მილებით). თუმცა ადრე ქვაზე ფერადი ფოტოს ამოკაწვრა ვერ ხერხდებოდა და ამით, შეგვიძლია, გამართლება მოვუძებნოთ აკვარელში შესრულებულ უფრო რეალისტურ ნახატს. შეხედავ, როგორ გიყურებს გაღიმებული სახით, თვალს ცრემლი მოგადგება და ეგეც შენი გულამოსკვნილი ტირილი.

უამისოდ სასაფლაოს ხიბლი ეკარგება. პატარა სკამი და მაგიდა, ვისთანაც პურმარილი მავიდა :)

დღესდღეობით სასაფლაოზე გარდაცვლილის ერთი სურათით შემოიფარგლებიან, რაც სავსებით ნორმალურად მიმაჩნია: არც პაკაზუხობაა (ამ ბარბარიზმის ქართული შესატყვისი ვერაფრით გავიხსენე) და არც ტრადიციას ღალატობს. საერთოდ, ვფიქრობ, ქვებზე სურათების მოხავის წესი უნდა დარჩეს. “უნდა”-ც ზედმეტად მკაცრი მეჩვენება. მინდა, რომ დარჩეს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენია, რა. თუმცა, ვერ ავიტან გაფერადებულ სურათებს რომ ახატინებენ. შავ ქვაზე თეთრი სახე და წითელი მაისური – ო მაი გოდ! გემოვნების ამბავია, თორემ მიცვალებულს იმ სურათიც ფერიც ჰკიდია, ზომაც, ქვის ხარისხიც და ისიც, თუ რამდენი ლოკოკინა გადაისრიალებს მასზე წვიმიან დილას.

თუ მაინცადამაინც ხელოვნების კუთხით განვიხილავთ, მე ეს პორტრეტი მირჩევნია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზედ ჩემი ბებიაა გამოსახული, რომელსაც ახლაც მივტირი. არამედ იმიტომ, რომ ჯერ მართლა ვერ ვნახე მსგავსი ოსტატობით ამოკვეთილი სურათი. მსგავსებასა და ხასიათზე არაფერს ვამბობ. ერთ ხანს მეგონა, ზეთიანი საღებავებით იყო შესრულებული. თურმე, თმის თიითოეული ღერი ქვაზეა ამოკაწრული. როცა საკუთარი თვალით ვუყრებ, მისი გამოხედვა და ხმა მახსენდება.

ადრე, ბავშვობაში, როცა აღდგომის არსს ვერ ვწვდებოდი, სასაფლაოზე კვერცხებით დატენილი დავრბოდი, ნაცნობ სახეებს ვხედავდი (ცოცხლებს ან მიხატულებს) და დაკარგვას უშედეგოდ ვცდილობდი. ახლა კი, როცა ვაკვირდები, თუ როგორ ივსება ერთ დროს ცარიელი ადგილები “ახალმოსახლეებით”, როგორ იმატებს და გრძელდება ვიწრო ქუჩები მოდური სურათებით, ტრადიციული ფორმის “მინისახლებითა” და პაწია ჭიშკარდატანებული კოხტა ღობეებით, ვხვდები, რომ სასაფლაოზეც არსებობს დრო. დრო, რომელიც სულ ერთ ადგილას დგას. წიკწიკებს, მაგრამ არ იძვრის.

.....-ის ქუჩა

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

16 thoughts on “ქართული სასაფლაო: ტრადიცია, მოდა და დრო

  1. rode

    დღეს მე და შენ ერთნაირად ვფიქროდით და პოსტებზეც აისახა ხო ეს ყველაფერი? :))

  2. litterator

    ეჰ, შენ სამეგრელოში უნდა ნახო :( ლამის ორი სართულიანი სახლები არის, ზოგან მაცივარი, მუსიკალური ცენტრი და ა.შ. დგას (მაგ. ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ისე მოუწყეს როგორც თავისი ოთახი) :( ანგელოზის ფიგურები და ა.შ.

  3. litterator

    წინა ჯობდა და რამე მხიაარული პოსტი გამოაცხვე ახლა სანამ მაქ ხარ, დავითრგუნე :(( :დ

  4. Mari

    აგერ, ბატონო, რატომ გვიყვარს ქართველებს საფლავების მორთვა ასე ძალიან:
    “…საფლავის მიწა ერთადერთი იყო, რაც ხალხისათვის არ ენანებოდა საბჭოთა ხელისუფლებას და საბჭოთა ქართველის დეგრადირებაც აქედან დაიწყო. ქართველის გემოვნებაც სწორედ საბჭოთა პერიოდში გადაგვარდა, რადგან ერთადერთი, რაც მის საკუთრებას წარმოადგენდა, საფლავი იყო და ისეთი საფლავების შექმნა დაიწყო, როგორიც მას არასოდეს ჰქონია. მანამდე ქართული საფლავი ყოველთვის იყო უბრალო და გენიალური. საბჭოთა საქართველოში კი არა მხოლოდ საფლავისადმი, არამედ სიკვდილისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა და საბჭოთა ქართულ საფლავებზე გაჩნდა მარმარილოს სკამები და მაგიდები, მოტოციკლები და მანქანებიც კი. მართალია იმ მანქანებს სხვის სახელზე აფორმებდნენ თავისი პატრონის სიცოცხლეში, მაგრამ საბჭოთა ქართველმა დანამდვილებით იცოდა, რომ საფლავის მიწა მისი იყო და ამ მიწას, სხვა საკუთრებისაგან განსხვავებით, არავინ ჩამოართმევდა. ამიტომაც უვლიდა, ალამაზებდა და აშენებდა ერთადერთ საკუთრებას, რომელიც გააჩნდა. საბჭოთა ხელისუფლებაც, სახლში და ეზოში რომ კედელს არ აგაშენებინებდა, საფლავზე რომ სასახლე დაგედგა, ხმას არ გაგცემდა, რადგან საფლავის მიწაზე თავისუფალი იყავი და საფლავი იყო ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც საბჭოთა ხელისუფლება არ ვრცელდებოდა…”
    (C) დათო ტურაშვილი. “ჯინსების თაობა”

  5. ERM0NIA

    “პაკაზუხობის” ქართული შესატყვისი “მატრაკვეცობაა”.
    პოსტი კი… მომეწონა. .)

  6. ERM0NIA

    “პაკაზუხობის” ქართული შესატყვისი “მატრაკვეცობაა”.
    პოსტი კი… მომეწონა. .)

  7. Katieé.Ge

    წლების წინ, ბაბუაჩემის საფლავზე, აღდგომას ბიძამ თქვა – ა ახლა, ხო ამდენი ხალხია აქო და ამდენი პურმარილი მოზიდესო (არ ეტეოდა 7 შვილის ნაშრომი სასაფლაოს პატარა მაგიდაზე და ზოგი ნამცხვარი ფეხზე იდგა :D), საკმარისია ერთი წამოდგეს და ჭამოს რამე, გაისად ერთი კაცი არაა მომსვლელი აქო :D

  8. khatuna

    ქართული სასაფლაობები მოუვლელი და რაღაც საშინელებააა.ორი მეტრიანი ბალახები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.