ფოტოგასეირნება მოწამეთაში (წინა პოსტის გაგრძელება)

მეგონა, თავი დავაღწიეთ პაპანაქებას, მაგრამ არა. ჯიუტად არა. ჰოდა ნურც!

“ათასჯერ მირჩევნია, ზაფხულში სიცხეზე ვიწუწუნო, ვიდრე თოვლზე” – იტყოდა ცხონებული მე. დავეთანხმები და წინა პოსტის გაგრძელებას მოგითხრობთ.

მაშინ, როცა უმრავლეს გოგონათა ფეხები სხვადასხვა ფირმათა ლოსიონებით იყო გალაქული და საჯდომის მიმართულებით აკვინტრიშებული, სამი თავ(გა)დადებული ახალგაზრდა გელათიდან მოწამეთასაკენ ფეხით მიეშურებოდა.

ცხელოდა. ო, მამააა, როგორ ცხელოდა! ფეხით სიარულით დავიღალეთ, გელათიდან წამოღებული წყალიც გვითავდებოდა. ამ კეთილმა ტყემალმა გადაგვარჩინა ცოტათი

როცა უკვე მერაღაცამდენე მოსახვევიც უშედეგოდ გამოვიარეთ, მივხვდით, რომ ფეხით მეტს ვეღარ გავივლიდით. ავიქნიეთ ხელი და ერთ კეთილისმოსურნე თანამგზავრ მარშუტკაში აღმოვჩნდით. ზუსტად 4 წუთში მოწამეთას გადასახვევთან მიგვიყვანა. მონასტერი აქედან 2 კილომეტრშია. კადრში გელათიც მოსჩანს

მოწამეთას სამონასტრო ანსამბლი იმერეთში, გელათის მონასტრის მახლობლად, მდინარე წყალწითელას ხეობაში მდებარეობს. იგი აგებულია წმინდა ძმების დავითისა და კონსტანტინეს(მხეიძეების) უკვდავ საყოფად. ისინი იყვნენ არაგვთა ერისთავები, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ამ ეკლესიაში ინახება. (c) Wikipedia

მოწამეთა არის პატარა სამყარო ჯუჯა სიმწვანით, ჯუჯა შენობებით, ვეებერთელა სივრცითა და მშვიდი სულიერებით (c) მე :)

როგორც აღმოჩნდა, მოწამეთაც რემონტდება. მინგრეულ-მონგრეული გზა გაკეთებული დაგვხვდა, რამაც ჩვენი ფეხით სვლა გააადვილა. სამწუხაროდ, ტაძრისაკენ მიმავალი საცალფეხო ბილიკის სიმწვანე ემსხვერპლა მოაჯირებს და განათებას. ალბათ, მალე აყვავდება იქაურობა და პირვანდელ იერს დაიბრუნებს. რაც შეეხება საკუთრივ მოწამეთას, რომ დავინახე, სახტად დავრჩი...

ადრე იქაურობა ასე გამოიყურებოდა. ეკლესიასთან მისასვლელად ეს გრძელი შენობა-დერეფანი და პატარა კოშკი უნდა გაგევლოთ. სულ რაღაც ერთი წლის წინ წინა სურათზე გამოსახული კარიბჭე სანახევროდ დანგრეული იყო. საერთოდ, მოწამეთა (ჩემთვის) ცოტა უცნაური ნაგებობების გამო მიყვარს.

როგორც ჩანს, განახლება ყოველთვის არ ნიშნავს ძველის შენახვას. ტურისტების დასაკმაყოფილებლად აქ რაღაც-რაღაცები შეცვალეს. შენობა-დერეფნისაგან მომცრო შესასვლელი დატოვეს და კოშკს თაღოვანი ხიდით მიუერთეს, ეზოში თანამედროვე სტილის ტუალეტი ააშენეს, რომელიც ამ ქვის აივნის ქვეშაა განთავსებული.

ესეც მოწამეთას ტაძარი. 2 წლის წინ, როცა აქ მშობლებთან ერთად მოვედი, დედაჩემმა გაიხსენა, რომ ერთხელ ბავშვობისას ცუდად გავმხდარვარ და ამ ტაძრისათვის ცხვარი შეუწირავთ ჩემს სახელზე. აქაურობა ისე პატარაა, ისე სიმწვანეში ჩაფლული და ისე საყვარელი...

საკურთხევლის მარჯვნივ, ამ ადგილას დასვენებული წმინდა ნაწილების ქვეშ გამოჭრილია ოთხკუთხედი ფორმის დერეფანი, რომელიც კანკელთან მთავრდება. გადმოცემის თანახმად, სამჯერ ისე თუ გაძვრები, რომ კედლებს არ შეეხები, სურვილები აგისრულდება. ამის შესახებ მე2 კლასში გავიგე, როცა მოწამეთა პირველად ვნახე. იქიდან მოყოლებული არასდროს მიცდია, გადამემოწმებინა გაძრომის ეს ტრადიცია. აღარც კი ვიცი, კიდევ თუ იქცევიან ასე. ამით ბავშვურ მოგონებებს ვინახავ და ყოველი ვიზიტისას სამჯერ გულმოდგინედ ვცდილობ, გაძრომისას კედლებს არ გავეხახუნო. დაიმახსოვრეთ და თქვენც გაიმეორეთ. რა იცით, რა ხდება :)

ესეც მდინარე წყალწითელა. თუ არ ვცდები, სახელი მურვან ყრუსთან ბრძოლის შემდეგ მოდის. საოცარი კი ის არის, რომ მოწამეთას მონასტერში, რომელიც მდინარეს დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან გადმოყურებს, არის ჭა, რომელშიც წყალი ზედაპირთან საკმაოდ ახლოსაა.

აი, ამათი არსებობის შესახებ კი ნამდვილად არ ვიცოდი. რავი, ადრე აივნიდან არ ჩანდნენ. შეიძლება, ადრე არც არსებობდნენ და რეკონსტრუქციის გამო ააშენეს. არც მეგონა, ამ კლდეზე კიდევ თუ იყო თავისუფალი ადგილი. თურმე ყოფილა. ეს ბერების ახალი კელიები და პატარა ეკლესიაა.

მთის ამ მხარეს კიდევ ერთი კოშკის გავლით მოვხვდით. შეიძლება, აქ შესვლა არც არის ნებადართული და ბერებსაც ახალი საცხოვრებლები სწორედ მოჭარბებული ხალხისაგან განსარიდებლად აუშენეს. რაც უნდა იყოს, ძალიან ძალიან ლამაზი კელიები და ბილიკებია. ათიოდე პატარა ნაგებობა პატარა მწვანე ხეებს შორის. ულამაზესია!

ახალი ბაზილიკა ჯერ დასრულებული არ არის და არ ვიცი, ვისი სახელობისაა. კელიები მას ქვის ბილიკებით უკავშირდება.

უკან დაბრუნებისას ეს კატა გადაგვეღობა და კამერის წინ ძალიან ბევრი იპოზიორა. ცხოვრებაში პირველად მომეწონა კატა ასე ძალიან.

ასე რომ, ვინც ქუთაისში მოხვდებით, ბევრს ინანებთ, თუ 2 საათს არ გამოყოფთ ამ ადგილების სანახავად. შეიძლება, ღმერთი არ გწამდეთ, მაგრამ სიმშვიდე ხომ მაინც გწამთ. ჰოდა მოდით და მიიღეთ იგი. მოწამეთა მას უანგაროდ არიგებს.

ოდესღაც აქ მოღვაწეობდა ღვთისნიერი ბერი გაგი...

ძალიან მინდა სათაფლიაზე გასვლა. მე-8 კლასის მერე არ ვყოფილვარ. რამდენი რამ შეიცვლებოდა. თუ მოვახერხე, აუცილებლად მოგიკითხავთ დინოზავრის ნაკვალევს :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “ფოტოგასეირნება მოწამეთაში (წინა პოსტის გაგრძელება)

  1. მარი

    საინტერესოა ძალიან. კიდევ უფრო მომინდა ავდგე და მთელი საქართველო დავიარო/დავათვალიერო, რომ მერე აღარ მიკვირდეს ასეთი პოსტები.

    1. zurriuss Post author

      მე ძალიან ძალიან ცოტა მაქვს ნანახი და ისიც ჩემ გარშემო. ასე რომ, მეც შემოგიერთდები :)

    1. მარი

      ნათ, მე ხომ იცი შეიძლება სადმე დავრჩე ან გაგექცეთ, ასე რომ ჩემს იმედად წამოსვლას არ გირჩევ :)

    1. zurriuss Post author

      სამაგიეორდ შენ კეთილი გოგო ხარ… რავი, არც ისე სუსტი არგუმენტია :*

  2. meanderdze

    1. არც მე არ ვარ ნამყოფი და დიდი სიამოვნებით მოვილოცავდი…
    2. ზურიუს რა აპარატით იღებ? მგონი მომწონს :D
    3. მეტი არაფერი :!:

    1. Zurriuss

      სურათები ნაწილი ჩემი მეგობრის გადაღბულია (ჩვეულებრივი ციფრული), ნაწილი ნეტშია ნაპოვნი, ერთი კი გრაფ.ჯი-დან ავიღე :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »