4 დღით ქობულეთში გახლდით და აღარ გვინდა ამაზე საუბარი. ბათუმიც შევათვალიერე, მაგრამ ნამდვილად არ გადავრეულვარ და აღვფრთოვანებულვარ. მხოლოდ ამ ორ ადამიანთან ერთად ვიყავი კარგ ხასიათზე და მალე ისინიც წავიდნენ. ეგ იყო და ეგ.
მორჩა, ახლა საქმეს მივხედოთ.
გუშინ ანუ 20 აგვისტოს მე, ირაკლიმ (ჩემმა ძმამ) და სანდრომ (ჩვენმა მეგობარმა) გადავწყვიტეთ გელათისა და მოწამეთის “დალაშქვრა”. გელათამდე მარშუტკით ავედით, დანარჩენი გზა თითქმის ფეხით ვიარეთ.
რამდენიმე მიზეზი იყო, რის გამოც გელათში წასვლა მინდოდა:
- ძალიან მომენატრა, წელიწადზე მეტი ხნის წინ ვნახე ბოლოს
- აქაურობა ძალიან მამშვიდებს და მავიწყდება, რა გადარეული ვარ “ერისკაცობაში”
- მიყვარს ცივი წყარო, რომელიც სამრეკლოს ქვეშიდან მოედინება
- მიხარია, რომ ასეთი სიწმინდე სახლთან ასე ახლოსაა

გელათის მონასტერი. დასრულებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ. მოიცავს ღვთისმშობლის შობის (მთავარ ნაგებობას), წმ. ნიკოლოზის (აღმოსავლეთით) და წმ. გიორგის (დასავლეთით) ტაძრებს, ასევე სამრეკლოს, აკადემიის შენობას, დავითის საფლავსა და სხვადასხვა მცირე ზომის ნაგებობებს. გელათი იუნესკოს ძეგლთა სიაშია შესული.

ამ ნაგებობაშია დავითის საფლავი. აქაურობა რემონტდება კულტურის სამინისტროს ხუთწლიანი პროგრამის მიერ. ამ ხნის განმავლობაში მონასტრის ტერიტორიაზე ყველაფერს შეაკეთებენ.

დავითის საფლავი განივად არის გაჭრილი, რათა, ანდერძის თანახმად, ყველას მასზე გადაევლო. თავად საფლავის ქვა კი იმდენად გრძელია, რომ თითქმის სრულიად კეტავს გასასვლელს.

მონასტრის ტერიტორიაზე 20-ზე მეტი მეფეა დაკრძალული. დავითის შემდეგ ერთიანი საქართველოს მეფეები აქ იკრძალებოდნენ. ამიტომაც არის, რომ ბევრი მეცნიერი თამარის საფლავად ისევ გელათს მიიჩნევს.

რამაც ყველაზე ძალიან გამახარა, არის სრულად განახლებული გელათის აკადემია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში (იყალთოსთან ერთად) ქართული განათლების ცენტრი იყო. შიგნით შევიხედოთ...

ჭერი ოსმალოთა ერთ-ერთ ლაშქრობას შეეწირა. როცა გადახურვა დაიწყეს (სამშრიანია და მძიმეა), აკადემიის საძირკვლის გათხრა და შემოწმება გახდა საჭირო. აქედან დაიწყო აღმოჩენათა სერია, რომელმაც მართლა გამაოცა. მოემზადეთ:

ეს 1510 წლით დათარიღებული მარანია, რომელიც უშუალოდ აკადემიასთან მდებარეობს და რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. 2 წლის წინ როგორ წარმოვიდგენდი, რომ იმ ადგილას, ჩემს ფეხქვეშ ამხელა ნაგებობა იყო.

მარნის ეს ოთახი აბსოლუტურად ხელუხლებელია და საუკუნეების განმავლობაში მიწით იყო სავსე. აქ კედლები ზუსტად ისე გამოიყურება, როგოც ადრე. უკვე რამდენიმე ახალი ქვევრიც ჩადგარეს და მარანიც, ალბათ, ნელ-ნელა განახლდება

მის შესახებაც აქამდე არაფერი იყო ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, ადგილი იმდენად გრილია, რომ საკვები ძნელად ფუჭდება. ამწუთას აქ ბერები ტყემალს ინახავენ.

დავუბრუნდეთ აკადემიას. აქ ერთგვარი ობსერვატორია გააკეთეს თუ აღადგინეს. ნაგებობის ამ მხარეს მხოლოდ კედლები იყო შემორჩენილი და იქით გადაძრომას ვერაფრით ვბედავდი. ახლა ხის იატაკი, კიბეები და სარკმლები გააკეთეს. თანაც ყველაფერი ისე ლამაზია, რომ ძველ დროს მოგაგონებს

გელათის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა აია სოფიას ღვთისმშობლის ანალოგია (და პირიქით). მარიამის სახედ კი დავით აღმაშენებლის მამიდის, მარიამის სახე გამოიყენეს.

ნატურალური ზომის ფრესკა, რომელიც დავითის გარდაცვალების შემდეგ შესრულდა, ნათლად ადასტურებს, რომ დავითი მართლაც ძალიან ტანმაღალი იყო. თუ არ ვცდები, 207 სმ.

ტაძრის მოხატულობის დიდი ნაწილი შემორჩენილია მე16 საუკუნის ვარიანტით, თუმცა ზოგან პირვანდელი სახითაც გვხვდება. ამ ძველ ფრესკაზე ნიკეას პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებაა გამოსახული, რომელიც 325 წელს ჩატარდა და მას ბიჭვინთელი არქიმანდრიტი სტრატოფილე ესწრებოდა.

სიცოცხლის ბოლო წლებში დავით ნარინი ბერად აღიკვეცა. ამ ფრესკის მარჯვენა მხარეს იგი მეფის სახითაა გამოსახული, მარცხნივ კი - ბერის

როცა გელათში მოვდივარ, ვცდილობ, ნაკლები წყალი დავლიო, რათა აქაური ცივი წყაროს გემო უკეთ შევიგრძნო. შეიძლება, რაიმე სასწაული თვისებები არ ახასიათებდეს, მაგრამ ის მაინც სხვაა. რატომ? დალიეთ და ნახავთ

წყაროში ოქროს თევზები დღემდე დაცურავენ. აქვე, ტრადიციისამებრ, სისტემატურად ყრიდნენ ხურდა ფულს. დღეს წყაროს კალაპოტი, გათხრების გამო, დროებით შეცვლილია.
დღეისათვის მეტად აღარ გადაგღლით. მოწამეთაზე შემდეგ პოსტში გიამბობთ. აბა ჰე




















არასდროს ვყოფილვარ გელათში = ((
არ ვიცოდი დავით ნარინის ფრესკაც თუ იყო მანდ =)
მარანის ამბავმა ჩემამდეც მოაღწია. ეგ კი არა, ჩემებმა მანდ ნაპოვნი ძველის ძველი ღვინოც დააგემოვნეს.
აუილებლად უნდა ვეწვიო გელათშ. რამდენი ხანია მინდა ჩამოსვლა და არავის მივყევარ = ((
ორივეგან ვარ ნამყოფი და ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესია დგილებიც არიან დასავლეთს აქართველოში (ნავენახარის და სათაფლიას ჩათვლით)
ხოდა მე რომ ვიყავი აკადემია არ იყო ასე გაკეთებული. ფაქტიურად არაფერი იყო.
მიხარია რომ აეკთებენ.
სიყვარულოვნა, ჩამოდით მერე ბლოგერები ქუთაისში ექსკურსიაზე და ნახავთ გელათს
ადრე თუ გვიან მანდაც მოვალთ ალბათ :P
საინტერესო პოსტი იყო. ოდესმე რიკოთი თუ გადავლახე, აუცილებლად მოვინახულებ მაგ ადგილებს.
შენ ჩამოდი და გიდად მე დაგიდგები
ერთხელ ვარ გელათში ნამყოფი, ექსკურსიაზე..
თან ძალიან მაგარი გიდი გვყავდა, მორჩილი იყო..
მოწამეთაშიც ასევე.
შენ გაიხარე,ძალიან მიყვარს გელათი.
კარგი ფოტოები და კარგი მომოხილვაა
ეჰ მეტად ურწმონო ვარ თუმცა ესეთი ადგილები მიყვარს და მაინტერესებს, ალავერდი მიყვარს ყველაზე მეტად
Pingback: ფოტოგასეირნება მოწამეთაში (წინა პოსტის გაგრძელება) | Zurriuss.Ge
რა კარგი ფოტოებია …. როგორც ყოველთვის ხმა წამერთვა (იგულისხმება აზრი გაწყდა, თითები ვეღარ კაკუნობენ კალავიატურაზე) :დ