“გათავისუფლების დღე” ანუ ერთზე მეტი ჭეშმარიტება

როგორია, როცა:

ზუსტად იქ ცხოვრობ, სადაც გინდოდა?

ზუსტად ის გაცვია, რაც ასე მოგწონს?

ზუსტად ისეთი ბუნება გაქვს, როგორიც არავის არასდროს ექნება?

ზუსტად ისეთი ნათელი მომავალი რომ გაქვს, როგორზეც, დაბადების გარეშე, ვერ იოცნებებდი?

ზუსტად ისეთი მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი და ყმიანი მმართელი რომ გყავს, რომელმაც ზუსტად იცის, როდის რა გჭირდება?

ზუსტად ის საკვები რომ გაქვს, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს?

ზუსტად ის რომ გიყვარს, ურომლისოდაც აზრი არაფერს ექნებოდა?

ზუსტად ისე და იმდენს ფიქრობ, რამდენიც საჭიროა?

იდეალური. სხვანაირად კი მას ჩრდილოეთ კორეა ეწოდება.

2015 წელს ამ სახელმწიფოს დანარჩენი მსოფლოსგან იზოლაციის, ხოლო, როგორც თვითონ ეძახიან, გათავისუფლების, 70 წელი შეუსრულდა. ამ ბუმბერაზ ღონისძიებაზე კი ქვეყნის კულტურის მესვეურებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული რამ მოემოქმედათ და ევროპიდან როკ ჯგუფი მოიწვიეს. თან, არც მეტი, არც ნაკლები – ნაცისტურ იდეოლოგიასთან გაიგივებული სლოვენიური “ლაიბახი”! თუ მაინც გიჭირთ დაჯერება, აგერ ტრეილერი:

ვინ? სად? როგორ? რანაირად? რამდენიც არ უნდა ჰკითხო ან ფილმის რეჟისორს, ან თვითონ ჯგუფის წევრებს, ფაქტია, რომ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მუსიკალური ჯგუფი ფხენიანში 1500 მაყურებლის წინაშე წარსგა და “მუსიკის ჰანგების” თავისეული, hardcore ინტერპრეტაცია შეასრულა!

ზუსტად არ მახსოვს, მგონი, ჩემი ერთი მეგობარი მეუბნებოდა, “ლაიბახი” მაგარი ბენდია და მოუსმინეო და მაშინ ყური არ ვათხოვე, მაგრამ ფილმის დაწყებისთანავე, როგორც კი მუსიკა გაისმა, ტელეფონი ამოვიღე და Shazam-ით ვცადე მელოდიის დაჭერა, მაგრამ ამაოდ. ვერ იცნო. საბედნიეროდ, ფილმი მთლიანად ამ მუსიკის ავტორებზე ყოფილა აგებული და საქმეც გამარტივდა.

აქ არ მოვყვები “ლაიბახის” შესახებ, რადგან მეც ახლა აღმოვაჩინე. ისე კი 80-იანებიდან ანგრევენ ქვეყანას და აშენებენ ნაციზმს, ფაშიზმს, კომუნიზმს და ყველანაირ იმპერიას. “მუსიკის ჰანგების” ქავერი აქვთ საერთოდ საოცრება. კლიპები – ცალკე თემაა. არა აქვს მნიშვნელობა, მოგწონს თუ არა მათი მუსიკა, აუცილებლად მოგნუსხავს!

რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმს: ისე როგორ უნდა გაგიმართლოს, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მუსიკალური ჯგუფის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ სახელმწიფოში ჩასვლაზე ფილმის გადაღება მოახერხო? როგორც ჩანს, უგის ოლტეს იღბალი არ აკლია ჩრდილოეთ კორეის მესვეურებიდან რომელიღას კი იუმორის გრძნობა. იუმორი ფილმსაც თან გასდევს და, როგორც იტყვიან, “სემიჩკასავით მიდის”. მხოლოდ ცალკეული მინიშნებებია იმ სირთულეზე, რასაც პლანეტის ყველაზე კარჩაკეტილ ქვეყანაში ფილმზე მუშაობა ჰქვია. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ფილმის ჩვენებას რეჟისორიც ესწრებოდა და ყველამ რამდენჯერმე ვკითხეთ, როგორ მოახერხეთ-მეთქი. როგორც აღმოჩნდა, ის ადამიანი, ვინც “ლაიბახის” ვიზიტი უზრუნველყო, ჩრდილოეთ კორეაში პირველად არ ყოფილა და ყოველ ჯერზე სხვადასხვა გადამღები ჯგუფი დაჰყავს. ამიტომ გარკვეული ადამიანები უკვე მიეჩვივნენ და განსაკუთრებული რეაგირებაც არ ჰქონიათ.

ფილმში ყველაზე მეტად ნეიტრალურობა მომეწონა. მაქსიმალურად ეცადნენ, სათქმელს არ ჰქონოდა შეფასება. თითოეულ მომენტში, როცა, კონცერტის მზადების ან ფილმის გადაღების დროს, იდეოლოგიურ წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ, სტუმრების რეაქციები და შეფასებები თითქმის ნაჩვენები არ იყო. რეჟისორმა არჩევანის საშუალება მაყურებლებს დაგვიტოვა და ფილმში ვიღაცას ისიც ათქმევინა, რომ ყველა ჩვენგანი ვცხოვრობთ დიდი თუ პატარა ყოველდღიური თვითცენზურით.

მონტაჟი აუცილებლად მელომანის გაკეთებული იყო. რეჟისორთან გადავამოწმე კიდეც და ერთ-ერთი მემონტაჟე თვითონ ვიყავიო. ძალინ უყვარს მუსიკა. რაც მთავარია, ფილმი ძალიან ბუნებრივად ხსნის იმ შედეგებს, რომლებიც ამხელა დოზით გაუცხოებამ მოიტანა. ჩრდილოეთ კორეაში ჰგონიათ, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ, ლამაზ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ. ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ გადაწყვეტილება, ინდივიდუალურად კი არა, კოლექტიურად უნდა მიიღონ. ამ ყველაფრით კი ბედნიერები არიან. ეს არის მათი რეალობა.

ასე რომ, სიმართლე (და ხანდახან ჭეშმარიტებაც) ერთზე გაცილებით მეტი რომაა, ჩრდილოეთ კორეამაც, ლაიბახმაც და ამ ფილმმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ეს კი ჩრდილოეთკორეული სულისკვეთებით გადაღებული ფოტო რეჟისორთან. :d

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »