გაგრა – ისეთი, როგორიც მახსოვს

გუშინწინ დედაჩემის ბიძის (ჩემი ბაბუის) ნეშტი გადმოვასვენეთ გაგრიდან თბილისში. თითქოს, არარსებული სამყაროდან დაბრუნდა. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, წესიერად გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. არადა, კარგად არც არაფერი მახსოვს, როგორ იყო ბუთხუზი ბაბუა. სულ რამდენიმე მომენტი შემომრჩა მეხსიერებაში, გაგრაში, როცა მისით მაშინებდნენ, თუკი ვიცელქებდი და თბილისში, როგორ ატრიალებდა ღიმილით ძეწკვს ჩემ თვალწინ და მე მიხაროდა…

ამ პოსტს გაგრას მივუძღვნი. ადგილს, რომელიც ჩემი სიზმრისეული რეალობაა. თითქოს მახსოვს, მაგრამ თითქოს ვერაფრით დავამტკიცებ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის იგი აღარ არსებობს. თითქოს მეც, ჩემს მშობლებსაც და უფროს თაობასაც ერთი სიზმარი გვესიზმრა და გაღვიძებულები ნაწილ-ნაწილ ვაკოწიწებთ მეხსიერებაში შემორჩენილ ფრაგმენტებს. რა თქმა უნდა, ჩემი 3-4-წლიანი სიზმარი მათს ათეულობით წელთან რა მოსატანია, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდი ახლაც ისევ ცხადად მახსოვს, როგორც მძაფრი არომატი.

მახსოვს, ჩვენი სახლი: დაღმართი ქუჩა, მწვანე, ჟანგმოკიდებული რკინის ჭიშკარი. შემდეგ ბეტონის რამდენიმე საფეხური და, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან, აყვავებული კალები. ახლა კიბე, რომელსაც მეორე სართულის ბალკონზე აყავხარ. მგონი, მეორეც არის, რომლითაც პირველ სართულზე ჩადიხარ (ქუჩა უფრო მაღლა იყო, რადგან გაგრა, მეტწილად, მთის ფერდობზეა გაშენებული).

მახსოვს, ზაფხულის ერთ დღეს, როგორ გაისმა ქვების რაკუნი ქარვისფერი პლასტიკატის შიფერით გადახურული პირველი სართულის ეზოს თავზე. მამაჩემი ჩამოვიდა და, ბიძაჩემთან ერთად, ზღვაზე წავიდა საბანაოდ, მერე კი ზღვის კენჭები გადმოყარა… ან ყველაფერი მომეჩვენა.

მახსოვს სამზარეულო და წითელი ფერი. შუაში გრძელ მავთულზე დაკიდებული ბრა, რომელიც მაგიდის ზედაპირს ანათებდა. არ დამავიწყდება პატარ-პატარა ოთხკუთხედებად დაჭრილი ძეხვიან-კარაქიანი პური, რომელსაც დედა “გემებს” ეძახდა და ჩაისთან ერთად მაჭმევდა.

სამზარეულოდან ხელმარჯვნივ “ზალაში” გასასვლელი კარი იყო. კადრებად მახსოვს მინის ქილებიანი საბჭოური ჭაღი, ტელევიზორი და დასავლეთის კედელზე – კალენდარი თამარ მეფის გამოსახულებით.

სახლის უკანა ეზოს მომწვანო-მოხავსო ფერები მახსოვს. ბუნება და ცხოველები ყოველთვის მიყვარდა. სულ მიწაში ვიქექებოდი და მრგვალ ჭიებსა და ლოკოკინებს ვეძებდი, ან პეპლებს დავდევდი. თვალწინ მიდგას, როგორ მიცოცავს დედაჩემი ჩემ გამო ერთი პეპლის დასაჭერად. მიწვდა, “ბანკაში” მოაქცია, ქაღალდის ხელწახოცით მოუკრა თავი და, რომ არ გაგუდულიყო, ცოტაზე ჩახია. მე ეს “ბანკა” მეორე სართულის აივანზე გავიტანე. მზიანი დღე იყო. და პეპელა ნახვრეტიდან ამოფრინდა. მეწყინა…

მოწყენილობა მახსოვს და სიმარტოვე. ალბათ, იმიტომ, რომ  ჩემი თანატოლი იქ არავინ იყო და თუ ვინმე გამოჩნდებოდა, ყველა რუსულად საუბრობდა. სიმარტოვე და ბიძაჩემის მაგნიტოფონი, რომელზეც ორი პაააწაწინა ტიტლიკანა ბავშვის გამოსახულება იყო მიწებებული. სამწუხაროდ, სიმღერის ტექსტი და მელოდია აღარ შემომრჩა, მაგრამ მახსოვს, ძალიან, ძალიან ბევრჯერ ვუსმენდი.

სახლის მეორე სართულზე ერთ-ერთ რომელიღაცა ოთახში (მგონი, მისაღებში), როგორ ამაგრებს ბებიაჩემი პატარა წითელ ტელეფონს კედელზე. სადღაც დივანის გვერდზე. მონაცრისფრო-მოყავისფრო ტონები მახსოვს. ამ ოთახშივე იდგა ხმელი, ბამბასავით გაპუწული დეკორატიული ყვავილები (სახელი არ ვიცი) იდო დიდ ლარნაკში, სადღაც კუთხეში.

ლენა ბებოს (ჩემი დიდი ბებიის) “ზალაში” მომწვანო-სალათისფერი კედლები იყო. ძველებური ტელეფონი მახსოვს, რომელიც ჩემი დიდი ბაბუის გადიდებული სურათის ქვემოთ იდგა. მე და დედაჩემი ნოხზე ვისხედით და მუხლებზე ხელებშემოხვეულები (ვბაძავდი) სერიალ “Мариана”-ს ვუყურებდით. “Мариана” იყო თუ “Богаты тоже плачут“, აღარ მახსოვს :)

მახსოვს ციცინათელები… ციცინათელები…

ერთი (როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ბოლო) დღე მახსოვს, როცა პარკში ვსეირნობდით და ერთ დეკორატიულ  ტბასთან თუ აუზთან მივედით. შავი, წითელნისკარტა გედი მოცუდა ჩვენკენ. არ დამავიწყდება, ჩემგან ერთი ხელის გაწვდენაზე იყო. სამი სოკო მახსოვს, სამი დიდი, თითქოს, ერთ ძირზე ამოსული დეკორატიული სოკო, რომლებიც პალმებს შორის მოჩანდა. ფარშევანგებიც მახსოვს, უფრო სწორედ, მათი კუდები და მერე ის, თუ როგორ ვახატინებდი ამ ყველაფერს დედას.

დედაჩემის კლასელის სახლიდან ვბრუნდებოდით და წვიმამ საშინლად დასცხო. კიდევ კარგი, ქოლგა გამოგვატანეს, მაგრამ მაინც დავსველდით. მე და დედა მოვრბოდით, ვსველდებოდით, ვიცინოდით, გვიხაროდა. მგონი, იმის მერე დედაჩემი წვიმის შხეფებისაგან გახარებული არც მინახავს.

ტირილი მახსოვს. მოთქმა, გოდება, გადიდებული სურათები. 1992 წელს გაგრაში დედაჩემის ბიძა დაუვრიტეს, რამდენიმე თვის შემდეგ მამა გარადეცვალა. იმ დღეს, ქუთაისში,  ვიჯექი ჩემთვის და პლასტელინით ვძერწავდი. მშობლები “სალაპარაკოდან” რომ დაბრუნდნენ, დედაჩემი ტიროდა…

აფხაზეთი უკვე  რამდენიმე თვის დაკარგულია. გლოვაა. მახსოვს, როგორ წავედით თბილისში თამაზი ბაბუას დასაფლავებაზე. იკარუსი მახსოვს. მგონი, 5 საათს ვიმგზავრეთ და დიდუბეში ჩამოვედით. დედაჩემს უკან მივყვებოდი, ის კი ბაბუას საფლავისათვის გაკეთებულ ლითონის ჯვარს მიათრევდა. ახლაც მახსოვს ის კადრები და ჯვრის მიწაზე ხახუნის ხმა…

კიდევ ბევრი რამ მახსოვს. გაცილებით მეტი, მაგრამ ეს უკვე გაგრა აღარ არის. ეს ჩაძირული გემის შედეგად ზღვის ზედაპირზე დარჩენილი პატარ-პატარა მოტივტივე საგნებია, რომლებიც ყოველთვის მოგაგონებს იმას, რაც ფსკერზე განისვენებს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

7 thoughts on “გაგრა – ისეთი, როგორიც მახსოვს

  1. ვასასი

    მერე..
    ძალიან მალე..
    სულ რამდენიმე წელიწადში..

    გაგრაში რომ ჩამოვალ..
    დამათვალიერებინე..

  2. Natalia

    მძიმე წასაკითხი იყო, წინა პოსტიც ძალიან მომეწონა მახსოვს და ესეც. თან, მე ვასასივით ოპტიმისტი არ ვარ ამ შემთხვევაში და უკვე აღარ მჯერა, რომ ოდესმე აფხაზეთი ისეთივე მხარე გახდება ქართველებისთვის, როგორიც მაგალითად, აჭარაა. ოდესმე თუ არა, იმ დროს მაინც, მე რომ მოვესწრები : )

    ეს პატარა დეტალები რა საინტერესოა, მეხსიერებას რომ შემორჩება ხოლმე :) წითელი ბრა და ძეხვიანი პურები :)

  3. ჩიკო

    :lol: და მაინც, ვასასი მართალია, მოვა ეგ დროც როცა ჩავალთ გაგრაში და მშვიდად დავისვენებთ დაძაბვის გარეშე. ისე მე ლიძავაში მინდა :oops: :)))

  4. Pingback: ჩაქვი | Zurriuss.Ge

  5. Pingback: ფილმი, რომელსაც მშობლებს ვაყურებინებდი | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.