გაყინული მარჯვენა ხელი გუგულის ბუდეში

ღამის 3 საათია და ფეისბუკი გაოფლილი კლავიატურების სუნით ყარს. გრძნობ, რაღაც თმაში თითებს გიცურებს და თავის კანს გფხანს. კლავიატურაზე კაკუნის ტემპი ნელ-ნელა იკლებს და როცა ფაფუკ შეხებად იქცევა, ხვდები, რომ დიაგნოზი უტყუარია: გე ძი ნე ბა.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/AllMovies.GE-One-Flew-Over-The-Cuckoos-Nest7.mp3|titles=AllMovies.GE One Flew Over The Cuckoo`s Nest7]

ძლივს ჩამთბარი წამოდგები და არემარეშემოყინული მიაბიჯებ სარკოფაგივით ცივი ლოგინისაკენ. ოთახის ჩუსტების ტყლაშუნისას წამოწეულ ფეხისგულებზე  შეხებული სიცივე ნერვულ ქსოვილში გივლის და კუნთებს 220 ვოლტით კუმშავს. აი, მიაღწიე სარკოფაგს, რომელსაც საწოლის ფორმა აქვს. უკანასკნელ ძალას იკრებ და იხდი. სვიტერს თან ატან ნალოლიავებ სითბოს და სიცივის პირველ დარტყმასაც იღებ. ჯერ ნეკნებში გითაქა, მერე მუცელში. ხელები ზურგსუკან გადაგიგრიხა და წიხლი ამოგარტყა.

საწოლთან სამრაუნდგამოვლილი მოკრივესავით მიფორთხავ. ძვალშესალაგს ხუფს ხდი და შიგ ერთიანად ეშვები. სიცივე მოსხლეტით გკუნტავს და ყველა მხრიდან წიხლს გაჭერს. სულ მალე ძველ, კარგად ნაცნობ და კარგად დავიწყებულ პოზას იღებ.  ზუსტად ასე იყავი მაშინაც, როცა ბნელოდა, მაგრამ თბილოდა. როცა არარაობას წარმოადგენდი, მაგრამ გათბობდნენ. ახლა, როცა თუნდაც ერთი სიკეთე მაინც გაქვს ჩადენილი, მარტო გდიხარ და გავარვარებულ სიცივეს ემბრიონული უსუსურობით ებრძვი. ტვინი გულზე სწრაფად ფეთქავს. ვეღრ გეძინება.

ხელს იწვდი, აბაჟურს ანთებ და იქვე დამხობილ წიგნს აბრუნებ. ცდილობ, თავი შეიქციო, სანამ სხეული სისხლის მიმოქცევას აღიდგენს და დაძინების საშუალებას მოგცემს. “ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა”. ო, ნიკოლსონ, შე ჩათლახო, რატომ მიმალავდი, მაკმერფის ტყუპისცალი თუ იყავი!

სიტყვები სიტყვებს ახლადდაძრული მატარებლის ვაგონებივით მიყვება, ნელ-ნელა უმატებს სიჩქარეს და მალე უკვე კუკუუუუუუუუუუუუუუუუუუ!… ქალაქგარეთ ხარ. სტრიქონების რელსებზე მიშლიგინებ და თვალების ქოთქოთით ისრუტავ სიტყვებს მიღმა დამალულ წარმოსახვებს. კარგად ხარ. ნელ-ნელა ჩათბი კიდეც და ვეღარც აცნობიერებ, როგორ გაწირე მარჯვენა ხელი მთელი ამ კაიფისთვის. ვეღარც აცნობიერებ და ვეღარც გრძნობ. ის უკვე გაფიჩხული, ფერდაკარგული პიუპიტრია.

ფურცლის გადაშლის დრო დგება. მარცხენა ხელი არაფრით გეთმობა გასაყინად, რადგან მარჯვენა უკვე ტოტია. იწყებ სულის შებერვას, იქნებ იმ ფურცელს მოარტყა და გადაშალო. არაფერი გამოდის. დავრდომილი მოხუცივით უმწეო ხარ. მერე ენით ცდილობ გვერდის გადაგორებას და, რის ვაივაგლახით, 135 137-ად იქცევა. ახალი რელსი.

საბნიდან წამოსული სითბო გონებამდე აღწევს და თვალებს ორთქლავს. აზრი მირაჟს ემსგავსება და წაკითხულს გაფიქრებულისაგან ვეღარ არჩევ. 30 გვერდი ღამის 4 საათზე არც თუ ცუდი შედეგია. კითვას მადლიერი ეშვები და სინათლეს აქრობ. მარჯვენა ხელის მსგავს ტოტს თბილ საბანში ყოფ. გვერდზე ბრუნდები და ტკბილად გადიხარ საზრიანი ცხოვრებიდან. იმედია,  დილამდე ძვლის გროვასაც ეშველება.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

13 thoughts on “გაყინული მარჯვენა ხელი გუგულის ბუდეში

  1. თათია

    ძალიან მიყვარს წიგნი, ფილმი თავისი მუსიკალური გაფორმებითურთ და ახლა ეს პოსტი.

    : )

  2. მარი

    ეგეც თქვენი ზამთარი :p
    დილით გაღვიძება უარესია. თბილად რომ ხარ მოკალათებული იმ “სარკოფაგში” და მაღვიძარა რომ აგაგდებს. მერე ცივი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვა და გარეთ გახვიდე, ქარში. რადროს წიგნები და ფეისბუქია…

  3. fiqro

    ღამის 3 საათია და ფეისბუკი გაოფლილი კლავიატურების სუნით ყარს. გრძნობ, რაღაც თმაში თითებს გიცურებს და თავის კანს გფხანს. კლავიატურაზე კაკუნის ტემპი ნელ-ნელა იკლებს და როცა ფაფუკ შეხებად იქცევა, ხვდები, რომ დიაგნოზი უტყუარია: გე ძი ნე ბა.

    ai es fraza momewona. Tan Zalian

  4. სიყვარულოვნა

    4–საათოია (ღამის).
    მინდა მეძინებოდეს და იმ სარკოფაგზეც თანახმა ვარ, რამდენიმე წამიან გამიყვანზეც, მერე ლოგინში, ცივ ლოგინში კანკალზეც და ბოლოს ტკბილ დაძინებაზე.

    ოღონდ მოვიდეს ძილი…

  5. სურამელი

    ფილმის ხიბლით წავიკითხე პოსტი და არ შევმცდარვარ.აფერუმ! :d ისე,ბუნება რომ იგვიანებს ჩემთვის მაგ დიაგნოზის დასმას, დღეს???

  6. ყავისფერი დაბალი

    ვინ არის ეს ფოტო? იღებს ბევრი ვიცი !

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »