ეძიე ფრენკი საკუთარ თავში

რამდენიმე დღის წინ ფილარმონიაში კინომუსიკის საღამოზე ვიყავი. იშვიათი სიამოვნება მივიღე, როცა ორკესტრმა ჩემი ბავშვობა მუსიკალურად გააცოცხლა. ცრემლები მომადგა, როცა ნიკოლოზ რაჭველმა დენის დე ლა პატელიერის ფილმ “ცის ქუხილის” (Le Tonnerre De Dieu, კომპოზიტორი ჟორჟ გარვარენცი) საუნდტრეკი შეასრულა, ჩვენ რომ “ილუზიონის მუსიკად” მოვიხსენიებთ.

სახლში დაბრუნებული დავფიქრდი კინომუსიკის ევოლუციაზე. რა მელოდია ისმოდა ფილმებში და როგორ შეიცვალა იგი. ფაქტობრივად ჰანს ციმერამდე (ანუ 90-იან წლებამდე) სიუჟეტი ძირითადად კლასიკური ინსტრუმენტების აკომპანიმენტით მიდიოდა. შემდეგ სხვადასხვა ჟანრი შემოემატა, რაც თავისთავდ აისახა ფილმის დინამიკასა და გადმოცემის თავისებურებაზეც. თუმცა ამ პოსტის მთავარი თემა მთლად კინომუსიკა არ არის, თუმცა ფილმის პერსონაჟი, რომელზეც ახლა მოგითხრობთ, სულით ხორცამდე მუსიკოსია. მაშ ასე, ფრენკი.

franktr1620350

ვინ არის ფრენკი? მისი ბენდის წევრებს რომ კითხოთ, თუ ცოცხალი გადაურჩით, გიპასუხებენ, რომ ფრენკი გენიოსია. სამედიცინო დასკვნა კი ფრიად არასახარბიელო აქვს: აუტისტია. ამიტომ ყოველთვის და ყველგან ფრენკი მოძრაობს ვეებერთელა ბუტაფორიული თავით. ეს მისი ჯავშანია, რომლის წყალობითაც თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს. როცა ამ დისკომფორტზე არ ეფიქრება, ფრენკი მუსიკას წერს. აქ იგი მართლაც საოცარია. ფრენკის როლს მაიკლ ფასბენდერი ასრულებს, მისი ბენდის წევრისას – მეგი ჯილენჰალი. მათს ურთიერთობას ცალკე პოსტს მივუძღვნიდი, მაგრამ არ დაგისპოილერებთ.

ლენი აბრაჰამსონის ეს ფილმი წლევანდელ BIAFF-ზე ვნახე და მას შემდეგ ბავშვურმა ფანტაზიებმა ამაწრიალა: შეიძლება, ფრენკი ჩემშიცაა? ბავშვობასა და თინეიჯერობაში ხომ თითქმის ყველა ჩვენგანს განსაკუთრებულად და ყვველასგან განსხავებულად მოგვქონდა თავი. ყველას გვინდოდა ფრენკად ყოფნა, ყველანი ჩვენს თავში ვეძებდით რაღაც ზებუნებრივს, გენიალურს. რეჟისორმა კი ამ გატაცებას ერთი გამოგონილი პერსონაჟის სახელი უწოდა.

sieveysidebottom

არადა ფრენკი გამოგონილი სულაც არ გახლავთ. იგი ბრიტანელი შემსრულებლის, კრის სიევეის მიერ შექმნილი კომიკური პერსონაჟისგან, ფრენკ საიდბოტომისგან “საზრდოობს”. ფილმის პერსონაჟის “თავიც” ერთი ერთში ჰგავს ორიგინალს.

რომ მკითხოთ, როგორი ფილმია “ფრენკი”, დამაჯერებლად გიპასუხებთ, რომ ბრიტანულია და გაგიღიმებთ. :) ბრიტანელებს აქვთ თანდაყოლილი ზომიერების ფენომენალური შეგრძნება, რაც ყველაფერში გამოიხატება: ოლიმპიური თამაშების ცერემონიალიდან დაწყებული, ერთი ფრენკით თამთავრებული. ყოველთვის იციან, მაყურებელი სად გააცინონ, სად დაანაღვლიანონ და სად აღაფრთოვანონ. შექსპირის ქვეყანაში ეს არ უნდა გიკვირდეს, მაგრამ ჯანსაღი ბრიტანული იუმორი მაინც ყველგან და ყოველთვის გსიამოვნებს.

რატომ აიძულებენ ფრენკს თავის მოხდას? რატომ სურს საზოგადოების ნაწილს, აქციოს იგი თავისიანად? ფილმიდან ჩანს, რომ განსხვავებულს არა მხოლოდ ქართველები, არამედ, ზოგადად, ადამიანთა დიდი ნაწილი ვერ გუობს. ასე რომ ტერმინი “მხოლოდ საქართველოში” ამ თემაზე არ ვრცელდება.

დიახ, ჩვენ, ნორმალურ ადამიანებს, არ შეგვიძლია ფრენკის ატანა. იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ყოველთვის მის ადგილზე ყოფნა გვსურდა და ვიცოდით, ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ ფრენკიც უნდა “გაადამიანურდეს”, თუნდაც ეს უდიდეს დეპრესიად დაუჯდეს. ესეც კომედია ბრიტანულად.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “ეძიე ფრენკი საკუთარ თავში

  1. მარი

    “დიახ, ჩვენ, ნორმალურ ადამიანებს, არ შეგვიძლია ფრენკის ატანა. იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ყოველთვის მის ადგილზე ყოფნა გვსურდა და ვიცოდით, ეს შეუძლებელი იყო” – რამდენი ხანია, ასეთი სიმართლე არ წამიკითხავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »