ფილმი, რომელსაც მშობლებს ვაყურებინებდი

მე-5 კლასელი მე

მე-5 კლასელი მე

“სიძულვილი უძირო თასია, რომელშიც დაუსრულებლად შემიძლია, ვასხა.”

ევრიპიდე, “მედეა.”

მას შემდეგ, რაც კაენმა ადამიანთა მოდგმის 25% ქვის ერთი (ან რამდენიმე) მოქნევით ამოწყვიტა, ძალადობა კაცობრიობის ჰობია. მე კი ზურა ვარ, ბულინგის მსხვერპლი. სკოლაში იმ დროს ვსწავლობდი, როცა მოდაში “ბაბოჩკის” ტრიალი და კაი ბიჭობა იყო, ხოლო სწავლა – “გრეხი.” მახსოვს, ერთხელ დერეფანში მივდიოდი, როცა ვიღაცამ დამიძახა. მივიხედე და სახეში დაჭმუჭნილი ქაღალდებისგან გაკეთებული ვეებერთელა გუნდა მომხვდა. კლასში სახეახეული შევედი.

არც ინგლისურის მასწავლებლის მიერ ჩემთვის ბოქლომით გაჩეჩქვილი თავი დამავიწყდება, სისხლი რომ მდიოდა. დედაჩემი კი მეუბნება ხოლმე, რით ვერ დაივიწყეო და მეც სულ ვპასუხობ, პატიებით კი ვაპატიე, დავიწყებისა კი რა მოგახსენო-მეთქი. მეხსიერება მაშინ მქონდა, თუ მქონდა: გაგრა ბოლოს 4 წლისამ ვნახე და ჩვენი სახლის ზოგიერთი ადგილი ახლაც ფოტოკადრივით მახსოვს.

ერთხელ ლევან ბერძენიშვილმა ევრიპიდეს “მედეაზე” საუბრისას გვითხრა, რომ მედეას შურისძიებით სამართლიანობა არ აღდგა და შვილების მკვლელობით იასონს სამაგიერო არ მიეზღო. უბრალოდ, ძალადობამ ახალი ძალადობა შვა, რომელმაც წინა კი არ გააბათილა, არამედ გაამრავლა. ევრიპიდეს შემდეგ ამ თემას ლიტერატურაში ენტონი ბერჯესი, ხოლო კინემატოგრაფიაში სტენლი კუბრიკი მიუბრუნდა (ერთმა “მექანიკური ფორთოხალი” დაწერა, მეორემ კი – გადაიღო). გავიდა ათეულობით წელი და ანალოგიური სიუჟეტის წამოწევა კიმ კი-დუკმაც გადაწყვიტა.

საავტორო კინო ხომ ვაქცინასავითაა, რომელიც პერიოდის თუ ეპოქის პრობლემას ეხება და ამათრახებს. ძალადობა კი ყველაზე ჯიუტი ბავშვი გამოდგა ამ მხრივ. ბავშვის გამათრახებაზე გამახსენდა, სკოლაში ვერ ვიტანდი დავით გურამიშვილს, ბავშვების სპარტანული მეთოდით აღზრდის პროპაგანდის გამო. არა და, ზოგიერთი მასწავლებელი რა ომახიანად გვიკითხავდა იმ სტროფებს: “ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი…”

2003 წელს, ბოქლომის ინციდენტის მერე, სკოლა გამოვიცვალე. ახალი გარემო, უკეთესის იმედი და შედეგი – უარესი: ლამის სახაზავით გაყოფილი გოგონები და ბიჭები, რომლებიც შესვენებაზე არც კი ესაუბრებიან ერთმანეთს. მე ვერ შევძელი ასე ცალსახად ბიჭების ბანაკში ყოფნა და დროდადრო გოგონებისაშიც “გადავდიოდი” ხოლმე. მაგრად უკვირდათ, ამას ასე ადვილად როგორ “ვახერხებდი”. მთლად გაგიჟდნენ, მასწავლებლებთანაც რომ ვსაუბრობდი გაკვეთილის დასრულების შემდეგ. ჰოდა ერთ მშვენიერ დღეს გადამემტერნენ. ნამდვილად არავის ვუცემივარ, მაგრამ აშკარა თუ შეფარული სისინისგან ხერხემალი მიცახცახებდა.

ძალადობა რომ ძალადობას შობს, ეს კიმ კი-დუკმა პირდაპირი მნიშვნელობით კიდევ ერთხელ დამიბრეხვა თვალწინ. ფილმის ცქერისას თვალწინ ზუსტად ის კადრები მიელავდა, რაზეც გიყვებოდით. ფილმის მოქმედი პირები აგრესიის მსხვერპლი აგრესორები არიან, რომლებიც თვლიან, რომ ანალოგიური საქციელით სხვა მჩაგვრელებს ჭკუას ასწავლიან. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ საკმარისად არ ვეწამე ჩემი არატიპური მისწრაფებებისთვის ბავშვობაში? სად წავიდა ჩემში იმ აგრესიის გამოძახილი, რომელიც, ფილმის მიხედვით, სხვებზე უნდა გადასულიყო? ნუთუ ჩემში სიკეთემ იძალა?

არა. ის ისევ აქ არის, ჩემში და, თუკი მას ფიზიკური ჩაგვრით არ ვავლენ, არ ნიშნავს, რომ განეიტრალდა. მე ბაშვობისას მომწამლეს. თანაც ისე, რომ ამას ჩემი მშობლებიც ვერ მიხვდნენ. ალბათ, იმიტომ, რომ საწამლავმა დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოავლინა. თუმცა, რახან ამაზე წერა გადავწყვიტე, ე.ი. საწამლავიც იყო და სიმპტომებიც. ჰოდა სანამ “ჯადომდე” მივსულვარ და თემა გა-off-ებულა, ვიტყვი, რომ პასიური აგრესიაც, რასაც ჩემი ახლობლები ასე ხშირად გრძნობენ ჩემგან (განსაკუთრებით ბოლო ხანებში) ისეთივე აგრესიაა, რომელიც ზოგჯერ სათავეს არც თუ ახლო წარსულიდან იღებს.

დედა, მამა, გაფრთხილებთ, მძიმე ფილმია.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “ფილმი, რომელსაც მშობლებს ვაყურებინებდი

  1. მარი

    მახსოვს ბერძენიშვილის ეგ ლექცია. “მტრობა არ არსებობს” – მგონი, ასე ერქვა.
    ჰოდა, შენთან შედარებით, ალბათ, ძალიან გამიმართლა, რომ სკოლაში სიარულს არავინ მაძალებდა და იშვიათად მიწევდა მათი ნახვა, ვისაც ვერ ვიტანდი.
    პ.ს. ბიაფის თემაზეც შესაძლებელი ყოფილა საინტერესო პოსტების კითხვა :d

    1. zurriuss Post author

      “მტრობა არ არსებობს” ეგ ალუდა ქეთელაურია.
      სენქიუ :)

  2. ეკა

    მე თუ დღეს სკოლაში ვმუშაობ, მხოლოდ მიტომ, ისეთი არ ვიყო, როგორიც ჩემი მასწები იყვნენ. :cry: მართალია, რაღაცას ჰპატიობ, მაგრამ ვერ ივიწყებ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »