ვიზუალისა და სცენარის დილემა ანუ ქართული კინო დღეს

კადრი ფილმიდან "რა უცნაურია, გერქვას ფედერიკო ფელინი". რეჟ. ეტორე სკოლა.

კადრი ფილმიდან “რა უცნაურია, გერქვას ფედერიკო ფელინი”. რეჟ. ეტორე სკოლა.

გუშინწინ ბათუმმა შტორმისგან ორიოდ დღით დაისვენა და კანტიკუნტად შემორჩენილი დამსვენებლები კვლავ ქუჩებში გამოვედით. თბილისში დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს გადავეყარეთ, ბევრი ვისეირნეთ და ბევრიც ვისაუბრეთ. დღევანდელი ქართული კინოს შესახებაც მოიტანა სიტყვამ და ასეთი რეალობის წინაშე დავდექით: ფილმის გადაღება-მონტაჟზე გამიზნული თანხა  ღირებული კადრებისათვის ბიუჯეტს აღარ ტოვებს, ან პირიქით, ვიზულაი გამოდის მშვენიერი, ფილმი კი უინტერესო.

"ჩემი საბნის ნაკეცი", რეჟ. ზაზა რუსაძე.

“ჩემი საბნის ნაკეცი”, რეჟ. ზაზა რუსაძე.

ამაზე „ჩემი საბნის ნაკეცი“ გამახსენდა, რომელიც ჩემს მეგობარს არ ენახა. დავიწყე მოყოლა, აღვწერე მართლაც ლამაზი კადრები, პერსონაჟებსაც შევეხე და მერე მივხვდი, რომ არ მახსოვდა, ფილმი რაზეა. ისიც ვეღარ გავიხსენე, ფილმი საერთოდ რამეზე თუა. მოკლედ, უყურე, მაგრამ არ მოუსმინო-მეთქი, ვუთხარი.

"ნატვრის ხე", რეჟ. თენგიზ აბულაძე.

“ნატვრის ხე”, რეჟ. თენგიზ აბულაძე.

ვიზუალზე გამახსენდა, მეექვსე კლასში ვიყავი როცა სკოლაში „ნატვრის ხეს“ ვდგამდით. მასწავლებელმა მითხრა, ფილმს უყურე და  ციციკორეს პერსონაჟს მიაქციე ყურადღებაო. მას შემდეგ თოთხმეტმა წელმა განვლო და „ნატვრის ხეზე“ ლამაზი ქართული ფილმი არ მეგულება. თუმცა ამ რამდენიმე დღის წინ ნანახმა „სიმინდის კუნძულმა“ სასიამოვნოდ  დამაფიქრა.

"სიმინდის კუნძული", რეჟ. გიორგი ოვაშვილი.

“სიმინდის კუნძული”, რეჟ. გიორგი ოვაშვილი.

BIAFF-ზე „პატარძლებისა“ და „შემთხვევითი პაემნების“ არც თუ ისე შთამბეჭდავი პრემიერების მერე ნამდვილად არ მეგონა, „სიმინდის კუნძული“ ასე თუ მომეწონებოდა. ფილმზე რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა ოთხ წელიწადს იმუშავა და შედეგიც დასაფასებელი აღმოჩნდა: კარგი სცენარი, ბოლოდროინდელი ქართული კინოსთვის არადამახასიათებელი თხრობის სტილი, სიუჟეტის განვითარების მოზომილი ტემპები, კარი მსახიობები, მუსიკა და საოცარი კადრები.

"სიმინდის კუნძული".

“სიმინდის კუნძული”.

ფილმი უკვე ასჯერ გადაღეჭილ საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტს ეხება, თუმცა მიდგომა შედარებით განსხვავებულია. სიუჟეტმა შეიძლება, „მანდარინებიც“ მოგაგონოთ, რადგან შტრიხები მეორდება, მაგრამ აქ სოფლის მეურნეობის ენდემური ტრადიცია ალეგორიას ერწყმის, რომელსაც ფილმის ბოლოსკენ სავსებით აცნობიერებ. როცა ამ ყველაფერს რეჟისორი კარგად გადმოგცემს, კმაყოფილების გრძნობა გეუფლება, რადგან შეკრულ და დასრულებულ ამბავს ხედავ.

აქ ვერ მოისმენთ გრძელ დიალოგებს, საერთოდ ვერ გაიგონებთ მონოლოგს. ფილმში ტექსტი პრაქტიკულად არ არსებობს და რაც არის, უმეტესობა აფხაზურია. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ სიუჟეტი ტექსტს არც საჭიროებს. აქ დაზღვეული ხართ დრომოჭმული მამაშვილური ფრაზებისგან, რომლებსაც დიდი ხანია, ყავლი გაუვიდათ. თუმცა არ ვიცი, რამდენად დაკმაყოფილდება მაყურებელი ამ ყველაფრით. „მანდარინებისგან“ განსხვავებით აქ „ექშენი“ არ არის და სიღრმეს აბა ვინ დაგიდევთ.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “ვიზუალისა და სცენარის დილემა ანუ ქართული კინო დღეს

  1. Lord Vader

    პოსტი ხომ ძალიან კარგია მართლა, მაგრამ კომენტარი რულამს. :)
    კარგ პოსტებზე ყოველთვის ასეა ხოლმე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »