უმაგრესად გატეხილი ძილი ანუ მამა ჩამოვიდა

ლითლ უვერტიურა

მანამ, სანამ წინასაახალწლოდ ბოჩელის სიმღერებით წავიღებდე ტვინს, კვლავ გაციებას ვებრძვი. ერთ-ერთი, რაც მაგიჟებს და მადებილებს, გაბრუებაა. როცა ასე ვარ, საკუთარ თავს არ ვეკუთვნი. უაზროდ ვკარგავ ენერგიას და, რაც მთავარია, ფეხზე კიდია, ვის რას და როგორ ვეუბნები. მაშასადამე, არასდროს მისურვოთ გაციება. ახლა კი, მთავარი.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/09/022-TSCHAIKOWSKY-FAIRY-DRAZHES-DANCE.mp3|titles=022 TSCHAIKOWSKY – FAIRY DRAZHE’S DANCE]

ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა მივლინებიდან ახლად დაბრუნებული მამა ჯერ კიდევ გათოშილი სახით თბილად ჩაძინებულს ლოყაზე გაკოცებს. სუსხის მინიმალურ შეგრძნებასაც კი ძილბურანიდან გამოჰყავხარ და სმენა გიბრუნდება. თუმცა დამძიმებულ ქუთუთოებს ვერ ერევა. გარეთ თოვს.

ვხვდები, რომ მამა ჩამოვიდა, მაგრამ გაღვიძებისა და სიხარულით წამოხტოის თავი არ მაქვს. უსიხარულოდ წამოხტომას არწამოხტომა სჯობს-მეთქი ვწყვეტ და უძრავი სხეულის შიგნით ვხარობ. გულიც და თითოეული ნერვიც მოუთმენლობისაგან ფეთქავს. უეჭველი, მამას რაღაც ძალიან მაგარი ექნება ჩამოტანილი.

რას დავთმობ ძალიან მაგარი სიურპრიზის სანაცვლოდ? ერთ გაფუჭებულ ძილს? თავისუფლად. წინ კიდევ ბევრი მშვიდი ძილია. ასე რომ, თვალებში შეჭყიტებულ შუქით, ჩემოდნების ხმითა და გათოშილი კოცნით არეულ ძილს ვინ არ გაუძლებს.

არასდროს მიყვარდა საჩუქრებზე გამოცანობანას თამაში და წინასწარ რამეზე ოცნება. ყველაფერი ხომ არ ასრულდება. ჰოდა, თუკი ვნახავ, რომ ჩემი ოცნების საჩუქარი არ მომიტანეს, ეს ხომ არასრულებული ოცნებაა? ამიტომ ეგეთ ვარდისფერ აზრებს გონების ერთ ოთახში გამოვკეტავდი და მოლოდინის მომენტით ვტკბებოდი.

შენიშვნა: თინეიჯერი გოგოსავით ვწერ, ხოო?

ზოგჯერ არც ისე ღრმად მეძინა და შემეძლო, ადვილად გამეღვიძა, მაგრამ აფორიაქებული ძილი სულ სხვა რამეა. როცა გულისცემა ყურებში გიბაგუნებს იცი, რომ ყველაზე ბედნიერი დილა გექნება, მოლოდინის მომენტი თავისებურ კაიფში გაგდებს. ბედნიერ დილას დანატრული ძილი სულ სხვა რამეა. იგი ისე განსხვავდება ყველა სხვა ძილისგან, როგორც ზამთრის ფაფუკთოვლიანი დღე დანარჩენებისგან.

…როგორც ხდება ხოლმე, მაჩემის მივლინებები შემცირდა. მერე სულ გაქრა. აღარც ჩემოდნების ხმა მაღვიძებს, აღარც შუქის ჭყიტინი და აღარც გათოშილსახიანი კოცნა ლოყაზე. მერე სასწავლებლად თბილისში გადმოვედი და სამუდამოდ დასრულდა/დავასრულე ჩემი ბავშვობა. ახლა მამა ტელეფონით თუ გამაღვიძებს ხოლმე. ისიც, მაშინ, როცა ჩართული მრჩება.

P.S. წავედი, ისევ “მაკნატუნას” ყურებას მოვრჩე.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “უმაგრესად გატეხილი ძილი ანუ მამა ჩამოვიდა

  1. სიყვარულოვნა

    ჩემი დედიკო, რომ ჩამოდის ხოლმე ზუსტად ეგ მომენტი აღწერე…
    თვალს გაახელ და შეგეფეთება უაზროდ დაღლილი სახე და გახარებული თვალები :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »