ერთ პოსტში მოქცეული 2015 წელი

Processed with VSCOcam with a6 preset

ესეც ასე, 2015 წელიც სრულდება და ამ წელს იმდენი საინტერესო რამ მოხდა და გადამხდა, ორიოდ სიტყვით რომ არ მიმოვიხილო, არ შეიძლება. თან პოსტიც დიდი ხანია, არ დამიწერია.

ვისაც პოსტში ვიდეოების ჩართვა დაგეზარებათ, ეს მუსიკა ჩართეთ და იღუღუნოს თავისთვის ;)

2015-მა წელმა, ფაქტობრივად, ჩემი მუსიკით შემოაბიჯა:

იანვრისა და 31 დეკემბრის მიჯნაზე რუსთავი 2-ის საახალწლო ეთერში ჩემი სტვენა ისმოდა.

თებერვალში ერთი პატარა ოცნება ავისრულე და შერლოკ ჰოლმსის ქუდი მოვირგე, სასკოლო ოლიმპიადის სახე ვიყავი. :)

მარტში მოხდა ყველაზე ყველაზე ნანატრი რამ: ცხოვრებაში პირველად გადავკვეთე ქვეყნის საზღვარი, აზერბაიჯანულ “ნიჭიერში” გამოვდიოდი. ულამაზესი ბაქო, სრულიად სხვა კულტურა, შეხედულებები, წესები, არქიტექტურა…

თქვენ გაქვთ სელფი გაეროს ელჩთან? :)

აპრილში კიდევ ერთი ოცნება ავისრულე: თვითმფრინავით ვიმგზავრე, სტამბოლი ვნახე და დღემდე ვერ ვიჯერებ, ასეთი საოცრება ჩვენგან მხოლოდ 2 საათი ფრენის მანძილზე რომ მდებარეობს. მიხარია, რომ 2016 წლის აპრილში ისევ ჩავალ, შემოვივლი უკვე შეყვარებულ ადგილებს და კიდევ ერთხელ შევიგრძნობ “ყველაფრის ქალაქს”.

მაისში მივხვდი, რომ უკვე იმდენი სტუდენტი დამიგროვდა, რომ სათვალავი ამერია.

ივნისში ორი ძალიან კარგი რამ მოხდა:

  1. პირველად ცხოვრებაში ღონისძიება ინგლისურ ენაზე წავიყვანე. კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფონდ “ვივაჩეს” საქველმოქმედო კონცერტს ვუძღვებოდი უმშვენიერეს მარიამთან ერთად.

2. აზერბაიჯანული “ნიჭიერის” ნახევარფინალში გამოვედი და ბაქოს დათვალიერებაც ნორმალურად მოვახერხე. მართლაც საოცრად ლამაზი ქალაქია. ძვირი კია, მაგრამ მაინც.

ივნისში ძალიან ცუდი ამბავიც მოხდა, რომლის დროსაც ჯერ კიდევ ბაქოში ვიყავი. 13 ივნისის ღამეს, აღარ მახსოვს, როდის ჩამეძინა. საშინელება იყო, როგორ ვიგებდი თბილისში განვითრებული მოვლენების შესახებ ფეისბუკით და, გაზიარების გარდა, არაფრის გაკეთება შემეძლო. თბილისში დაბრუნებულმა სპონტანურად ეს ნახატი დავხატე, რომელიც რამდენიმე საათში გაიყიდა და ფული მაშინვე საქველმოქმედო ფონდში გადავრიცხე.

ივლისში კიდევ ერთ ლამაზ დარბაზში გამოსვლის ოცნება ავისრულე: ამჯერად კარი პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამიღო. ჩემი პირველი Newspaper Art გამოფენაც აქ გავაკეთე.

აგვისტოში პირველად ვნახე სვანეთი, კოშკები, ქალწულებრივი ნაძვნარით შეფენილი მთაგრეხილები და ვისუნთქე მესტიის სუფთა ჰაერი.

აგვისტოს მეორე ნახევარი ბათუმში, პროექტ “ჰითბათუმზე” მუშაობაში გავატარე და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ადამიანი გავიცანი: ექსცენტრული ფოტოხელოვანი სვენ მარქარდი.

სექტემბერში BIAFF დაიწყო. ღონისძიება, რომელსაც წლიდან წლამდე ყველაზე მეტად ველოდები. წელს ფესტივალის სტუმარი, ქალბატონი ნასტასია კინსკი გავიცანი, რომელსაც იმ დროს საკმადო მძიმე პერიოდი ჰქონდა ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ძალიან მოეწონა, როცა ვკითხე, თეატრში თამაშს თუ აპირებდა. ძალიან მიხარია ხოლმე, როცა დიდი კინომსახიობები არ ივიწყებენ თეატრს. ჰოდა აპირებს თამაშს. ასე რომ, ნასტასიას ფანებო, იცოდეთ მაინც. ;)

BIAFF-ის ყველაზე მაგარი და შოკისმომგვრელი მომენტი მაინც დახურვა იყო. ნინო ქათამაძე კონცერტის დროს სცენიდან ჩამოვიდა, სიმღერ-იმპროვიზაციით გამოიარა პარტერი, მომიახლოვდა და რას წარმოვიდგენდი, თუ უცებ მიკროფონს მომიშვერდა და ამყევიო, მეტყოდა? :)

სექტემბერი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებით დასრულდა. ცხოვრებაში პირველად ვნახე ამდენი ფრინველი და ამდენი ორნითოლოგი, ასევე პირველად მოვინახულე კოლხეთის დაცული ტერიტორიები. აი, ისეთი ადგილებია, თავი ამაზონის ჯუნგლებში გეგონება. აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

ოქტომბერში ჩემი საყვარელი “ჯიპას” კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა და ჩემი ერთ-ერთი მართლა ძალიან მაგარი ლექტორიც ვნახე. წლებია, არ მენახა. პრეზიდენტზე მაქვს საუბარი. ვინც მის ლექციებს დასწრებია, დამეთანხმება, რომ ძალიან მაგარი ადამიანია (ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე).

ამავე თვის შუა რიცხვებში National Geographic-მა გამახარა, როცა ჩემი გადაღებული ფოტო 15 ოქტომბრის Daily Dosen რუბრიკაში მოახვედრა. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ, მობილური ფოტოგრაფიის სახით, მართლა სწორი არჩევანი გავაკეთე.

ოქტომბრის ყველაზე დიდი სიგიჟე ლონდონი იყო. გაერთიანებული სამეფო მესამე ქვეყანა გახდა, რომელიც 2015 წელს ვნახე. უკვე მერამდენედ ვცადე ვრცელი პოსტის დაწერა ამ საოცრებაზე, მაგრამ აზრი არა აქვს. ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ, დალაგებულად გადმოვცე ის ემოციები. წარმოიდგინეთ, შუაღამისას, დამქანცველი ბოდიალით რომ მიაღწევთ ტაუერ ბრიჯს… და მერე რა? აი, რა გინდა, რომ ქნა? ეს უსუსურად ყოფნის ბედნიერება ერთ-ერთი ყველაზე ენითაღუწერელი შეგრძნებაა, რაც ბრიტანეთიდან გამომყვა. :)

ნოემბერში კიდევ ერთხელ, უკვე ქარისა და ხელისშემშელელი გარემოს გარეშე, ვეზიარე The Tiger Lillies-ის კომიკურ, ცინიკურ, სასოწარკვეთილ და სულშიჩამწვდომ მუსიკას. ეს ჯგუფი ბევრმა არ იცის, ბევრს არ მოსწონს, მაგრამ აღიარებენ, რომ ძალიან გამორჩეულია. ჩემთვის კი მისი მუსიკა ბევრი ნახატის შთაგონების წყაროა. მეტს არაფერს ვიტყვი, დანარჩენს უნდა მოუსმინოთ.

დეკემბერში, როგორც იქნა, კიდევ ერთი პატარა, მაგრამ დიდი ხნის სურვილი ავისრულე და ისეთი ნაძვის ხე დავდგი, როგორიც გულით მინდოდა, მქონოდა. მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა. ნაძვის ხის გაწყობა ზუსტად ისევ ისე მიხარია, როგორც 20 წლის წინ. იმიტომ, რომ ეს არის შეჯამების, შეფასებისა და იმედის დრო. როცა კიდევ ერთხელ დაფიქრდები, თუ რა სწრაფად გადის დრო, იზრდები და გემატება წლები… 2015 წელს ჩემი ცოცხალი მეგობრების სასაფლაო კიდევ რამდენიმე ადამიანით გავამდიდრე და ძალიან მწყდება გული, მაგრამ რას ვიზამთ… მხოლოდ კარგი ხომ არავისთან და არასდროს ხდება?

გასაგებია, რომ ახალი წელი ადამიანის მოგონილი დღესასწაულია და ამ დღეს რამე განსაკუთრებული ბუნებრივი მოვლენა არ ხდება, მაგრამ ადამიანებს (უმეტესობას მაინც) გვჭირდება დღესასწაულები, გვჭირდება განსაკუთრებული დღეები და მოვლენები. იმიტომ, რომ ჩვენ (უმეტესობა მაინც) ვერ ვიტანთ ერთფეროვნებას, სიცარიელეს, უიმედობას. ყველაზე მომაბეზრებელი და ფლეგმა ადამიანიც კი (უმეტესობა მაინც) გულის სიღრმეში ახლის ძიებაშია, რომ ამით თავი დააღწიოს ყოველდღიურ მომაბეზრებლობას.

სწორედ ამას ვუსურვებ საკუთარ თავს დამდეგ 2016 წელს და გისურვებთ თქვენც. რომ თითოეულ თვეში პირველად გამოცადოთ რაღაც ახალი და კარგი. მრავალს დაესწარით. ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “ერთ პოსტში მოქცეული 2015 წელი

  1. redheaded-creep

    ლილისების მოსმენის პირველი ბედნიერება სად წავიდა? :3 ფილარმონია კი იყო მომაკვდინებელი მაგრამ აიიი პირველად რომ გავიგონე ლაივში ის საოცარი ხმებიი ♥ მერე რა რომ ქარს მივქონდი :დ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »