ეპოქა, რომელსაც ვერ გავცდით

Dzma

“ღამეა, ბნელა, მივდივარ ნელა, თუ გინდა, დამეწიო, წამოდი ჩქარა.” © დედაჩემი

90-იანები. სიბნელის ხანა, რომელმაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, გაანულა, დღესაც აგრძელებს ქართველი რეჟისორების ინსპირირებას. ოღონ შთაგონება რამდენად ჰქვია იმას, რომ თითქმის ყოველ წელიწადს ახალი ფილმი ცხვება ქუჩაში ჩაცხრილულ ადამიანებზე ან კაიფში გაპარულ ახალგაზრდებზე, არ ვიცი. 90-იანების თემატიკა უკვე იმ გაკვეთილს ჰგავს, სკოლაში ოროსანმაც რომ იცის. ის ის იყო, მორიგ მარაზმზე გულის ასარევად მოვემზადე, რომ ფილმმა “ძმამ” გამაოცა.

პირველად მუსიკამ მიიპყრო ყურადღება, ფირსაკრავზე ბეთხოვენის საფორტეპიანო სონატა ისმოდა, გლენ გულდის შესრულებით. საინტერესოა, როცა აქცენტი თავიდანვე ქუჩის კუთხეში საქმის გარჩევაზე არ გაკეთდა. ფილმის ორიდან ერთ-ერთი მთავარი გმირი ფორტეპიანოს ეუფლება. მუსიკას სრულად მოუცავს პატარა ბიჭი, რომელიც საოცრად უკრავს და აქვს სევდიანი თვალები. ფილმის ნახევარი მთლიანად მასზეა აგებული, როგორც მგლების ხროვაში ჩაგდებულ კრავზე, რადგან გონზე არაა, რა საშინელება ხდება ქვეყანაში.

სიბნელემ, რომელიც ყოველი მზის ჩასვლისას თვალში გვეჩხირებოდა, აქ შემახსენა თავი. სხვა ფილმებში, მაგალითად, “გრძელ ნათელ დღეებში”, ასეთი რამ არ მინახავს და მიკვირდა, იმ უბედურ დროს შუქი როგორ იყო. ამ ფილმის ფონზე უშუქობა მოხერხებულად გამოიყენეს “ძმის” რეჟისორებმა თეონა მღვდელიძემ და ტიერი გრენადემ და მარადიერსახეცვალებადი თბილისის კონტექსტიდან (მარად) ამოვარდნილი ადგილები “ჩააქრეს.” ამით ფილმის ვიზუალური მხარე მოგვარდა, რაც ზემოთ ნახსენებ მეორე ფილმში ლაფსუსად დარჩა (მაინც რა იყო ის შუა დღის პაპანაქებაში “შლანგით” მიშვერილი წვიმა? :D ). სხვათა შორის, ფილმში საუნდტრეკების პრობლემაც ნიჭიერი პიანისტი მსახიობის, მთავარი როლის შემსრულებლის წყალობით მოგვარდა. “ძმას” ზუკა ცირეკიძე აფორმებს.

ეს არის ფილმი ორ, პარალელურ ცხოვრებაზე. უფროსი ძმა კრიმინალურ გზას ირჩევს, უმცროსი – მუსიკოსად რჩება (ყოველ შემთხვევაში, ამ ფილმში ასეა). ხალისისგან დაცლილ ქუჩებში კი პერიოდულად გასროლის ხმები ისმის, რომელსაც გლოვა-გოდება ცვლის. მოკლულის დატირება ბავშვების ყოველდღიური თამაშობების ნაწილი ხდება… ვიტყვი მხოლოდ ერთს: მე რომ უცხოელი ვყოფილიყავი, ამ მინიმალისტური ფილმით ყველაფერს გავიგებდი ეპოქაზე, რომელიც ყველანაირად შევაფასეთ, დავწერეთ, დავხატეთ, ვიმღერეთ, გადავიღეთ, მაგრამ მაინც ვერ გავცდით.

P.S. ფილმების ქართულად სახელების დარქმევის ტენდენცია (Tzameti, Mandarinebi, Dzma) ძალიან მხიბლავს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “ეპოქა, რომელსაც ვერ გავცდით

  1. კატიე

    საინტერესოა.
    იმედია მალე გამოვა კინოთეატრებში და 1 წ არ დაგვჭირდება ლოდინი.

    ვერ დაგეთანხმები, რომ 90-იანებმა გაანულა საქართველო, როგორც სახელმწიფო. პირიქით, 90იანებსი შედგა საქართველო, როგორც სახელმწიფო, მიუხედავად ბევრი ხარვეზისა. განულებით 70-მა წელმა გაგვანულა. 90იანებში, უამრავი უბედურების მიუხედავად, საქართველო იქცა სუსტ, მაგრამ სუვერენულ სახელმწიფოდ, საკუთარი კონსტიტუციით, სამოქალაქო ომებიდან და ტერაქტებიდან შედარებით სიმშვიდემდე, სახელმწიფო ხელისუფლების ასე თუ ისე ჩამოყალიბებული შტოებით, კანონმდებლობით, საერთაშორისო აღიარებით, გადებული ‘ტრუბებით’… რა თქმა უნდა, დემოკრატიის მხოლოდ მცირე ნიშნებით, მაგრამ დემოკრატიისკენ მაინც სწრაფვით. მერე რა, რომ შუქი არ გვქონდა, ადამიანის უფლებები ირღვეოდა და ხვალ და გვეჭამა არ ვიცოდით, სახელმწიფოდ შედგომის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნები ზუსტად 90იანებში გაგვიჩნდა და ამის ასე ხელისწამოკვრით მოხსენიება არ მგონია სწორი.

    პ.ს. ნეტა ჯორჯიასაც Sakartvelo-ს დავარქმევდეთ ოდესმე :/

    1. zurriuss Post author

      ნუ ჰო. რახან დღეს ვარსებობთ, ე.ი. 90-იანებში ბოლომდე არ გავნულებულვართ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »