ეგვიპტური Story (ნაწილი III)

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/03/09-Hamunaptra2.mp3|titles=09 – Hamunaptra]

გონგი, ძრწოლა…

_ იტირეთ!

გონგი, ძრწოლა…

_იგლოვეთ!

გონგი, ძრწოლა…

_ თავები მიწას დაახალეთ!

გონგი, ძრწოლა…

_თუტმოსი, ძე და მემკვიდრე ჩემი, დასავლეთის ქარებს გაჰყვა!…

ასე იწყებოდა ყოველი დილა. ყოველი შავი დილა. ფარაონი ხალხის თვალწინ მოთქვამდა, მუშტებს ქვის მოაჯირზე ურყამდა და დასისხლიანებულ ხელებს სამგლოვიარო, ქათქათა მოსასხამზე იხოცავდა. საზარელი შესახედავი იყო ზემო და ქვემო ეგვიპტის ერთპიროვნული მმართველი, ვისი ძალისხმევითაც სამეფო უკიდეგანოდ გაძლიერდა, აყვავდა და განმტკიცდა. სულ ცოტა ხნის წინ იგი თავს ღმერთებს უტოლებდა, ამენხოტეპ III-ის 200-ზე მეტ ქანდაკებას ქვეყნის ყველაზე დიდ ტაძრებში გუნდრუკს უკმევდნენ და ადიდებდნენ. რაოდენ ფუჭია ახლა ყოველივე. რაოდენ უძლური ყოფილა სიკვდილის წინაშე თვით ჰორის ამქვეყნიური სახე, რომელიც ახლა თავის მუმიად ქცეულ იმედს დასტირის.

არც არავინ დაინტერესებულა, ამენხოტეპ უმცროსმა იგლოვა თუ არა საკუთარი ძმა. ამაზე სასახლეში ცხადად არავინ საუბრობდა. არც არავის ეცალა. ფარაონმა ბრძანა, სამგლოვიარო თეთრი სუდარით მოერთოთ კარნაკის მთელი კომპლექსი და მემკვიდრის მუმია 7 დღით საკურთხეველში დაასვენებინა. მიუხედავად უმაღლეს ქურუმთა პროტესტისა, ამენხოტეპ III-მ გადაწყვეტილება არ შეცვალა, ჩემი მემკვიდრე და ჩემი სული სამაგალითოდ უნდა დაიკრძალოსო. ბოლოს ყველაფერი ისე გადაწყდა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე და ამონ-რას უზენაესობა ქრთამის უზენასობამ ჩაანაცვლა.

დედოფალთა ველის მისადგომები  მგლოვიარეთა რიგებს გადაეთეთრებინა. მეფეთა ველის განაპირას მდებარე სასაფლაოს უამრავი ფარაონის მეუღლე და სამეფო ოჯახის მეორეხარისხოვანი წევრი ჩაეკრა კლდოვან გულში. ათას ორას მონას მოჰქონდა სამეფო აკლდამაში ჩასატანები ბაჯაღლო ოქროს ნაკეთობანი. სულ ბოლოს სამეფო ტახტი მოსჩანდა, რომელზე ასვლაც ყმაწვილს არ დასცალდა. შემდეგ ისიდასა და ოსირისის მოოქროვილი ქანაკებები მოჰქონდათ, მათ წინ კი შავი გრანიტის ანუბისისს მოაგორებდნენ. თორმეტ ოქროთი დაფარულ თუტმოსისსახიან სფინქსს 20-20 მონა ეზიდებოდა. და გამოჩნდა სამეფო ოქროს ეტლიც, რომლის გამოსახულებებითაც აჭრელებული იყო გარდაცვლილის განსასვენებელი. სწორედ ამ სამეფო ეტლით უნდა შემოევლო მომავალ თუტმოს IV-ს სამეფო და მტერს გადაულახავ ქვიშის ქარბუქად აღდგომოდა. პროცესიას ფარაონის ოჯახი, დედ-მამა და და-ძმანი მიუძღვებოდნენ. ამენხოტეპ III-ს ტირილისაგან სახე ისე დაღრძუებოდა, რომ ოქროს ნიღაბი აეფარებინათ. ფარაონი, რომელიც ჯანმრთელობას თითქმის არ უჩიოდა, მეუღლეებს მკლავზე გადამხობილი მიჰყავდათ. პროცესიის თავში კი ლეოპარდისტყავიანი უმაღლესი ქურუმი ანენი აღავლენდა შესანდობარ ლოცვებს.

ამენხოტეპ უმცროსი, რომელიც შინაგანად საოცარ ძალას გრძნობდა, გაშტერებული სახით იდგა თავისიანებს შორის. უკვირდა, რომ ნება დართეს, ოჯახთან ერთად ასე საჯაროდ გამოჩენილიყო, თუმცა ახლა მისი გონება სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. გარშემო ხალხი ირეოდა, ყველა თავში ხელებს იშენდა, მუსიკოსები უკრავდნენ, დამტირებლები, ცხარე ცრემლით გლოვობდნენ, _ ამენხოტეპს არაფერი ესმოდა. მუქი თაფლისფერი თვალები  მოეხუჭა და ცაში ერთ წერტილს დიდი გაოცებით მიშტერებოდა. იმ წამს ამენხოტეპი იქ არ იყო.

ის იქ იყო, მასთან, ვინც აღმოაჩინა.

ბიჭს სახე გაუნათდა და ტუჩებზე ღიმილი აუთამაშდა. თვალები ისე უციმციმებდა, თითქოს, დიდი ხნის დაკარგულ ძვირფასეულს მიაგნო.

რკალისებური ღიმილი გასცდა ტუჩის კუთხეებს და ნელ-ნელა დიდ ნაპრალად გაიპო სახეზე. ცოტაც და ჰაეროვანი ამოსუნთქვა აღმოხდა. უცებ, დედამ მოიხედა! ბიჭს ღიმილი სახეზე შეეყინა. თვალებდაბინდულმა თიამ მონას პარიკი გაასწორებინა და გაბრუებული თავი კვლავ შეაბრუნა ისე, რომ ვერც მიხვდა, თუ რატომ გამოიხედა. ბიჭმა ახალი ძალით მიაპყრო თვალები ზეცას. თუმცა, რა ზეცას, იგი თვით მზეს უმზერდა!

… სწორედ იმ დროს, იმ წუთებში ამენხოტეპმა იგრძნო, მიაგნო მას, რამაც შინაგანად გააცისკროვნა.

ეს ღვთაებრივი სიბრალული იყო.

დიახ, ამიერიდან მას ებრალებოდა ყველა და ყველაფერი, რასაც თაყვანს სცემდნენ, ვინაიდან ისინი უსიცოცხლო ფიტულები იყვნენ, გამოგონილნი ადამიანთა მანკიერი ზრახვების აღსაკვეთად.

ებრალებოდა ყოველი, ვინც ასე გულმოდგინედ ლოცულობდა არარსებულთა წინაშე და მათგან ამაოდ ელოდა პასუხს.

ებრალებოდა დედა, მამა, დები, გარდაცვლილი ძმაც კი, რომლის ცხედარსაც გამოგონილი ღმერთების სახელით კრძალავდნენ.

ებრალებოდა ყოველი ტაძრის თითოეული ქვა, რომელიც, ცოდვილ ქურუმთა ახირებების გამო, არარსებული ღმერთის სადიდებლად გამოთალეს.

ებრალებოდა თითოეული მუშა და ჯარისკაცი, ვისი სისხლიც არასებულ ღმერთთა სადიდებლად დაიღვარა.

ებრალებოდა დამკრძალავი პროცესიაც, რომელსაც უგუნურება მემკვიდრეობით ერგო.

თვალებგაშტერებული ამენხოტეპი ცრემლად იღვრებოდა. ატირდა. ყველამ დაინახა, როგორ მოთქვამდა სამეფო  ოჯახის წევრი, რომლის უცნაურმა გარეგნობამ გარშემომყოფთა ყურადღება მიიქცია. ზოგს ეგონა, რომ ატირებულ ბიჭს მზის სხივებმა თვალები აუწვა, ფანატიკოსთა აზრით, იგი ძმას დასტიროდა. თუმცა სინამდვილეში ამენხოტეპის გონებას ასეთი მიწიერებებისათვის არ ეცალა. იგი ღვთაებრივი სიბრალულისაგან ტიროდა და ებრალებოდა მთელი ერი, რომელიც, შეცდომით, არარსებულ იდეალებს აღმერთებდა.

დიახ, როდესაც ეგვიპტელები თუტმოსს ეთხოვებოდნენ, ამენხოტეპი სიბრალულს განიცდიდა მთელი ქვეყნიერების მიმართ. არასდროს და არც ოდესმე იგი არ შერყეულა და არ გარდასულა იმ რწმენას, რომელიც თებეს ვიწრო მისადგომებში, ათასობით მოყიჟინე მგლოვიარეს შორის შეიმეცნა. მან იგრძნო სიბრალული ეგვიპტის 2000-წლიანი ისტორიისა და ტრადიციის მიმართ, რომელიც ხალხს, მცდარი მიმართულებით, უფსკრულისაკენ მიუძღოდა.

სწორედ ნილოსის ნაპირის კლდოვან სივრცეში, მზისკენ მზერამიპყრობილი ამენხოტეპი პირველად მიხვდა, რომ ამიერიდან ქვეყნიერება ისეთი აღარ იქნება, როგორიც მანამდე იყო. სწორედ თებეს კლდოვან სილუეტებში იშვა ერთადერთი და ჭეშმარიტი ღმერთი, ატონი. მისი და მთელი ეგვიპტის მომავალი.

ნაწილი I

ნაწილი II

ნაწილი IV


Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “ეგვიპტური Story (ნაწილი III)

  1. ნან

    ვააა
    ძალიან მაგარია!

    ეხლა შემოვედი შენს განახლებულ ბლოგზე და ძალიან მომეწონა. კარგად გაქვს მილაგებული აქაურობა :)

  2. ნინო

    “12 ათას მონას მოჰქონდა სამეფო აკლდამაში ჩასატანები ბაჯაღლო ოქროს ნაკეთობანი”-ეჰ,ნეტავი ამათ:)

    1. zurriuss Post author

      ამენხოტეპ მესამე მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრეს ადამიანთა შორის მე5 იყო :)

  3. notespost

    ”დიახ, ამიერიდან მას ებრალებოდა ყველა და ყველაფერი, რასაც თაყვანს სცემდნენ, ვინაიდან ისინი უსიცოცხლო ფიტულები იყვნენ, გამოგონილნი ადამიანთა მანკიერი ზრახვების აღსაკვეთად”.
    ძალიან მაგარი იყო :)

  4. Pingback: ეგვიპტური Story (ნაწილი II) | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »