ეგვიპტური Story (ნაწილი I)

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/03/04-The-Temple-Of-Poseidon.mp3|titles=Akhenaten]

5 წლის იყო, როცა პირველად გააცნობიერა თავისი ნაკლის შესახებ. მაშინ სიტყვა “ნაკლის” მნიშვნელობა არ იცოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ იეროგლიფთა ეს განლაგება აქცევდა მას გამორჩეულად ოჯახში, გარემოცვაში, მშობელთა და დაძმათა თვალში. სახელსაც სხვანაირად, მორიდებით ეძახდნენ. რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო რწმუნდებოდა მომართვითი სახელის ინტონაციის სიბრალულში. პატარა ამენხოტეპი ეცოდებოდათ.

ნაკლი, რომელიც ბიჭს ოჯახის წევრებისაგან მისდაუნებურად მიჯნავდა, მისი გარეგნობის ნაწილი იყო. 6 წლისას ისეთივე გრძელი თითები ჰქონდა, როგორც დედას, ისევე გრძელი ტერფები, როგორც მამას. ეგვიპტის სამეფოს მმართველ ამენხოტეპ მესამეს. მზრუნველ მამას, რომელსაც საერთოდ არ ახსოვდა უმცროსი ძე.

გარდატეხის ასაკი რომ დაეწყო, ამენხოტეპი საკუთარ ოთახში გამოკეტეს და მისი აღზრდა-განათლება საკუთარ ბიძას, ქურუმ ანენს დაავალეს. ამიერიდან ბიჭს ეკრძალებოდა სასახლის ეზოში გასვლა, ოფიციალურ მიღებებზე გამოჩენა, დაცვის უყურადღებოდ სეირნობა.  პატარა ამენხოტეპს სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად არ გამოსახავდნენ არც ერთ ქვის ფილაზე. როცა ფარაონი ოჯახითურთ ლუქსორში ამონ-რას მხვერპლს სწირავდა და ეგვიპტელი ხალხის ბედს ავედრებდა, არც კი გაახსენდებოდა უმცროსი ძე, რომელიც ჩადრწამოსხმული ტაძრის შორეულ კუთხეში იდგა და თავდახრილი ელოდა პროცესიის დასრულებას. ფარაონის ოჯახი მას საგულდაგულოდ მალავდა. მალავდა, როგორც სირცხვილს, როგორც უწინ ჩადენილ საზარელ ცოდვას. ამენხოტეპს მალავდნენ და უმალავდნენ, თუ რატომ ექცეოდნენ ასე.

ყოველ დილით ბიჭი მსახურთა მიერ გულმოდგინედ გაპრიალებულ ბრინჯაოს სარკეში სინჯავდა თავისი ცხვირის, პირის, ნიკაპის, თითების სიგრძეს და მათ სხვებისას ადარებდა. მალე აღმოაჩინა, რომ ქალის ტანისამოსი უფრო მოხდენილად აზის წელზე, ვიდრე მამაკაცის. არა, ის არ არის ქალი. ის ბიჭია, რომელიც მალე მამაკაცი და ერთ-ერთი სამეფო ჩინოსანი გახდება. მაგრამ რატომ არ ჰგავს მისი ხსეული არც ერთი მამაკაცისას? რატომ მოაძახა უფროსმა ძმამ, ისიდას გავხარო?

14 წლის მოწიფულს ყმაწყვილს ისეთივე სუსტი მკლავები ჰქონდა, როგორც მის 8 წლის დას ნერას. პატარა ნერა ერთადერთი იყო, რომელსაც ამენხოტეპის გარეშე არ შეეძლო და სულ მასთან  ყოფნა სურდა. მან საკუთარი თვალით ნახა ნერას ამქვეყნად მოვლინება. 6 წლის იყო, როდესაც მოულოდნელად ფარაონის მეორე მეუღლის სადედოფლო პალატიდან კივილის ხმა შემოესმა. ბიჭი იქითკენ გაიქცა და შეკრებილი ხალხის გროვაში გაღწევას ეცადა. გამხდარი ამენხოტეპი მათ ფეხებს შორის მოხდენილად გაძვრა-გამოძვრა და ოთახის კუთხეში, ზუსტად დედინაცვლის საწოლის მოპირდაპირე მხარეს, ზეწრების გროვაში დაიმალა. ნახევარ საათს უყურა სისხლნარევ სანახაობას და ბოლოს ნერაც იშვა. ამენხოტეპი გაშტერებული მიჩერებოდა, თუ როგორ შეახვიეს ნაჭრებში მოთეთრო-მოვარდისფრო ნარჩენებით დაფარული მტირალა ახალშობილი. უნდოდა მიახლოებოდა და მოფერებოდა, მაგრამ გაახსენდა, რომ დარბაზში ხალხი ჯერ კიდევ დარჩენილიყო და ვინმეს რომ შეემჩნია, ბიჭს კარგა ხანს მოუწევდა სიმარტოვეში ეგვიპტური მეცნიერებების შესწავლა.

გოგონას ოთახი, ისევე, როგორც ამენხოტეპისა, სასახლის მიყრუებულ ადგილას ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო. ყოველდღე ამენხოტეპი მისთვის ხილის უზარმაზარ თასებს მოატანინებდა და ნერას თავისი ხელით გარჩეულ ფინიკის ნაყოფს აჭმევდა. ბანდა, თმას უწნიდა, აცმევდა. ნერას ძიძას, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს არ სიამოვნებდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ნაკლები საქმე ჰქონდა, რას საშუალებას აძლევდა, ამენხოტეპის ოთახში მდგარ ლეოპარდისფორმიან ოქროს ტახტზე გემრიელად გამოეძინა. ერთხელაც დაცვის კარისკაცები უდროოდ შემოვიდნენ ოთახში და როდესაც ტახტზე გაშხლართული ძიძა დაინახეს, თმით ადრიეს სასახლის დაცვის უფროსის პალატამდე. მის მიერ მოქნეულ მახვილს აზრი აღარ ჰქონდა. ქალი გზაში მომკვდარიყო.

ორნი დარჩნენ უპატრონოდ. მთელს სასახლეში მათი ბედი არავის ადარდებდა. არც ფარაონს და არც მის ორ დედოფალს მათთვის არ ეცალა. ამენხოტეპ III-ს უკვე ჰყავს უფროსი ძე, მე-18 დინასდიის გამგრძელებელი თუტმოსი. შესაბამისად, რაც ნაკლები ტახტზე პრეტენდენტი ეყოლება, მით უკეთესი მის, მით უკეთესი ეგვიპტისათვის. ამ დროს კი ნერას ამენხოტეპი პატრონობდა. სულ ერთად იყვნენ. ერთად დასუსხლტებოდნენ ხოლმე დაცვას და სასახლის უკანა დერეფნებში დარბოდნენ. ამენხოტეპი ზურგზე შემოისვამდა ნერას და უდაბნოს აქლემივით დახეტიალებდა ქვიშიან ეზოში. შემდე დაცვაც წამოეწეოდა და და-ძმას ერთმანეთს დააშორებდა. მათ უკვე აღარ ეშინოდათ. ერთმანეთს საიდუმლო ნიშნებით ატყობინებდნენ დროსა და ადგილს, რომ კვლავ დაეღწიათ თავი მარტოობისაგან.

ერთხელაც, როცა ემენხოტეპმა საფუძვლიანად ჩაუკაკლა ბიძას გარდაცვლილთა წიგნის ბოლო თავი, ანენმა მხარზე ხელი დაადო და ღიმილით უთხრა, შენგან ბრწყინვალე უმაღლესი ქურუმი დადგებაო. ამენხოტეპმა თვალები გააფართოვა: ეს პირველი ღიმილი იყო, რომელიც მას უძღვნეს. ნერას გარდა, ოჯახის არც ერთ წევრს მისთვის არ გაუღიმია. ამენხოტეპს წესიერად არც ენახა, როგორ გამოიყურებოდა ღიმილი უფროსის სახეზე და დაბნეულმა სთხოვა ანენს, კიდევ ერთხელ გაეღიმა. გაკვირვებულმა ბიძამ, სანამ კითხვას კარგად გააანალიზებდა, ცალყბად გაიღიმა და პაპირუსის გრაგნილებით ხელში დატოვა ოთახი. მალე შესასვლელთან ვიღაცამ ჩქარი ნაბიჯით ჩაიქროლა. ერთს მეორე და მესამე მიჰყვა. ამენხოტეპს ესმოდა, თუ როგორ გადაიქცა ჩქარი სიარული ჩქარ სირბილში და ასე გრძელდებოდა მეზობელ ოთახამდე. მაგრამ იქ ხომ ნერაა?…

შეშლილი სახით გამოვარდა და შიშველი ფეხების ტყლაშუნით გაიქცა დის ოთახისკენ. ჩამავალი მზით გამთბარ მოწითალო ქვაფენილზე დატვებულ ოფლიან ნაკვალევს დასავლეთიდან მონაბერი სიო აორთქლებდა.

იმ საღამოს დასავლეთის ქარი გაძლიერდა. მზე თითქმის ქვიშის ქარბუქში გაუჩინარდა. იმ საღამოს დასავლეთის სამეფოსაკენ მცურავმა რას ნავმა ნერას სული თან გაიყოლა.

პირველი ნაწილის დასასრული

ნაწილი II

ნაწილი III

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

18 thoughts on “ეგვიპტური Story (ნაწილი I)

  1. ანინა

    ბლოგების კითხვა დავიწყე. ოღონდ ყველაფერს ვერ ვკითხულობ. ეგვიპტე შემომეკითხა : ) ;)

  2. ნინო

    სულ რომ ხასიათზე არ იყო,ძალით წაგაკითხებს თავს ეს ბლოგი.

  3. tazo

    დედა, რა იყო ბიჭო ეს? ეს პოსტი არ იყო, რეჟისორულ ნამუშევარს უფრო ჰგავდა. ჩავრთე მუსიკა და დავიწყე პოსტის კითხვა. კულმინაცია ტექსტსა და მუსიკაში ერთმანეთს ემთხვეოდა. მუსიკა როგრ დამეხმარა ტექსტის წარმოდგენაში ვერ წარმოიდგენ. სულ ფილმის კადრებივით ჩამიარა თვალწინ ყველაფერმა. ერთდროულად დამთავრდა მუსიკაც და ტექსტიც. ბღავო! შთაბეჭდილება მოახდინე რა! გაგრძელება როდის იქნება?

    1. zurriuss Post author

      დაწყებული მაქვს წერა და ხვალ საღამოს ვიზამ რამეს ;)

  4. tazo

    ბარემ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ შენი განახლებული ბლოგი მომწონს ძალიან. განსაკუტრებით ჰედერი. მე ახლა ვაპირებ ჩემი ბლოგი უფრო შემეცნებითი გავხადო. რაზეც აქამდე ვწერდი, იმაზე ახლა სამსახურში ვწერი. ბლოგის მთავარი იდეა, ჩანაფიქრი კი არ შეიცვლება :)

    1. zurriuss Post author

      ფრიად მივესალმები შენს გადაწყვეტილებას, თამაზინო! :d

  5. kevana

    აუჰ, რა კარგია… მუსიკა ვისია?

    აუცილებლად დაწერე გაგრძელება, აუცილებლად!

    და ისა, ვფიქრობ, რომ ქალია და არა კაცი, ქალივით გამოყვანილი წელი მარტო ქალს თუ ექნება.
    და ისე, მალავდნენო როგორც ოჯახის სირცხვილსო, ინცესტი გადააქციეს ტრადიციად და მეტი სიმახინჯე რა უნდოდათ? :roll:

    1. zurriuss Post author

      დავწერ გაგრძელებას კი არა და, ვწერ უკვე, მარა ვინ არის, უკვე ახლაც ცნობილია :p

  6. კიკიტო

    აუ ეს მელოდია თან ამას რო ვკითხულობდი, სურათი…
    გადაგვაგდე ზურიუს ეგვიპტეში შენ :)

  7. ანი

    მომეწონა და დამაინტერესა ძაან, დაველოდები გაგრძელებას :*

  8. joliiii

    ძალიან საინტერესო სტატიაა და , იმედია, არ გვაცდევინებს, ხშირ-ხშირად დაგვიწერს.

  9. Pingback: ეგვიპტური Story (ნაწილი II) | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »