მანამ ვხერხავთ დედაბოძს, სანამ ჭერი თავზე არ ჩამოგვექცევა

ამ ბანერთან პოზირებდნენ ბათუმის მინისტერიალის უმაღლესი წარმომადგენლები

ამ ბანერთან პოზირებდნენ ბათუმის მინისტერიალის უმაღლესი წარმომადგენლები

ამასწინათ, ანუ 7-10 ივნისს, ბათუმში გამართულ გარემოს დაცვის მინისტერიალს ვესწრებოდი პრესის ჯგუფში. შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდი, რადგან მაინტერესებდა, რას იტყოდა ჩვენი მხარე საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში გამუდმებულ ტყის ჩეხვაზე, ბრაკონიერობაზე, დაბინძურებულ ჰაერზე, არასწორად განვითარებულ მშენებლობასა და გზშ-ების (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) უგულებელყოფაზე. მინისტერიალი, რომლის მთავარ მესიჯს წარმოადგენდა „უფრო მწვანე, უფრო სუფთა, უფრო საზრიანი“, მწვანე ეკონომიკის, ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გარემოსდაცვითი განათლების გაღრმავების მიმართულებებს მოიცავდა.

აქამდე მეგონა, რომ ერთი და იმავეს თქმა 20-მდე სხვადასხვა ინტერპრეტაციით შეიძლებოდა, თურმე ვცდებოდი…

54 სახელმწიფოს 600-მდე წარმომადგენელმა ზუსტად იგივე ბლა-ბლა-ბლა 600 სხვადასხვა ეგზემპლარად აქცია. მოკლედ, მინისტერიალის პლენარული სხდომები ერთი დიდი „ჩვენ თუ არ მოვუარეთ ჩვენს პლანეტას, სხვა ამას არ იზამს“ აღმოჩნდა. პრინციპში, ეს ისე არ გამკვირვებია, როგორც Maroon 5-ის წვიმიანი კონცერტი. გარდა იმისა, რომ ასეთი მასშტაბური შეკრებები, ძირითადად, პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ტურისტული (და მხოლოდ შემდეგ – გარემოსდაცვითი) მიზნით იმართება, არსებობს რამდენიმე ობიექტური მიზეზიც, რომელთა გამოც პირადად საქართველომ მეტი ვერ შესთავაზა საკუთარ თავს.

  • პირველი – ეს იყო გამოუცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული, გაწერილი და დაცული იყო, რასაც კი ჩვენს ტერიტორიაზე დავსწრებივარ, საქართველოსთვის ეს მაინც უფრო საერთაშორისო საზოგადოების თვალში ქულების დაწერა იყო, ვიდრე მასში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა და მოსაზრებების მოსმენა.
  • მეორე – არც სხვა ქვეყნებისგან მოდიოდა განსაკუთრებული მესიჯები (ყველას თავისი გასჭირვებია, ნორვეგიის და ზოგიერთი ეკომეგობრული სახელმწიფოს გარდა). თითქმის ყველა წარმომადგენელი ამბობდა ერთსა და იმავეს, რომ გარემოს დაცვა უმნიშვნელოვანესია და რომ მაქსიმალურს აკეთებენ და კიდევ მეტს გააკეთებენ მდგრადი ეკონომიკისათვის.
  • მესამე – დოკუმენტი „გარემო ევროპისთვის“, რომელსაც მინისტერიალის ბოლოს ხელი მოეწერა, ძალიან ზოგადია, დედლაინით 2030 წლამდე და, ძირითადად, მხოლოდ რეკომენდაციების დონეზე მოიცავს თეზისებს, რომ ყველა ქვეყანა უნდა ეცადოს ზემოხსენებული 3 პუნქტის მაქსიმალურ შესრულებას.
სასტუმრო შერატონ ბათუმში შეკრებილი მინისტრები, ბავშვები და მე ^^

სასტუმრო შერატონ ბათუმში შეკრებილი მინისტრები, ბავშვები და მე ^^

მიუხედავად ამ შავი ხვრელებისა, პრესამ რამდენიმე მწვავე კითხვა მაინც დასვა. ერთ-ერთი, რაც უცხოური ქეისიდან მახსოვს, იყო კიევის ნაგავსაყრელზე გაჩენლი ხანძრის თემა. ჩვენს საკითხებზე მეც ვაქტიურობდი და პრესკონფერენციებზე რამდენჯერმე ვიკითხე, კონკრეტულად რას აპირებდა გარემოს დაცვის სამინისტრო მწვანე ეკონომიკის განსავითარებლად. მერე მინისტრს პირისპირაც ვესაუბრე. აქვე გეტყვით, რომ გიგლა აგულაშვილი პრესის კითხვებს არ გაურბის და ინტერვიუზეც უყოყმანოდ დამთანხმდა: 

“ამ მომენტისთვის თბილისში მხოოდ ერთი სადგური გვაქვს ფონური გაზომვებისთვის. დანარჩენი, რაც ზომავს თბილისში და ასევე რეგიონებში, გვაქვს ინდიკატორული გაზომვები, რაც გულისხმობს იმას, რომ (ჰაერში შემავალ) რამდენიმე კომპონენტს ვზომავთ, რამდენიმეს – ვერ ვზომავთ. რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ფინანსებზე. ჩვენ გვექნება გაზომვის 3 სახე: ინდიკატორული, მოძრავი ლაბორატორია (რომელიც გვინდა, შევიძინოთ) და სტაციონარები. ძალიან მალე ჩვენ ვამცნობთ საზოგადოებას იმ 3 წერტილის შესახებ თბილისში, სადაც განთავსდება ეს ახალი ჰაერის გაზომვითი პუნქტები.”

საბოლოო ჯამში, როგორც ვვარაუდობდი, ყველაფერი მაინც ბიუჯეტის პრობლემაა. დიახ, სახელმწიფო მხოლოდ 36 მილიონ ლარს გამოყოფს გარემოს დაცვაზე (2016 წლის ბიუჯეტი), დანარჩენში კი საერთაშორისო დონორებისა და არასამთავროგო ორგანიზაციების იმედი აქვს. შედეგად, მეტყევე, რომელსაც ასობით ჰექტარის დაცვა-მონიტორინგი უწევს, თვეში მხოლოდ 400 ლარს იღებს და ყველაზე დიდ პრობლემას, არა ცხოველებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან აწყდება, რომლებსაც ვერ შეუგნიათ, რომ უკანონო ტყის ჭრა და ნადირობა დასჯადი ქმედებაა.

მწვანე ქალაქის მაკეტი სიმბოლურად აანთეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან ბახმა

მწვანე ქალაქის მაკეტი სიმბოლურად აანთეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან ბახმა

მაგრამ მხოლოდ არასაკმარის ბიუჯეტზე აპელირება გამოსავალი რომ არ არის, ეგ ნათელია. სადაც მთავრობა 25 თუ უფრო მეტ მილიონს საპატრიარქოს და სხვადასხვა კონფესიებს ურიცხავს, ეგებ, მაგალითად, ბორჯომ-ხარაგაულის ტყისკენაც გაიხედოს, სადაც დაავადებული ხეები ერთი მეორის მიყოლებით ხმება? აქვე მოუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებსაც არასწორად გადანაწილებულ ბიუჯეტზე გული შეტკივათ, რომ თავიანთ სლოგანებსა და მესიჯებში გარემოს დაცვაც ახსენონ.

კაცმა რომ თქვას, ამ მხრივ არც წინა მთავრობა ყოფილა დიდად განსხვავებული: ბევრი უკანონო ლიცენზია სწორედ ნაციონალების დროს გაიცა და წითელი წიგნის ბინადრებზე ნადირობაც მაშინ გახდა კანონით დაშვებული!

აქვე კიდევ ერთი თემა და  მოვრჩეთ. არც ბათუმის მერიას, არც აჭარის ხელისუფლებას და არც გარემოს დაცვის სამინისტროს არავის ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ ბათუმში მწვანე ტრანსპორტს უფრო განავითარებდა. არადა ბათუმი დღეს ერთადერთი ყველაზე ველოადაპტირებული ქალაქია თავისი რელიეფით და ველობილიკებით. მათზე კი, ძირითადად, მხოლოდ ტურისტები მოძრაობენ! ხომ შეიძლება ამ მხრივ მოსახლეობის სტიმულირებისა და ქცევის შეცვლის კამპანიის წარმოება, რომ  ეს ველობილიკები მათაც აითვისონ? ეს ხომ ქალაქში საცობების პრობლემას ნაწილობრივ მაინც განმუხტავს? საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ამაზე ჯერ არ უფიქრია…

მოკლედ, სანამ ჩვენს ქვეყანას სერთაშორისო დონეზე მისი იავარქმნილი ბუნებრივი საგანძურებით ვაპიარებთ, სანამ გარემოს დაცვაში თანხის ხარჯვას მოვალეობის მოხდად აღვიქვამთ, სანამ ბუნება 13 ივნისისნაირ ამბებში და ისიც პოლიტიკურ ჭრილში გვახსენდება, მანამ ვხერხავთ დედაბოძს, სანამ ჭერი თავზე არ ჩამოგვექცევა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »