ნოდარ, მაპატიე, მაგრამ დედამიწა უფრო მნიშვნელოვანია

ვცდილობ, ყველა მოვლენას გლობალური მასშტაბით შევხედო, რათა უკეთ დავინახო ამა თუ იმ ფაქტის მნიშვნელობა. შედეგად, ჩემთვის ნოდარ მელაძის იდიოტობებს ნაკლები წონა აქვს, ვიდრე მსოფლიოს განადგურების პირას მყოფ უნიკალურ ტყეებს, რომელთა გარეშეც ვერც თქვენ, ვერც მე, ვერც ის ვითომ სატანისტები და ვერც ყველაზე ცხელი ტოქ-შოუს ავტორი ვერ ვიარსებებთ. დღეს 22 აპრილია და იგი დედამიწის დღეა.

წლების წინ ამ დღისადმი მიძღვნილ გამოფენებში ბლომად სიგელი და დიპლომი მაქვს აღებული… მაგრამ მაშინ თინეიჯერიც არ ვიყავი და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რას ნიშნავდა გაკაფული ტყეები და დაბინძურებული გარემო. ზოგჯერ მართლა მენატრება ის დრო, როცა რაღაც-რაღაცების შესახებ უფრო ნაკლები ვიცოდი და, შესაბამისად, უფრო მშვიდად მეძინა. ვერ გეტყვით, ჩემი ბოლოდროინდელი უძილობა მთლად იმ ამბის ბრალია, რომელზეც ახლა უნდა მოგითხროთ, მაგრამ გული კი ძალიან მწყდება.

ამაზონის ტროპიკული ტყე განადგურების პირას მყოფთა სიაში პირველია. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მისი გაჩეხვა სისტემატურად მიმდინარეობს. სამხრეთი ამერიკის ჯუნგლები, მათ მიერ გამოყოფილი ჟანგბადის რაოდენობის გამო, დედამიწის ფილტვებად იწოდება.

მადაგასკარის ტროპიკულ ტყეში მობინადრე ეს ავაზასებრი ქამელეონი იმ უიშვიათეს ცხოველებს განეკუთვნება, რომლებიც მხოლოდ აქ გვხვდებიან. ეს ტყე მადაგასკარის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ეწირება, როცა მოსახლეობა ბუნებრივ რესურსებს გადაჭარბებით მოიხმარს.

ფილიპინების კუნძულოვანი ტყეები გადაშენების პირას მყოფთა სიაში მესამეა. ისინი უკვე დაზიანდა გლობალური დათბობით გამოწვეული კატაკლიზმებისაგან, ტასაც მზარდი საშუალო კლასის ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნა ემატება.

მესოამერიკული ტყეები მექსიკიდან კოსტა რიკამდე ვრცელდება. მათ, ძირითადად, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ტურისტული ზონების შექმნისათვის კაფავენ. ამას ემატება ნარკობიზნესიც, რომელიც რეგიონს არასტაბილურს ხდის.

კონგოს ტროპიკულ ტყეში მობინადრე აღმოსავლური ბარის ობოლი გორილა, სახელად ბანგა ერთ-ერთია, რომელიც, შესაძლოა, ბუნებრივი საცხოვრებლის გარეშე დარჩეს. ამაზონის შემდეგ სიდიდით მეორე ტყე, რომელიც ექვს სახელმწიფოზეა გაშლილი, ხე-ტყის ბიზნესს ეწირება.

სანდერლენდის ტყე მალაიზიას, ინდონეზიასა და პაპუა ახალ გვინეას მოიცავს. მისი უნიკალური ჯიშის ხეები სოფლის მეურნეობის ზრდასთან ერთად ქრება.

აღმოსავლეთ აფრიკის სანაპირო ტყეები კენიას, მოზამბიკისა და ტანზანიას მოიცავს. ბოლო დროს აქ სიტუაცია შედარებით გაუჯობესდა, რადგან გამოჩნდნენ დაინტერესებულ პირთა ჯგუფები, რომელთაც სურვილი აქვთ, შეაჩერონ მზარდი დეფორესტაცია. თუმცა ტყეები ამ ეტაპზე კვალვ განადგურების საფრთხის ქვეშაა.

ჰიმალაის ნესტიანი ტყეები ნეპალს, ბირმას, ჩრდილოეთ ინდოეთსა და ლაოსს მოიცავს. ტყეები დიდი ზეწოლის ქვეშაა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ექსპორტიორი ქვეყნებისაგან.

სავანას ტყეები ბრაზილიის ტერიტორიაზეა გადაჭიმული და ფაფრიანი მგლისა და სირაქლემა ნანდუს სამშობლოა. მათი გაკაფვის მიზეზებიც სოფლის მეურნეობას, წყლის დამბებსა და გაზრდილ მესაქონლეობას უკავშირდება.

ატლანტის მშრალი ტყე ჩამონათვალს ასრულებს. იგი ბრაზილიის ტერიტორიაზე მდებარეობს და მრავალი წლის განმავლობაში სისტემატურად იჩეხება.

მადლობა ღმერთს, ჩვენი ტყეები ასეთი მასშტაბებით რომ არ იჩეხება. სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიცი, ამ მხრივ საქართველოში რა მდგომარეობაა. ძალიან დამავალებთ, თუკი მეტყვით, რა ხდება.

ყველას გილოცავთ დედამიწის დღეს და გისურვებთ, ბევრი ხე დაგერგოთ ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks