ნუ იმგზავრებთ მრიცხველიანი “ფირმა” ტაქსით

ძალიან არ მიყვარს ფულის ტაქსში გადაყრა, მაგრამ რა უნდა ქნა, როცა ღამის 12 საათია: არც მეტრო მუშაობს, ავტობუსებსაც და მარშუტკებსაც უკვე სძინავთ და ამინდიც საშინელია? “ნიჭიერის” ფანკლუბიდან ვბრუნდებოდით მე და დიანა, როცა ერთ ვერცხლისფერ ტაქსს ავუქნიეთ ხელი. სანამ ჩავჯდებოდი, შევნიშნე, რომ მძღოლის სარკესთან რაღაც წითლად და მწვანედ ანათებდა.

თუ ტაქსით მგზავრობა გარდაუვალია, 5 ლარი მაინც უნდა მქონდეს, რომ რაღაც პუნქტამდე მივაყვანინო თავი. გამიმართლა, 10 ლარი მქონდა. კარი გამოვაღე და ვეკითხები, ნუცუბიძეზე რამდენად მიგვიყვანთ-მეთქი. მძღოლმა გამომხედა და ღიმილით მიპასუხა: “ა, ნუცუბიძეზე მიდიხართ? დაჯექით.” ჩვენც ჩავსხედით. შიგნით თბილოდა და მშვენიერი სავარძლები იყო. მძღოლის გვერდით ვიღაც ქალი იჯდა, რომელზეც მოგვახსენა, რომ პრაქტიკაზეა და მალე თბილისს ბევრი ქალი ტაქსისტი ეყოლება.

_ ისე, მაინც, რამდენი დაგვიჯდება ნუცუბიძემდე? – ვეკითხები, რადგან მგონია, რომ 10 ლარად თავი ქუდში მაქვს.

_ აი, რამდენსაც დაწერს. არც მეტს გადაგახდევინებთ და არც ნაკლებს, – მპასუხობს და დიდ, ნახევრად ციფრულ სარკეზე მითითებს, სადაც მრიცხველის მაჩვენებელი 0.00-ზეა დაყენებული.

მძღოლმა რაციით გადასცა და ავლაბრის მეტროდან დავიძარით და მარცხენა მხარეს, ეკლესიიდან 30 მეტრში, მრიცხველმა უკვე 10 თეთრი დაწერა. ცოტა კიდევ გავიარეთ და 20. ბარათაშვილის ხიდს რომ მივუახლოვდით უკვე 40 თეთრი იყო, რომ გადავედით – 50. ცოტა არ იყოს, შევშფოთდი და გონებაში თვლა დავიწყე, ნუცუბიძის მე-3 პლატომდე რამდენზე ავიდოდა. ნაფიქრალმა კიდევ უფრო შემაშფოთა და დარდის გასაქარვებლად მძღოლს ვეკითხები, დაახლოებით, რა დაგვიჯდება მგზავრობა, რადგან არის იმის საშიშროება, რომ ამდენს ვერ გადავიხდით. მანაც გაგვიღიმა და გაგვიმეორა “რამდენსაც დაწერს”. ამასობაში მტკვრის სანაპიროს მივუყვებოდით და სარკეზე გამოსახულმა რიცხვებმა 3 ლარიც დაწერეს.

_მოიცა, ეგ მრიცხველი ეგრე თუ იმუშავებს, შუა გზაში ჩამოსვლა მოგვიწევს და მაინც რამდენი დაგვიჯდება ეს გასეირნება? – ვეკითხები უკვე გაბრაზებული, მაგრამ ღიმილს არც მე ვიშორებ სახიდან.

_ 16 ლარი იქნება, მაგრამ რასაც მრიცხველი დაწერს – ისიც გაღიმებული მპასუხობს.

დიანას გადავხედე, გადავულაპარაკე, რომ ძალიან მეძვირე ტაქსში მოვხვდით და შევთანხმდით, გმირთა მოედანზე ჩამოვიდეთ, რათა დარჩენილი ფულით სხვა “ჩვეულებრივ” ტაქსს გავყვეთ. ეს რომ მძღოლს ვუთხარი, ღიმილით და ნიშნისმოგებით მითხრა, რომ რაციით უკვე გადაცემული აქვს და ეგრე არ შეიძლება. მე უცებ გამახსენდა, რომ, ერთი, მე ეს ტაქსი არ გამომიძახებია და მეორე, “კლიენტი ყოველთვის მართალია”. ასეც ვუთხარი. მასსაც გაეცინასავით და “რა გაეწყობას” მსგავსი თქვა.

სანამ ჩვენს შეცვლილ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდა, მრიცხველიან სარკეს თვალს არ ვაცილებდი. 3.70, 3.80, 3.90. სტოპ. მძღოლს სასწრაფოდ მივეცი 10-ლარიანი და არც კი გამიპროტესტებია, რომ ხურდად მხოლოდ 6 ლარი დამიბრუნა. 10 თეთრისა და ამ ტაქსის დედაც გულში გავიფიქრე, ეგებ გამომეტყველებითაც შემატყო, და კარი დავუხურე.

მერე ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა: გავაჩერეთ “უბრალო” ტაქსი, მივეცით დარჩენილი 6 ლარი და სანამ დანიშნულების ადგილამდე მიგვიყვანდა, შევიტყვეთ, რომ ეს მრიცხველიანი ტაქსები ირანიდანაა შემოყვანილი და რომ მერიას ექვემდებარება. შესაბამისად, ჩემი 16 ლარიც (რომ მქონოდა), პირდაპირ მათს ბიუჯეტში წავიდოდა და მეც იმედიღა დამრჩებოდა, რომ ოდესმე მას რომელიმე საჯარო უწყებაში ხელფასის სახით ამინაზღაურებდნენ. არა, ბატონო. ჯერ იმდენიც არა მაქვს, რომ თუნდაც მერიაზე მომუშავე ტაქსებში მივათხლიშო.

რომც მქონდეს, მაინც არ გავიმეტებდი. ღორი არ ვარ, უბრალოდ, რატომ უნდა გადავიხადო მეტი, როცა შემიძლია, დავხარჯო ნაკლები? ასე რომ, ვისაც ფული გადასაყრელი არა გაქვთ, ნუ იმგზავრებთ მრიცხველიანი “ფირმა” ტაქით.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

23 thoughts on “ნუ იმგზავრებთ მრიცხველიანი “ფირმა” ტაქსით

  1. 13thCinnamon

    არც ვიცოდი თბილისში თუ მრიცხველიანი ტაქსი დადიოდა.

    მე პირადად ერთი ტიპი მყავს, თუ ძალიან არ მეჩქარება, ვურეკავ მოდის და ძალიან შეღავათიანად დავყავარ. მით უმეტეს რომ სუფთა და მოწესრიგებული ტაქსი ყავს და ბავშვიანად როდესაც ვმგზავრობ (მხოლოდ ბავშვიანად მგზავრობისას მჭირდება ზოგადად ტაქსი), ვიცი რომ შედარებით სისუფთავეში ვზივართ და თავქუდმოგლეჯილი და გადასწრებაზე არ ივლის.

  2. 13thCinnamon

    არც ვიცოდი თბილისში თუ მრიცხველიანი ტაქსი დადიოდა.

    მე პირადად ერთი ტიპი მყავს, თუ ძალიან არ მეჩქარება, ვურეკავ მოდის და ძალიან შეღავათიანად დავყავარ. მით უმეტეს რომ სუფთა და მოწესრიგებული ტაქსი ყავს და ბავშვიანად როდესაც ვმგზავრობ (მხოლოდ ბავშვიანად მგზავრობისას მჭირდება ზოგადად ტაქსი), ვიცი რომ შედარებით სისუფთავეში ვზივართ და თავქუდმოგლეჯილი და გადასწრებაზე არ ივლის.

    1. ნინი

      მეც ეგრე ვარ…ერთი ტაქსით სიარულს ბევრი უპირატესობა აქვს, შეღავათიანი ტარიფების გარდა…. ამ მრიცხველიანებს ვერც მე დავუმუღამე ხან იაფივით გამოდის ხან ისეთს წერს გული მისკდება… 09-ს რომ ყავს ტაქსები იცით? აი ეგენი არიან სასწაული… 5დეკემბრიდან მეიდნამდე 8ლარიო….ისეთი ვიჩხუბე, მერე საკუთარი თავის შემრცხვა… :))))

      1. Zura Balanchivadze

        ჰო, მაგრამ მე ტაქსი არ მჭირდება, საჯარო ტრანსპორტით ვმგზავრობ. ისე, დავფიქრდები, თუ საბოლოო ჯამში უფრო იაფი გამომივა, მეც გავიჩენ ერთ ტაქსისტს :)))

        1. 13thCinnamon

          საზოგადო ტრანსპორტთან შედარებით წეწვაა ტაქსი, ისედაც წეწვაა, უბარლოდ კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში შორ მანძილებზე და ორი მარშუტკის გადაჯდომა რომ მჭირდება, (ნუციბიძლის ბოლოში ვცხოვრობ), ბავშვიანად არ მაქვს ამდენი ძალა და ნერვი.

          1. Zura Balanchivadze

            ჰო… აი, მე მაგალითად საზ. ტრანსპორტში კითხვა მიყვარს. მიყვარს, რა, სხვაგან წესიერად ვერც ვახერხებ :დ

  3. David Birman

    მაგ მრიცხველს ერთი რეჟიმი კი არ აქვს. ამით სარგებლობენ მძღოლები და ძვირ ტარიფს რთავენ ხოლმე :)

      1. 13thCinnamon

        რატომ არაა სხვა ტრანსპორტი? ანუ არა ავტობუსი/მეტრო. თითქმის ყველა გამოძახებით ტაქსი 24 სთ მუშაობს. დაურეკავ, მოვლენ. ღამეც ჩვეულებრივი ტაქსები ოხრად მოძრაობენ, რა დროსაც გინდა.

        1. Zura Balanchivadze

          ღამე, როცა მხოლოდ ტაქსები დადიან, მაშინ ვამბობ. ანუ კი არის უამრავი ტაქსი, მაგრამ ძვირიანი ტაქსების შანსიც ხომ უფრო მეტად ამ დროს იზრდება, ისევე, როგორც ყველანაირი ტაქსებისა ზოგადად.

  4. Mari

    მეც დამემართა ერთხელ მასე :))) გამოცდაზე მაგვიანდებოდა და კოსტავადან უნივერსიტეტის ქუჩამდე 12 ლარი ამახია. თან ხურდაშიც მომატყუა, 40 თეთრი. ძირს მრიცხველიანი ტაქსები!

  5. Tjorven

    eget taxshi rom jdebi is mainc unda icode kilometrs ramdenad gitvlis : ) amitom jobia kilometri 30 an 40 tetri romlebsac aqvt isini gamoiyenot : ) martalia mainc cota zvirad magram ara 16 larada imgzavrebt : ) tumca martalia mainc zviria da unamusobaa

    1. Zura Balanchivadze

      ნუ ახლა ტაქსს ერთი შეხედვით ვერ შეატყობ, რამდენი აქვს ტარიფი და ისე მართალი ხარ, უნდა მეკითხა მაინც :*

  6. Glexisbichi

    “ა, ნუცუბიძეზე მიდიხართ? დაჯექით.”- ხო ეს ფრაზა ამოჩემებულივით აქვთ! :D მაგრად კი მაღიზიანებს ხოლმე .
    კიდევ კარგი, ჩაკირკიტება ვიცი, თორემ დაახლოებით ეგრე რომ მიპასუხა, 7 ლარს მთხოვდა ვაჟას ძეგლიდანსააკაძემდე :D ხოდა კარი ისეთი ძალით მი8ვუჯახუნე… მაგრამ რა აზრი აქვს ერთეულ პროტესტს?! (მოწოდება არ გეგონოთ)

  7. Faifurisangelozi

    მე მიმართლებს,გაღიმებით და უშუალო გასაუბრებით 5ლარზე ნაკლებად არ გავსულვარ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში.
    რაც შეეხება მრიცხველიან ტაქსებს,შესაბამისად ნელაც დადიან რომ ბევრი დაწეროს,ამას ჯობია გამოიძახო იცი მაინც ტარიფი და ზედმეტს არ წაგართმევს.

  8. Devi

    ეჰ თქვენ NY-ს ტაქსები ან ნორვეგიაში მგზავრობა უნდა ნახოთ რამდენი 16 დოლარი/ევრო დაგიჯდებათ )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.