“გაუცხოება” ქართულად

რატომ უნდა უყურო კინოში იმას, რასაც ყოველდღე ისედაც ხედავ? – ეს კითხვა მანამ დავუსვი საკუთარ თავს, სანამ ფილმ “გაუცხოებას” ვნახავდი. ახლა კი, მგონი, ახლოს ვარ პასუხთან და ვფიქრობ, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერ უხერხულს შეძლებისდაგვარად გავურბივართ და, შესაბამისად, არც არაფერს ვსწავლობთ იქიდან. ჩვენ ბოლომდე არ/ვერ ვძლებთ უხერხული სიჩუმის, დაძაბული ურთიერთობების, ჩამქრალი გრძნობების გარემოცვაში, მაგრამ ისინი ჩვენი ყურადღების გარეშეც არსებობენ. დრომ მოიტანა ასე. უფრო სწორედ, ჩვენ, რომლებიც ამ დროში ვცხოვრობთ. ხოლო ფილმში, ეკრანზე, ეს ყველაფერი  იმისთვისაა აღბეჭდილი, რომ დარწმუნდე, შენი თავის არიდებით არაფერი იცვლება. ან ერთ ადგილზე იქნება უძრავად, ან გაუარესდება.

მე მინახავს “ხერხი 7” სამ განზომილებაში და ჩემკენ გამოსროლილ სისხლიან ნაწლავებს ისე არ შევუძრწუნებივარ, როგორც ამ ფილმს. იმიტომ, რომ ის თითქმის შეუძლებელი რეალობაა, ხოლო ეს – ჩვენი ყოველდღიურობაა.

სიუჟეტი კი ძალიან ჩვეულებრივია. სტამბულში მცხოვრებ ფოტოგრაფთან, რომელსაც კრიზისული პერიოდი აქვს (ხელოვნებაში კრიზისი კი მტრისას), ჩამოდის ნათესავი და თანასოფლელი. ფილმი მათ შორის გაუცხოებაზე მოგვითხრობს, რომელიც პატარ-პატარა წვრილმანებში ვლინდება და ხაზს უსვამს ადამიანების ერთმანეთთან გაცივებლ ურთიერთობებს.

ნური ბილგე ჯეილანის მთავარი ხერხი რეალობის პირდაპირი, თითქმის უსასრულო თხრობაა და არა მოკლე შინაარსის გადმოცემა, რითაც ტემპი აჩქარდებოდა. პირიქით, ყოველდღიურობის ამსახველი, თითქოს უსარგებლო და არაფრისმთქმელი კადრები. “კადრები”, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში გავურბივართ, ვინაიდან მათში ან ერთფეროვნება, ან საკუთარი შეცდომები გვაღიზიანებს, ამ ფილმში ყველაზე მეტია. ყოველივე ეს კი ჩვენს ეპოქაში, აქ და ახლა ხდება და ამაზე თვალის დახუჭვა ილუზიაში გადაბარგების ტოლფასია.

ყოველთვის ვერ უყურებ და ვერ გაუძლებ ფილმს, რომელსაც მუსიკა საერთოდ არ ახლავს, მაგრამ ესეც რეალობაა: ჩვენს ცხოვრებას არანაირი საუდტრეკი არ ადევს, გარდა გარშემო გაგონილი ხმაურისა ან მუსიკისა. ამიტომაც მიპასუხა ნური ბილგე ჯეილანმა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია რეალური ხმები და არა კინომუსიკა. ფილმში მუსიკა სულ ორიოდე ადგილას ისმის, მაგრამ ისე, კადრს კი არ ადევს, არამედ თიქოს შორიდან, სხვა საცხოვრებლიდან მოისმის.

რეალობის, როგორც იდეის თვალსაზრისით, ჯეილანის ფილმები ძალიან ჰგავს ბელა ტარისას, თუმცა მას, რა თქმა უნდა, გადმოცემის ინდივიდუალური ფორმა და ხელწერა აქვს. მიუხედავად ამისა, ორივეს ფილმები თითქმის დოკუმენტურამდე დაყვანილი მხატვრული რეალობაა, რომელიც ყველა ჩვენგანს, ასე თუ ისე, ირეკლავს.

უცებ მომინდა, ჩვენი რეალობა, პოლიტიკაში აზელილი ხალხი და ლიდერის მარადიული ძიება ვინმემ ასე “მარტივად” და “მოსაწყენი ფორმით” გადაიღოს. ყოველგვარი სკანდალისა და პოლიტიკური აქცენტების გარეშე. უბრალოდ, აიღოს რაიმე ცხოვრებისეული სიუჟეტი, ჩართოს კამერა, მიყვეს ამ სიუჟეტს ბოლომდე, კადრები ცოტა დიდხანს გააგრძელოს და შეუშვას ობიექტივში ყველაფერი, რაც პარალელურად მის მიღმა ხდება. ესეც “გაუცხოება” ქართულად.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on ““გაუცხოება” ქართულად

  1. Sophie שרה Golden

    მომინდა ამ ფილმის ნახვა. საერთოდ, კარგ ფილმებს იღებენ თურქები ამ ბოლო დროს, ირანელების არ იყოს და ჩვენ რა დაგვემართა? :/ საქმეც ეგაა, რომ ადამიანებს რეალობა უფრო გვაინტერესებს, ვიდრე ფიქცია და დღესდღეობით მსოფლიოში რეალური შოუებიც ამიტომ ლიდერობენ. მოკლედ, ეს რა შუაში იყო…
    გაუცხოება რთული რამეა, კარგად ვიცი, რას ნიშნავს, მთელი ცხოვრება თან მდევს, იმდენს დავდივარ მე თვითონ და ადამიანებს ხან ვიძენ, ხან – ვკარგავ.

    ზურიუს, კარგად წერ შენ და ასე გააგრძელე.

    1. zurriuss Post author

      ჩვენ ახლა რა დაგვემართა? ახლა კიდე ნელ-ნელა მოვდივართ აზრზე ;)

  2. Sgt. Pepper

    100%-ით გეთანხმები!
    მიუხედავად გმირების საოცარი მსგავსებისა გაუცხოება მაინც საოცარია… არადა წესით პირიქით უნდა იყოს. თანამედროვე ადამინის პორტრეტი დახატა რეჟისორმა აუტანლად ლამაზად.

    1. zurriuss Post author

      გავა დრო და, ალბათ, ისიც ეგრე გაუუცხოვდება სხვას და ა.შ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »