დიალოგი აფხაზ ახალგაზრდებთან

14364709_10210321009239498_3561253408791860293_n

რონდინეში ყველა მონაწილე ქვეყნისა თუ ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლის დროშა კიდია, რომლის სამშობლოც, ამჟამად, კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფება.

სულ ცოტა ხნის წინ, იტალიის საელჩოს ნავსი გავტეხე და ჩემს პასპორტში რენესანსის დედის სახელმწიფო ბეჭედი ჩადგაფუნდა. 10 წელი ველოდი ამ დღეს. როცა უცხოეთში პირველად მივდიოდი, 17-ის ვიყავი და კონსულთან გასაუბრებაზე საშინლად ვინერვიულე. ეტყობა, ჩემი არეული საუბარი არ მოეწონა და უარით გამომისტუმრეს. მაშინაც რონდინესკენ მქონდა გეზი, მშვიდობის ციტადელისკენ, რომელიც სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონიდან ჩასულ სტუდენტებს აერთიანებს. 10 წლის მერე კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, აფხაზეთის მოსახლეობისთვის ჩამეხედა თვალებში და ადამიანურ დონეზე გაგვეგო ერთმანეთისთვის. პირობას ვდებ, ეს პოსტი არ იქნება პათეტიკური და სენტიმენტური.

სოფელ რონდინემდე ერთი დღით ადრე ჯერ რომში ჩავედით, სადაც საიმპერატორო წვიმამ კარგად გაგვწუწა. თუმცა ამას მარადიული ქალაქის დათვალიერებაში ხელი არ შეუშლია. მეორე დღეს არეცოში გავემგზავრეთ, იქიდან კი რონდინეში, სადაც 7 ღამე კარვებსა და საძილე ტომრებში გავატარეთ.

პირველ ღამეს ისე ციოდა, როგორ დავხვდით ღამის 3 საათზე აფხაზეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, ახლაც ვერ წარმომიდგენია. ჩამოვიდნენ სიფრიფანა, ლამაზი კაბებით, მშვენიერი ღიმილიანი სახეებით და მეთქი, არ გაბრიყვდეთ, რამე მოიცვით – ვფიქრობდი… გათენდა 20 სექტემბერიც და ფსიქოლოგიური ტრეინინგებიც დაიწყო.

Rondine Cittadella Della Pace – ამ ორგანიზაციამ, COBERM-ის გრანტის საფუძველზე, მიგვიღო ჯგუფი საქართველოდან და აფხაზეთიდან. საქართველოს ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაცია ICPI-მ გააერთიანა. პროექტი ემსახურება დიალოგსა და საერთო საქმეზე გუნდურ მუშაობას. 7 თვის განმავლობაში ვიმუშავებთ მობილური ხელსაწყოებით დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე. მომდევნო შეხვედრები სომხეთში გვექნება.

იტალიაში დილა ყავისა და ნუტელას გარეშე არ არსებობს.

იტალიაში დილა ყავისა და ნუტელას გარეშე არ არსებობს.

მაშ ასე, ერთმანეთის წინაშე ვიდექით ახალგაზრდები, რომლებიც მხოლოდ იმით განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან, რომ წლების წინ ჩვენმა წინაპრებმა ერთმანეთი დახოცეს. ვინ ვიყავით ჩვენ? რა ვიცოდით ერთმანეთზე? რა გვაინტერესებდა ერთმანეთისგან? როგორი წარმოდგენა გაგვაჩნდა ჩვენს სამშობლოებზე? როგორ გავიზარდეთ? როგორ აღვიზარდეთ? და, საერთოდაც, გვქონდა თუ არა საერთო? ამაზე ფიქრი ავტომატურად დავიწყე და ავყევი თამაშების იმ ციკლს, რომელსაც ice breaking ანუ მონაწილეებს შორის ყინულის გალღობა ჰქვია.

ერთ ფსიქოლოგიურ სავარჯიშოს მეორე მოსდევდა და რამდენიმე დღეში ვიგრძენით, რომ რაღაც დონეზე მართლა გავთავისუფლდით იმ წარმოსახვითი ბორკილებისგან, რომლებიც გვაუცხოებდა. მთელი იმ ხნის განმავლობაში არ მქონია იმის განცდა, რომ, აფხაზების სახით, საქართველოს წარმომადგენლებს ვესაუბრებოდი. ალბათ, ჩემი თანაგუნდელებიც ასე ფიქრობდნენ. აქვე პირველი მწარე სიმართლე: დღეს ჩვენ ერთნი არ ვართ. რაოდენ საწყენიც უნდა იყოს, დღეს ეს ასეა და ამაზე ქართულმა, აფხაზურმა და, რა თქმა უნდა, რუსულმა მხარემ თავის დროზე იმუშავა. შედეგად მივიღეთ აბსოლუტური გაუცხოება და მე გადასარევად მესმის იმ ახალგაზრდების…

რატომ გვინდა ჩვენ აფხაზეთი? იმიტომ, რომ ეს ტერიტორია ისტორიულად და იურიდიულად ყოველთვის საქართველოს სამეფოსა და სახელმწიფოს საზღვრებში შედიოდა. იმიტომ, რომ იქ საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობდა და ცხოვრობს და იდენტობით ქართველია. იმიტომ, რომ საქართველო მულტიეთქნიკური ქვეყანაა და სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლობა მშვიდად თანაცხოვრობს. იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი გამოასახლეს ან გამოიქცა საკუთარი საცხოვრებლიდან. კიდევ იმიტომ, რომ საქართველოს პოზიციიდან ძალიან ადვილი სათქმელია, მოდით, ძმებო, ერთად ვიყოთ, აღვადგინოთ ძველი მეგობრობა, გავერთიანდეთ ისტორიულ მიწა-წყალში და ვებრძოლოთ რუსეთს, რომელმაც ერთმანეთს გადაგვამტერა. რუსეთს, რომლისთვისაც სახელმწიფოებით მანიპულირება და ეთნიკური ომები ჩვეულებრივი მარტიონეტული სტრატეგიაა.

უკაცრავად, მაგრამ რომელი უფროსი თაობის ქართველი წარმომადგენელი დაასახელებს პრობლემებს, რომლებსაც აფხაზი მოსახლეობა აწყდებოდა იმ დროს, “სანამ ქვეყანა აირეოდა”? რა აწუხებდათ მაშინ? ვინმემ სცადა, გაეგო, ეკითხა და პასუხი მიეღო ამაზე? მე პირადად ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. მხოლოდ ის, რომ კარგად ვიყავით და ერთად ვცხოვრობდით. მაშინ რა ედო საფუძვლად იმ აგრესიას, რომელიც რუსეთმა ასე კარგად გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ? მე არ ვიცი და ვინც იცის ნამდვილი მიზეზები, ვთხოვ, დაწეროს.

რონდინეს პრეზიდენტი გვესაუბრება თავის გამოცდილებაზე კონფლიქტური რეგიონის სტუდენტებთან ურთიერთობაში.

რონდინეს პრეზიდენტი ფრანკო ვაკარი (თეთრმაისურიანი სათვალეებიანი მამაკაცი) გვესაუბრება თავის გამოცდილებაზე კონფლიქტური რეგიონის სტუდენტებთან ურთიერთობაში.

ახლა აფხაზეთის მხრიდან შევხედოთ ვითარებას: საქართველო მტერია, რომელმაც მოქალაქეები დაუხოცა. მიუხედავად ამისა, აფხაზებმა სახელმწიფო დააარსეს, რომლის უსაფრთხოების გარანტიც რუსეთია – მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა და პოლიტიკური კლიმატის ერთ-ერთი განმაპირობებელი. რუსეთი, რომელიც მეგობრობის ხელს უწვდის აფხაზ ხალხს და საშუალებას აძლევს, ისარგებლოს მისი რესურსებით. პატარა აფხაზეთს, რომელსაც მსოფლიოში თითქმის არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს, სჭირდება გიგანტი, რომელიც მას, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს, მეორე მხრივ კი დაიცავს მტრისგან, საქართველოსგან.

რუსეთის პოზიცია საქვეყნოდ ცნობილია: მეტი არეულობა რეგიონში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა), რაც მასზე მეტად დამოკიდებულ მხარეებს უდრის. საზოგადოების ტვინის რეცხვა აფხაზეთში და თაობებში მტრის ხატის ჩანერგვა გადასარევი საშუალებაა ამ რეგიონის ასიმილაციისა. საკუთარი წარმატებით ამაყ აფხაზ ხალხს ურჩევნია ეკომონიურად და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი რუსეთის პასპორტი ჰქონდეს, ვიდრე არაღიარებული ქვეყნის, რომლითაც უცხოეთის ვიზის მოპოვება გაცილებით რთულია. ეს კი ზემოხსენებულ გიგანტს კიდევ ერთ საბაბს აძლევს, დაიცვას “თავისი” მოქალაქეების ინტერესები. ანუ დაახლოებით ისე მოიქცეს, როგორც ყირიმში ქნა. ამ კუთხით, აფხაზეთი რუსეთთან ასიმილაციისთვისაა განწირული.

საცდელ კლიპზე მუშაობიას.

საცდელ კლიპზე მუშაობიას.

და მაინც, ჩვენ და ისინი ვიყავით ერთ, ჩვენ-ჩვენი რეალობებისგან ნეიტრალურ სივრცეში და, როცა შინაგანად ვთავისუფლდებოდით, ჩვენ სრულიად ბუნებრივად ვურთიერთობდით. მახსოვს, როცა გასაუბრებაზე მითხრეს, იქ იმის დასამტკიცებლად არ ვიკრიბებით, რომ აფხაზეთი საქართველოა ან აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, გულის სიღრმეში რაღაცამ გამკრა. მხოლოდ რეალურ ადამიანებთან ურთიერთობის დაჭერისას მივხვდი, რამდენად უაზროა ამ თემაზე ჩვენი, უბრალო ადამიანების მსჯელობა და, აი, რატომ.

  1. ორივეს გვტკივა.
  2. საუბარი ერთფეროვანი და მხოლოდ ამ თემით მოცული ხდება.
  3. იმატებს დაძაბულობა.
  4. იკლებს დიალოგი.
  5. იზრდება ბრაზი და კარჩაკეტილობა.
  6. ფუჭად იკარგება დრო, რომელიც დიალოგს შეიძლება, მოხმარდეს.
  7. ჩვენ მაინც ვერაფერს გადავწყვეტთ.

დიახ, ჩვენ მაინც ვერაფერს გადავწყვეტთ და შევცვლით. 24 წელია, ვამბობთ, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამით ჩვენ რა? 24 წელია, ისინი ამბობენ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამით იმათ რა? განსხვავება ისაა, რომ საქართველოს გაცილებით ნაკლები აქვს დასაკარგი, რადგან იურიდიულად აფხაზეთის დამოუკიდებლობას საერთაშორისო სასამართლო არ ცნობს. ეს კი დამატებით საფუძველს ქმნის მათთვის, რომ ჩვენთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციაზე უარი თქვან, რითაც ისევ და ისევ რუსეთი გაიხარებს… მაგრამ კომუნიკაცია არსებობს!

14469444_10210384582188782_7461976188046319194_n

მე საქართველოდან და კატია აფხაზეთიდან – თავისუფალ დღეს ერთად მოვიარეთ მთელი არეცოს მუზეუმები. ისიც მხატვარია.

კომუნიკაცია არსებობს და ეს არის პირადად ჩემთვის ყველაზე მთავარი. სულ არ მაინტერესებს, აფხაზეთი დამოუკიდებელი იქნება თუ საქართველოს ნაწილი (ამდენი ხანი გავიდა და არაფერი შეცვლილა), მთავარია, ურთიერთობა. ადამიანებს შორის კავშირი, თუნდაც აზრების გაცვლა-გამოცვლა ნებისმიერ განყენებულ თემაზე, მიჩვევა იმისა, რომ საუბარი შეიძლება – ესაა ამოსავალი წერტილი პირადად ჩემთვის, რომ ოდესმე ამ კონფლიქტს წერტილი დაესმება. ქვეყნები თუ არა, ადამიანები მაინც შერიგდებიან.

კულინარიულ დუელში აფხაზები და ქართველები ერთად ვამზადებთ სადილს.

კულინარიულ დუელში აფხაზები და ქართველები ერთად ვამზადებთ სადილს.

ეს იყო ჩემი პოზიცია იქ, რომელიც ასე თუ ისე რამდენჯერმე მკაფიოდ გამოვთქვი და ისინიც მეთანხმებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის არ იყო ადვილი ამის გათავისება და მათს რეალობაზე მორგება (სადაც პრაქტიკულად პოლიციის რეჟიმია), აფხაზი ახალგაზრდები მეთანხმებოდნენ, რომ ასე უუბრად გაგრძელება, უბრალოდ, უაზროა და არაფრისმომცემია. რომ, ადრე თუ გვიან, დიალოგი მაინც იქნება, რადგან ერთმანეთის მეზობლები ვართ და ეს გარდაუვალია. და რომ ადამიანების დიალოგში პოლიტიკა და საზღვრები არაფერ შუაშია.

პ.ს. ეს ახალგაზრდები იმ უმცირესობას წარმოადგენენ, რომლებსაც საზღვარგარეთის ქვეყნები უნახავთ და თავიანთი სამშობლო სხვადასხვა კუთხიდან დაუნახავთ. ამიტომ მათი შეხედულებები უფრო პროგრესულია, ვიდრე მათი, ვინც რეგიონს არ გაცდენილა. ასე რომ, ჯერ ყვეალაფერი ძალიან, ძალიან, ძალიან წინ არის.

პ.პ.ს. თუმცა ყველაფერი ძალიან რეალურია. მთავარია, ქართულმა მხარემ მეტი გაიგოს მათზე და არაფრისმომცემი გამაღიზიანებელი (“აფხაზეთი საქართველოა”-ს პოსტვა ყველგან) ან ენისმოჩლექილი (“მშიბზია”) კონტენტის გამოყენება შეწყვიტოს და იყოს რეალისტი. აფხაზურად თვითონაც თითქმის აღარ ლაპარაკობენ.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “დიალოგი აფხაზ ახალგაზრდებთან

  1. კარგი მეგობარი

    აბა რას ბოდიალობ :)

    ჯერ ერთი, სტატუსს თუ მნიშვნელობა არა აქვს და მთავარი ურთიერთობაა, მშვენივრად გვეპყრობოდნენ საბჭოთა კავშირში (ბოლო წლებში განსაკუთრებით, 37 მანეთად რო “ვგულაობდით”, ჯარში ყველას რო “ვაჩმორებდით” და უსაქმურობაში და ნაგავში ფულს რო გვიხდიდნენ ოხრად) და რას გამოვრბოდით?

    მერე მეორე, აფაზეთის კონფლიქტი სწორედ ახალგაზრდების დაპირისპირებით დაიწყო, რასაც მოყვა აფხაზების მიერ აფხაზეთის სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადება და ამის შემდეგ დაიწყო ომი.

    მერე მესამე, რა გავაკეთეთო რომ ამბობ, გადახედე სამშვიდობო დოკუმენტებს, სამშვიდობო შეხვედრებს.
    უამრავი მასალაა ინტერნეტში. თითქმის ყველა კომპრომისზე ქართული მხარე მიდის. თითქმის ყველა შეთანხმებას აფხაზური მხარე არღვევს. ასე იყო ომამდეც, ასეა იყო ომის დროსაც და ასეა დღემდე.

    სულ რამდენიმე მაგალითი:
    – სოხუმის უნივერსიტეტი (ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე) – აფხაზი სტუდენტები აწყობენ საპროტესტო აქციას და ითხოვენ დამოუკიდებლობას, უფრო ზუსტად 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენას, სადაც აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ქართველი სტუდენტების დაშოშმინების მიზნით (რომლებიც მათ ეწინააღმდეგებიან), საქმეში ხელისუფლება ერთვება და ჯოხი ქართველებზე ტყდება.
    – აფხაზეთის მთავრობა (ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე) – ითხოვს დამოუკიდებლობის აღიარებას. ქართული მხარე მას მეტ უფლებებს სთავაზობს.
    – იგივე ადგილი (ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე) – აფხაზი პოლიტიკოსები, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე, აღიარებენ აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ)
    – აფხაზეთი (უკვე ომი) – აფხაზები ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თანხმობა ქართული მხრიდან. აფხაზები არღვევენ შეთანმებას.
    – აფხაზეთი (ისევ ომი) – აფხაზები კიდევ ერთხელ ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. კვლავ თანხმობა ქართული მხრიდან და კვლავ აფხაზები არღვევენ შეთანმებას.
    – აფხაზეთი (ისევ და ისევ ომი) – აფხაზები უკვე მერამდენედ ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. უკვე მერამდენე თანხმობა ქართული მხრიდან და აფხაზები უკვე მერამდენედ არღვევენ შეთანმებას.
    – აფხაზეთი (ომი დასასრულს უახოვდება) – აფხაზები უკვე სოხუმიდან ძალიან შორს არიან და ითხოვენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას და გახიზნული აფხაზი მოსახლეობის სოხუმში დაბრუნებას. ასევე ჯარის და მძიმე ტექნიკის გაყვანას. ოკ და ბაც სოხუმი დაცემულია. აფხაზეთი დაკარგული.

    მართლაც და რა გავაკეთეთ!

    ეს რაც შეეხება პოლიტიკას დოკუმენტალისტიკას. აი რაც შეეხება მოსახლეობას. ისინი ძირითადად 3 ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას:
    – თქვენ არ გვაძლევდით აფხაზურ ენაზე საუბრის საშუალებას! (ახლა ვინ უშლით, რატომ არ საუბრობენ აფხაზურად? რატომ არჩევენ რუსულად საუბარს? რატომ არ იღებენ განათლებას “მშობლიურ ენაზე” ან რატომ არის სახელმძღვანელეობის უმეტესობა რუსულ ენაზე?);
    – თქვენ არ მოგვისმინეთ ეგრევე თავს დაგვესხით. ეს მიწა ყველას გვეყოფოდა! (მგონი ამაზე უკვე დავწერე. ვინ ვის უსმენდა და ვინ ვის ყრიდა და ვინ ვის აბრუნებდა მშობლიურ მიწაზე);
    – ქართველებს გძულდათ აფხაზები. თქვენ არ გიყვართ რუსეთი და ხართ ამერიკის მონები! (მონები.. ჩვენ მონები.. ნუ რა დავწერო.. სასაცილოა! ან სიძულვილზე რა ვთქვა? შენც გიწერია “მშიბზიას” და “გაგებით მოკიდებული სიძულვილის” ამბები..)

    შეხვდი, ესაუბრე, მოუსმინე, ეს კარგია! მაგრამ ყველაფერს ნუ დაუჯერებ. შენც ბევრი გაქვს სათქმელი ;)

    და მოდი ნუ დავაჯერებთ ჩვენს თავებს, რომ ხალხის შერიგებით ქვეყანა გაერთიანდება. მთელი ევროპა ურიგდება ერთამენს, მაგრამ საფრანგეთი საფრანგეთად რჩება, გერმანია გერმანიად და ლიხტენშტეინი ლიხტენშტეინად. ჰო და საქართველოც უნდა დარჩეს საქართველოდ! და არა მშიბზიად და ბზიალად..

    1. zurriuss Post author

      მადლობა, კარგო მეგობარო, ნაბოდიალებზე ამხელა კომენტარით რომ გამომეხმაურე :lol: :lol:

      ჰოდა კარგია, ეგ დოკუმენტები რომ მოიყვანე. აქედან რა ირკვევა? იმდენად უტვინოები არიან აფხაზები, ზურგი რომ არ ჰქონოდათ, ამ ყველაფერს იზამდნენ?
      მე უდანაშაულოებად კი არ გამომყავს, ჯასთ ძალიან ლოგიკურად მგონია, რომ რუსეთის მიერ აფხაზთა წაქეზებით და საკუთარი დამოუკიდებლობის ჩანერგვით აფეთქდა ეს ბომბი და საქართველოს პრაქტიკულად ნებისმიერ შემთხევაში წაგებული ჰქონდა ეგ ომი. როგორ შეიძლებოდა ამის თავიდნ აცილება, ასე სიღრმისეულად არ ვიცი ეს საკითხი და ალბათ რაღაც გზა აქაც აუცილებლად იქნებოდა.
      ჰოდა დღეს რა გვაქვს? აფხაზები არიან ისე, როგორც მათ აწყობთ? ან ჩვენ? ნწ, ორივენი მეტნაკლებად ვართ ისე, როგორც რუსეთს აწყობს.
      ჰოდა შერიგებაზე იმიტომ დავწერე, რომ თუკი გვინდა, აფხაზებთან რამე საერთო მაინც გვქონდეს, გარდა ომისა, ესაა გზა, თორემ ისე ვართ და ვიქნებით ასე – #აფხაზეთისაქართველოა და ვერავის ვერაფერი მოვჭამოთ. ;)
      პ.ს. იმათ რომ ვუსმენ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მჯერა. უბრალოდ, ვუსმენ. მოსმენა პოზიტიური ქმედებაა. როცა ადამიანს უსმენ, მეტს ლაპარაკობს და რა იცი, რა წამოცდება.

      1. დიანა

        ჩემი უჭკვიანესი ზურიუსი ხარ… ჩვენ პოლიტიკოსები არცერთი ვართ, ჩემო ძვირფასო უმცროსო მეგობარო და საამაყო მულისშვილო, ამიტომ, ადამიანური და , თუნდაც, ჟურნალისტური პოზიციიდან, „ოქროს შუალედი“ გაქვს ნაპოვნი!!! თუ აფხაზეთის ტრაგედია ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებით დაიწყო (და ეს რომ ასე იყო, ჩემს თაობას კარგად ახსოვს! ახალგაზრდების პროვოცირებაც რუსეთის ხელობაა, ეს იოლი ვერაგობაა!!!), მაშინ, მითუმეტეს – სწორედ ახალგაზრდებს შორის დიალოგით უნდა დაიწყოს შერიგებაც!!! ეს პროექტი ამითაც აღმოჩნდა ბრძნული და შენ მისი ჭკვიანურად გააზრებით, პ ო ზ ი ც ი ა შ ე მ ა ც ვ ლ ე ვ ი ნ ე, ჩემო ძვირფასო!!! ძალიან ამაყი ვარ ამით, და, სულაც არ მეთაკილება ვაღიარო, რომ „ის ურჩევნია მამულსა, მულისშვილი სჯობდეს ბიცოლას“ და, ორივე ერთად მივიდეთ ჭეშმარიტებამდე… გამოგიტყდები, მეც აღვშფოთდი „დამოუკიდებელი აფხაზეთის დროშის“ გამო, ძალიან გავმწარდი, როგორც ქართველი და, ჩემი პირველი რეაქციაც ნაჩქარევი და მცდარი იყო… ახლა ორივე ხელი აწეული მაქვს და 100%-ით გეთანხმები!!! ტყუილა კი არ მაქვს ჩვენი უჭკვიანესი და უნიჭიერესი ახალგაზრდობის იმედი!!! ჯვარი გეწეროთ!!! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ და ვამაყობ შენით!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »