“დედე” ანუ რატომ ვუყურებთ ან არ ვუყურებთ ფილმებს განმეორებით

მგონი ყველა ქართველი კინომოყვარული BIAFF-ზეც და სხვა კინოფესტივალებზეც განსაკუთრებით ელოდება ქართულ ფილმებს. ისეთ ქვეყანაში, სადაც “რაღაც ხომ მაინც კეთდება”-ს გავცდით, კიდევ ერთი ფილმი გამოვიდა, მარიამ ხაჭვანის “დედე”, რომელიც თითქმის მთლიანად სვანურ ენაზეა. 

 

პირდაპირ ვიტყვი: ფილმის არგადაღებას გადაღება სჯობდა, თუნდაც იმიტომ, რომ ამბავია გასაგებად მოყოლილი. თვითონ ისტორია და მისი გადმოცემა რამდენად საინტერესოა, ამაზე ქართველ და უცხოელ მაყურებელს, ბუნებრივია, სხვადასხვა პასუხი ექნება.

როცა რაღაც მოვლენაზე ფილმს იღებ და მისკენ ობიექტივს იშვერ, დოკუმენტურ კინოსაც რომ ქმნიდე, მაინც თემის განზოგადება გამოდის. მხატვრულ ფილმში ეს კიდევ უფრო მძაფრდება. ამიტომ ჩემთვის, როგორც ქართველი მაყურებლისთვის, “დედე” საკმაოდ გაზვიადებულია თავისი ზედმეტი ტრადიციულობით. არავინ ამბობს, რომ სვანეთში ასე აღარ ხდება და ტრადიციებს ქალების ბედის გადასაწყვეტად არ იყენებენ. უბრალოდ, ფილმში მითითებული არ არის კონკრეტული დრო, რაც მიქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ ეს ყველაფერი დღეს ხდება და იქ არაფერი შეცვლილა. ასე კი არ არის. თუმცა ეს ქართველის თვალთახედვა, ისევე, როგორც სვანური ენა, რომელიც სიუჟეტს უფრო აუთენტურს და ეგზოტიკურს ხდის. ფერები იყო ძალიან ლამაზი, თუმცა ცოტათი ხელოვნური მეჩვენა იმ რეალობის გათვალისწინებით, რასაც ფილმი ასახავს.

უცხოელი მაყურებლისთვის, რა თქმა უნდა, ქართული და სვანური ენა ორივე ერთნაირად ეგზოტიკურია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის მათ ვერ განასხვავებს. აქ მთავარი სიუჟეტია: მთის ხალხის ურთიერთობები, რომლებიც საუკუნეებია, შეუვალ ტრადიციებზე დგას. ამ შთაბეჭდილებას ამძაფრებს სვანეთის ხედებიც, კავკასიონის მყინვარები, მთის ფერდობზე შეფენილი ძველი კოშკები და ფოლკლორი. ამიტომ არ მიკვირს, რომ “დედემ” კარლოვი ვარის ფესტივალზე მოწონება დაიმსახურა.

რაც შეეხება, პოსტის სათაურს – რატომ ვუყურებთ ან არ ვუყურებთ ფილმებს განმეორებით – კინოში გვიზიდავს საყვარელი მომენტები, რომლებიც არ გვბეზრდება. ასეთი ფილმების რაოდენობა კი, მგონი, ზოგადად მთელს სამყაროში იკლებს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ქართველ მაყურებელს მოეწონება “დედე”, მაგრამ რამდენად ნახავს განმეორებით – არ ვიცი.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »