Category Archives: ფოტოკოლაჟი

იმ დღეს ანძიდან გადმოვიხედე

იმ დღეს ანძიდან გადმოვიხედე,

შორი ნისლების კრთბოდა ალი,

თბილისი თბილისს აღარა ჰგავდა,

თავი მეგონა უგონოდ მთვრალი.

ეს ამოძახილი გიორგი ლეონიძეს არც თავის დროზე დაუფასეს და ახლა ხომ საერთოდ აღარ ახსოვთ. ამასწინათ მეც (უკვე მეორედ) მომიწია თბილისის ტელეანძაზე ასვლა და, სანამ ფოლადის “საყრდენ ფეხში” დამონტაჟებული ლიფტი ცისკენ მიმასრიალებდა, ეს ლექსი გამახსენდა. ავაღწიე თუ არა დანიშნულების ადგილამდე (მრგვალ ნაწილში, 170 მეტრზე), ფანჯრებს ვეცი. მეგონა, სიმაღლიდან დანახული თბილისი მაინც გამაოცებდა, და იცით, როგორი განცდა დამეუფლა? დაახლოებით ისეთი, ნაგავსაყრელს რომ ზემოდან გადაუფრინო. წერტილიდან, რომელიც მტკრის დონიდან 570 მეტრზეა, 360°-ით ხედავ ყველა უბანს ხელს არაფერი გიშლის. მეც ავდექი, ტელეფონს ზუმ ლინზა გავუკეთე და ქალაქის თვალიერებას შევუდექი.

Continue reading

ის მაინც მოვა

ახალ წელს იშვიათად მახარებს და მსიამოვნებს რამე, ოჯახთან გატარებული წუთების გარდა. ასე იყო შარშანაც, შარშანწინაც და 2014-შიც. თუმცა, სანამ დროა და როცა შეგიძლია, სხვადასხვა სიტუაციებშიც უნდა დატესტო თავი, რათა, პირველ რიგში, საკუთარ თავს ახლებურად შეხედო. ასე ავდექი 31 დეკემბრის დილას, ავიღე ზურგჩანთა და ახალი წლის შესახვედრად ქუთაისიდან ბათუმში წავედი. მშობლებს ეწყინათ, ცოტათი მეც გული მწყდებოდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, 2012 წელს, საერთოდ, სამხედრო სამსახურის პოსტზე შევხვდი და ეს განშორება მას ვერც შეედრებოდა. ახალ წელს თავისი “მე” აქვს, ასე რომ, ის მაინც მოვა.

Continue reading

ვსაუბრობთ ჭეშმარიტ რონდაზე

Me in Ronda რონდა

სიმართლე გითხრათ, ეს ადგილი ჩემი მეგობრის დაჟინებული მოთხოვნით ჩავსვი. აი, იმის, ვინც ეს მოგზაურობა დამაგეგმინა. დავგუგლე და, როგორც კი ფოტოები ვნახე, მივხვდი, რომ ის ის იყო და მე – მე. რონდა არ არის უბრალოდ ლამაზი ქალაქი, იგი რომელიმე ფენტეზის ჟანრის მითიური ადგილია პაწაწკინტელა, რომელიც მდინარის ხეობაში ამოზრდილ უზარმაზარ კლდოვან ბორცვებზე წამომართულა. ქალაქის ორი ნაწილი ერთმანეთს სამი ხიდით უკავშირდება, რომელთაგანაც ერთ-ერთი, პუენტე ნუევო, უზარმაზარი, თვალუწვდენელი და ულამაზესია. მისი მთავარი ქუჩა, სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა სახელით იცვლება: ჩრდილოეთიდან ჯერ ხერესია, მერე ვირხენ დე ლა პასი და, ხიდს იქით, არმინიანი.

რონდა მზის ამოსვლისას

რონდა მზის ამოსვლისას

ნერხადან რონდაში ტრანსპორტი პიდაპირ არ მიდის, ასე რომ, გადაჯდომა მალაგაში მომიწია, მაგრამ, დროის სიმცირის გამო, ქალაქის დათვალიერება ვერ მოვასწარი. სამაგიეროდ, სადგურში 4,5 ევროდ ამოვსკდი ტაპასებით, ლუდით და ტინტო დე ვერანოთი. მერეღა მივხვდი, რომ ტაპასების ზომაც წინასწარ უნდა მეკითხა. სამაგიეროდ, იმდენნაირი და ისეთი გემრიელებია, ჩამოთვლა-აღწერას აზრი არა აქვს. კიდევ ერთხელ გეტყვით, ესპანური მსუბუქი ლუდი ძალიან კარგი მისაყოლებელია. ტინტო უფრო წვენია, ვიდრე ღვინო, მაგრამ ეგეც მაგრად მომენატრება თავის დროზე. ჰოდა, რონდაში ვარ… Continue reading

 ვსაუბრობთ ჭეშმარიტ ნერხაზე

Me in Nerja ნერხა

17 აგვისტოს, გრანადით გაჟღენთილ-გაბედნიერებული, ნერხას გზას დავადექი. თან ვფიქრობდი, კიდევ რამ უნდა გამაოცოს-მეთქი. სულ ცოტა ხანში, გამოჩნდა კამკამა ლურჯი ზღვა და მერეღა გამახსენდა, რომ საბანაოდ ნამდვილ ხმელთაშუა ზღვაზე მივდივარ!

ნერხა ისეთი პატარა ქალაქია, ერთ დღეში ფეხით შემოივლით. ვინაიდან და რადგანაც, იგი მალაგასავით პოპულარული არ არის, ფასებიც დაბალია. თუკი იქაურ ჰოსტელში ყველაზე იაფიანი 2 ღამის ფასი 74 ევრო იყო, აქ 48-ად გამოვედი. მართალია, ესეც ძვირია, მაგრამ ამ სეზონზე, როცა ისედაც ყველა ზღვისკენ გარბის, საკმაოდ ნორმალური ფასია. ჰოსტელს, რომელშიც დავბინავდი, Easy Nerja Hostel ჰქვია და გრანდის ქუჩის 29 ნომერში მდებარეობს (აქაც გრანადა!).  Continue reading

რატომ გვჯობნიან ისინი?

istanbul-film-festivali-programi-aciklandi-10-gun-221-film-121282-1

ადრე რომ გეკითხათ, გიპასუხებდით, რომ სტამბოლი ყველაფერის ქალაქია. დღესდღეობით კი გეტყვით, რომ სტამბოლი ყველას ქალქია. როგორც წინა პოსტში დავწერე, მას მრავალსახიანი ღმერთი მფარველობს და ყველას იმ იპოსტასით დახვდება, რასაც იქ ეძებს. სტამბოლის კინოფესტივალზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა განსხვავებაა ჩვენ და მათ შორის. მოდით, მივყვეთ პუნქტებად და გამოვარკვიოთ, რატომ გვჯობიან ისინი. გზადაგზა ქაოტურად ჩაგიყრით სტამბოლის ქუჩის ფოტოებს, რომლებიც, ტრადიციულად, ჩემი ტელეფონით გადავიღე.

Continue reading

რატომ დგას საკრებულოს შენობის წინ გრიფონები?

გრიფონთან ერთდ

რატომ დგას საკრებულოს შენობის წინ გრიფონები?

რამდენიმე წლის წინ, როცა საკრებულოს შენობასთან ამ გრიფონები დავინახე, დიდად არ გამკვირვებია. მეთქი, მერიამ მორიგი იდიოტობა დადგა. რამდენჯერაც ჩავუვლიდი, სულ თვალში მეჩხირებოდა. მეტიც, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რაღაც მსგავსი სადღაც კიდევ მენახა. ამასწინათ, ოპერის ძველი შენობის ისტორიაზე პოსტის წერისას, ფორუმზე ტფილისის ფოტოების თვალიერებას შევყევი და უცბად, გავშტერდი: ეს გრიფონები 160-ზე მეტი წლისაა და ქალაქის ურბანული გემოვნების მემატიანეა! Continue reading

ერთ პოსტში მოქცეული 2015 წელი

Processed with VSCOcam with a6 preset

ესეც ასე, 2015 წელიც სრულდება და ამ წელს იმდენი საინტერესო რამ მოხდა და გადამხდა, ორიოდ სიტყვით რომ არ მიმოვიხილო, არ შეიძლება. თან პოსტიც დიდი ხანია, არ დამიწერია.

ვისაც პოსტში ვიდეოების ჩართვა დაგეზარებათ, ეს მუსიკა ჩართეთ და იღუღუნოს თავისთვის ;)

Continue reading

მე რატომ არ გეცოდებით?

portrait

ხშირად ვფიქრობ, რა იქნებოდა, რომ ჩვენი ბავშვობა არ ყოფილიყო დაყოფილი საღებად და ხეიბრებად, მართლმადიდებლებად და იეჰოველებად, ვაჟკაცებად და ქალაჩუნებად, ნორმალურებად და არანორმალურებად? რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო უფროსების მიერ თავს მოხვეული “სწორი” და “არასწორი”? რამდენად გამოგვადგა ეს ფსიქოლოგიური თავდაცვა, რაც ჩაგვინერგეს? რამდენად ვივარგეთ საბოლოო ჯამში? რატომ უნდა ვგრძნობდეთ შინაგან უხერხულობას, როცა სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთან ერთად აღმოვჩნდებით?

tamara

at the table

რას გვასწავლიდნენ სკოლაში ჩვიდმეტთავშალშემოხვეული, გამყინავი ხმით მოსაუბრე მასწავლებლები მაშინ, როცა ადამიანებად ვყალიბდებოდით? რას გვასწავლიდნენ ოჯახში, ეკლესიაში? იყო თუ არა საკმარისი მხოლოდ “გიყვარდეს მოყვასი შენი”? იყო თუ არა სკანდალის ან შეცოდების ტენდენციის პროპაგანდა ტელევიზიით გასული ვრცელი რეპორტაჟები ამა და ამ ბავშვთა სახლის უკიდურესად ღარიბ აღსაზრდელებზე, მენტალური პრობლემის მქონე უმწეოებზე, ადამიანებზე, რომელთაც სქესის შეცვლა სურდათ, გაუპატიურების მსხვერპლ ბავშვებზე?

making pies

crutch

laughing

რამდენად განვსხვავდებით მათგან, ვინც საუკუნეების წინ  და განმავლობაში ეშაფოტების გარშემო სანახაობის საცქერად იკრიბებოდნენ და განცდის მხოლოდ სამი ვარიანტი ჰქონდათ: შეცოდება, დაცინვა ან აგრესია?

handmade

clarnet

22 ნოემბეს, არასამთავრობო ორგანიზაციის “ხელი ხელს” ინიციატივით გურჯაანში, სოციალური ინკლუზიის ხელისშემწყობი პროგრამის ბენეფიციარები მოვინახულეთ. თავის დროზე არც მათ იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ, ისევე, როგორც არც ჩვენ ვიცოდით ბევრი რამ მათზე. ისინი აკეთებენ გემრიელ კერძებს, ქმნიან ბევრ ლამაზ ხელნაკეთ ნივთს, ისინი ქმნიან ოჯახებს, ისინი ქმნიან. საზოგადოების დიდ ნაწილს კი ისინი ეცოდება. ასე ასწავლეს, ასე ჩაუნერგეს, ასე მიაჩვიეს, ასე აგრძნობინეს და იმიტომ.

wheelchair

პ.ს. მე რატომ არ გეცოდებით?

რატომ ღირს ბრიტანეთის ვიზა ასეთი ძვირი?

London, Oxford Circus

-Good evening, Sir. Could you tell me the right direction to the Downing Street? – ღამის 4 საათზე ვეკითხები რომელიღაც შენობის დაცვას სადღაც ვესტმინსტერის უბანში.

– It’s over there, – მპასუხობს მკვირცხლად, – Follow this road till The Parliament and turn far left.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას და პრემიერმინისტრის აპარტამენტებისკენ მივემართები. თან ვფიქრობ, იმ კაცს ამდენი ახსნა როგორ არ დაეზარა. მივაღწიე. არ მეგონა, დაცვა ასე თუ ჩარაზავდა იმ ერთ ციცქნა ქუჩას. გადავწყვიტე, რომ ეს ღირსშესანიშნაობაც ვნახე და ღამის ლონდონში ხეტიალი განვაგრძე.

ჯერ კიდევ ბრიტანეთში ყოფნისას ვფიქრობდი, რატომ არიან ისინი ასეთი თავაზიანები და ჩვენ – არა. არადა დღემდე ქართული სტუმართმოყვარეობისა და დახვედრის ინსტიტუტით მოგვაქვს თავი. Continue reading

არ უყურო, უზრდელობაა!

screen-shot-2015-06-29-at-11-56-48-am

როცა “ველურ გულში” მონიკა და ხუანი ერთმანეთს კოცნიდნენ და დედას ვეკითხებოდი, რას შვებიან-მეთქი, მპასუხობდა, ახრჩობსო. სულ მაინტერესებდა, ქალი რატომ ახრჩობინებდა კაცს თავს.

ბავშვობის კინოსამყაროდან მხოლოდ რამდენიმე ფრაზა შემომრჩა: “ჯეკი ჩანი”, “ბაევიკი”, “კრიოსნი ატეცი” და “არ უყურო, უზრდელობაა!” საოცარი ისტორიაა, ვერაფერს იტყვი. მე გავიზარდე ტრადიციულ ქუთაისურ ოჯახში, რომელშიც უფროსები არ გვიხსნიან სიშიშვლის არსს, მხოლოდ გვიკრძალავენ. შესაბამისად, სანამ დამოუკიდებელი ცხოვრება არ დავიწყე, ფილმებში მალულად ნანახი სიშიშვლე ჩემთვის უფრო პორნოგრაფიასთან ასოცირდებოდა. ასეთი “ბაგაჟით” გადმოვბარგდი თბილისში. Continue reading