Category Archives: ესპანური დღიურები

სამადლობელი პოსტი

ტოლედო

ტოლედო

ძალიან არ მიყვარს, ჰიპერმოტივირებულ სტატუსებს რომ წერენ ფეისბუკზე ან ამავე პათოსის პოსტებს რომ გამოაცხობენ ბლოგზე და, იმედი მაქვს, ეს ნაწერიც გაუძლებს ჩემს კრიტიკას.

ესპანური მოგზაურობა დამთავრდა. 4-ის ნაცვლად, ვნახე 6 ქალაქი (მალაგასა და ტოლედოში შერბენა მოვასწარი), დავხარჯე გათვალისწინებულზე მეტი და, შედეგად, საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილი ვარ. ახლაც მახენდება, როცა 2 დღის წინ, მადრიდში, ატოჩას გამზირზე ბარგს მეტროსკენ მივარიხინებდი, საკუთარ თავს მეორე პირში ვეუბნებოდი, შენ ყოფილხარ, ვინც ყოფილხარ – მეთქი. ისეთი მაგარი ხარ, ყველაფერი ასე მოხერხებულად რომ შეძელი, რომ ამიერიდან სხვაზე შემყურე აღარ გახდები-მეთქი. Continue reading

ვსაუბრობთ ჭეშმარიტ რონდაზე

Me in Ronda რონდა

სიმართლე გითხრათ, ეს ადგილი ჩემი მეგობრის დაჟინებული მოთხოვნით ჩავსვი. აი, იმის, ვინც ეს მოგზაურობა დამაგეგმინა. დავგუგლე და, როგორც კი ფოტოები ვნახე, მივხვდი, რომ ის ის იყო და მე – მე. რონდა არ არის უბრალოდ ლამაზი ქალაქი, იგი რომელიმე ფენტეზის ჟანრის მითიური ადგილია პაწაწკინტელა, რომელიც მდინარის ხეობაში ამოზრდილ უზარმაზარ კლდოვან ბორცვებზე წამომართულა. ქალაქის ორი ნაწილი ერთმანეთს სამი ხიდით უკავშირდება, რომელთაგანაც ერთ-ერთი, პუენტე ნუევო, უზარმაზარი, თვალუწვდენელი და ულამაზესია. მისი მთავარი ქუჩა, სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა სახელით იცვლება: ჩრდილოეთიდან ჯერ ხერესია, მერე ვირხენ დე ლა პასი და, ხიდს იქით, არმინიანი.

რონდა მზის ამოსვლისას

რონდა მზის ამოსვლისას

ნერხადან რონდაში ტრანსპორტი პიდაპირ არ მიდის, ასე რომ, გადაჯდომა მალაგაში მომიწია, მაგრამ, დროის სიმცირის გამო, ქალაქის დათვალიერება ვერ მოვასწარი. სამაგიეროდ, სადგურში 4,5 ევროდ ამოვსკდი ტაპასებით, ლუდით და ტინტო დე ვერანოთი. მერეღა მივხვდი, რომ ტაპასების ზომაც წინასწარ უნდა მეკითხა. სამაგიეროდ, იმდენნაირი და ისეთი გემრიელებია, ჩამოთვლა-აღწერას აზრი არა აქვს. კიდევ ერთხელ გეტყვით, ესპანური მსუბუქი ლუდი ძალიან კარგი მისაყოლებელია. ტინტო უფრო წვენია, ვიდრე ღვინო, მაგრამ ეგეც მაგრად მომენატრება თავის დროზე. ჰოდა, რონდაში ვარ… Continue reading

 ვსაუბრობთ ჭეშმარიტ ნერხაზე

Me in Nerja ნერხა

17 აგვისტოს, გრანადით გაჟღენთილ-გაბედნიერებული, ნერხას გზას დავადექი. თან ვფიქრობდი, კიდევ რამ უნდა გამაოცოს-მეთქი. სულ ცოტა ხანში, გამოჩნდა კამკამა ლურჯი ზღვა და მერეღა გამახსენდა, რომ საბანაოდ ნამდვილ ხმელთაშუა ზღვაზე მივდივარ!

ნერხა ისეთი პატარა ქალაქია, ერთ დღეში ფეხით შემოივლით. ვინაიდან და რადგანაც, იგი მალაგასავით პოპულარული არ არის, ფასებიც დაბალია. თუკი იქაურ ჰოსტელში ყველაზე იაფიანი 2 ღამის ფასი 74 ევრო იყო, აქ 48-ად გამოვედი. მართალია, ესეც ძვირია, მაგრამ ამ სეზონზე, როცა ისედაც ყველა ზღვისკენ გარბის, საკმაოდ ნორმალური ფასია. ჰოსტელს, რომელშიც დავბინავდი, Easy Nerja Hostel ჰქვია და გრანდის ქუჩის 29 ნომერში მდებარეობს (აქაც გრანადა!).  Continue reading

ვსაუბრობთ ჭეშმარიტ გრანადაზე

Granada Alhambra

ჭეშმარიტი გრანადა მდებარეობს ანდალუზიაში, სამხრეთ ესპანეთში, მადრიდიდან ავტობუსით 5 საათის სავალზე (18-25 ევრო. გააჩნია, დღის რომელ მონაკვეთში მიდიხარ). გზად ფაქტობრივად სტეპებია, რომლებზეც თითქოს ძალითაა აღმოცენებული სახლები და მცენარეები. სამაგიეროდ, ინფრასტრუქტურა მოწოდების სიმაღლეზეა, ავტობუსში კი კონდიციონერია (ჩვენ რომ ჯერ კიდევ გვიკვირს).

ავტობუსის სადგურიდან (რომელიც ცენტრამდე საკმაოდ შორსაა), ჰოსტელამდე ფეხით ვიარე. სიცხეში, ბარგით. კი დავიღალე, მაგრამ, როგორც წინა პოსტში ვთქვი, თუ გინდათ, ქალაქი კარგად დაიმახსოვროთ და მისი ცხოვრება მალე შეიგრძნოთ, ასე უნდა მოიქცეთ (მთლად ჩემსავით კილომეტრებს ნუ ივლით ტვირთაკიდებული ჯორივით, მაგრამ მაინც).

პლასა ნუევა

პლასა ნუევა

პირველი შთაბეჭდილება

ფეხით სიარულისას გრძნობ, როგორ იცვლება შენ ფეხქვეშ საფარი და როგორ გადადიხარ იაფი სამეწარმეო ბლოკებით დაფარული ტროტუარიდან მარმარილოს მასიურ ფილებზე. ეს უკვე ნამდვილი გრანადაა, რომელიც იმდენად თვითმყოფადია, რომ მადრიდისგან მიღებული შთაბეჭდილებები ზუსტად 15 წუთში გამიქარწყლა. Continue reading

ვსაუბრობთ ჭეშმარიტ მადრიდზე

Madrid

ძალიან მინდა, პოსტების ეს ციკლი მოგზაურობის თემაზე დაწერილი მორიგი ბლა-ბლა-ბლა არ გამოვიდეს. თუ ასე მოგეჩვენებათ, წინასწარ გიხდით ბოდიშს.

რაც საკუთარი თვალით არ ინახავს, არ შეხებიხარ, არ დაგიყნოსავს, არ გაგისინჯავს და არ მოსგისმენია, არ დაიჯერო, რომ მასზე რამე იცი. იმიტომ, რომ შენ ხარ შენ და შეუძლებელია, ყველაფერი ისე აღიქვა და იგრძნო, როგორც სხვა. როცა მეკითხებიან, თუ სად მინდა წასვლა, ხშირად პასუხი არ მაქვს, იმიტომ, რომ ვერაფრით მოვახერხე, წინასწარ მცოდნოდა, რომელი ადგილ უფრო მომეწონებოდა. აქედან გამომდინარე, დავდივარ იქ, სად წასვლაც უფრო ადვილად გამომივა. ასე აღმოვჩნდი მზით გადაცხუნებულ ესპანეთში. ყველაფერი კი ერთი თვით ადრე დაიწყო… Continue reading