Category Archives: ეგვიპტე

Aida და ჰაიდააა

ბოლო დროს შეგნებულად არ ვახსენებდი არც კლასიკას და არც ოპერას. მივხვდი, რა ამ ქვეყანაზე, ჩემ გარდა, ოპერას პატრონი არ ჰყავს, გადავწყვიტე, ისევ მე მიმეხედა ამ ჩაწოლილი ტავარისთვის. ამიერიდან საშუალება გექნებათ, მცირეოდენი ინფორმაცია მიიღოთ უმაღლესი დონის ოპერებსა და დატკბეთ მათი საუკეთესო ჩანაწერებით. მომაპყარით საჩინონი და სასუმენელნი თქუენნი.

მოკლედ, 1869 წელს, როცა მენდელეევი თავისი აღმოჩენით გაცისკროვნებული დაიარებოდა, ეგვიპტელები ხმელთაშუა და წითელი ზღვების სუეცის არხით დამეგობრებას ზეიმობდნენ. ქვეყნის მთავრობამ სახელოვან ჯუზეპე ვერდის ამ დიდი მოვლენის სახოტბო მუსიკის შექმნა სთხოვა. უკვე საკმაოდ მხცოვანი კომპოზიტორი უარზე იდგა, მაგრამ დაითანხმეს და 1870 წლიდან თავის საქმეს შეუდგა. “აიდა”, ან Aida, ვერდის ბოლოდან მესამე ოპერაა, რომელიც 1871 წლის 24 დეკემბერს, ეგვიპტის დედაქალაქში, ხედივალის საოპერო თეატრში დაიდგა.  კომპოზიტორი მას არ დასწრებია (ნუ შემჭამთ ახლა რატომო. თავისი ოპერა იყო და უნდოდა – დაესწრებოდა, უნდოდა – არა). მსოფლიო პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში “აიდა” დაიდგა მსოფლიოს 155 თეატრში.

ჯუზეპე ბაბუას ერთი ფრიად უცნაური თვისება ჰქონდა: რაც უფრო ბერდებოდა, მით უფრო უკეთეს ოპერებს წერდა

Continue reading

“ეხნატონის ამბავი” – როგორც იქნა, მოვრჩი!

ამ რადიოსიუჟეტს თეორიულად ერთი თვე, ხოლო პრაქტიკულად, 3 დღეა, რაც ვამონტაჟებ. იმედი მაქვს, ლექტორი კარგად შემიფასებს ამდენ ნაწვალებს, მანამდე კი თქვენ გიტოვებთ განსასჯელად და საძიძგნად :green: :d

დიიიდი მადლობა ყველას, ვინც სიუჟეტის მომზადებაში დამეხმარეთ!

Akhenaten Story by zurriuss

ეგვიპტური Story (ნაწილი III)

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/03/09-Hamunaptra2.mp3|titles=09 – Hamunaptra]

გონგი, ძრწოლა…

_ იტირეთ!

გონგი, ძრწოლა…

_იგლოვეთ!

გონგი, ძრწოლა…

_ თავები მიწას დაახალეთ!

გონგი, ძრწოლა…

_თუტმოსი, ძე და მემკვიდრე ჩემი, დასავლეთის ქარებს გაჰყვა!…

ასე იწყებოდა ყოველი დილა. ყოველი შავი დილა. ფარაონი ხალხის თვალწინ მოთქვამდა, მუშტებს ქვის მოაჯირზე ურყამდა და დასისხლიანებულ ხელებს სამგლოვიარო, ქათქათა მოსასხამზე იხოცავდა. საზარელი შესახედავი იყო ზემო და ქვემო ეგვიპტის ერთპიროვნული მმართველი, ვისი ძალისხმევითაც სამეფო უკიდეგანოდ გაძლიერდა, აყვავდა და განმტკიცდა. სულ ცოტა ხნის წინ იგი თავს ღმერთებს უტოლებდა, ამენხოტეპ III-ის 200-ზე მეტ ქანდაკებას ქვეყნის ყველაზე დიდ ტაძრებში გუნდრუკს უკმევდნენ და ადიდებდნენ. რაოდენ ფუჭია ახლა ყოველივე. რაოდენ უძლური ყოფილა სიკვდილის წინაშე თვით ჰორის ამქვეყნიური სახე, რომელიც ახლა თავის მუმიად ქცეულ იმედს დასტირის.

არც არავინ დაინტერესებულა, ამენხოტეპ უმცროსმა იგლოვა თუ არა საკუთარი ძმა. ამაზე სასახლეში ცხადად არავინ საუბრობდა. არც არავის ეცალა. ფარაონმა ბრძანა, სამგლოვიარო თეთრი სუდარით მოერთოთ კარნაკის მთელი კომპლექსი და მემკვიდრის მუმია 7 დღით საკურთხეველში დაასვენებინა. მიუხედავად უმაღლეს ქურუმთა პროტესტისა, ამენხოტეპ III-მ გადაწყვეტილება არ შეცვალა, ჩემი მემკვიდრე და ჩემი სული სამაგალითოდ უნდა დაიკრძალოსო. ბოლოს ყველაფერი ისე გადაწყდა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე და ამონ-რას უზენაესობა ქრთამის უზენასობამ ჩაანაცვლა.

დედოფალთა ველის მისადგომები  მგლოვიარეთა რიგებს გადაეთეთრებინა. მეფეთა ველის განაპირას მდებარე სასაფლაოს უამრავი ფარაონის მეუღლე და სამეფო ოჯახის მეორეხარისხოვანი წევრი ჩაეკრა კლდოვან გულში. ათას ორას მონას მოჰქონდა სამეფო აკლდამაში ჩასატანები ბაჯაღლო ოქროს ნაკეთობანი. სულ ბოლოს სამეფო ტახტი მოსჩანდა, რომელზე ასვლაც ყმაწვილს არ დასცალდა. შემდეგ ისიდასა და ოსირისის მოოქროვილი ქანაკებები მოჰქონდათ, მათ წინ კი შავი გრანიტის ანუბისისს მოაგორებდნენ. თორმეტ ოქროთი დაფარულ თუტმოსისსახიან სფინქსს 20-20 მონა ეზიდებოდა. და გამოჩნდა სამეფო ოქროს ეტლიც, რომლის გამოსახულებებითაც აჭრელებული იყო გარდაცვლილის განსასვენებელი. სწორედ ამ სამეფო ეტლით უნდა შემოევლო მომავალ თუტმოს IV-ს სამეფო და მტერს გადაულახავ ქვიშის ქარბუქად აღდგომოდა. პროცესიას ფარაონის ოჯახი, დედ-მამა და და-ძმანი მიუძღვებოდნენ. ამენხოტეპ III-ს ტირილისაგან სახე ისე დაღრძუებოდა, რომ ოქროს ნიღაბი აეფარებინათ. ფარაონი, რომელიც ჯანმრთელობას თითქმის არ უჩიოდა, მეუღლეებს მკლავზე გადამხობილი მიჰყავდათ. პროცესიის თავში კი ლეოპარდისტყავიანი უმაღლესი ქურუმი ანენი აღავლენდა შესანდობარ ლოცვებს.

Continue reading

ეგვიპტური Story (ნაწილი II)

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/03/09-Hectors-Death.mp3|titles=09 – Hectors Death]

_სად მიგაქვს ნერას სხეული?

_ შვილო, დააბრუნე თავის ადგილას შენი საბრალო და!

_ამენხოტეპ, შეჩერდი ახლავე! ნერა ყველა ჩვენგანის ტკივილია!

_არა, ნერა მხოლოდ ჩემი ტკივილია! ისევე, როგორც მთელი ჩემი სხეული, რომელიც ასე გაშინებთ!…

აღრიალებული დაატარებდა დის ცხედარს სახეშეშლილი ბიჭი და ღმერთებს შველას ეხვეწებოდა. ყველას შეჰბღაოდა და ცრემლებით ჩამობანილ ლოყებს ნერას თმებზე იმშრალებდა. ერთადერთი იმედი, რომელსაც სიცოცხლის სურვილი ერქვა, მისსავე ხელებში ესვენა. სასახლის კოლონადის ბოლოს, მზის დისკოს გზაგასაყარზე, თუტმოსი წამოეწია და ძმას ცხედარი ხელიდან გააშვებინა.

ამ ამბიდან 70 დღის შემდეგ მეფეთა ველზე, ერთ-ერთ აკლდამაში, ნერასსახიანი ოქროთი დაფარული მუმია დაასვენეს. თვალებდასიებული, სახედანაცრებული ამენხოტეპი, ყველა ტრადიციის უკუსაგდებად, სამგლოვიარო პროცესიას უმაღლეს ქურუმთან ერთად მიუძღვებოდა. ბიძა ანენთან რამდენიმედღიანმა ხვეწნა-მუდარამ გაჭრა და ორნი მიაცილებდნენ ნერას ოსირისის მწვანე ქვეყნისაკენ.

აკლდამა სამუდამოდ ჩაბნელდა. ჩაბნელდა ამენხოტეპის სიცოცხლეც. საზრდელის მიღებაზე უარი თქვა. მარტოდმარტო თავის ოთახში, კოლონებს შორის უძრავად მდგარ ღმერთებში დაეძებდა გულშემატკივარსა და დარდის გამზიარებელს, რომელიც ასე აკლდა.

იგი ლოცულობდა _ ისინი დუმდნენ.

იგი მსხერპლს სწირავდა _ ისინი არ იღებდნენ.

იგი იმედის თვალით უმზერდა _ ისინი მიხატულ თვალებს მხოლოდ ერთი მიმართულებით აშტერებდნენ.

–სადა ხარ?! დამეხმარე! გიხმობ!

ღმერთი, რომელიც შენს ლოცვას არ შეისმენს,  არ გეხმარება და შენი მანკიერებით გამოწვეულ წუხილს ნუგეშით არ შეგიცვლის, არ არსებობს.

ამონი მხოლოდ თიხის უსულო ფიტულაა, ოქროში ამოვლბული ტოტემი!

შტერია ყველა, ვინც თავს იტყუებს და გამოგონილ, გველბაყაყისთავიან არსებებს სცმს თაყვანს. დასასჯელია თითოეული, ვინც ხალხს გონებას უწამლავს და მითებით უმტკიცებს, რომ ამონი მზის უძლეველი ღმერთია. რომ სობეკის ოფლისაგან ნილოსი იშვა. ბასტისა და სეხმეტის არსებობა კი სასაცილოა, რადგან ისინი ქურუმებს თავისუფალი დროის მოსაკლავად მოუგონებიათ, ფული რომ დაეტყუებინათ ბრმადმორწმუნე ეგვიპტელებისათვის.

თურმე როგორ ბნელა ეგვიპტეში…

Continue reading

ეგვიპტური Story (ნაწილი I)

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/03/04-The-Temple-Of-Poseidon.mp3|titles=Akhenaten]

5 წლის იყო, როცა პირველად გააცნობიერა თავისი ნაკლის შესახებ. მაშინ სიტყვა “ნაკლის” მნიშვნელობა არ იცოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ იეროგლიფთა ეს განლაგება აქცევდა მას გამორჩეულად ოჯახში, გარემოცვაში, მშობელთა და დაძმათა თვალში. სახელსაც სხვანაირად, მორიდებით ეძახდნენ. რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო რწმუნდებოდა მომართვითი სახელის ინტონაციის სიბრალულში. პატარა ამენხოტეპი ეცოდებოდათ.

ნაკლი, რომელიც ბიჭს ოჯახის წევრებისაგან მისდაუნებურად მიჯნავდა, მისი გარეგნობის ნაწილი იყო. 6 წლისას ისეთივე გრძელი თითები ჰქონდა, როგორც დედას, ისევე გრძელი ტერფები, როგორც მამას. ეგვიპტის სამეფოს მმართველ ამენხოტეპ მესამეს. მზრუნველ მამას, რომელსაც საერთოდ არ ახსოვდა უმცროსი ძე.

გარდატეხის ასაკი რომ დაეწყო, ამენხოტეპი საკუთარ ოთახში გამოკეტეს და მისი აღზრდა-განათლება საკუთარ ბიძას, ქურუმ ანენს დაავალეს. ამიერიდან ბიჭს ეკრძალებოდა სასახლის ეზოში გასვლა, ოფიციალურ მიღებებზე გამოჩენა, დაცვის უყურადღებოდ სეირნობა.  პატარა ამენხოტეპს სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად არ გამოსახავდნენ არც ერთ ქვის ფილაზე. როცა ფარაონი ოჯახითურთ ლუქსორში ამონ-რას მხვერპლს სწირავდა და ეგვიპტელი ხალხის ბედს ავედრებდა, არც კი გაახსენდებოდა უმცროსი ძე, რომელიც ჩადრწამოსხმული ტაძრის შორეულ კუთხეში იდგა და თავდახრილი ელოდა პროცესიის დასრულებას. ფარაონის ოჯახი მას საგულდაგულოდ მალავდა. მალავდა, როგორც სირცხვილს, როგორც უწინ ჩადენილ საზარელ ცოდვას. ამენხოტეპს მალავდნენ და უმალავდნენ, თუ რატომ ექცეოდნენ ასე.

ყოველ დილით ბიჭი მსახურთა მიერ გულმოდგინედ გაპრიალებულ ბრინჯაოს სარკეში სინჯავდა თავისი ცხვირის, პირის, ნიკაპის, თითების სიგრძეს და მათ სხვებისას ადარებდა. მალე აღმოაჩინა, რომ ქალის ტანისამოსი უფრო მოხდენილად აზის წელზე, ვიდრე მამაკაცის. არა, ის არ არის ქალი. ის ბიჭია, რომელიც მალე მამაკაცი და ერთ-ერთი სამეფო ჩინოსანი გახდება. მაგრამ რატომ არ ჰგავს მისი ხსეული არც ერთი მამაკაცისას? რატომ მოაძახა უფროსმა ძმამ, ისიდას გავხარო?

14 წლის მოწიფულს ყმაწყვილს ისეთივე სუსტი მკლავები ჰქონდა, როგორც მის 8 წლის დას ნერას. პატარა ნერა ერთადერთი იყო, რომელსაც ამენხოტეპის გარეშე არ შეეძლო და სულ მასთან  ყოფნა სურდა. მან საკუთარი თვალით ნახა ნერას ამქვეყნად მოვლინება. 6 წლის იყო, როდესაც მოულოდნელად ფარაონის მეორე მეუღლის სადედოფლო პალატიდან კივილის ხმა შემოესმა. ბიჭი იქითკენ გაიქცა და შეკრებილი ხალხის გროვაში გაღწევას ეცადა. გამხდარი ამენხოტეპი მათ ფეხებს შორის მოხდენილად გაძვრა-გამოძვრა და ოთახის კუთხეში, ზუსტად დედინაცვლის საწოლის მოპირდაპირე მხარეს, ზეწრების გროვაში დაიმალა. ნახევარ საათს უყურა სისხლნარევ სანახაობას და ბოლოს ნერაც იშვა. ამენხოტეპი გაშტერებული მიჩერებოდა, თუ როგორ შეახვიეს ნაჭრებში მოთეთრო-მოვარდისფრო ნარჩენებით დაფარული მტირალა ახალშობილი. უნდოდა მიახლოებოდა და მოფერებოდა, მაგრამ გაახსენდა, რომ დარბაზში ხალხი ჯერ კიდევ დარჩენილიყო და ვინმეს რომ შეემჩნია, ბიჭს კარგა ხანს მოუწევდა სიმარტოვეში ეგვიპტური მეცნიერებების შესწავლა.

Continue reading

ჰატშეფსუტი _ ქალი ფარაონი

Hatshepsutერთ დღეს, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, კალენდარში გაჭირვებით ამოვიკითხე: “ჰატშეფსუტი, დედოფალი უპირველესი”. მაშინ უკვე ვიყავი ეგვიპტით გატაცებული და ამ ქალის ვინაობითაც დავინტერესდი.
“დედოფალი უპირველესი”
ევას შემდეგ ისტორიაში ქრონოლოგიურად არ მოიძებნება ჰატშეფსუტზე ცნობილი ქალი. იგი ნეფერტიტიმდე 90 წლით, ხოლო კლეოპატრამდე 14 საუკუნით ადრე მართავდა ეგვიპტეს. ისტორიაში ჰატშეფსუტი შევიდა, როგორც უზურპატორი. გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ მისი თითქმის ყველა გამოსახულება და სახსენებელი საგულდაგულოდ იქნა ამოშლილი ისტორიიდან. კითხვა ბევრია. პასუხი, რა თქმა უნდა, ცოტა. როგორც ეგვიპტოლოგი ზაჰი ჰავასი ამბობს, ეგვიპტე კიდევ უამრავ სიურპრიზს მალავს თავისი ცხელი ქვიშის საფარის ქვეშ.
ჰატშეფსუტი (ძვ.წ. 1473-1458) XVIII დინასტიის რიგით მე-5 ფარაონი იყო და სხვა ეგვიპტელ ქალ მმართველებზე გაცილებით დიდხანს, 21 წელს მართავდა ქვეყანას. მის ხანას ეგვიპტოლოგები ძალიან წარმატებულ და მშვიდობიან პერიოდად ახასიათებენ. ამ დროს აშენდა და გარემონტდა მნიშვნელოვანი ტაძრები და დაიდგა ეგვიპტეში ყველაზე მაღალი ობელისკები _ სამეფო ძლიერების უტყვი ნიშნები. ყველაზე საინტერესო კი მაინც ის არის, რომ ჰატშეფსუტი იყო პირველი, ვინც ეგვიპტის საუკუნოვანი, ათასწლოვანი ტრადიციები დაარღვია.
ახალი ფარაონი _ ახლებური ტრადიციები

345585500_b9cd346b6d_o

ჰატშეფსუტის აკლდამის კედელი

ჩვენ ბოლომდე ვერ ვერ ვაცნობიერებთ, რას ნიშნავდა სიტყვა “ფარაონი” ძველი ეგვიპტელებისათვის. იგი, უპირველეს ყოვლისა, იყო მზის ვაჟი. ვაჟი და არა ქალი. ვაჟი, რომელსაც გამოსახავდნენ ჰორის (შევარდენი) სახით. მითოლოგიის თანახმად, ჰორი იყო საიქიოს უზენაესი ღმერთის, ოსირისის ვაჟიშვილი, რომელიც მის მეუღლეს, ქალღმერთ ისიდას შეეძინა. ჰორს შური უნდა ეძია მამის მკვლელ ბიძაზე, სეთზე, რომელიც ბოროტების ღმერთი იყო. სწორედ ასეთი მებრძოლი და შემტევი ვაჟი ღვთაება მოიაზრებოდა ფარაონის ტახტზე, რომელიც ძვ.წ. 1473 წელს ქალმა დაიკავა.
საინტერესოა ეგვიპტელთა მეორე ტრადიციაც: ფარაონებად მამაკაცები იკურთხებოდნენ, ოღონდ არა მამის, არამედ, დედის ხაზით. ანუ ვინც ფარაონის ქალიშვილზე იქორწინებდა, ის ხდებოდა ტახტის მემკვიდრე. თანაც უნდა ექორწინა, არც მეტი, არც ნაკლები, პირველი ცოლისგან შეძენილ ქალიშვილზე. პრეტენდენტები შეიძლებოდა ყოფილივნენ ჯარის სარდალი, უმაღლესი ქურუმი ან სხვა უმაღლესი წოდების მქონე პირები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ფარაონთა დინასტიაში ძმები მემკვიდრე შტოს წარმომადგენელ დებზე ქორწინდებოდნენ. ამით ისინი დინაისტიასა და ტახტის ფლობის უფლებას ინარჩუნებდნენ.
დავუბრუნდეთ ჰატშეფსუტს. იგი თუტმოს I-ის პირველი ცოლის, იახმოსის ქალიშვილი იყო. ფარაონს იახმოსთან ვაჟი არ ჰყავდა. ხოლო მეორე ცოლისგან, ნუტნოფერისაგან კი ვაჟი, თუტმოს II შეეძინა. ამ უკანასკნელმაც, ზემოხსენებული ტრადიციის მიხედვით, იქორწინა თავის ნახევარდაზე ჰატშეფსუტზე და, თუტმოს I-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტიც დაიკავა. ორივე თუტმოსი გამოჩენილი მხედართმთავარი და წარმატებული მმართველი იყო. თავდაპირველად ჰატშეფსუტს ფარაონის მეუღლის ანუ დედოფლის სტატუსი ჰქონდა. სიტუაცია იმ დროიდან შეიცვალა, რაც თუტმოს II გარდაიცვალა. ჰატშეფსუტს, ისევე როგორც დედამისს, მეუღლისგან ვაჟი არ დარჩენია. ფარაონის მემკვიდრე კი თუტმოს II-ის მეორე ცოლისაგან, ისიდასაგან შეძენილი ვაჟი _ თუტმოს III გამოდიოდა. იგი ამ დროს ამონ-რას ქურუმის სტატუსით მოღვაწეობდა თებეში, კარნაკის ტაძარში. მიუხედავად იმისა, რომ თუტმოსი ახალგაზრდა იყო, იგი სულაც არ ყოფილა ბავშვის ასაკისა, რომ სამეფოს მართვისათვის თავი ვერ გაერთმია. თუმცა ჰატშეფსუტმა მოახერხა და ტახტის რეგენტი გახდა. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჰატშეფსუტი თავად იღებდა. იგი მართავდა სახელმწიფოს. რამდენიმე წელიწადში კი ეგვიპტის ოფიციალური მმართველიც გახდა.

riches-punt2

ჰატშეფსუტი და თუტმოს II საზეიმო მიღებისას

კიდევ ერთი ფაქტორი, რის მეშვეობითაც ჰატშეფსუტმა ტახტისაკენ გზა გაიკვალა, იყო ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა. ეგვიპტის ისტორიაში მანამდეც გვხვდება მსგავსი ფაქტები, როდესაც ტექსტებში მოხსენიებულია ფარაონის კეთილგანწყობა ხალხთან, მაგრამ ჰატშეფსუტის შემთხვევა უნიკალურია. იგი პირველ პირში იწერებოდა, თუ როგორ შეტკიოდა გული ეგვიპტელ ერზე და რომ ყველაფერს გააკეთებდა მათი კეთილდღეობისათვის. როგორც დავინახეთ, შედეგმა გაამართლა.
ქალი ფარაონის მიღმა

ჰატშეფსუტი სფინქსის გამოსახულებით

ჰატშეფსუტი სფინქსის გამოსახულებით

რეგენტობის მომენტიდანვე ჰატშეფსუტი შეუდგა თავისი ქალურობის დამალვას. გარდა იმისა, რომ სამეფო გადაწყვეტილებებს იღებდა, დაიწყო ფარაონთა თასაბურავის _ ნემესისა და შუბლზე გასაკეთებელი წმინდა კობრას ოქროს გამოსახულების _ ურეის ტარება. მას არც ხელოვნური წვერი დავიწყებია, რომლებსაც ფარაონები ნიკაპზე იმაგრებდნენ. ყოველივე ამით ჰატშეფსუტმა გარშემომყოფები შეამზადა თავისი გამეფებისთვის. რეგენტობის პერიოდშიც და მის შემდეგაც ტაძრების კედლებზე ჰატშეფსუტი გამოსახული იყო როგორც მამაკაცი, თუმცა მის ქანდაკებებსა და სფინქსებზე კი ქალური ნაკვთები შესამჩნევია.
მიუხედავად იმისა, რომ ჰატშეფსუტი მართავდა როგორც მამაკაცი, იგი, რა თქმა უნდა, ვერ გაექცეოდა შინაგან “მე”-ს: იგი იყო ქალი. თუტმოს II-ის გარდაცვალების შემდეგ ფარაონი მარტო აღმოჩნდა თავისი ძალაუფლების ამარა. ეგვიპტის შინაგანი და გარე საქმეებიც მოწესრიგებული იყო ორი თუტმოსის მიერ. ახლა აღმშენებლობის დრო იდგა. დეირ-ელ-ბაჰრიში ჰატშეფსუტმა თავისი სახელობის საუცხოო ტაძარიHatandSem ა აგებინა არქიტექტორ სენმუთს, რომელიც სახელმწიფო კარზე მოღვაწეობდა. ეს უკანასკნელი საკმაოდ დაუახლოვდა ფარაონს. არქეოლოგებმა მიაკვლიეს მუშა ხუროების მიერ დატოვებულ ნახატს ქვაზე, რომელზეც ჰატშეფსუტი და სენმუთი სექსუალური აქტის დროს არიან გამოსახულნი. ამით მტკიცდება ვარაუდი სენმუთის ფავორიტობის შესახებ. სენმუთის გარდაცვალების შემდეგ ჰატშეფსუტმა საკუთარი აკლდამა მის განსასვენებელთანვე, კლდის მეორე მხარეს გაათხრევინა. მათი სარკოფაგები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობდა მიწის ქვეშ. ამ ჟესტით, თითქოს, ჰატშეფსუტმა იმიერში უკვდავყო სიყვარული, რომლის სიცოცხლეში გამხელაც დამღუპველი აღმოჩნდებოდა მისთვის.

apr09wallpaper-20_1280

ჰატშეფსუტის ტაძარი ჯესერ ჯესერი დეირ-ელ-ბაჰრიში

დაგვიანებული შურისძიება თუ წინდახედული ქმედება?

TuthmosisIII

თუტმოს III

ჰატშეფსუტი მწვავე ინფექციით გარდაიცვალა, რომელიც ორგანიზმში გამოხრული კბილიდან შეიჭრა. სავარაუდოდ იგი ძვლების კიბოთიც იყო დაავადებული და დიაბეტიც სჭირდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, თუტმოს III-ის მეფობის ხანაში, დაიწყო მისი, როგორც ფაქტის ამოშლა ისტორიიდან. ჰატშეფსუტის სახელი და გამოსახულებები გულმოდგინედ და ფაქიზად გადაიფხიკა ტაძრების კედლებიდან. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს პროცესი ფარაონის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ დაიწყო. რატომ ასე გვიან? თუ თუტმოს III უზურპატორი დედინაცვლისათვის შურისძიებას აპირებდა, რატომ იცდიდა ამდენ ხანს? ამას ისიც ემატება, რომ ყველა ის გამოსახულება, სადაც ჰატშეფსუტი გამოსახულია, როგორც ფარაონ თუტმოს II-ის მეუღლე, ხელუხლებელია. ეგვიპტოლოგთა აზრით, სავარაუდოდ, თუტმოს III ასე იმიტომ მოიქცა, რომ თავისი კანონიერი წარმოშობა დაემკიცებინა. მას, რა თქმა უნდა, არ აწყობდა, რომ თავის შთამომავლობას რაიმე პრობლემა შექმნოდა სამეფო ტახტის დამკვიდრებისას. ალბათ, სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა, გაექრო ჰატშეფსუტი _ ფარაონი და დაეტოვებინა ჰატშეფსუტი _ ფარაონის მეუღლე. ამით კი ყველაფერი ისე გამოჩნდებოდა, თითქოს თუტმოს II-ის შემდეგ ეგვიპტის მმართველობა პირდაპირ მის ვაჟს გადაეცა.
თუტმოს III, ჰატშეფსუტის მმართველობის დროს, ეგვიპტური არმიის წინამძღოლი იყო. სწორედ მას უწევდა სახელმწიფო კონფლიქტების განმუხტვა. ყოველივე ამან მას დიდი საომარი გამოცდილება შესძინა, რომელიც ჰატშეფსუტის გარდაცვალების შემდეგ წარმატებით გამოიყენა. მართლაც, 19 წლის განმავლობაში თუტმოს III-მ 17 საომარი კამპანია აწარმოა. მათ შორის იყო საომარი ოპერაცია ქანაანელთა წინააღმდეგ მეგიდოში, რომელიც დღესაც ისწავლება სამხედრო აკადემიებში (!).
ჰატშეფსუტის დაბრუნება

HAT_1285

ზაჰი ჰავასი ჰატშეფსუტის მუმიასთან

ჰატშეფსუტის მუმია დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. 2007 წლის ივნისში ცნობილმა ეგვიპტოლოგმა ზაჰი ჰავასმა ხელახლა შეისწავლა მეფეთა ველზე მდებარე ერთ-ერთი უცნობი სამარხი. იგი ჯერ კიდევ 1903 წელს აღმოაჩინა ჰოვარდ კარტერმა და იქ ორი მუმია იპოვა. ერთ-ერთი ჰატშეფსუტის ძიძა აღმოჩნდა. მეორე მუმია კი, ვინაიდან ძირს ეგდო და არანაირი სამეფო რეგალია ან ძვირფასეულობა არ ჰქონდა, უბრალო მოსამსახურედ მიიჩნიეს და მისი მუზეუმში გადატანა არ გადაწყვიტეს. ერთი საუკუნის შემდეგ კი, ზაჰი ჰავასის ხელმძღვანელობით, სამარხი ხელახლა გახსნეს და შენიშნეს ერთი დეტალი: მუმიის მარჯვენა ხელი იდაყვში იყო მოხრილი და გულზე ებჯინა. XVIII დინასტიის სამეფო წარმომადგენლებს კი სწორედ ამ მდგომარეობაში ასაფლავებდნენ! ტესტების შედეგად დადგინდა, რომ ერთ დროს არაფრად მიჩნეული მუმია ქალი ფარაონი აღმოჩნდა. ქალი, რომელმაც საკუთარ მიზანს საკუთარი სქესის უარყოფით მიაღწია. ჰატშეფსუტი დაბრუნდა.