Category Archives: ჰაერში გასროლილი კითხვები

რატომ დგას საკრებულოს შენობის წინ გრიფონები?

გრიფონთან ერთდ

რატომ დგას საკრებულოს შენობის წინ გრიფონები?

რამდენიმე წლის წინ, როცა საკრებულოს შენობასთან ამ გრიფონები დავინახე, დიდად არ გამკვირვებია. მეთქი, მერიამ მორიგი იდიოტობა დადგა. რამდენჯერაც ჩავუვლიდი, სულ თვალში მეჩხირებოდა. მეტიც, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რაღაც მსგავსი სადღაც კიდევ მენახა. ამასწინათ, ოპერის ძველი შენობის ისტორიაზე პოსტის წერისას, ფორუმზე ტფილისის ფოტოების თვალიერებას შევყევი და უცბად, გავშტერდი: ეს გრიფონები 160-ზე მეტი წლისაა და ქალაქის ურბანული გემოვნების მემატიანეა! Continue reading

ცოცხალი მეგობრების სასაფლაო

jewish

ბოლო დროს, რაც უფრო მეტი ვინმე მცნობს ან პირადად მიცნობს, უფრო მეტად მეუხერხულება პირადი პოსტების წერა. რა მაგარი იყო 5-6 წლის წინ, როცა ყველა მხოლოდ ზურიუსად მიცნობდა და არც ჩემი კომპეტენტური აზრი ჭირდებოდათ და არც პროფესიული დახმარება. მაგრამ, ბლინ, (ჯერ კიდევ) ყველანი ადამიანები ვართ, ჰოდა მკიდია.

მე ცოცხალი მეგობრების სასაფლაო მაქვს, რომელიც წარმოსახვაში დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც ებრაელი ხალხის გენოციდის მემორიალი ბერლინში. ისე გამოვიდა, რომ მათ მოკვდინებაში უმეტესი წილი მე მიმიძღვის. სხვანაირად, ხომ არ დავკარგავდი? ჩემი ცოცხალი მეგობრების სასაფლაო ფეისბუკში მდებარეობს. იმ მხარეს, რომელიც ან სულ გამქრალია ან ნელ-ნელა ქრება ჩემი სიახლეების ველიდან და საბედისწერო წამით გაჩერებული დროის მოგონებები აყრია მტვრად.

ყველა განსხვავებული მიზეზით გარდაიცვალა. რამდენიმეს თითქმის იდენტური დიაგნოზი ჰქონდა, თუმცა ინდივიდუალური განვითარება ახლდა. ზოგი დიდხანს იტანჯა, ზოგსაც უწვალებლად დაელია სული. სამაგიეროდ, მე დღემდე ვიტანჯები, რადგან სხეულის მოკვეთილი ნაწილები ბოლომდე არაფრით მიხორცდება. კარგი, ჰო, არ ვაძლევ შეხორცების უფლებას. სინდისი არ მიშვებს. მინდა, ყრუ ტკივილად მაინც ჩამესმოდეს ჩემი შეცდომები, რომ ეგებ სამომავლოდ მაინც გამომადგეს. ისეც ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია. საერთოდ, ძალიან იშვიათდაა ყველაფერი მხოლოდ ერთი მხარის ბრალი, მაგრამ მე ჩემსაზე ვაგებ პასუხს. 3 წლის წინაც ასე ვფიქრობდი თურმე:

  • როცა დაღვრემილი წამოიძახებ “რა დავაშავე!”, საკუთარმა ხმამ იქვე უნდა მოგაძახოს “სჯობს, ჩამოთვალო, რა არ დააშავე.”

ზოგი მეუბნება, რომ, რასაც ვაკეთებ მაზოხიზმია და უაზრობა. ამაზე ყოველთვის მეღიმება და კითხვას რიტორიკულად ვუბრუნებ: “აბა, რა ვქნა?” :) მეტად ასე აღარ მოვიქცე? ბლინ, მაგდენსაც რომ ვერ ხვდებოდეს ჩემი ტვინი, სინდისის ქენჯანც არ შეაწუხებდა. ყველაზე კრეატიული რჩევების მომცემი ხალხი! ან ვინ იცის, კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში რას აქვს აზრი? არამგნია, ვინმეს სწორი პასუხი ჰქონდეს.

ასე და ამგვარად, ამოვიჩრი იღლიაში მოგონებების ფუთას და ჩემი ცოცხალი მეგობრების საფლავებს ჩამოვუვლი  ხოლმე. აი, ერთი მათგანი სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახებულა. მშვენიერია. საქორწილო მოგზაურობაშიც წასულან. ერთიც შეყვარებულია. მიყვარს შეყვარებული ხალხი, საინტერესო სანახავია. ერთსაც ხელოვნებაში ახალი სუნთქვა გახსნია და კარგ რაღაცებს აკეთებს.

ვიცი, რომ ყველაზე ლამაზი სასაფლაო მე მაქვს. იმიტომ, რომ ცოცხალი ადამიანებითაა დასახლებული.

მე რატომ არ გეცოდებით?

portrait

ხშირად ვფიქრობ, რა იქნებოდა, რომ ჩვენი ბავშვობა არ ყოფილიყო დაყოფილი საღებად და ხეიბრებად, მართლმადიდებლებად და იეჰოველებად, ვაჟკაცებად და ქალაჩუნებად, ნორმალურებად და არანორმალურებად? რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო უფროსების მიერ თავს მოხვეული “სწორი” და “არასწორი”? რამდენად გამოგვადგა ეს ფსიქოლოგიური თავდაცვა, რაც ჩაგვინერგეს? რამდენად ვივარგეთ საბოლოო ჯამში? რატომ უნდა ვგრძნობდეთ შინაგან უხერხულობას, როცა სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთან ერთად აღმოვჩნდებით?

tamara

at the table

რას გვასწავლიდნენ სკოლაში ჩვიდმეტთავშალშემოხვეული, გამყინავი ხმით მოსაუბრე მასწავლებლები მაშინ, როცა ადამიანებად ვყალიბდებოდით? რას გვასწავლიდნენ ოჯახში, ეკლესიაში? იყო თუ არა საკმარისი მხოლოდ “გიყვარდეს მოყვასი შენი”? იყო თუ არა სკანდალის ან შეცოდების ტენდენციის პროპაგანდა ტელევიზიით გასული ვრცელი რეპორტაჟები ამა და ამ ბავშვთა სახლის უკიდურესად ღარიბ აღსაზრდელებზე, მენტალური პრობლემის მქონე უმწეოებზე, ადამიანებზე, რომელთაც სქესის შეცვლა სურდათ, გაუპატიურების მსხვერპლ ბავშვებზე?

making pies

crutch

laughing

რამდენად განვსხვავდებით მათგან, ვინც საუკუნეების წინ  და განმავლობაში ეშაფოტების გარშემო სანახაობის საცქერად იკრიბებოდნენ და განცდის მხოლოდ სამი ვარიანტი ჰქონდათ: შეცოდება, დაცინვა ან აგრესია?

handmade

clarnet

22 ნოემბეს, არასამთავრობო ორგანიზაციის “ხელი ხელს” ინიციატივით გურჯაანში, სოციალური ინკლუზიის ხელისშემწყობი პროგრამის ბენეფიციარები მოვინახულეთ. თავის დროზე არც მათ იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ, ისევე, როგორც არც ჩვენ ვიცოდით ბევრი რამ მათზე. ისინი აკეთებენ გემრიელ კერძებს, ქმნიან ბევრ ლამაზ ხელნაკეთ ნივთს, ისინი ქმნიან ოჯახებს, ისინი ქმნიან. საზოგადოების დიდ ნაწილს კი ისინი ეცოდება. ასე ასწავლეს, ასე ჩაუნერგეს, ასე მიაჩვიეს, ასე აგრძნობინეს და იმიტომ.

wheelchair

პ.ს. მე რატომ არ გეცოდებით?

როცა ყველაფერი პოზაა

The Tiger Lillies

ადრე ვფიქრობდი, რომ ანალიტიკა რთული საქმე იყო და მერჩივნა, ფაქტები შემეგროვებინა და ისე მეთქვა რამე, მაგრამ სანამ ამას შვები, დაგასწრო ცამ და ქვეყანამ თავისი ანალიზებით, შეჯამებით და ქადაგებით. შეფასება ნიუსივით ენამოსწრებული ყოფილა თურმე.

  • “შარლი ებდოს” ოფისში ხოცვა-ჟლეტა ატყდა. ვიღაცებმა თავი გაიგიჟეს, მე ვარ შარლიო. სხვა ვიღაცებმა ყელში სამართებელი გამოისვეს, მეც შარლი ვარ, მაგრამ საჯაროდ არ ვაფიშირებო. კიდევ დანარჩენებმა იქადაგეს, აბა, რა ეგონათო.
  • პარიზის ტერაქტის მერე, როცა საფრანგეთის დროშის ფერები ლაიმის ფეისბუკის ბრენდბუკის ნაწილი გახდა, კვლავ გაისმა ხმა ღაღადებანი: 1) Pray For Paris :( , 2) Pray For Paris და ძუძუ-ტუჩიან-პარიზისდროშიანი პროფაილის ფოტოები, 3) ტრაგედიის კრეატიული ლოგოების ცვენა, 4) “ვინ უფრო მაგარ ლოგოს გააკეთებს ამ ტრაგედიის შემდეგ?”  5) “ნამდვილი სოლიდარობის გრძნობა რომ გაგაჩნდეთ, ლიბანის დროშასაც დაიყენებდით!”
  • პარიზის ამბებით ინსპირირებულმა ვითომ ეფლის მაღაზია “აიფონ +”-მა მორიგი ქლენძღვი საიმიჯო ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც ტერორისტების ფორმაში ჩაცმული ტიპები გვაიმედებენ, რომ აიფონი მუდამ ჩვენთან ერთადაა.  1) “აიფონ +, სირები ხართ!” 2) “ნუ ავრცელებთ ამ რეკლამას, ამით უფრო გააპიარებთ!”
  • “მე ვემიჯნები ძალადობას!”
  • “Muslims are not terrorists!”
  • “გლობალური პრობლემით რომ ხართ დაკავებულები, ეგებ ჯერ ჩვენსას მივხედოთ?”
  • “მხოლოდ საქართველოში…”
  • “აი, ის ტიპები, ყველაფერზე საქართველოს მაგალითი რომ მოჰყავთ.”
  • “მე ვარ ლგბტ და დაიცავით ჩემი უფლებები!”
  • “მე არ ვარ ლგბტ, მაგრამ მე ვიცავ მათს უფლებებს!
  • “როდის უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი?”

…და ა.შ.

რა უნდა ქნა, რა მოიმოქმედო, როცა ყველაფერი პოზაა? უნდა მოიგონო ახალი, უფრო მაგარი, უფრო შოკისმომგვრელი პოზა! :)

P.S. ანარქიაც სტისტემაა.

P.P.S. სისტემა ეს ჩვენ ვართ.

P.P.P.S. ეს პოსტიც პოზაა. :(

რატომ ღირს ბრიტანეთის ვიზა ასეთი ძვირი?

London, Oxford Circus

-Good evening, Sir. Could you tell me the right direction to the Downing Street? – ღამის 4 საათზე ვეკითხები რომელიღაც შენობის დაცვას სადღაც ვესტმინსტერის უბანში.

– It’s over there, – მპასუხობს მკვირცხლად, – Follow this road till The Parliament and turn far left.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას და პრემიერმინისტრის აპარტამენტებისკენ მივემართები. თან ვფიქრობ, იმ კაცს ამდენი ახსნა როგორ არ დაეზარა. მივაღწიე. არ მეგონა, დაცვა ასე თუ ჩარაზავდა იმ ერთ ციცქნა ქუჩას. გადავწყვიტე, რომ ეს ღირსშესანიშნაობაც ვნახე და ღამის ლონდონში ხეტიალი განვაგრძე.

ჯერ კიდევ ბრიტანეთში ყოფნისას ვფიქრობდი, რატომ არიან ისინი ასეთი თავაზიანები და ჩვენ – არა. არადა დღემდე ქართული სტუმართმოყვარეობისა და დახვედრის ინსტიტუტით მოგვაქვს თავი. Continue reading

აქსიომა

axiom

რა აერთიანებს ცისარტყელას ფერებს, მუსიკალურ მელოდიას, გემრიელ საკვებს, სხვადასხვა ამბებს, მინას, რკინის გალიას, ნაყინს, ღიმილს, სიყვარულს?

სიცოცხლე.

სიცოცხლე, როგორც ჩვენი მონაკვეთი დროის უსასრულო წრფეზე, როცა ყველა ზემოხსენებულის აღქმა შეგვიძლია. საოცარია, მაგრამ, მატერიალურ დონზე, ამქვეყნად ყველაფერი მარადიულია. შესაბამისად, არც არაფერია ბუნებრივ მდგომარეობაში. მაგალითად, მინა: იგი მხოლოდ თერმული დამუშავების შემდეგ არის ისეთი, როგორსაც ყოველდღე ვხედავთ. თუკი დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურა 1000 გრადუსამდე აიწევს, იგი გალღვება. ანუ მინის ბუნებრივი მდგომარეობა არ არსებოს, რადგან დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაა.

შესაბამისად, ყველაფერი, მათ შორის ჩვენც, დროისა და გარემო პირობების მხოლოდ რომელიღაც ხელსაყრელ მომენტში არსებობს იმ სახით, როგორსაც ჩვენ აღვიქვამთ და ვეძახით „ბუნებრივს.“ თუმცა, ჩვენი მხოლოდ ერთი ნაწილია მარადიული, ხოლო მეორე – წარმავალი. სანამ ჩვენ გავჩნდებით, ჩვენი საწყისი ჩვენი ბიოლოგიური მშობლების გასამრავლებელ უჯრედებს შორისაა, ხოლო როცა გარდავიცვლებით, ჩვენი სხეული ატომებამდე დაიშლება. მაგრამ ჩვენ მატერიალური არსებობა ამით არ სრულდება, ჩვენ ხომ მხოლოდ ატომებად ვიქეცით, ანუ უმარტივეს დონეზე ისევ გავაგრძელებთ არსებობას, ანუ მარადიულად ვიქნებით.

მაგრამ ჩვენი სიკვდილით შეწყდება ჩვენი აზროვნება, ჩვენი ფიქრი, ნოსტალგია, საუბარი, ჩვენი ახლობლების გარდაცვალებით კი ჩვენზე მოგონებებიც დაიკარგება. ყველაფერი არამატერიალური, რაც ჩვენ გვიკავშირდება, ჩვენთან ერთად იწყებს კვდომას. ანუ, ჩვენი არამატერიალური ნაწილი წარმავალია და უსასრულო წრფის მხოლოდ იმ მონაკვეთში არსებობს, სადაც სიცოცხლეა.

ასე სცოდნია Archive-ის „აქსიომას“ ზღვარგადასულ მოსმენას.

გამოქვეყნდა 4P.com.ge-ზე

როდის? თუ როგორ? ანუ ისტორიის სწავლება სკოლებში

VI-klსკოლაში ყველაზე ძალიან ისტორია მიყვარდა. კლასგარეშედ სულ ენციკლოპედიური სტატიებისა და ჟურნალების კითხვა მერჩივნა, ვიდრე მხატვრული ლიტერატურის, რომელიც, იდეაში, სიყალბე იყო (დღემდე ასე ვთვლი). ვღიზიანდებოდი ცნობილ გამოთქმაზე, რომ “ისტორია ადვილია” – ზარმაცებს ჰგონიათ, ყველაფერი თარიღებისა და ომებში მოგება-წაგების დაზეპირებით იციან ყველაფერი. სკოლის დასრულებიდან კარგა ხნის მერე მივხვდი, რომ ისტორია ერთი დიდი კანონზომიერებაა და არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ქვეყანასა თუ ადგილს, ყველას ისტორია ერთი დიდი სცენარის ნაწილია. სცენარისა, რომლის შესახებაც სკოლაში პრაქტიკულად არაფერი იციან. Continue reading

რა არის იურმალა?

s1_1

Юрмала – замки на песке.

Падают на счастье к нам с небес звезды.
პაიოტსია ვ პესნი…

ძნელია, არ დაეთანხმო ამ სიტყვებს, განსაკუთრებით მეორე სტრიქონს, როცა წარმოგიდგენია, რამდენი ფულია ამაში გადახდილი. იურმალა ეს რუსების საქეიფო რესტორანია ლატვიაში, სადაც იქ ჩასული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, პლუს ადგილობრივი წარმოების ვაიკულე, გადასარევად ატარებენ დროს და ახალგაზრდა, ზოგჯერ ნიჭიერ მომღერლებსაც უსმენენ ხოლმე.

იურმალაში არის არის ზღვა, რომელშიც, ძირითადად, არ ბანაობენ, პლაჟი, რომელზეც, ძირითადად, არ ირუჯებიან და კონცერტი, რომელსაც, ძირითადად, არ უსმენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 11 წლის მანძილზე, ეს კონკურსი გაცილებით მასშტაბური და ხარისხიანი გახდებოდა. ან კი რა საჭიროა რომელიმე, როცა ისიც გაკმაყოფილებს, რაც გაქვს? მთავარია, შენ, როგორც სახელმწიფო, იდგე მოწოდების სიმაღლეზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ, თუ მოგეპრიანება, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც კი გამართავ შენს კონცერტს. Continue reading

YouTube-ის რევოლუცია

vvvvvv

მომღერლობა მხოლოდ კარგად მღერას რომ აღარ ნიშნავს, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიომ იცის. ჩვენ კი ამაში საბოლოოდ ერთი წლის წინ დავრწმუნდით, როცა ქართველმა მაყურებელმა, ყველა ტრადიციის დარღვევით, აქამდე “მიუღებელი” ჟანრის მუსიკას დაუჭირა მხარი. ასე გახდა ლუკა ზაქარიაძე “საქართველოს ვარსკვლავი”. წელსაც ანალოგიური დაფიქსირდა და მაყურებლის უმრავლესობამ “უსირცხვილო” ნინა სუბლატი აირჩია. იცვლება თუ არა ჩვენი მენტალიტეტი და ვკარგავთ თუ არა ქართველობას არაქართული ჟანრის პოპულარიზაციით? Continue reading

დიდოსტატის მარჯვენა TV Series

didostati

ორშაბათი, დილა.

ვიღვიძებ, საწოლის მარჯვნიდან ვიღებ ლეპტოპს, ვხსნი სერიალების საიტს და ვრთავ ახალ სეზონს, რომელსაც წელიწადს ველოდებოდი. სიუჟეტი ნაცნობია, მშობლიურიც კი. ჟანრი ისტორიული, მცირეოდენი ფენტეზის ელემენტებით. ასაკობრივი შეზღუდვა 15 +. “დიდოსტატის მარჯვენის” მე-2 სეზონის პირველი სერია დაიდო! Continue reading