Category Archives: დასვენება

სტამბული – ყველაფრის ქალაქი (ნაწილი I)

11160205_10206340776456166_1060702036_n

„კაცია ადამიანში“ წერია: „რიტორიკაში სწერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო,“ ჰოდა მეც ასე მოვყვები. იყო ერთი საღამო, როცა ჩემს მეგობარ თამუნას (ლიტერატორი) შევხვდი ვენდისში და სულ რაღაც 15 წუთში მიმაღებინა ის გადაწყვეტილება, რასაც აქამდე გავურბოდი, ვერ ვრისკავდი თუ, არ ვიცი, რატომ ვერ ვიღებდი. დღეს ვხვდები, თუ როგორ გამზარდა ერთმა კვირამ სრულიად უცხო გარემოში. 26 წლის ასაკში მე ეს შევძელი და გავიხედე ქვეყნის გარეთ.

ჩემი ხნის ხალხს დღეს ათეულობით ქვეყანა აქვთ მოვლილი და ამ პოსტის პათოსში გასაკვირს, ალბათ, ვერ დამეთანხმებიან, მაგრამ მე ხომ ვიცი, რამხელა ცვლილება მოახდინა ამ ყველაფერმა ჩემში. ბაქოში ორნახევარი დღით ჩარბენა აზრზე მოსვლა იყო, რადგან წესიერად უცხოეთის ნახვა და შეგრძნება ვერ მოვასწარი, სტამბულმა კი რეალურად დამანახა, რომ, გამაოგნებელი დემოკრატიის ქვეყნის გარდა (როგორ ფიდელ კასტროსეულად ჟღერს ისე), სხვა სახელმწიფოებიც არსებობს.

ბილეთები უკვე შეძენილი მქონდა, როცა ახლობლებს მოვუყევი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ (ან რა მოყოლა უნდოდა, მაგრამ როცა პირველად უნდა ახვიდე თვითმფრინავის ტრაპზე, აბა, რას იზამ). მეკითხებოდნენ, რამე ხდება, რამეს ესწრები  თუ რატომ მიდიხარო? მეც ვპასუხობდი, არაფერი, უბრალოდ, გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის პატივი მეცა-მეთქი. ასე გამოვუწერე საკუთარ თავს სტამბული. შესავლის დასასრული.

11195368_10206340777976204_1983825761_n

თვითმფრინავის ბორტზე ასვლისას ფიქრომ და ვასასიმ, სტაჟიანმა ბოსფორდალეულებმა, „მიჯიგრეს“ და ილუმინატორის მხარეს დამსვეს, გამოცადოს ბიჭმა ფრენის სიამოვნებაო. აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, ცას იმდენი ფოტო ვუღე, ლამის გავძვერი ფანჯარაში. მერე ყველაფერი ღრუბლებით დაიფარა და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ გოქჩენის აეროპორტში არ დავეშვით. წვიმს, სტამბულში ვარ, მაგრამ ნამდვილი სტამბული ეს არ არის.

11198452_10206340779136233_1966526488_n

დილა: ეკლებივით განფენილი მინარეთებიდან მოლების გადაძახილი, გაღებული მაღაზიებისა და კაფეების ქოთქოთით გაკმენდილი ორიოდ საათით შემოპარული სიჩუმე, ქუჩების კუთხეში დაწურული ფორთოხლისა და ბროწეულის ცოცხალზე ცოცხალი წვენი, ვიტრინებიდან მომზირალი ათასნაირი თაფლიან-თხილიან-კარამელიანი ტკბილეული, ჩაის გამოყვანილ ჭიქებში კოვზების წკარუნი.

11212392_10206340751975554_122483412_n

შუადღე:  სრული ქაოსი, დიდსა თუ ვიწრო ქუჩებში აკორდეონებზე აჟღერებული „კატიუშა“ და „ბელა ჩაო,“ შეძახილები, გიდების აფრიალებულ დროშებს გაყოლილი ტურისტული ფარა, გულჰანეს ბაღის ტიტები, დონდურმა ნაყინით ჟონგლიორი გამყიდველები და გრძელი რიგები მუზეუმებთან.

11198766_10206340755455641_343443411_n

საღამო: ფილმები, კონცერტები, ღონისძიებები, ისტიკლალის წითელი, ჟღარუნა, ტურისტებით გატენილი ტრამვაის ზარი, აია სოფიასა და მეჩეთების გუმბათებზე წაქცეული მზე, გალათას ხიდიდან ბოსფორში ასობით ანკესიდან გადატყორცნილი სატყუარა, მტრედები, ყვავები, თოლიები.

11180209_10206340751255536_1146558173_n

ღამე: ყურთამდე გაღიმებული ოფიციანტები იაფი მენიუებით ხელში, ჩილიმების ბოლი, ერთმანეთში არეული ყველა სახის ხმაურიანი მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, ხმები, ხილი, სანელებლები, სუვენიერები, თავშლები, ჩანთები, ფერები და გართობა გათენებამდე.

ეს არის ნამდვილი სტამბული, ყველაფრის ქალაქი.

ბათუმი ინსტაგრამის ფილტრით

ყველაფერი ამ ხედით იწყება, როცა ქალაქს უახლოვდები. არ ვიცი, შეჩვეული აჭარლები რამდენად აღიქვამენ ამას, მაგრამ “დანარჩენებისთვის” ეს პეიზაჟი რაღაცისგან განთავისუფლებას აღძრავს. და სანამ იქაურობას მიუახლოვდები, გონება ხშირად გასწრებს და უკვე დაბოდიალებს ბათუმის ქუჩებში. Continue reading

BIAFF 2014 – მოახლოება

BIAFF-ის ჯილდო - ცხენთევზა

BIAFF-ის ჯილდო – ცხენთევზა

დღეს მოდაშია “კაზანტიპის რესპუბლიკაზე” საუბარი და ამ სიტყვის ყველა ბრუნვასა და კონტექსტში ხმარება. მე კი იგი BIAFF-თან (ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი) მიასოცირდება. იმიტომ, რომ ორივე “რესპუბლიკას” თავისი წესები და დაუწერელი კანონები აქვს. მართალია, განსხვავებული, მაგრამ მაინც. საერთო კი არის ზღვა, შავი ზღვა.

ესეც 2012 წლის სელფი შერატონიდან, სადაც BIAFF-ის დახურვა შედგა

ესეც 2012 წლის სელფი შერატონიდან, სადაც BIAFF-ის დახურვა შედგა

მახსოვს 2012 წელს, ჩემთვის პირველ BIAFF-ზე, როგორი გახარებული ჩავედი. ეს იყო პირველი ნამდვილი დასვენება ერთწლიანი სამხედრო მსახურობის შემდეგ. საშინლად დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია იყო და იმისიც მეშინოდა, ვალმოხდილები ისევ უკან არ დავებრუნებინეთ… მაგრამ გადავრჩი. მაშინ პირველად შევეხე მედუზებს, ვიცურავე ღამის 2 საათზე ზღვაში სრულიად შიშველმა და “ვყლაპე” უზომოდ ბევრი გემრიელი ფილმი…

BIAFF 2013

BIAFF 2013. ისტორიული სელფია ეს. ზუსტად ამ ფოტოს გადაღების მერე ერთი ადამიანი გავიცანი, დავძმაკაცდით და ძალიან მაგარი მეგობრობა გვქონდა. მერე რაღაც იდიოტური მზეზის გამო წავიჩხუბეთ და წავიდა.

შარშანდელ BIAFF-ზე უკვე მზად ვიყავი პოზიტიური შოკის მისაღებად. შესაბამისად, პირველივით ეფექტური არ ყოფილა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ დელფინებს შევეხებოდი ახლოდან გავიცნობდი!… სხვა მხრივ კი დილიდან საღამომდე ფილმები, შთაბეჭდილებების პოსტებად დახარისხება, ფოტოები, ხალხმრავლობა. საღამოდან გვიან ღამემდე კი ხეტიალი, ცურვა, გართობა. ალაგ-ალაგ ძილი. ჰო, აი, ძილს როდის და როგორ ვასწრებდით, დღემდე მიკვირს.

შარშნდელ BIAFF-ზე ღია ცის ქვეშ ჩვენება დაემატა ერას მოედანზე. წელს იგი ბოტანიკურ ბაღში გადაინაცვლებს.

შარშნდელ BIAFF-ზე ღია ცის ქვეშ ჩვენება დაემატა ერას მოედანზე. 

ასევე მიკვირს ამდენი ფილმის ნახვა-გაანალიზებას როგორ ვახერხებთ და რატომ არ გვეზარება. თუმცა ამაზეც მაქვს პასუხი: ყველაფრისგან მოწყვეტილი ვარ და რეალობასთან მხოლოდ სოციალური ქსელები მაკავშირებს, სადაც სამსახურის საქმეებს ვაკეთებ. თან სექტემბერში ბათუმში ყაყანი წყდება, ზღვაც მშვიდდება და სუფთავდება. შემოდგომასა და გაზაფხულზე ყველაზე მეტად მიყვარს ბათუმი.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაც სურვილი გაქვთ, დაესწროთ წლევანდელ კინოფესტივალს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ:

 ასე რომ, 14-21 სექტემბერს ჩემი მისამართებია ბათუმის “აპოლო”, “პრესკაფე” და მახლობელი ტერიტორია. ვინც ამ ქალაქში იქნებით, წამომყევით სეანსებზე. ;)

 

ორიოდ დოკუმენტური ფილმი BIAFF 2013-დან

ხშირად, როცა კინომოყვარულებს ვეკითხები, მპასუხობენ, რომ დოკუმენტური ფილმები დიდად არ უყვართ. არადა იდეაში ფილმის (ისევე, როგორც ზოგადად ხელოვნების) ერთგვარი დანიშნულებაც რეალობის ასახვაა (ფენტეზისა და მსგავსი ჟანრების გამოკლებით). მაგალითად, ნური ბილგე ჯეილანის ფილმებში კამერა ისეთნაირად მოძრაობს და იღებს სცენებს, მომენტებში დოკუმენტური ფილმი შეიძლება, გეგონოს. ეს რეალობაა, რომელიც გარს გვარტყია და რომელსაც მაინც ვერსად წავუვალთ.

pipeline

ამხელა შესავალი კი ფილმ „მილსადენის“ გამო გავაკეთე, რომელიც გუშინ უჩვენეს. პარადოქსია, მაგრამ პირველივე კადრები ისეთი შთამბეჭდავი და მასში აღბეჭდილ ადამიანებთან დაახლოებული იყო, რომ ფილმი მხატვრული მეგონა. სიუჟეტი ეხება რუსეთის მიერ ევროპის გაზით მომარაგებას, რომელიც აგერ უკვე 30 წელია, ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარს ქმნის. თხრობა იწყება ციმბირიდან და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება მილის გზას დასავლეთისკენ. ამ ფილმში უბრალო მოსახლეობის მილსადენისადმი დამოკიდებულებაა ნაჩვენები. Continue reading

ქუთაისი აღდგომა დღეს (ფოტოკოლაჟი)

DSCN1830

ქუთაისის სიურეალისტური პარლამენტის ეზოში მოფარფატე სიურეალისტური პეპლები.

ქრისტე აღსდგა!

ყველა მართლმადიდებელს და მათ, ვინც პატივს სცემს ჩვენს სარწმუნოებას, ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს.

აღდგომა დღეს წესისამებრ ქუთაისში შევხვდი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ნორმალურად არ ამითვალიერებია. ძველით ახალი წლის მერე არც მინახავს.  ჰოდა აღდგომა დღეს გადავწყვიტე, უწინდებურად ფეხით შემომევლო ძირითადი ქუჩები და ესეც ფოტოკოლაჟი.

პ.ს. მიხარია, ამდენი ხნის პაუზის შემდეგ ფოტოკოლაჟს რომ მივუბრუნდი :) Continue reading

J’adore, Batumi – ნაწილი II

დღე II – დღიური

ცუდად მეძინა. ნომერში ზომაზე მეტად თბილოდა. ემოციებმაც თავისი ქნეს და მთელი ძილის განმავლობაში “Gethsemane” და საკუთარი გულის ბაგაბუგი ჩამესმოდა. ფეისბუკს გადავხედე – ნიკოს და Jado-ს 3-4 საათის წინ დაეპოსტათ ბოლოს.

10:00 სთ. ჩავედი, ვჭამე. მერე ჩანთა ჩავალაგე და გარეთ გავედი. უჩვეულოდ ლამაზი, მზიანი და თბილი დილა დამხვდა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმა ძალიან მიყვარს, ამ ქალაქს მზე გაცილებით უხდება. ზღვაზე გავედი. ისეთი მშვიდი და ცისფერი იყო, ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და ყველაფერი გადავიღე, რაც მომეწონა.

ბულვარი, მორბენალი ხალხი, პეიზაჟები, შენობები, მშენებლობები, პარკი, ფრინველები, ადამიანები, “აპოლო, სახეები, საკუთარი თავი… (გალერეა ნახეთ აქ) Continue reading

J’adore, Batumi – ნაწილი I

DSCN5182

დღე I – HELLO

Warning: ეს პოსტი იწერება ბათუმი-თბილისის ხაზის 851-ე მატარებლის 18:00-საათიანი რეისის მე-2 ვაგონის 38-ე ადგილზე და ეხება ადამიანს, რომელიც ცდილობს, ასახოს ავტორის 2,5 დღიანი მოგზაურობა ბათუმში.

უპს, უკვე 43-ე ადგილზე გადავჯექი, სავარძლების საწინააღმდეგო რიგში, რითაც ზურგი ვაქციე ბათუმს, რომელსაც ახლა ჩამავალი მზის შარავანდედი ადგას წმინდანივით.

თურმე უკიდურესი ბედნიერებისგანაც შეიძლება, შეუძლოდ გახდე ადამიანი. დიახ, მე შეუძლოდ ვარ. რამდენჯერმე დამამშვიდებლის დალევაც მომიწია. იშვიათად მიგრძვნია თავი ასე სავსედ დადებითი ემოციისგან.  Continue reading

უბრალოდ, შობა

წლევანდელი შობა ნამდვილად არ არის არც განსაკუთრებული, არც გამორჩეული. მე და ჩემი ძმა ვსხედვართ თბილისში, ნაქირავებ ბინაში. მე პოსტს ვწერ, ის ტელევიზორს უყურებს, მზესუმზირას აკნატუნებს და მელოდება, როდის დავსვამ კომპიუტერთან.

არადა, 10 და კიდევ უფრო მეტი წლის წინ შობა სულ სხვანაირი იყო. როგორი? მეხსიერება ყველას გაქვთ და გაიხსენეთ მთელი სამზადისი, შემართება, რაღაცნაირი სიხარული და ერთგვარი შეჯიბრი, ვინ უკეთეს გოზინაყს გააკეთებდა და ა.შ. მაშინ ძველი ახალი წელიც “საჭირო” იყო, “ალილოზეც” სიხარულით დავდიოდით ბავშვები და, საერთოდ, ყველანი შევიცვალეთ და დავივიწყეთ, რომ შობა-ახალი წელი არც საყოველთაო კონცერტია ცენტრალურ მოედანზე და არც ათასობით ფოიერვერკი. ეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნის შინაგანი სიხარულია, რომელიც სულაც არ არის დამოკიდებული მთავრობისაგან მერიებისთვის გამოყოფილ საახალწლო ბიუჯეტზე.

ყველას ბედნიერ და ტკბილ შობას გისურვებთ და იმედს ვიტოვებ, რომ ფანჯრებში დანთებული სანთლები ამ დღესასწაულისადმი სიხარულს იმ დონემდე მაინც შეგვინარჩუნებს, რომ მომავალ თაობას არსებული ფორმით მაინც გადავაბაროთ :)

DSCN4679 DSCN4672 DSCN4675

ახალი ბათუმი

ბათუმის “ანბანი”

ბათუმი ლამაზი ქალაქია. ლამაზი და კეთილი. პატარა ფერადი სახლებით და იქიდან გადმომდგარი, “უცნაურად” მოლაპარაკე ხალხით.

ბათუმი კულტურული ქალაქია, დრამატული თეატრით, ვიწრო ქუჩებით და გემოვნებით ნაგები ძველი არქიტექტურით.

ბათუმი საჭირო ქალაქია. პორტი, კავშირი მსოფლიოსთან ზღვის მეშვეობით…

ბათუმი პოპულარული ქალაქია. რეფორმებით, რეკონსტრუქციით, რესტავრაციით, მუსიკალური, კინო თუ სხვა ფესტივალებით.

და ბოლოს, ბათუმი ცოტათი უგემოვნო ქალაქია თავისი სილამაზის, კულტურის, საჭიროებისა და პოპულარობის აღრევით. აღრევით და არა შეთავსებით. Continue reading

წვიმიანი ბათუმის ფილმები

როგორც იქნა, ბათუმში გაწვიმდა. იმპრესიონისტი რომ ვიყო, ქალაქის განაცრისფერებული ქონგურების პეიზაჟებს დავხატავდი. ფილმები კი ერთიმეორეზე საინტერესოა. ფესტივალის დასრულებამდე ძალიან ცოტა რჩება და უკვე ვფიქრობ, რა მეშველება, როცა ფილმების სამყაროდან რეალობაში გადმოვაბიჯებ… თუმცა ერთს მივხვდი: ცხოვრება კარგი რეჟისორის, სცენარისტის, ოპერატორისა და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებული შედევრი არტ-ჰაუსია. Continue reading