Category Archives: დასვენება

ის მაინც მოვა

ახალ წელს იშვიათად მახარებს და მსიამოვნებს რამე, ოჯახთან გატარებული წუთების გარდა. ასე იყო შარშანაც, შარშანწინაც და 2014-შიც. თუმცა, სანამ დროა და როცა შეგიძლია, სხვადასხვა სიტუაციებშიც უნდა დატესტო თავი, რათა, პირველ რიგში, საკუთარ თავს ახლებურად შეხედო. ასე ავდექი 31 დეკემბრის დილას, ავიღე ზურგჩანთა და ახალი წლის შესახვედრად ქუთაისიდან ბათუმში წავედი. მშობლებს ეწყინათ, ცოტათი მეც გული მწყდებოდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, 2012 წელს, საერთოდ, სამხედრო სამსახურის პოსტზე შევხვდი და ეს განშორება მას ვერც შეედრებოდა. ახალ წელს თავისი “მე” აქვს, ასე რომ, ის მაინც მოვა.

Continue reading

სამადლობელი პოსტი

ტოლედო

ტოლედო

ძალიან არ მიყვარს, ჰიპერმოტივირებულ სტატუსებს რომ წერენ ფეისბუკზე ან ამავე პათოსის პოსტებს რომ გამოაცხობენ ბლოგზე და, იმედი მაქვს, ეს ნაწერიც გაუძლებს ჩემს კრიტიკას.

ესპანური მოგზაურობა დამთავრდა. 4-ის ნაცვლად, ვნახე 6 ქალაქი (მალაგასა და ტოლედოში შერბენა მოვასწარი), დავხარჯე გათვალისწინებულზე მეტი და, შედეგად, საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილი ვარ. ახლაც მახენდება, როცა 2 დღის წინ, მადრიდში, ატოჩას გამზირზე ბარგს მეტროსკენ მივარიხინებდი, საკუთარ თავს მეორე პირში ვეუბნებოდი, შენ ყოფილხარ, ვინც ყოფილხარ – მეთქი. ისეთი მაგარი ხარ, ყველაფერი ასე მოხერხებულად რომ შეძელი, რომ ამიერიდან სხვაზე შემყურე აღარ გახდები-მეთქი. Continue reading

 ვსაუბრობთ ჭეშმარიტ ნერხაზე

Me in Nerja ნერხა

17 აგვისტოს, გრანადით გაჟღენთილ-გაბედნიერებული, ნერხას გზას დავადექი. თან ვფიქრობდი, კიდევ რამ უნდა გამაოცოს-მეთქი. სულ ცოტა ხანში, გამოჩნდა კამკამა ლურჯი ზღვა და მერეღა გამახსენდა, რომ საბანაოდ ნამდვილ ხმელთაშუა ზღვაზე მივდივარ!

ნერხა ისეთი პატარა ქალაქია, ერთ დღეში ფეხით შემოივლით. ვინაიდან და რადგანაც, იგი მალაგასავით პოპულარული არ არის, ფასებიც დაბალია. თუკი იქაურ ჰოსტელში ყველაზე იაფიანი 2 ღამის ფასი 74 ევრო იყო, აქ 48-ად გამოვედი. მართალია, ესეც ძვირია, მაგრამ ამ სეზონზე, როცა ისედაც ყველა ზღვისკენ გარბის, საკმაოდ ნორმალური ფასია. ჰოსტელს, რომელშიც დავბინავდი, Easy Nerja Hostel ჰქვია და გრანდის ქუჩის 29 ნომერში მდებარეობს (აქაც გრანადა!).  Continue reading

ვსაუბრობთ ჭეშმარიტ გრანადაზე

Granada Alhambra

ჭეშმარიტი გრანადა მდებარეობს ანდალუზიაში, სამხრეთ ესპანეთში, მადრიდიდან ავტობუსით 5 საათის სავალზე (18-25 ევრო. გააჩნია, დღის რომელ მონაკვეთში მიდიხარ). გზად ფაქტობრივად სტეპებია, რომლებზეც თითქოს ძალითაა აღმოცენებული სახლები და მცენარეები. სამაგიეროდ, ინფრასტრუქტურა მოწოდების სიმაღლეზეა, ავტობუსში კი კონდიციონერია (ჩვენ რომ ჯერ კიდევ გვიკვირს).

ავტობუსის სადგურიდან (რომელიც ცენტრამდე საკმაოდ შორსაა), ჰოსტელამდე ფეხით ვიარე. სიცხეში, ბარგით. კი დავიღალე, მაგრამ, როგორც წინა პოსტში ვთქვი, თუ გინდათ, ქალაქი კარგად დაიმახსოვროთ და მისი ცხოვრება მალე შეიგრძნოთ, ასე უნდა მოიქცეთ (მთლად ჩემსავით კილომეტრებს ნუ ივლით ტვირთაკიდებული ჯორივით, მაგრამ მაინც).

პლასა ნუევა

პლასა ნუევა

პირველი შთაბეჭდილება

ფეხით სიარულისას გრძნობ, როგორ იცვლება შენ ფეხქვეშ საფარი და როგორ გადადიხარ იაფი სამეწარმეო ბლოკებით დაფარული ტროტუარიდან მარმარილოს მასიურ ფილებზე. ეს უკვე ნამდვილი გრანადაა, რომელიც იმდენად თვითმყოფადია, რომ მადრიდისგან მიღებული შთაბეჭდილებები ზუსტად 15 წუთში გამიქარწყლა. Continue reading

ვსაუბრობთ ჭეშმარიტ მადრიდზე

Madrid

ძალიან მინდა, პოსტების ეს ციკლი მოგზაურობის თემაზე დაწერილი მორიგი ბლა-ბლა-ბლა არ გამოვიდეს. თუ ასე მოგეჩვენებათ, წინასწარ გიხდით ბოდიშს.

რაც საკუთარი თვალით არ ინახავს, არ შეხებიხარ, არ დაგიყნოსავს, არ გაგისინჯავს და არ მოსგისმენია, არ დაიჯერო, რომ მასზე რამე იცი. იმიტომ, რომ შენ ხარ შენ და შეუძლებელია, ყველაფერი ისე აღიქვა და იგრძნო, როგორც სხვა. როცა მეკითხებიან, თუ სად მინდა წასვლა, ხშირად პასუხი არ მაქვს, იმიტომ, რომ ვერაფრით მოვახერხე, წინასწარ მცოდნოდა, რომელი ადგილ უფრო მომეწონებოდა. აქედან გამომდინარე, დავდივარ იქ, სად წასვლაც უფრო ადვილად გამომივა. ასე აღმოვჩნდი მზით გადაცხუნებულ ესპანეთში. ყველაფერი კი ერთი თვით ადრე დაიწყო… Continue reading

მალე, ორჰან ფამუქის სტამბოლში

სტამბოლი, ისტიკლალის ქუჩა

სტამბოლი, ისტიკლალის ტრამვაი

“ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ნეტავ რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაინცდამაინც მწოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებას? სამართლიანია, თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც.”

ორჰან ფამუქი

აქ რაიმე აზიური მუსიკა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, იქნება ბახი. სევდიანი კვნესა, რომელიც სტამბოლში თითქოს სულ არ იგრძნობა, მაგრამ, ფამუქის წიგნის გადაკითხვის შემდეგ, გამახსენდა, რომ ტურისტულ სიჭრელეში სევდიანად ჩალაქავებული რაღაც გამოჩნდა. რაღაც, რასაც მაშინ თვალი შეგნებულად ავარიდე.

სულ მალე სტამბოლს მეორედ ვნახავ. მინდა, ისევ ისეთი ფერადი, ჭრელი და გამხარებელი დამხვდეს, როგორც შარშან ამ დროს, ტიტების ყვავილობისას. Continue reading

რატომ ღირს ბრიტანეთის ვიზა ასეთი ძვირი?

London, Oxford Circus

-Good evening, Sir. Could you tell me the right direction to the Downing Street? – ღამის 4 საათზე ვეკითხები რომელიღაც შენობის დაცვას სადღაც ვესტმინსტერის უბანში.

– It’s over there, – მპასუხობს მკვირცხლად, – Follow this road till The Parliament and turn far left.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას და პრემიერმინისტრის აპარტამენტებისკენ მივემართები. თან ვფიქრობ, იმ კაცს ამდენი ახსნა როგორ არ დაეზარა. მივაღწიე. არ მეგონა, დაცვა ასე თუ ჩარაზავდა იმ ერთ ციცქნა ქუჩას. გადავწყვიტე, რომ ეს ღირსშესანიშნაობაც ვნახე და ღამის ლონდონში ხეტიალი განვაგრძე.

ჯერ კიდევ ბრიტანეთში ყოფნისას ვფიქრობდი, რატომ არიან ისინი ასეთი თავაზიანები და ჩვენ – არა. არადა დღემდე ქართული სტუმართმოყვარეობისა და დახვედრის ინსტიტუტით მოგვაქვს თავი. Continue reading

როცა ფილმების წასაკითხად იცლი

Biaff 2015

დაახლოებით 5 წლის წინ იმ ადამიანების მშურდა, რომლებიც კითხვას კიდევ ახერხებდნენ. დღეს უკვე მათიც მშურს, ვინც ფილმებს ერთი ამოსუნთქვით უყურებს. განა როგორ შეიძლება, აკეთებდე რამეს და 5-5 წუთის ინტერვალით არ გახედო ფეისბუკს? იქ თუ რამე გამოგრჩა, ხომ დაგექცა ყველაფერი თავზე? ამ წინადადებას 5 წლის წინ ირონიული კონტექსტით დავწერდი, მაგრამ დღეს რეალობაა. დღეს ფეისბუკი, ამ სიტყვის კრებითი მნიშვნელობით, გვირღვევს ჩვენი ცხოვრების უწინდელ რიტმს. გვირღვევს და არა ვარღვევთ, რადგან ფეისბუკი უკვე ნარკოტიკია, რომელიც, დღიდან მისი შეყვარებისა, ისე მოგვექცევა, როგორც უნდა. ფილმები კი ტელეგადაცემებში ჩაჩხერილ სარეკლამო ჭრებს დაემსგავსა.

Continue reading

ტურისტი საკუთარ ქალაქში

1დავწოწიალებ აღმა-დაღმა. წოწიალი ქუთაისურად ხეტიალს ნიშნავს. რამდენიმე დღის წინ, ბათუმში წასვლამდე, ქუთაისში გავიარე მშობლებისა და ახლობლების სანახავად.

რა არის ქუთაისი: დედა, მამა, მეზობლები, ბევრი კითხვა, ბევრი გემრიელი ოჯახური საჭმელი და რჩევა-მინიშნებები დაოჯახებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად რა უნდ ქნა? უნდა იქცე ტურისტად საკუთარ ქალაქში. Continue reading

სტამბული – ყველაფრის ქალაქი (ნაწილი I)

11160205_10206340776456166_1060702036_n

„კაცია ადამიანში“ წერია: „რიტორიკაში სწერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო,“ ჰოდა მეც ასე მოვყვები. იყო ერთი საღამო, როცა ჩემს მეგობარ თამუნას (ლიტერატორი) შევხვდი ვენდისში და სულ რაღაც 15 წუთში მიმაღებინა ის გადაწყვეტილება, რასაც აქამდე გავურბოდი, ვერ ვრისკავდი თუ, არ ვიცი, რატომ ვერ ვიღებდი. დღეს ვხვდები, თუ როგორ გამზარდა ერთმა კვირამ სრულიად უცხო გარემოში. 26 წლის ასაკში მე ეს შევძელი და გავიხედე ქვეყნის გარეთ.

ჩემი ხნის ხალხს დღეს ათეულობით ქვეყანა აქვთ მოვლილი და ამ პოსტის პათოსში გასაკვირს, ალბათ, ვერ დამეთანხმებიან, მაგრამ მე ხომ ვიცი, რამხელა ცვლილება მოახდინა ამ ყველაფერმა ჩემში. ბაქოში ორნახევარი დღით ჩარბენა აზრზე მოსვლა იყო, რადგან წესიერად უცხოეთის ნახვა და შეგრძნება ვერ მოვასწარი, სტამბულმა კი რეალურად დამანახა, რომ, გამაოგნებელი დემოკრატიის ქვეყნის გარდა (როგორ ფიდელ კასტროსეულად ჟღერს ისე), სხვა სახელმწიფოებიც არსებობს.

ბილეთები უკვე შეძენილი მქონდა, როცა ახლობლებს მოვუყევი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ (ან რა მოყოლა უნდოდა, მაგრამ როცა პირველად უნდა ახვიდე თვითმფრინავის ტრაპზე, აბა, რას იზამ). მეკითხებოდნენ, რამე ხდება, რამეს ესწრები  თუ რატომ მიდიხარო? მეც ვპასუხობდი, არაფერი, უბრალოდ, გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის პატივი მეცა-მეთქი. ასე გამოვუწერე საკუთარ თავს სტამბული. შესავლის დასასრული.

11195368_10206340777976204_1983825761_n

თვითმფრინავის ბორტზე ასვლისას ფიქრომ და ვასასიმ, სტაჟიანმა ბოსფორდალეულებმა, „მიჯიგრეს“ და ილუმინატორის მხარეს დამსვეს, გამოცადოს ბიჭმა ფრენის სიამოვნებაო. აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, ცას იმდენი ფოტო ვუღე, ლამის გავძვერი ფანჯარაში. მერე ყველაფერი ღრუბლებით დაიფარა და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ გოქჩენის აეროპორტში არ დავეშვით. წვიმს, სტამბულში ვარ, მაგრამ ნამდვილი სტამბული ეს არ არის.

11198452_10206340779136233_1966526488_n

დილა: ეკლებივით განფენილი მინარეთებიდან მოლების გადაძახილი, გაღებული მაღაზიებისა და კაფეების ქოთქოთით გაკმენდილი ორიოდ საათით შემოპარული სიჩუმე, ქუჩების კუთხეში დაწურული ფორთოხლისა და ბროწეულის ცოცხალზე ცოცხალი წვენი, ვიტრინებიდან მომზირალი ათასნაირი თაფლიან-თხილიან-კარამელიანი ტკბილეული, ჩაის გამოყვანილ ჭიქებში კოვზების წკარუნი.

11212392_10206340751975554_122483412_n

შუადღე:  სრული ქაოსი, დიდსა თუ ვიწრო ქუჩებში აკორდეონებზე აჟღერებული „კატიუშა“ და „ბელა ჩაო,“ შეძახილები, გიდების აფრიალებულ დროშებს გაყოლილი ტურისტული ფარა, გულჰანეს ბაღის ტიტები, დონდურმა ნაყინით ჟონგლიორი გამყიდველები და გრძელი რიგები მუზეუმებთან.

11198766_10206340755455641_343443411_n

საღამო: ფილმები, კონცერტები, ღონისძიებები, ისტიკლალის წითელი, ჟღარუნა, ტურისტებით გატენილი ტრამვაის ზარი, აია სოფიასა და მეჩეთების გუმბათებზე წაქცეული მზე, გალათას ხიდიდან ბოსფორში ასობით ანკესიდან გადატყორცნილი სატყუარა, მტრედები, ყვავები, თოლიები.

11180209_10206340751255536_1146558173_n

ღამე: ყურთამდე გაღიმებული ოფიციანტები იაფი მენიუებით ხელში, ჩილიმების ბოლი, ერთმანეთში არეული ყველა სახის ხმაურიანი მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, ხმები, ხილი, სანელებლები, სუვენიერები, თავშლები, ჩანთები, ფერები და გართობა გათენებამდე.

ეს არის ნამდვილი სტამბული, ყველაფრის ქალაქი.