Category Archives: ამბები

It Nice It Happen To You

friends1

“It nice it happen to you. Like you come to the island and had a holiday. Sun didn’t burn you red-red, just brown. You sleep and no mosquito eat you. But the truth is, it bound to happen if you stay long enough. So take that nice picture you got in your head home with you, but don’t be fooled. We lonely here mostly too. If we lucky, maybe, we got some nice pictures to take with us.” Jamaican woman from Meet Joe Black.

ასე რომ, მოკიდეთ თქვენს ყველაზე სანუკვარ სურათებს ხელი და არ იფიქროთ მომავალზე. მომავალზე ფიქრს სიკვდილის შიშამდე მივყავართ, სურათი კი კეთილია და გულწრფელი.

friends2

11802117_10207336062137686_81141087_n

friends3

friends5

friends6

friends7

მახსოვს, აგვისტოს ომი რომ დაიწყო, ჩემი მამიდაშვილის სოფელში გავიხიზნეთ. ერთ საღამოსაც თვალი მოვკარით, როგორ ჩამოიარა მთავარ გზაზე, ჩვენს სიახლოვეს, საცხოვრებლებიდან გამოსულ ადამიანთა დიდმა ჯგუფმა. სასწრაფოდ ჩანთები ჩავალაგეთ, კედები ჩავიცვით და ტყეში დასამალად მოვემზადეთ. მაშინ გვითხრა მამიდაჩემმა, ფოტოები არ დაგრჩეთ, ომის დროს მაგათ უნდა მოვუფრთხილდეთო. ყოველთვის, როცა ჩემი გადაღებული ფოტო მომეწონება, ქვეცნობიერად ისეთი შეგრძნება მეუფლება, როგორც აგვისტოს იმ დღეს.

friends8

friends9

friends10

friends11

friends12

friends13

friends14

friends15

ასე რომ, თავი დაიმშვიდეთ, რადგან It nice it happen to you.

ვინ იმღერა და ვინ არ იმღერა ოლიმპიური ცეცხლის კონცერტზე?

 

ანრი ჯოხაძე ასრულებს “სამშობლოს”

ვინ იმღერა და ვინ არ იმღერა? გუშინ, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დავუსვი ეს კითხვა. უკვე ჩვევად მაქვს გადაქცეული, მსმენელის ყურით არ ვუსმინო ქართულ კონცერტებს, რადგან რა ვიცი, ვინ როდის მომატყუებს. 17 ივლისს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ცეცხლი აინთო. ამ ღონისძიებისადმი მიძღვნილი კონცერტის ფინალს თავისუფლების მოედანზე მივუსწარი. მერე დამაინტერესა, ვინ გამოვიდა, ვინ იმღერა და ვინ მოგვატყუა. შედეგები ასეთია.

Continue reading

Jurassic Tbilisi

begi

“ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული” – ალენ რობერი, ექსტრემალი მთამსვლელი.

სანამ 13 ივნისის შედეგების შეჯამებაზე გადავალ, მოკლედ გეტყვით უსაფრთხოების ცნებაზე. როცა ჯარში ვმსახუორობდი, კოშკურაზე მიწევდა ხოლმე მორიგეობა. თან მქონდა იარაღი და მევალებოდა, ჩემი მორიგეობის პერიოდში, გაუჩერებლად მევლო და დამეზვერა პერიმეტრი. მერე იგივე ევალებოდა სხვას, ვინც შემცვლიდა და ასე შემდეგ. ჩემი სამხედრო სამსახურის პერიოდში (და არც შემდეგ) იმ ციხიდან არავინ გაქცეულა. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ზომები არ შეცვლილა. იმიტომ, რომ უსაფრთხოება მუდმივი მზადყოფნაა იმისთვის, რაც ოდესღაც ერთხელ მაინც მოხდება. ამიტომ თითოეული ქმედება და ქცევა გათვლილია მომენტზე, რომელიც, შესაძლოა, ზუსტად იმ დღეს და იმ კონკრეტულ მომენტში მოხდეს. უსაფრთხოება საფრთხის მოლოდინი და მისთვის მზადყოფნაა. Continue reading

სტამბული – ყველაფრის ქალაქი (ნაწილი I)

11160205_10206340776456166_1060702036_n

„კაცია ადამიანში“ წერია: „რიტორიკაში სწერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო,“ ჰოდა მეც ასე მოვყვები. იყო ერთი საღამო, როცა ჩემს მეგობარ თამუნას (ლიტერატორი) შევხვდი ვენდისში და სულ რაღაც 15 წუთში მიმაღებინა ის გადაწყვეტილება, რასაც აქამდე გავურბოდი, ვერ ვრისკავდი თუ, არ ვიცი, რატომ ვერ ვიღებდი. დღეს ვხვდები, თუ როგორ გამზარდა ერთმა კვირამ სრულიად უცხო გარემოში. 26 წლის ასაკში მე ეს შევძელი და გავიხედე ქვეყნის გარეთ.

ჩემი ხნის ხალხს დღეს ათეულობით ქვეყანა აქვთ მოვლილი და ამ პოსტის პათოსში გასაკვირს, ალბათ, ვერ დამეთანხმებიან, მაგრამ მე ხომ ვიცი, რამხელა ცვლილება მოახდინა ამ ყველაფერმა ჩემში. ბაქოში ორნახევარი დღით ჩარბენა აზრზე მოსვლა იყო, რადგან წესიერად უცხოეთის ნახვა და შეგრძნება ვერ მოვასწარი, სტამბულმა კი რეალურად დამანახა, რომ, გამაოგნებელი დემოკრატიის ქვეყნის გარდა (როგორ ფიდელ კასტროსეულად ჟღერს ისე), სხვა სახელმწიფოებიც არსებობს.

ბილეთები უკვე შეძენილი მქონდა, როცა ახლობლებს მოვუყევი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ (ან რა მოყოლა უნდოდა, მაგრამ როცა პირველად უნდა ახვიდე თვითმფრინავის ტრაპზე, აბა, რას იზამ). მეკითხებოდნენ, რამე ხდება, რამეს ესწრები  თუ რატომ მიდიხარო? მეც ვპასუხობდი, არაფერი, უბრალოდ, გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის პატივი მეცა-მეთქი. ასე გამოვუწერე საკუთარ თავს სტამბული. შესავლის დასასრული.

11195368_10206340777976204_1983825761_n

თვითმფრინავის ბორტზე ასვლისას ფიქრომ და ვასასიმ, სტაჟიანმა ბოსფორდალეულებმა, „მიჯიგრეს“ და ილუმინატორის მხარეს დამსვეს, გამოცადოს ბიჭმა ფრენის სიამოვნებაო. აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, ცას იმდენი ფოტო ვუღე, ლამის გავძვერი ფანჯარაში. მერე ყველაფერი ღრუბლებით დაიფარა და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ გოქჩენის აეროპორტში არ დავეშვით. წვიმს, სტამბულში ვარ, მაგრამ ნამდვილი სტამბული ეს არ არის.

11198452_10206340779136233_1966526488_n

დილა: ეკლებივით განფენილი მინარეთებიდან მოლების გადაძახილი, გაღებული მაღაზიებისა და კაფეების ქოთქოთით გაკმენდილი ორიოდ საათით შემოპარული სიჩუმე, ქუჩების კუთხეში დაწურული ფორთოხლისა და ბროწეულის ცოცხალზე ცოცხალი წვენი, ვიტრინებიდან მომზირალი ათასნაირი თაფლიან-თხილიან-კარამელიანი ტკბილეული, ჩაის გამოყვანილ ჭიქებში კოვზების წკარუნი.

11212392_10206340751975554_122483412_n

შუადღე:  სრული ქაოსი, დიდსა თუ ვიწრო ქუჩებში აკორდეონებზე აჟღერებული „კატიუშა“ და „ბელა ჩაო,“ შეძახილები, გიდების აფრიალებულ დროშებს გაყოლილი ტურისტული ფარა, გულჰანეს ბაღის ტიტები, დონდურმა ნაყინით ჟონგლიორი გამყიდველები და გრძელი რიგები მუზეუმებთან.

11198766_10206340755455641_343443411_n

საღამო: ფილმები, კონცერტები, ღონისძიებები, ისტიკლალის წითელი, ჟღარუნა, ტურისტებით გატენილი ტრამვაის ზარი, აია სოფიასა და მეჩეთების გუმბათებზე წაქცეული მზე, გალათას ხიდიდან ბოსფორში ასობით ანკესიდან გადატყორცნილი სატყუარა, მტრედები, ყვავები, თოლიები.

11180209_10206340751255536_1146558173_n

ღამე: ყურთამდე გაღიმებული ოფიციანტები იაფი მენიუებით ხელში, ჩილიმების ბოლი, ერთმანეთში არეული ყველა სახის ხმაურიანი მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, ხმები, ხილი, სანელებლები, სუვენიერები, თავშლები, ჩანთები, ფერები და გართობა გათენებამდე.

ეს არის ნამდვილი სტამბული, ყველაფრის ქალაქი.

“ტიფლისი” ანუ ვნახოთ, რა გამოვა

ტიფლისი

ეს ბოლო რამდენიმე დღეა, ხალხი ჩემ გარშემო ახალ ქართულ სერიალზე ალაპარაკდა. “ტიფლისი” ჰქვიან. თავიდან სკეპტიკურად განვეწყვე მის მიმართ, რადგან ამ ქალაქში 30 მეტრსაც ვერ იპოვი, სადაც ადგილს აუთენტურობა ექნება შენარჩუნებული. ბოლოს მაინც ამიტაცა ინტერესმა და ჩავრთე.

სერიალი დეტექტიურია და მე-19 საუკუნის მიწურულის თბილისს ასახავს თავისი ცხოვრებით, წესჩვეულებით, კლასობრივი დაყოფით, კრიმინალით და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, პირველი ორი სერიიდან ასე ირკვევა. სცენარი არ არის გასაოცარი, ნორმალური და ზომიერია. კარგია, რომ სერიების ქრონომეტრაჟი დიდია, მაინც კვირაში ერთხელ გადის.

პროდიუსერი – ბერა, არხი – GDS. ე.ი. ფული აქვთ, რაც კარგია: კაპიკებიანი ბიუჯეტით საქართველოში წარსულზე ფილმს ვერ გადაიღებ. კოსწიუმებს, ინსტრუმენტებსა და დეკორაციებს რომ თავი გავანებოთ, ქალაქის ხედი, რომელსაც, კომუნისტების შემდეგ, ყველა ხელისუფლებამ მეტნაკლებად დედა უტირა, ვირტუალურად უნდა აღადგინო. შემორჩენილ აუთენტურ შენობებზე რაკურსის განსაზღვრაა აუცილებელი, რომ კადრში თანამედროვე რამ არ გამოჩნდეს. არც ზედმეტად ბევრი ახლო ხედი ვარგა, რომ ფილმს მასშტაბურობა არ წაერთვას და პავილიონში გადაღებულს არ დაემსგავსოს. Continue reading

დაგვიანებული პოსტი დაგვიანებული პრემიერმინისტრის კონცერტზე

DSCN6099

ეს ამბავი ოქტომბრის თვრამეტს, თელავში მოხდა. როგორც იქნა, საშველი დავაყენე და “თელავის მუსიკის ფესტივალზე” მეგობართან ერთად დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლად, ელისო ვირსალაძის ცოცხლად მოსასმენად გავეშურე. ოქტომბრის გომბორი ზღაპარია. ფოთლებისფერ სიყვითლეში მიქრიხარ მიხვეულ-მოხვეული გზით და შემოდგომის თავბრუს ეხვევინები. ასე ჩავედით თელავში.

ნადიკვარის ხედზე გაწეწილი ღრუბლების დათვალიერებისა და ჩაით გაღუღუნების შემდეგ თელავის თეატრთან მივბრუნდით. წითელ ხალიჩასთან ხალხი იკრიბებოდა. გვითხრეს, პრემიერმინისტრი დაესწრებაო და თუ ახლა შეხვალთ, კონცერტის დასრულებამდე ვეღარ გამოხვალთო (ჩეხოვის თოფი). ცოტა ხანს მოვიცადეთ და შევედით. შევედით, რა, დაცვასთან მივედით. Continue reading

წუხანდელი ჩაღვრილი ჩაით დანესტიანებულ ლოგინში დაწერილი პოსტი

1459720_255335867947372_850288406_n

რამდენი რამის დაწერა მინდა ახლა… მახსოვს, სადღაც 2008 წლის ერთ-ერთ საღამოს, როცა უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი, ავტობუსში ქალი შემოტრიალდა და შარიანი ხმით მისაყვედურა: “აუ, ნუ უსტვენთ, რა!” ხმა არ ამომიღია, მხოლოდ გულში გავიფიქრე, რომ “სტვენ” იყო სწორი ფორმა და არა “უსტვენ”. არა და პიანისიმოზე ვსტვენდი ისე ჩუმად, თან ყველაზე ღვთაებრივ არიას.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სპექტაკლზე ტექსტი დამავიწყდა, სცენის შიში დამჩემდა. ფეხს შევდგამდი თუ არა, თავში ყველაზე ცუდი და უხერხული სიტუაციები მეხატებოდა, თუ როგორ დამცინის მაყურებელი, როგორ ვწითლდები სირცხვილისგან და როგორ მემართება გულის შეტევა. მიკვირს, რომ სტვენისას ასე არასდროს დამმართნია. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის სიახლის თქმა ასეთნაირად უფრო ადვილია, ვიდრე საუკუნეებგამოვლილი სამსახიობო ოსტატობით.

სტვენისას “დაგჭირდებათ” ტუჩები, ენა, კბილები, გულ-მკერდი და მუცელი. ამათზე ჰაერის წნევის მონაცვლეობით მიიღებთ ბგერას, რომელსაც ტვინი ყურის მეშვეობით აკონტროლებს. სასიმღერო ვოკალისგან განსხვავებით, სტვენითი ბგერა ადამიანის სხეულის გარეთ წარმოიქმნება. მას შემდეგ, რაც ტუჩებს გამოსცდება. მღერის დროს კი მუსიკალური ბგერა ჯერ ხორხსა და პირის აპარატში ჟღერს და მერე – გარეთ. ამიტომ იგი სხეულის შიგნიდანაც გვესმის და გარედანაც, რითაც უფრო ადვილია მისი კონტროლი, ყალბი ნოტი რომ არ აიღო. ერთი სიტყვით, სტვენა უფრო რთულია.

ყოველთვის მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი, მაგრამ არასდროს მნდომებია, ვყოფილიყავი ხელოვნური. არ შემიძლია, კარგად ვაკეთო ის, რაც არ მსიამოვნებს, და ხელოვნურობა – არ მსიამოვნებს.

დღეს საღამოს “ბრავოს” ლაივია, ჩემი ლაივი. დიდხანს ველოდი ამ დღეს. ვიღაცებისთვის ეს მეგაშოუა, ზოგისთვის შეჯიბრება, ჩემთვის კი ეს ლამაზი საღამოა, რომელზეც მექნება პატივი, კიდევ ერთხელ დავუსტვინო ორკესტრთან ერთად. ჩემი კონკურენტი ჩემი მეგობარია და, მიუხედავად უხერხულობისა, გულის სიღრმეში მიხარია, რომ ძალიან ძლიერ შემსრულებელს ვეჯიბრები. თან ლობისტიც მაგარი შემხვდა. ანუ ისე არ არის, აბა, გავუღიმეთ კამერას და მერე პაკაა. ვწერთ და ვამხნევებთ ერთმანეთს და ძალიან კარგია ეს.

დღეს, ალბათ, ვიქნები სევდიანი. არ ვიცი, ვნახოთ. სევდაც კარგია ხოლმე, ისევე, როგორც მხიარულება. თქვენ კი, ვისაც “ჩემი კუკარაჩა” გინახავთ და იცით, რომ არც ფეხი მაკლია, არც ხელი, არც, მადლობა ღმერთს, მძიმე ავადმყოფი არ ვარ და არც მასკულტურის ჟანრს ვასრულებ, შეგიძლიათ, დამირეკოთ ნომერზე 0 903 300 301. თუ ფული არ გაქვთ და ა.შ., მაშინ უფასოდ შეგიძლიათ, მომცეთ ხმა ამ ბმულზე.

წავედი ახლა, მივხედო საქმეს … :)

როდის? თუ როგორ? ანუ ისტორიის სწავლება სკოლებში

VI-klსკოლაში ყველაზე ძალიან ისტორია მიყვარდა. კლასგარეშედ სულ ენციკლოპედიური სტატიებისა და ჟურნალების კითხვა მერჩივნა, ვიდრე მხატვრული ლიტერატურის, რომელიც, იდეაში, სიყალბე იყო (დღემდე ასე ვთვლი). ვღიზიანდებოდი ცნობილ გამოთქმაზე, რომ “ისტორია ადვილია” – ზარმაცებს ჰგონიათ, ყველაფერი თარიღებისა და ომებში მოგება-წაგების დაზეპირებით იციან ყველაფერი. სკოლის დასრულებიდან კარგა ხნის მერე მივხვდი, რომ ისტორია ერთი დიდი კანონზომიერებაა და არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ქვეყანასა თუ ადგილს, ყველას ისტორია ერთი დიდი სცენარის ნაწილია. სცენარისა, რომლის შესახებაც სკოლაში პრაქტიკულად არაფერი იციან. Continue reading

ნოსტალგიური არომატი

tic-tac

ჩემს მკითხველებს გემახსოვრებათ, რომ ნოსტალგიური ყნოსვა მაქვს ანუ შეიძლება, სრულიად უდროოდ ისეთი რაღაცის სუნი მეცეს, რაც იმ მომენტში იქ არ არის. ასე დამემართა, როცა გაციებული ცხვირით შუა ზამთარში გარგრის არომატი „ვიყნოსე“ და როცა გვიან გაზაფხულზე, თავისუფლების მოედანზე სეირნობისას, სკოლის დაფაზე საწერი წარცის სუნი „მეცა“. ჰოდა ამასწინათ, მაღაზიაში შესულს, ცხვირმა ტიკ-ტაკი გამახსენა… Continue reading

ვიზუალისა და სცენარის დილემა ანუ ქართული კინო დღეს

კადრი ფილმიდან "რა უცნაურია, გერქვას ფედერიკო ფელინი". რეჟ. ეტორე სკოლა.

კადრი ფილმიდან “რა უცნაურია, გერქვას ფედერიკო ფელინი”. რეჟ. ეტორე სკოლა.

გუშინწინ ბათუმმა შტორმისგან ორიოდ დღით დაისვენა და კანტიკუნტად შემორჩენილი დამსვენებლები კვლავ ქუჩებში გამოვედით. თბილისში დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს გადავეყარეთ, ბევრი ვისეირნეთ და ბევრიც ვისაუბრეთ. დღევანდელი ქართული კინოს შესახებაც მოიტანა სიტყვამ და ასეთი რეალობის წინაშე დავდექით: ფილმის გადაღება-მონტაჟზე გამიზნული თანხა  ღირებული კადრებისათვის ბიუჯეტს აღარ ტოვებს, ან პირიქით, ვიზულაი გამოდის მშვენიერი, ფილმი კი უინტერესო.

"ჩემი საბნის ნაკეცი", რეჟ. ზაზა რუსაძე.

“ჩემი საბნის ნაკეცი”, რეჟ. ზაზა რუსაძე.

ამაზე „ჩემი საბნის ნაკეცი“ გამახსენდა, რომელიც ჩემს მეგობარს არ ენახა. დავიწყე მოყოლა, აღვწერე მართლაც ლამაზი კადრები, პერსონაჟებსაც შევეხე და მერე მივხვდი, რომ არ მახსოვდა, ფილმი რაზეა. ისიც ვეღარ გავიხსენე, ფილმი საერთოდ რამეზე თუა. მოკლედ, უყურე, მაგრამ არ მოუსმინო-მეთქი, ვუთხარი. Continue reading