Category Archives: ამბები

იმ დღეს ანძიდან გადმოვიხედე

იმ დღეს ანძიდან გადმოვიხედე,

შორი ნისლების კრთბოდა ალი,

თბილისი თბილისს აღარა ჰგავდა,

თავი მეგონა უგონოდ მთვრალი.

ეს ამოძახილი გიორგი ლეონიძეს არც თავის დროზე დაუფასეს და ახლა ხომ საერთოდ აღარ ახსოვთ. ამასწინათ მეც (უკვე მეორედ) მომიწია თბილისის ტელეანძაზე ასვლა და, სანამ ფოლადის “საყრდენ ფეხში” დამონტაჟებული ლიფტი ცისკენ მიმასრიალებდა, ეს ლექსი გამახსენდა. ავაღწიე თუ არა დანიშნულების ადგილამდე (მრგვალ ნაწილში, 170 მეტრზე), ფანჯრებს ვეცი. მეგონა, სიმაღლიდან დანახული თბილისი მაინც გამაოცებდა, და იცით, როგორი განცდა დამეუფლა? დაახლოებით ისეთი, ნაგავსაყრელს რომ ზემოდან გადაუფრინო. წერტილიდან, რომელიც მტკრის დონიდან 570 მეტრზეა, 360°-ით ხედავ ყველა უბანს ხელს არაფერი გიშლის. მეც ავდექი, ტელეფონს ზუმ ლინზა გავუკეთე და ქალაქის თვალიერებას შევუდექი.

Continue reading

აგვისტოს სამარცხვინო ჯაჭვი

მახსოვს, როცა აგისტოს ომი ჩაცხრა (უფრო სწორედ, გაირკვა, რომ დანარჩენ საქართველოს აღარ ააოხრებდნენ), მამამ ქუთაისში დაგვაბრუნა. სოფელ ობჩაში ვიყავით გახიზნულები. თითქოს, იქ უფრო დაცულები ვიქნებოდით. ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ, სოლიდარობის ნიშნად, ყველას ცოცხალი ჯაჭვი უნდა გაგვეკეთებინა.

ჩემიანებთან ერთად გავედი ქუჩაში, ჭავჭავაძის გამზირზე და იქ შეკრებილი ხალხის გვერდით დავდექი. რაღაცნაირად (თუმცა, რაღა რაღაცნაირად) დათრგუნული და პატრიოტული გრძნობებით სავსემ ჩავკიდე ხელი გვერდით მდგომებს და ასე ვიდექი ცოტა ხანს, სანამ გონს არ მოვეგე. აქეთ-იქით ვიხედები და ვატყობ, რომ ადამიანებს სახეზე რაღაცნაირად სიტუაციათან შეუსაბამო გამომეტყველება აქვთ. გაუთავებელი ღლიცინი, გადაძახილები და გაუაზრებლობა იმისა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იყო…

კარგა ხნის მერე გავაანალიზე, რომ იქ შეკრებილი ადამიანების უმრავლესობას ან მართლა არ ჰქონდა გააზრებული დგომის მიზეზი, ან, უბრალოდ, ეთაკილებოდათ პატრიოტიზმი, მებრძოლებისა და დაღუპულებისთვის სოლიდარობა და ქვეყნისათვის თუნდაც მორალური მხარდაჭერა. ახლაც მახსოვს, როგორ დაუყვებოდნენ გოგო-ბიჭები ცოცხალ ჯაჭვს და ომახიანად გასძახოდნენ “რუსეთს რა?” ან “რუსეთის კუბო დავ — დგი!”. ამ ყველაფერს კი ისე გასძახოდნენ, თავი ქორწილში მეგონა. ყველაზე ცუდად კი ის დღე იმიტომ დამამახსოვრდა, რომ იმ მოსკანდირე გუნდს მეც შევუერთდი…

ხასიათის სიმტკიცის არქონა, საკუთარი პოზიციის გაუაზრებლობა, საჭირო დროს საკუთარი ხელისუფლების მიმართ სიყალბის განცდა – ყველაფერი ეს მერე და მერე გავაანალიზე. მივხვდი, რომ, როცა სამშობლოს დაჭირდა, პატრიოტად ვერ ვივარგე. უფრო სწორედ, ჩემი პატრიოტიზმი რამდენიმე იაფფასიან გამოხდომაზე გავცვალე. ასე დამემართა მე, ასე დაემართა ბევრს…

ამასობაში 8 წელი გავიდა. იბადებიან ისინი, რომელთათვისაც აგვისტო უფროსებისგან მოყოლილი ამბავია. მე კი მას შემდეგ მაწუხებს კითხვა: დღეს რომ სამშობლოს დასჭირდეს, უფრო სოლიდარულ, ღირსეულ და გააზრებულ ცოცხალ ჯაჭვს გავაკეთებთ, თუ ისევ ტყუილში ვაცხოვრებთ ერთმანეთს?

პ.ს. იმ პერიოდში, როცა ობჩაში ვაფარებდით თავს, სოფლის თავზე ვერტმფრენმა გადაიფრინა. არ ვიცოდით, რომელი მხარის იყო. რაღაცებს ხელი დავავლეთ და ტყისკენ გაქცევა დავაპირეთ. მამიდაჩემის რეპლიკა არ ამომდის თავიდან: “ფოტოები, ფოტოების წაღება არ დაგავიწყდეთ, ომის დროს ასე იქცევიან.”

მანამ ვხერხავთ დედაბოძს, სანამ ჭერი თავზე არ ჩამოგვექცევა

ამ ბანერთან პოზირებდნენ ბათუმის მინისტერიალის უმაღლესი წარმომადგენლები

ამ ბანერთან პოზირებდნენ ბათუმის მინისტერიალის უმაღლესი წარმომადგენლები

ამასწინათ, ანუ 7-10 ივნისს, ბათუმში გამართულ გარემოს დაცვის მინისტერიალს ვესწრებოდი პრესის ჯგუფში. შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდი, რადგან მაინტერესებდა, რას იტყოდა ჩვენი მხარე საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში გამუდმებულ ტყის ჩეხვაზე, ბრაკონიერობაზე, დაბინძურებულ ჰაერზე, არასწორად განვითარებულ მშენებლობასა და გზშ-ების (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) უგულებელყოფაზე. მინისტერიალი, რომლის მთავარ მესიჯს წარმოადგენდა „უფრო მწვანე, უფრო სუფთა, უფრო საზრიანი“, მწვანე ეკონომიკის, ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გარემოსდაცვითი განათლების გაღრმავების მიმართულებებს მოიცავდა.

აქამდე მეგონა, რომ ერთი და იმავეს თქმა 20-მდე სხვადასხვა ინტერპრეტაციით შეიძლებოდა, თურმე ვცდებოდი… Continue reading

მალე, ორჰან ფამუქის სტამბოლში

სტამბოლი, ისტიკლალის ქუჩა

სტამბოლი, ისტიკლალის ტრამვაი

“ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ნეტავ რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაინცდამაინც მწოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებას? სამართლიანია, თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც.”

ორჰან ფამუქი

აქ რაიმე აზიური მუსიკა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, იქნება ბახი. სევდიანი კვნესა, რომელიც სტამბოლში თითქოს სულ არ იგრძნობა, მაგრამ, ფამუქის წიგნის გადაკითხვის შემდეგ, გამახსენდა, რომ ტურისტულ სიჭრელეში სევდიანად ჩალაქავებული რაღაც გამოჩნდა. რაღაც, რასაც მაშინ თვალი შეგნებულად ავარიდე.

სულ მალე სტამბოლს მეორედ ვნახავ. მინდა, ისევ ისეთი ფერადი, ჭრელი და გამხარებელი დამხვდეს, როგორც შარშან ამ დროს, ტიტების ყვავილობისას. Continue reading

ერთ პოსტში მოქცეული 2015 წელი

Processed with VSCOcam with a6 preset

ესეც ასე, 2015 წელიც სრულდება და ამ წელს იმდენი საინტერესო რამ მოხდა და გადამხდა, ორიოდ სიტყვით რომ არ მიმოვიხილო, არ შეიძლება. თან პოსტიც დიდი ხანია, არ დამიწერია.

ვისაც პოსტში ვიდეოების ჩართვა დაგეზარებათ, ეს მუსიკა ჩართეთ და იღუღუნოს თავისთვის ;)

Continue reading

მე რატომ არ გეცოდებით?

portrait

ხშირად ვფიქრობ, რა იქნებოდა, რომ ჩვენი ბავშვობა არ ყოფილიყო დაყოფილი საღებად და ხეიბრებად, მართლმადიდებლებად და იეჰოველებად, ვაჟკაცებად და ქალაჩუნებად, ნორმალურებად და არანორმალურებად? რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო უფროსების მიერ თავს მოხვეული “სწორი” და “არასწორი”? რამდენად გამოგვადგა ეს ფსიქოლოგიური თავდაცვა, რაც ჩაგვინერგეს? რამდენად ვივარგეთ საბოლოო ჯამში? რატომ უნდა ვგრძნობდეთ შინაგან უხერხულობას, როცა სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთან ერთად აღმოვჩნდებით?

tamara

at the table

რას გვასწავლიდნენ სკოლაში ჩვიდმეტთავშალშემოხვეული, გამყინავი ხმით მოსაუბრე მასწავლებლები მაშინ, როცა ადამიანებად ვყალიბდებოდით? რას გვასწავლიდნენ ოჯახში, ეკლესიაში? იყო თუ არა საკმარისი მხოლოდ “გიყვარდეს მოყვასი შენი”? იყო თუ არა სკანდალის ან შეცოდების ტენდენციის პროპაგანდა ტელევიზიით გასული ვრცელი რეპორტაჟები ამა და ამ ბავშვთა სახლის უკიდურესად ღარიბ აღსაზრდელებზე, მენტალური პრობლემის მქონე უმწეოებზე, ადამიანებზე, რომელთაც სქესის შეცვლა სურდათ, გაუპატიურების მსხვერპლ ბავშვებზე?

making pies

crutch

laughing

რამდენად განვსხვავდებით მათგან, ვინც საუკუნეების წინ  და განმავლობაში ეშაფოტების გარშემო სანახაობის საცქერად იკრიბებოდნენ და განცდის მხოლოდ სამი ვარიანტი ჰქონდათ: შეცოდება, დაცინვა ან აგრესია?

handmade

clarnet

22 ნოემბეს, არასამთავრობო ორგანიზაციის “ხელი ხელს” ინიციატივით გურჯაანში, სოციალური ინკლუზიის ხელისშემწყობი პროგრამის ბენეფიციარები მოვინახულეთ. თავის დროზე არც მათ იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ, ისევე, როგორც არც ჩვენ ვიცოდით ბევრი რამ მათზე. ისინი აკეთებენ გემრიელ კერძებს, ქმნიან ბევრ ლამაზ ხელნაკეთ ნივთს, ისინი ქმნიან ოჯახებს, ისინი ქმნიან. საზოგადოების დიდ ნაწილს კი ისინი ეცოდება. ასე ასწავლეს, ასე ჩაუნერგეს, ასე მიაჩვიეს, ასე აგრძნობინეს და იმიტომ.

wheelchair

პ.ს. მე რატომ არ გეცოდებით?

რატომ ღირს ბრიტანეთის ვიზა ასეთი ძვირი?

London, Oxford Circus

-Good evening, Sir. Could you tell me the right direction to the Downing Street? – ღამის 4 საათზე ვეკითხები რომელიღაც შენობის დაცვას სადღაც ვესტმინსტერის უბანში.

– It’s over there, – მპასუხობს მკვირცხლად, – Follow this road till The Parliament and turn far left.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას და პრემიერმინისტრის აპარტამენტებისკენ მივემართები. თან ვფიქრობ, იმ კაცს ამდენი ახსნა როგორ არ დაეზარა. მივაღწიე. არ მეგონა, დაცვა ასე თუ ჩარაზავდა იმ ერთ ციცქნა ქუჩას. გადავწყვიტე, რომ ეს ღირსშესანიშნაობაც ვნახე და ღამის ლონდონში ხეტიალი განვაგრძე.

ჯერ კიდევ ბრიტანეთში ყოფნისას ვფიქრობდი, რატომ არიან ისინი ასეთი თავაზიანები და ჩვენ – არა. არადა დღემდე ქართული სტუმართმოყვარეობისა და დახვედრის ინსტიტუტით მოგვაქვს თავი. Continue reading

არ ესროლოთ, გადმფრენი ფრინველია!

raptor

ვინაიდან და რადგანაც წელს საკულტო 27 წლის იუბილე მაქვს, გადვწყვიტე, რომ ცხოვრებაში ცვლილების დროა. ამ წელს პირველად:

  • წავედი საზღვარგარეთ
  • ვიმგზავრე თვითმფრინავით
  • გავსინჯე სიგარეტი
  • ვიმგზავრე ავტოსტოპით
  • წავედი გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად

აქედან უმეტესობა განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არ იმსახურებს. ვინ უნდა გააკვირვო თვითმფრინავით, ავტოსტოპით ან სიგარეტით… მაგრამ ბევრს გითვალთვალიათ, როგორ გადმოსერავს მწვერვალებს ფრინველთა ზღვა? იცით, როგორ უნდა გაარჩიოთ ცაში მოლივლივე ფრინველები ერთმანეთისგან? გინახავთ, როგორ დასრიალებს წყლის ზედაპირზე თევზიჭაია პაწაწკინტელა ალკუნი? სასაცილოა, მაგრამ საქართველოში მათ 10-ჯერ მეტი უცხოელი აკვირდება, ვიდრე ქართველი ორნითოლოგი. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს რომ იყოს, რა უჭირს.

Continue reading

ბიაფი არის ურთიერთობა

2015 წლის ბიაფიც დასრულდა. ფილმებიც მოვილიეთ, ნასტასიაც გავაცილეთ, ბლოგერები თავ-თავიანთ ადგილებში წაეხვეტნენ, მე კი ბათუმს შემოვრჩი, როგორც ბავშვი, რომელიც წამდაუწუმ უკან იხედება და რაღაც არ ეთმობა. ეს პოსტი არის ბლოგერის თვალით დანახულ ბთუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალზე, რომელსაც წელს მეოთხედ ვეწვიე.

biaff badge

ყველაფერი 2012 წელს დაიწყო. ზუსტად ერთი კვირით ადრე მოვრჩი სამხედრო სამსახურს და ბლოგერებთან ერთად ბათუმში გამოვემგზავრე. მაშინ თბილისიდან ბათუმისკენ მატარებლით პირველად ვიმგზავრე. მახსოვს, მაშინ აუარება ბლოგერი ვიყავით და ზუსტად არც ვიცოდით, რას ითხოვდნენ ჩვენგან. სწორედ იმ წელს გავიცანი დიტო, 2012 წლის აღმოჩენილი სამეულიდან ერთ-ერთი. :) მას შემდეგ, ბიაფი ორ ადამიანთან ასოცირდება:

დიტოსა (რომელიც ბითლომანის ბაკენბარდებით მოგვევლინა)

Dito

და თამუნასთან (ასე იწრთობოდა დიდი სოციალური ფოტოგრაფი).

Tamuna

2012-2013 წლებში ვცხოვრობდით ვარდისფერ სახლში ჭაჭა თაუერთან ახლოს და იქაური ქაოსი, აურზაური, დილამდე ფილმების გარჩევა, ღადაობა და მეორე დილით გამოუძინებელი სახეებით ფილმებზე შესვლა ყველას გვერჩივნა. ეს იყო ბოჰემა, რომელიც თბილისში ვერაფრით შეიქმნება. თბილისში ვეკუთვნით ყველას, ხოლო ბათუმში – ერთმანეთს და ბიაფს.

2012 წელი.

ამ საღამოს “ცოცხების კადრების” შესახებ შევიტყეთ.

ცოცხები

პირველად შევეხე მედუზას, თან რამხელას :)

jellyfish

შევხვდით დიდ თურქ რეჟისორს ნური ბილგე ჯეილანს.

ნური ბილგე ჯეილანი

შევხვდით დიდ ბელა ტარს.

ბელა ტარი

ვიღაცას მაინც რომელიღაც ფილმზე გვეძინა. :)

ძილი

ჩვენი ვარდიფერი სახლი ^^

ვარდისფერი

2013

პირველად მივუახლოვდი, გავიცანი და მოვეფერე დელფინს. <3
დოფლინ

თამუნამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი დოკმენტური ფილმი დელფინების მწვრთნელზე. :)

მოვაწყე ჩემი ნახატების გამოფენა კაფე “პრესკაფესში” და შევხვდით ძალიან საინტერესო რეჟისორსა და ადამიანს – თინათინ გურჩიანს.

გურჩიანი

იმ დროს თმას ვიზრდიდი და დახურვის ცერემონიალზე რომ გავიშრე, თავის ნაცვლად, “ლეილა” შემრჩა ^^

ლეილაბიაფის დახურვაზე რობიმ და ქეთათომ იმღერეს “ყვავილების ქვეყანა – სექსი, სექსი, სექსი!” იქ უნდა ყოფილიყავით და რესტორნის მომღერლების სახეებზე გეკაიფათ. ^^

ყვავილები

კინო

კინო1

კინოოოო

კინო

ღამე – გართობა, ბოდიალი, თრობა (მე პას), საუბრები ყოფიერებაზე, ზღვა და მრავალი სხვა…
ღამე

… და თამუნას მეორე მოკლემეტრაჟიანი ექსპრომტ – დოკუმენტური ფილმი “მეტაფიზიკური სუბლიმაცია” :)

2014

დიტო ვერ წამოვიდა…

გავიცანი ყველაზე ჯიგარი ახალგაზრდა კინორეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი.

ვარსიკა

კიდევ ერთი ხელოვანი აღმოვაჩინე – თამუნა კანდელაკი :)
თამუნა კანდელაკიშევხვდით დიდ ავთანდილ მახარაძეს.

ავთო მახარაძე

გავიცანი ულამაზესი ლორელაი ანუ მსახიობი კატია მოლჩანოვა და ბევრი არია შევუსრულე <3

კატია მოლჩანოვა

ბლოგერულადაც ბევრი ვიმაიმუნეთ. ამ დროს ნელ-ნელა თვალი და ხელი მობაილფოტოგრაფიისკენ გამექცა – თამუნას და თინას ფოტოგატაცებებმა ჩემზეც იმოქმედა. :3

ფოტოში

2015

შემოგვიერთდა ლაშა, რომელმაც მოახერხა და თავისი პოსტით მთელი ბიაფი დაარეპორტებინა :)

DSC06082

წელს ზოგადად გაჭედვების ბიაფი იყო. გაჭედა ოთარ იოსელიამა.

ოთრი

გაჭედა ნასტასია კინსკიმ…

ნასტასია

მაგრამ არ გაუჭედავს და ძალიან კარგად ისაუბრა ქალბატონმა ლანა ღოღობერიძემ.

lana

გავიცანი “სიმინდის კუნძულის” “ბინადარი” გიორგი ოვაშვილი ^_^

ovashvili

ფესტივალი ნინო ქათამაძემ დახურა, ჩამოვიდა დარბაზში, შემამჩნია და იმპროვიზაციაში გამომიწვია. ცოტა ხანს ისტერიკა მჭირდა :))

მე

ყოველივე ამის პარალელურად, უკვე ჩემ მიერ დაჟინებულ აპარტამენტში (სასტუმროზე უარი ვთქვით) ვიკრიბებოდით, ვიცინოდით, ვჩხუბობდით, ფილმებს ვარჩევდით, ვსვამდით, თავზე ვიჯვამდით (უნიტაზი ორჯერ გაგვეჭედა, მაგრამ ის ფიგურალურად დავწერე :დდ ) და  სახეს ვიხევდით…

manekenebi

Rameee

ბარემ აქვე გადავუხდი მადლობას ფესტივალის ორგანიზატორებს, რომ მაჩუქეს ის, რაც არასდროს მქონია – ბოჰემა.

რომ მკითხოთ, ბიაფი რა არისო, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ ბიაფი ყველაფერია – დაწყებული ერთწლიანი მოლოდინით, გაგრძელებული ფილმებით, შეხვედრებით, ალაგ-ალაგ ზღვაში ცურვით, კინოს ყურებისას ყვინთაობით, ლეპტოპებით წანწალით, ფოტოებით, პოსტებით, ვიდეოებით, სიცილით, სკანდალით, კამათით, ჩხუბით, ზოგჯერ ცრემლებით, პატიებით, სასმელით, ღამის ბათუმში ხეტიალით, როცა, თავისუფლებას დანატრებულს, ჩამოღლილი თვალები ძილისთვის არ გემეტება. ერთი სიტყვით, ბიაფი არის ურთიერთობა.

ოთარ იოსელიანი UNVAILED

tina

ჩვენი საცხოვრებლის აივნიდან ფრიად ფოტოგენური ხედი იშლება.

ამასობაში BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მესამე დღეც გავიდა და სათქმელი, როგორც იქნა, დამიგროვდა. წინა დღეების განმავლობაში ფილმი პრაქტიკულად არ მინახავს და საკუთარ თავზე ვბრაზობდი. მხოლოდ 14-ში მოვახერხე ოთარ იოსელიანის “ზამთრის სიმღერის” ნახვა ერას მოედანზე, ხოლო 15-ში თავად რეჟისორის მასტერკლასს დავესწარით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა, რაც ამ კაცმა დამიტოვა, ფრიად ეგოისტურად ჟღერს: რომ დავბერდები, მეც ასეთი ხომ არ გავხდები?

Continue reading