“პატარძლები” ანუ ქალთა სახეები თანამედროვე ქართულ კინოში

brides

როცა თანამედროვე ქართულ კინოს ვაკვირდები, მგონია, რომ ხელახლა ვსწავლობთ ფილმების გადაღებას. პრინციპში, რა გასაკვირია: ტერიტორიულმა და სამოქალაქო ომმა გაანულა ყველაფერი – ქვეყნის არსებობიდან საზოგადოების ცნობიერებამდე. 90-იან წლებში გადაღებული თითებზე ჩამოსათვლელი ფილმებიდან თითქმის ყველა რაღაცნაირად თავმოუბმელია. ზოგს სცენარის დამუშავება აკლია, ზოგში აზრი არ იკითხება, უმეტესობა ქუჩის თემატიკას ვერ გაცდა და ა.შ.

როცა ქვეყანაში ვითარება ასე თუ ისე დალაგდა, კინოსაც მაშინვე დაეტყო. ბოლოდროინდელი ქართული ფილმებიდან “მანდარინები” ყველაზე მეტად მომეწონა: დალაგებული სცენარი, კარგად გადმოცემული ამბავი, სწორი აქცენტები, კარგად შესრულებული როლები, ლამაზი კადრები. მიხარია, რომ საზოგადოებაში ქართული კინოსადმი ინტერესი და მოლოდინი დიდია. ამას კინოდარბაზში შესვლისთანავე ამჩნევ. მეც ასეთი შეგრძნებით მივადექი ჩემს სკამს ბათუმის კინოფესტივალზე “პატარძლების” სანახავად.

ფილმის ტრეილერმა  ძალიან იმოქმედა, რადგან სიუჟეტი იმ ციხეში ვითარდება, რომლის დაცვის დეპარტამენტშიც ორი წლის წინ სამხედრო სავალდებულო სამსახურს ვიხდიდი. ორთაჭალის კრიტის სახელით ცნობილი ციხის შენობა ჯერ კიდევ ცარისტული რუსეთის დროს აიგო და შემორჩენილთაგან ყველაზე ძველია. გასული წლის დასაწყისში იგი გააუქმეს. ტუსაღთა ისტორიაც საკნების კედლებს შეეყინა…

ფილმში ძალიან საინტერესო სიუჟეტი ვითარდება: ახალი რეგულაციის მიხედვით, ქალებს, რომლებიც თავიანთ პატიმარ ქმრებთან სამოქალაქო ქორწინებაში არ იმყოფებიან, მათი ნახვის უფლების მოსაპოვებლად, დაქორწინება უწევთ. ასე იქცევიან პატარძლებად ქალები 2, 4, 10 თუ 25 წლის თანაცხოვრების შემდეგ.

“პატარძლებში” აუცილებლად გაიგებთ:

  • როგორი პირობებია ციხეში.
  • როგორ ხდება ჩხრეკა.
  • როგორ ხვდებიან და ესაუბრებიან პატიმრებს.
  • რომელი პროდუქტის შეგზავნა შეიძლება ციხეში.

ფილმში ასევე ნახავთ:

  • მთავარი როლის შემსრულებელ ქალს, რომელსაც სახეზე უბედურება პირველი კადრებიდანვე აწერია და ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს ფინალს “გისპოილერებს”.
  • ალოგიკურ, უფრო სწორად, ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების საწინააღმდეგო ქმედებებს, რაც სიუჟეტს რეალობიდან აგდებს.

ფილმში ვერ ნახავთ:

  • სექსის სცენას, უნდა იგულისხმოთ.
  • ლოგიკურ მიზეზს, რაც ისეთ ფინალს ითხოვს (თუმცა თვითონ ფინალის მომენტი დაძაბული და კარგად გადაღებულია)
  • ამბის დასასრულს, რეჟისორმა ეს ჩვენ მოგვანდო.

სწორედ “მაყურებლემა განსაჯოს” ტიპის ფინალები იწვევს ჩემში ანტიპათიას, რაც მთლიანად ფილმისადმი დამოკიდებულებას მიცვლის. როცა მოყოლილია სავსებით კონკრეტული ამბავი რეალისტური კადრებითა და სიუჟეტებით, ვფიქრობ, უპრიანია, ამბავი დასრულდეს გასაგებად, რომ მაყურებელს უკმაყოფილების შეგრძნება არ დარჩეს.

ბოლოდროინდელი ქართული კინოპროდუქციის ყურებისას ყოველთვის მეფიქრება იმაზეც, თუ როგორ აღიქვამს მას უცხოელი მაყურებელი. რას დაინახავს და რამდენად გასაგები იქნება რეჟისორის გადმოცემული თუ ნაგულისხმარი.

“პატრაძლები” თინათინ ყაჯრიშვილის პირველი სარეჟისორო პროდუქტია და ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული დასაწყისიც. ვისურვებ, თავისი ორიგინალური ხედვა მომავალ ფილმებში კიდევ უფრო კარგად გადმოსცეს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »